კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-8(530)

სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა უბედურება, რაც ადამიანებს გვჭირს, ჩვენივე მოგონილია. მუდმივად რაღაცას „ვაჩალიჩებთ“... რა გვინდა, რატომ ვიტანჯავთ თავს – გაუგებარია. პრობლემების გარეშე ცხოვრება, რატომღაც, ვერ წარმოგვიდგენია: ჯერ ვიგონებთ პრობლემას, მერე კი ვიბრძვით მის გამოსასწორებლად რაღაც ხომ უნდა ვაკეთოთ... არადა, რამდენი ენერგია იხარჯება ფუჭად?! წარმოიდგინეთ, რის გაკეთებას შეძლებდა ადამიანი, ეს ენერგია ერთი მიმართულებით რომ წარემართა. დედამიწის ამოტრიალებაც კი არ იქნებოდა მისთვის პრობლემა... ჰო, ისევ პრობლემამდე მივედით... და ეს პრობლემაც ჩვენივე მიზეზით არის გაჩენილი. ახლა, არ მითხრათ, რა საჭიროა დედამიწის ამოყირავება, ისედაც ძლივს ვდგავართ ზედო. ეჰ, ბატონებო, ჩვენ ხომ ამაზე არ გვიფიქრია... არ გვიფიქრია სერიოზულად, თორემ, ვინ იცის, იქნებ ამობრუნებულ დედამიწაზე უფრო საამური ყოფილიყო ცხოვრება...

***

ლიანა გაცეცხლებული დარბოდა ოთახში წინ და უკან... არც ცდილობდა, როგორმე დამშვიდებულიყო და ისე მოესმინა ქმრისთვის, რომელიც უკვე მერამდენედ, ამაოდ ცდილობდა მისთვის რაღაცის ახსნას. ბოლოს მასაც გამოელია მოთმინება:

– არ შეგიძლია, ერთხელ მაინც, მხოლოდ ერთხელ, საკუთარ თავზე კი არა, შვილსა და მის პრობლემებზე იფიქრო?

ლიანამ ხელები გაასავსავა:

– მოიცა! აბა, მე რას ვაკეთებ, რაზე ან ვისზე ვფიქრობ, შენი აზრით?

– ყოველ შემთხვევაში, ლიკაზე არა... – პირდაპირ პასუხს თავი აღარ აარიდა კაცმა.

– აი, ვის ჰგავს ლიკა! შენ! შენსავით უმადური და უსამართლოა, იმიტომ გესმით არაჩვეულებრივად ერთმანეთის! ახლა აღარ მიკვირს, ისევ იმის გაკეთების ნება რომ მიეცი, რაც მას ნებავდა!

– არაფრის ნება არ მიმიცია. ხომ გითხარი, სოფოსთან წავიდა ცოტა ხნით-მეთქი. ცოტა ხანში დაბრუნდება.

– რა თქმა უნდა, სოფოსთან წავიდოდა. ის ქალბატონია ყველაფრის თავი და თავი! ქმარზე ხომ ათქმევინა უარი, დარწმუნებული ვარ, წუხელაც მაგან შეუწყო ხელი, პაემანზე წაბრძანებულიყო საყვარელთან.

– ლიანა, გეყოფა! წარმოუდგენელ სისულელეებს ლაპარაკობ და უკვე ძალიან მიშლი ნერვებს. გაჩუმდი, სანამ მოთმინება მყოფნის და ვცდილობ, არ აგყვე!

– რანაირად მელაპარაკები? დამნაშავე ხარ და აქეთ მიტევ?! თუ ფიქრობ, რომ ჩემი გამწარება, მამა-შვილს შეგრჩებათ, ძალიან ცდები. აი, მოვკვდები და მერე ინანებთ, თუმცა, გვიან იქნება, ძალიან გვიან!..

– არაფერი არ დაგემართება, ნუ გეშინია, აქეთ გაგვიხეთქავ გულებს, – ჩაილაპარაკა კაცმა საყვედურით და გაფითრებულ სახეზე ხელი მოისვა.

