კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეებს სთავაზობს მომავალ წელს ეროვნული გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს



ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი მომავალ წელს აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს: ჯერ ერთი, ზოგადი უნარების გავარჯიშებაში უკვე სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას, სავალდებულო გახდება ოთხი გამოცდის ჩაბარება, არაქართველებს კი ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება. ბუნებრივია, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ჩემს რესპონდენტს იმ უხერხული ვითარების შესახებაც ვკითხე, როგორიცაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი.



– ერთიან ეროვნულ გამოცდებში რუსულს ლამის სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს. სიახლეები, რომლებსაც გეგმავთ, ამ უხერხულობასაც ხომ არ ხსნის?

– რუსულთან დაკავშირებით ნაკლებად, რადგან რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რეალობა კი ის არის, რომ ჩვენთან არსებობს როგორც რუსულენოვანი, ისე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლები. ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის რუსული უფრო მისაღებია, ვიდრე მათი მშობლიური ენა. უკვე სამი წელია, ზოგადი უნარების ტესტები გვაქვს რუსულ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რითაც ეთნიკურ უმცირესობებს მივეცით საშუალება, რომ ეს გამოცდა მშობლიურ ენებზე ჩაებარებინათ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან შეღავათი მისცა სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს.

– ანუ ჩვენი ეთნიკური უმცირესობები რუსულად უკეთ აბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას?

– ვისაც შეეძლო, ის ისედაც აბარებდა რუსულად. იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელთათვისაც ქართული ენა ბარიერია, უფრო მისაღებია რუსული ენა. ზოგადად, კარგ არაქართულენოვან აბიტურიენტს, თუ მან რუსული სათანადო დონეზე იცის, შეუძლია გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მათ, რომლებმაც არც რუსული იციან და არც ქართული და მხოლოდ მშობლიური იციან, სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

– ბევრი აბიტურიენტი ირჩევს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უნარების ტესტების ჩაბარებას?

– წელს ასეთთა რიცხვი ძალიან ცოტა იყო. თუ არ ვცდები, თოთხმეტმა აბიტურიენტმა აირჩია ზოგადი უნარების ტესტის აზერბაიჯანულ, უფრო ნაკლებმა კი – სომხურ ენაზე ჩაბარება.

– წელს, რადგან ახალი პროგრამაა ეთნიკური უმცირესობებისთვის, აღარ დაბეჭდავთ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უნარების ტესტებს?

– როგორ არა, პროგრამა განხორციელდება აზერბაიჯანული და სომხურენოვანი, ასევე, ოსი და აფხაზი აბიტურიენტებისთვის, რადგან მათთვისაც ბარიერია ქართული ენა.

– როგორ, ჩვენმა ოსებმა ქართული არ იციან?!

– იმ ოსებს ვგულისხმობ, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობენ.

– ამას აქვს აზრი? რუსეთმა ჩაკეტა ცხინვალი. თუ გყოლიათ ცხინვალიდან აბიტურიენტები?

– გვყავს, თუმცა ბევრი არა. ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი პროგრამა არჩევითია: აბიტურიენტს შეუძლია, ან საერთო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ან – ცალკე პროგრამაში. მაგალითად, თუ აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი გამოდის გამოცდაზე, მას აქვს 7 სპეციალობის არჩევის უფლება, შეუძლია, მიუთითოს, რომ ჩვეულებრივ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და მზად არის, ჩააბაროს ქართული ენა და ლიტარატურა, ირჩევს კონკრეტულ ფაკულტეტებს და შეუძლია ზოგადი უნარების მშობლიურ ენაზე ჩაბარება.

– დავამატებ: და, ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, ყველა დანარჩენი საგნის რუსულ ენაზე ჩაბარება. ანუ რუსულის პრიორიტეტი ძალაში რჩება?

– დიახ. ამავე დროს, შეუძლია, მიუთითოს, რომ უნდა პროგრამაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების შედეგების საფუძველზე. ამისთვის საკმარისია, აბიტურიენტმა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ოღონდ, მხოლოდ იმ აბიტურიენტებს აქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება, რომლებიც აზერბაიჯანულად და სომხურად ჩააბარებენ ზოგადი უნარების ტესტს. თუ ისინი გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უმაღლეს სასწავლებლებს გამოყოფილი აქვთ სპეციალური კვოტები: ადგილების საერთო რაოდენობის 5 პროცენტი სომხურენოვანი და 5 პროცენტი აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის. მანამდე კი, ერთი წლის განმავლობაში, ისინი ისწავლიან ქართულ ენას. ვალდებული არიან, მთელი წლის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული და დააგროვონ სათანადო რაოდენობის კრედიტები. თუ ამ კრედიტებს ვერ დააგროვებენ, მაშინ ვერ გააგრძელებენ სწავლას.

– ვინ იხდის ქართული ენის ამ ერთწლიანი სწავლების საფასურს?

– გარკვეული რაოდენობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დანარჩენი თანხა თავად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს.

– როდესაც ქართულ ენას შეისწავლიან, რა პრინციპით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებელში?

– თუ მათ მოაგროვეს კრედიტები, ისინი ავტომატურად გადადიან პირველ კურსზე.

– რის პირველ კურსზე?

– თვითონ აბიტურიენტი ირჩევს ფაკულტეტსა და სპეციალობას.

– რა პრინციპით დაფინანსდება მათი ოთხწლიანი სწავლება?

– ჩვეულებრივ, სტუდენტი ფინანსდება ზოგადი უნარების ტესტის შედეგების მიხედვით და პროგრამაში მონაწილეებიც დაფინანსდებიან ზოგადი უნარების ტესტის შედეგებით. ვთქვათ, მე მივიღე 26 ქულა, თქვენ – 28, სხვამ – 30. მოვამზადებთ ანგაჟირებულ სიას და თანხა, რაც გამოყოფილია, გადანაწილდება.

– მერედა, არ არის უსამართლობა, ვიღაცამ დააგროვა 80, ვიღაცამ – 22 ქულა და ორივემ ასპროცენტიანი დაფინანსება უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან?

– ეს შიდა ანგაჟირებაა. თან, მათთვის ცალკეა გამოყოფილი დაფინანსება.

– ეს 5-5 პროცენტი საკმარისია?

– უფრო მეტიცაა, შეიძლება, ვერც შეავსონ და, ამიტომ, თუ თავიანთი კვოტა ვერ შეავსეს სომეხმა აბიტურიენტებმა, ის პროცენტი დაემატება აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს და პირიქით.

– გასაგებია. რა ეშველება იმ საქმეს, რომ ამ გაქანებული ოკუპაციის პირობებშიც კი რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს?

– ვერ დაგეთანხმებით, რომ რუსული მეორე სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობს. ის არის ჩვეულებრივი უცხო ენა.

– აბა, რატომ ბარდება ყველა საგანი, ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, რუსულად, თუ რუსული ერთ-ერთი უცხო ენაა?

– თუ იმას ამბობთ, რატომ ვთარგმნით ტესტებს რუსულად?

– მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ტესტების რუსულად თარგმნით ქართული ენის სწავლების პრობლემას არ ეშველება.

– მე ადეკვატურად გავიგე თქვენი შეკითხვა, მაგრამ რეალური სურათი უნდა გავითვალისწინოთ: არსებობენ არაქართულენოვანი აბიტურიენტები, რომელთათვისაც რუსული უფრო მისაღებია და უფრო ეადვილებათ, ვიდრე თავიანთ და, მით უმეტეს, ქართულ ენაზე ტესტების ჩაბარება.

– დიდი გაუგებრობა მგონია ისიც, რომ თან რუსულად აბარებენ გამოცდას და თან რუსულს ირჩევენ უცხო ენად?

– ეს იმიტომ, რომ მათ მოეთხოვებათ ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარება და დავუტოვეთ შეღავათი, რომ რუსული აირჩიონ უცხო ენად. ქართველი აბიტურიენტები ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობენ ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარებისას.

– ეს არ არის ქართულენოვანი აბიტურიენტების დანაშაული. მაშინ ასე გკითხავთ: აზერბაიჯანული და სომხური რატომ არ არის, ვითომ, უცხო ენები? ბარემ ისინიც შეგვეტანა ჩამონათვალში, თუ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის კომპენსირებაზე ვსაუბრობთ?