– რატომ მიეცი ნება, სახლში არ მოსულიყო? გეკითხები, რატომ? – იფეთქა ლიანამ.

– იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო! – ხმას აუწია კაცმა და, სანამ ცოლი კიდევ ეტყოდა რამეს, გაშლილი ხელისგული გამეტებით დაარტყა მაგიდას, – გეყოფა! გითხარი, მთხოვა ბავშვმა-მეთქი. არ გესმის? მთხოვა და მეც გავუგე.

– მაგას არ გიმტკიცებდი, გაუგე-მეთქი? უცნაური კაცი ხარ, უცნაური... მთელი ღამე სად იყო, წესიერად არ ვიცი; ვისთან იყო და რატომ – არც ეს ვიცი, საერთოდ, რა ხდება მის თავს, ამაზე ხომ სულ არ გვაქვს წარმოდგენა... შენ კი მაინც მშვიდად უყურებ მის ახალ-ახალ გამოხდომებს.

– ლიანა, ეს გამოხდომა არ იყო. ცუდად იყო ბავშვი... გეუბნები და დამიჯერე, უჭირს ლიკას, ძალიან უჭირს.

– თუ უჭირს, გარე-გარე სირბილს თავი დაანებოს და გვითხრას, რა უნდა.

– ამ ეტაპზე – ჩვენი უსიტყვო თანადგომა, – აი, რა უნდა, – უხეშად გააწყვეტინა კაცმა.

– ჰო? თვითონ გითხრა?

– არა, თვითონ არ უთქვამს, მაგრამ ბრმა არ ვარ, ვერ ვხედავდე, რა დღეშია.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მე ვარ ბრმა? – ლიანა აღშფოთებისგან ჭარხალივით გაწითლდა.

– არ ვიცი, ლიანა, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ასე იქცევი... მოსვლა და ლაპარაკი არ დამაცადე, მაშინვე მეცი და საყვედურებით ამავსე. ასე არ შეიძლება!

– ის შეიძლება, გათხოვილი ქალი, მშობლებისა და შვილის პატრონი, გათენებამდე სადღაც დაწანწალებდეს და ღამეს ქუჩაში ათევდეს?

– ლიკას ღამე ქუჩაში არ გაუთევია, სახლში იყო, თავის სახლში.

– გინდოდა გეთქვა – თავისი ყოფილი ქმრის სახლში, – გესლიანად ჩაურთო ქალმა.

– ოფიციალურად ჯერ ისევ ცოლ-ქმარი არიან და ლიკას ვერაფერი შევატყვე საიმისო, ლაშასთან გაყრას აპირებდეს.

– აჰა, ესე იგი, ვაჟბატონიც იქ ბრძანდებოდა... ნელ-ნელა რაღაცეები წამოგცდა... აბა, მითხარი, რა ნებავს ძვირფას სიძეს, რატომ აღარ უნდა ოჯახი?

– არ ვიცი, მე ლაშა არ მინახავს.

– რა თქმა უნდა, არ გინახავს. როგორ ნახავდი, ალბათ, დაიმალა. უსინდისო... არა, არა, მე უნდა წამოვსულიყავი. რა აზრი ჰქონდა შენს მარტო გაშვებას?

– ლაშა იმ ბინაში არ არის და, საერთოდაც, მგონი, აღარც საქართველოშია... ღმერთო, ლიანა... ძალიან მინდა, ადამიანურად დაგელაპარაკო, მაგრამ შენ ამის საშუალებას არ მაძლევ!

ლიანამ მკერდზე დაიდო ხელი:

– კარგი, ვეცდები, დავმშვიდდე. ოღონდ, არ უნდა მომატყუო. ხომ იცი, მაინც ყველაფერს ვიგებ და, თუ მომატყუეს, მაშინვე ვხვდები.

– არც ვაპირებ, ტყუილი გითხრა. ლაშას სერიოზული პრობლემა აქვს, შეიძლება, დააპატიმრონ...