– მათთვის ქართულიც უცხო ენაა.

– ეს ჯერჯერობით ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაა?

– რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, მაგრამ არსებობს და უნდა იარსებოს აზერბაიჯანულ და სომხურენოვანმა სკოლებმა; გვაქვს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები, სადაც ქართული სკოლა, შეიძლება, ერთი იყოს. ჩვენი მოვალეობაა, ამ ადამიანებზე ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ისწავლონ სახელმწიფო ენა. სახელმწიფოს მოვალეობაა, დავეხმაროთ მათ და არ გავურთულოთ ცხოვრება ისე, რომ ისინი საერთოდ ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ უცხო ენებად აზერბაიჯანულისა და სომხურის გამოცხადება წარმოუდგენელია, მაშინ იტალიურიც უნდა შევიტანოთ უცხო ენად და ესპანურიც.

– ხომ გესმით, რატომ გეკითხებით ამას? თუ რუსულს საგამოცდო ენის სტატუსი არაქართველების საშეღავათოდ მიანიჭეთ, რა დააშავა სომხურმა და აზერბაიჯანულმა-მეთქი?

– უცხო ენებად გამოცხადდა ის ენები, რომლებსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტატუსი აქვთ, უამრავი ლიტერატურა არსებობს რუსულად.

– ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა დაიწყეთ, ხუთი წლის წინათ რომ დაგეწყოთ ქართული ენის სწავლება იმ არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაწყებით კლასებში სწავლობდნენ, აღარ დაგჭირდებოდათ ამდენ ენაზე ტესტების ბეჭდვა. ეს უფრო მოკლე გზა არ იქნებოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მისანიჭებლად?

– შემიძლია, ამ შეკითხვას თავი ავარიდო და გითხრათ, რომ ეს გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია არ არის, მაგრამ მაინც გიპასუხებთ: შემთხვევითი არ არის, რომ რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა უნარების ტესტი. ეს არის სპეციფიკური გამოცდა, რომელიც ამოწმებს არა ცოდნას, არამედ კონკრეტულ უნარებს და ენობრივი ბარიერი არ უნდა უშლიდეს ხელს მათ გამოვლენას. ასეთი მაგალითები არის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ისრაელში ცხრა ენაზე აბარებენ ამ სახის ტესტებს.

– მაგრამ იმ ცხრავე ენაზე ებრაელები აბარებენ ამ ტესტებს?

– თუმცა აშშ-ში მხოლოდ ინგლისურად მოგიწევთ ყველა გამოცდის ჩაბარება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარმოშობას.

– ამის პარალელურად გესწავლებინათ ქართული არაქართველებისთვის ამ ხუთი წლის განმავლობაში?

– მე პირადად ნამდვილად გეთანხმებით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ საშუალო განათლების საფეხურზე ვასწავლოთ ქართული ენა. წელიწად-ნახევრის წინათ წარვადგინე პროგრამა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მოეგვარებინა ეს პრობლემა. მით უმეტეს, რომ ის ადამიანები გვთხოვდნენ, დაგვეხმარეთ, რომ ვისწავლოთ სახელმწიფო ენაო. იქ არაქართული გარემოა და ენის შესწავლა ჭირს. ჩვენი პროექტი ითვალისწინებდა როგორც ქართული ენის, ისე ქართულ ენაზე სხვა საგნების სწავლებას. სამწუხაროდ, ეს ვერ განხორციელდა.

– ფული ვერ მოინახა თუ სურვილი?

– მაშინ არ იყო ეს სურვილი.

– იმედია, ახლა ფულიც გამოჩნდება და სურვილიც, თორემ, ტესტების ოთხ ენაზე ბეჭდვით შორს ვერ გავფრინდებით. მახსოვს, ამტკიცებდით, რომ ზოგადი უნარების სწავლება შეუძლებელია, მით უმეტეს, რეპეტიტორთან სიარულითო. ახლა კი გაირკვა, რომ სკოლაში აპირებთ ამ საგნის დამატებას?

– არასწორი ინტერპრეტაციაა. სამინისტრომ ძალიან კარგი ინიციატივა წამოაყენა, რომ რამენაირად შევიდეს სასწავლო პროგრამაში უნარები. ნიკა გვარამიას არ უთქვამს, საგანი ემატებაო. ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამის ინტეგრირება სასწავლო გეგმებში. ვმუშაობთ ფორმებზე. დასადგენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამას წარუძღვებიან სკოლებში. ეს არის გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივა, პირობითად – „დახმარება სკოლებს“. მაგალითად, ზოგადი უნარების ტესტებზე მომუშავე ჯგუფი უკვე იწერს „სიდიზე“ განმარტებებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს მოსწავლემ ზოგადი უნარების ტესტებზე. უშუალოდ ჯგუფის ხელმძღვანელი დეტალურად უხსნის მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს ეს გამოცდა. ჯერჯერობით უნარების ტესტებზე ვამზადებთ ვიზუალურ მასალას, შემდეგ დავამატებთ სხვა საგნებსაც. პლუს, ამ ვიზუალურ მასალაში სპეციალისტები უხსნიან მოსწავლეებს, თუ რატომ არის ესა თუ ის პასუხი შეცდომა, რატომ არის პასუხი სწორი. ამას, შეიძლება, დავარქვათ უნარ-ჩვევების სწავლება, მაგრამ ეს არ არის სწავლება. ჩვენ გვინდა, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ, მათთვის გამოცდის ფორმატი სიახლე არ იყოს და არ დაიბნენ. უფრო ზუსტად, ვეხმარებით გავარჯიშებაში.

– მომავალ წელს ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება ოთხი საგნის ჩაბარება, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაში იყოს, ესე იგი, წინა წლებში არათანაბარ პირობებში იყვნენ აბიტურიენტები?

– წინა წლებშიც ვამბობდით და ახლაც მიგვაჩნია, რომ ბევრი მხრივ იქნება სამართლიანი, თუ ყველა აბიტურიენტი თანაბარი რაოდენობის გამოცდას ჩააბარებს.

– თუ ეს არ აისახება დაფინანსებაზე, რა მნიშვნელობა აქვს? ჩააბაროს ზოგმა სამი, ზოგმა კი – ოთხი გამოცდა?

– ჯერ ერთი, ვინ მოგახსენათ, რომ დაფინანსებაზე არ აისახება?

– აქამდე ხომ მხოლოდ უნარების ტესტებით ხდებოდა დაფინანსება?

– ვმუშაობთ, რომ საერთო ქულით იყოს დაფინანსება. რაც შეეხება ოთხი სავალდებულო გამოცდის სხვა პლუსებს: არიან ოპონენტები, რომლებიც გვეკამათებიან, რატომ უზღუდავთ თავისუფლებას უმაღლეს სასწავლებლებს, თუ არ სჭირდებათ ოთხი გამოცდა, რატომ უნდა ჩააბარებინონ აბიტურიენტებსო. ჩემი აზრით, სწორედ არსებული სისტემით ვუზღუდავთ თავისუფლებას უმაღლეს სასწავლებლებს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებელი, უბრალოდ, ვერ ნიშნავდა მეოთხე გამოცდას, რადგან უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტების რაოდენობაზე. ამდენად, ის დაინტერესებულია, მიიღოს ბევრი სტუდენტი. უმაღლესი სასწავლებელი კი ხარისხსა და დაფინანსებას შორის არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. სტრატეგიული უმაღლესი სასწავლებელი – ტექნიკური უნივერსიტეტი, მომავალ ინჟინრებს იღებს ისე, რომ არ უტარებს მათემატიკის გამოცდას?! ასეთი მიდგომით, ორ-სამ წელიწადში ინჟინერი არ გვეყოლება!

– მეტსაც გეტყვით, ჩვენ არც ახლა გვყავს ახალგაზრდა ინჟინრები.