ლიანა დაჯდა. მისი ცარცივით გაფითრებული სახის დანახვამ ქმარი ცოტა შეაშინა სამზარეულოში გავიდა და ჭიქით წყალი მოუტანა.

– აი, დალიე... თუ გინდა, წვეთებსაც ახლავე მოგიტან.

ქალმა ჭიქა ჩამოართვა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:

– არ მინდა წვეთები... დაჯექი, დაჯექი და მოყევი, რა ხდება...

... გსმენიათ რამე „ინტელიგენტური ფუფუნების“ შესახებ?! არა? თუმცა, არ მიკვირს... მე მქონდა წარმოდგენა, სანამ იმდენი ფული არ გამიჩნდა, რომ ფუფუნებაზე მეფიქრა. როცა „ხელის ჭუჭყი“ იმაზე გაცილებით მეტი გაქვს, ვიდრე პირველი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (ანუ სუფთა ინსტინქტებსა და ფიზიოლოგიას ვგულისხმობ) არის აუცილებელი, ბუნებრივად ჩნდება სხვა მოთხოვნილებაც... ფული უნდა დახარჯო აბა, რისთვის არის?! თუ არ დახარჯე, ჩვეულებრივი ქაღალდია და სხვა არაფერი. ჰოდა, როცა მე გამიჩნდა მოთხოვნილება, დამეხარჯა შემაწუხებლად ბევრი „ქაღალდი“, თქვენ წარმოიდგინეთ, სერიოზული სადარდელიც გამიჩნდა. გეუბნებით, გაცილებით მარტივია, მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გქონდეს დასაკმაყოფილებელი – ადამიანი ხომ მაინც მარტივი არსებაა. ვერ ვიცრუებ და ვერ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება მოგზაურობაზე ვოცნებობდი. უფრო მეტიც – საერთოდაც არაფერზე მიოცნებია. არ ვყოფილვარ ასეთი რომანტიკული და იმიტომ. იქნებ, არც მეცალა ამისთვის. ოცნება ხომ მაინც მოცლილების საქმეა... ოცნების დრო რომ მქონოდა... ალბათ, კონკრეტულზე და ხელშესახებზე ვიოცნებებდი, საკუთარი „იდენტურობის“ დადგენაზე. ვერ მიხვდით, „იდენტურობაში“ რა ვიგულისხმე?! მოგვიანებით აგიხსნით.

... „ინტელექტუალური ფუფუნება“ – ეს ის სტადიაა, როცა ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობ. რადგან საუბარში „ინტელექტი“ წამომცდა, საკვები და ტანსაცმელი აღარ იგულისხმება, არც სამკაული. ცხოვრება მთელი თავისი სიმშვენიერით და უცნაურობებით უნდა შეიცნო. სწორედ ეს არის „ინტელექტუალური ფუფუნება“. მაგრამ, იცით, როგორი ძნელია, განახორციელო და დატკბე ამ ფუფუნებით, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ზუსტად იგივეა, საჩუქარი შეურჩიო ადამიანს, რომელსაც ყველაფერი, ან, თითქმის ყველაფერი აქვს...

***

რეზომ მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და ძრავა გამორთო.

– ახლა შენს ბინაში ავალთ...

– თუ არ გინდა, შეგვიძლია, არც ავიდეთ... – გაიცინა ლაშამ.

რეზო შეიჭმუხნა:

– რაღაც სხვანაირად ალაპარაკდი. აბა, როგორ მოვიქცეთ? ხომ არ გადავუხვიოთ განყოფილებაში? გაფრთხილებ, თუკი იქ შევალთ, უკან გამოსასვლელი გზა აღარ იარსებებს. თაღლითობა დანაშაულია, რომელიც სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს.

– მემუქრებით?

– არა. მე უკვე ვთქვი, რომ გაფრთხილებ.

– ჩვენ ხომ საგამომძიებლო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ?

რეზომ ბრაზით შეხედა ირონიულად მოღიმარ ლაშას, მაგრამ მაინც საკმაოდ მშვიდად თქვა:

– შენს ადგილას მე უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი შანსს, რომელსაც მე დიდსულოვნად გაძლევ, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.

– აბა, რატომ მაძლევთ შანსს?

რეზომ მხრები აიჩეჩა:

– სიმართლე გითხრა, არ ვიცი.

ლაშამ თავი გააქნია.

– არა, არა, შენისთანებმა... ბოდიში, თქვენისთანებმა ყოველთვის ყველაფერი იციან.

– სიმართლესთან ახლოს ხარ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩემი პროფესიული ალღო ცოტათი მღალატობს. მიუხედავად ამისა, მაინც მოგცემ ამ შანსს. ვნახოთ, რა გამოვა.

– სანამ ბინაში ავალთ, კიდევ ერთი საკითხის გარკვევა მინდოდა. თუმცა, ეს უფრო პირობაა.

– პირობა? პირობებს მიყენებ? შენ – მე?

– სხვანაირად ამ ექსპერიმენტს აზრი არ ექნება... – ჯიუტად გაიმეორა ლაშამ.

– მითხარი, – აღარ გაუპროტესტა რეზომ.

– თუ შანსს მაძლევთ, ბოლომდე უნდა მიმაყვანინოთ საქმე.

– რას გულისხმობ? საქმე რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ამაზე ორი აზრი არც არსებობს.

– ჰო, ვიცი, მაგრამ, რაც არ უნდა გავაკეთო, თქვენ ხელს არ შემიშლით და არც ზედმეტ შეკითხვებს დამისვამთ. საჭირო ინფორმაციას მე თავად მოგაწვდით.

– ჰმ, – თავი გადააქნია რეზომ, – ეს ულტიმატუმია და არა პირობა. კარგი, ასე იყოს, იმედია, ისეთი სულელი არ ხარ, ჩემი მოტყუება სცადო.

– არანაირად. ჩემი მეგობარიც ჩემთან ერთად იქნება?

– ეს აუცილებელია შენი ფენომენალური ნიჭის გამოსავლენად?

– პრინციპში, არა. მაგრამ, თუ მეცოდინება, რომ ვახო ჩემთან ახლოსაა და, თანაც, უსაფრთხოდ, უფრო კარგად გამომივიდოდა.

– აჰა! ანუ, მხოლოდ სიმშვიდეზეა საუბარი?

– დიახ, მხოლოდ სიმშვიდეზე.

– კარგი. შენი მეგობარიც შენ გვერდით იქნება, მაგრამ თქვენ შორის არანაირი კონტაქტი არ შედგება.

– გასაგებია.

– გასაგებია?.. ანუ, კონტაქტის გარეშეც შეძლებ, გაიგო მომგებიანი კომბინაცია და ფული მოიგო?

– შემიძლია. უკვე გითხარი, მხოლოდ ძველი დივანი მჭირდება-მეთქი.

რეზომ ხელები გაშალა:

– შენ ან პროფესიონალი ცრუპენტელა ხარ, ან – მეზღაპრე.

– არც ერთი ვარ და არც მეორე. მე თვითონაც არ ვიცი, ვერ ვხსნი, რა ხდება რეალურად. უბრალოდ, ვიღებ რეალობას ისეთს, როგორიც ის არის.

– ვნახოთ, ერთი, შენი „რეალობა“... ბინაში არის ვინმე?

– არა. ვინ იქნება? ჩემი ცოლი წავიდა ჩემგან და მშობლებთან გადავიდა. ბავშვიც წაიყვანა.

– არ დაიჯერა, არა, შენი „რეალობის“? – ჩაიცინა რეზომ.

– ეს გრძელი ამბავია, მოყოლად არ ღირს. თქვენ, მით უმეტეს, არ დაგაინტერესებთ.

– აი, ლევანიც მოვიდა შენს მეგობართან ერთად. მე ახლა მანქანიდან გადავალ და ლევანს მითითებებს მივცემ. იმედი მაქვს, უკვე ყველაფერზე შევთანხმდით და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება...