– როგორ გვეყოლება, როდესაც ყველა საინჟინრო სპეციალობაზე სტუდენტები შეირჩევიან ქართულით და უცხო ენით?! ესე იგი, აპრიორს ვუშვებთ, რომ ინჟინერმა არ უნდა იცოდეს მათემატიკა. მეორე მაგალითს მოგიყვანთ: სამედიცინო უნივერსიტეტმა წელს მეოთხე საგნად ქიმია-ბიოლოგია აირჩია, ამის გამო ფარმაციის ფაკულტეტზე ბევრი ადგილი დარჩა შეუვსებელი, მაგრამ რექტორი, იცით, რას ამბობს? მეორე კურსზე ყველა ადგილი შემევსებაო, იმიტომ, რომ აბიტურიენტები ჩააბარებენ იქ, სადაც სამი გამოცდა ბარდება და მობილობის პროგრამით გადმოვლენ ნული ცოდნით ქიმიაში. აი, ეს არის უსამართლობა და არა ის, რომ ზოგი სამ გამოცდას აბარებს და ზოგი – ოთხს. წელს იქნება ოთხი სავალდებულო გამოცდა.

– რა საგნები იქნება და პროგრამები როდის დაიდება?

– პროგრამები ძალიან მალე დაიდება. თუ გახსოვთ, საგნები ინტეგრირებულად ისწავლებოდა, ახლა, მადლობა ღმერთს, ისევ დავშალეთ. შესაბამისად, მეოთხე საგნად დაემატება: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა ან ბიოლოგია. შეიძლება, უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგნად ორი საგანი აირჩიოს და მათ შორის არჩევანი შემდეგ თავად აბიტურიენტმა გააკეთოს.

– პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფაქტი, რაკი თქვენმა ვაჟმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამაგისტრო გამოცდაში, არის რეფორმის გამარჯვება. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა გამახსენა პასაჟი ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან „ბიძაჩემი იონა“, რომელშიც ერთ-ერთი გმირი, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, უარს ამბობს პრიზზე და სანაცვლოდ ამაზე გაცილებით მეტ სიკეთეს იღებს. თქვენი შვილის გამოცდაც რაიმე მსგავს მიზანს ხომ არ შეეწირა?

– აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ჩემი შვილი სამაგისტრო გამოცდას აბარებდა, ტესტი ოთხი ნაწილისგან შედგება, პირველ სამში ნორმალური შედეგი ჰქონდა, მეოთხეში კი ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. იმ პერიოდში ერთ-ერთი მშობელი იყო მოსული, ტიროდა, ჩემს შვილს არ ეყო ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახაო. მის დასაწყნარებლად ვთქვი, რომ ჩემს შვილსაც იგივე მოუვიდა და ეს არ არის ტრაგედია-მეთქი. მეტი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, თუ არ ვცდები, ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო მეორადი ჩარიცხვები, მოვიდა „იმედის“ ჟურნალისტი და უცბად მეკითხება, მართლია, რომ თქვენი შვილი ჩაიჭრაო? ავუხსენი, რომ ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. თქვენი შვილი უნდა ჩავწეროო. ჯერ ერთი, თვითონ შეკითხვა იყო არაეთიკური, რადგან გამოდიოდა, რომ ჩემი შვილის წარუმატებლობაზე უნდა მესაუბრა. კატეგორიული უარი ვუთხარი, მაგრამ სიუჟეტი ისე გაუშვა, რომ თვითონ თქვა ეს ინფორმაცია. როგორ უნდა მოვქცეულიყავი, საპროტესტო გამოსვლას ხომ არ მოვაწყობდი?!

– მეც დედა ვარ და ძალიან გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტმა ილაპარაკა თქვენს შვილზე თქვენი თანდასწრებით და ეს ინფორმაცია დევს პრეზიდენტის საიტზე. ამიტომაც გკითხეთ.

– უპირველესად, ბავშვისთვის იყო ეს მძიმე, რადგან ყველა, ნაცნობი თუ უცნობი, ურეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი ინფორმაციაა, მაინც გავრცელდა. ბუნებრივია, პრეზიდენტმაც მოისმინა ამის შესახებ, მკითხა და ვუპასუხე. ამიტომაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მე თავისუფლად გავცემდი ამ ინფორმაციას. არადა, მხოლოდ იმ ერთადერთ მშობელს ვუთხარი, რომელიც თავისი შვილის წარუმატებლობას განიცდიდა.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3