***

... სოფომ ამოიოხრა, ლიკას მონათხრობით დაბნეული უფრო იყო, ვიდრე გაოცებული. ნიკაპით საკუთარ ხელისგულზე დაყრდნობილი ფიქრობდა, რა ეთქვა.

– არ გჯერა, ხომ? – ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლიკამ, – ჰო, ვხვდები, მეც ძნელად დავიჯერებდი. წარმომიდგენია ლაშას მდგომარეობა. შანსიც არ ჰქონდა, რომ საკუთარ სიმართლეში დავერწმუნებინე. ამიტომაც, აღარაფერი მითხრა. უბრალოდ, ადგა და წავიდა.

– ჯიბეში ნახევარი მილიონით... – დაუმატა სოფომ. ლიკას თვალები აუცრემლდა:

– იმის თქმა გინდა, რომ მე და ბავშვი ფეხებზე დაგვიკიდა... და, რომ ლაშა გამოუსწორებელი ეგოისტია?

– პრინციპში, ეგოისტები ყველანი ვართ. თან, რაღაც თანხაც ხომ დაგიტოვა... ბინაც... ლოგიკურად, უსინდისოს ვერ უწოდებ. სავარაუდოდ, სადაც არის, იქაც გააგრძელებს თავის თაღლითურ საქმიანობას და, შეიძლება, ფულიც გამოგიგზავნოთ.

– სოფო, ესე იგი, ჩემი არც ერთი სიტყვის არ დაიჯერე?

– რა გითხრა, ლიკა, მიჭირს და, ალბათ, გესმის კიდეც ჩემი. თავად არ თქვი, მეც არ დავუჯერებდი ლაშასო?

– ჰო, სათქმელი არაფერი მაქვს. ვერ მოვიყვან ისეთ არგუმენტს, რომელიც ამ ამბავს დაგაჯერებს, მაგრამ, მართლა ძალიან მინდა, შენ მაინც იყო ჩემი მხარდამჭერი.

– ისედაც ვიქნები შენი მხარდამჭერი, ამაზე ნუ ინერვიულებ. მაგრამ...

– მაგრამ რა? თუმცა, ვიცი, რისი თქმაც გინდა: თუ ლაშას დაიჭერენ, თავის სიმართლეს ვერაფრით დაამტკიცებს.

– ჰო, ეს არის პრობლემა. მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, არ ჩამოვა და ვერ დაიჭერენ.

– არ ჩამოვა? აღარასოდეს? რას ამბობ, მერე მე რა უნდა ვქნა?

სოფომ მხრები აიჩეჩა. ლიკა ატირდა:

– ვაიმე, რას ამბობ? მე რომ მომენატრა? არ შემიძლია, არაფრით არ შემიძლია, გავძლო მის გარეშე. მე ჩემი ქმარი მჭირდება! ვერ ხვდები? მჭირდება!..

სოფოს შეეშინდა:

– არა, რა, ისტერიკა არ გინდა, ამით მაინც ვერაფერი შეიცვლება. პირიქით, უნდა დამშვიდდე და იმაზე იფიქრო, რა ცუდი იქნება, თუ ლაშას ციხეში ჩასვამენ. არ გირჩევნია, ვერ ნახო, მაგრამ თავისუფალი იყოს?

– მე ის მინდა, ჩემ გვერდით იყოს და, საერთოდ, რომ შემეძლოს, ყველაფერს ძველ ადგილას დავაბრუნებდი. აღარაფერი აღარ მინდა! რა ბედნიერი ვიყავი, ბანკის ვალი რომ მქონდა და ქმარი გვერდით მყავდა. რატომ ვერ ვაფასებთ ადამიანები იმას, რაც გვაქვს? რა ჰქვია ამას, უგუნურება? სიბრმავე? სიშტერე?

– რა ვიცი, აბა! მაგაზე მეც ხშირად მიფიქრია, მაგრამ პასუხი არ არსებობს. ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ.

სოფომ ჩაიცინა:

– კარგი ერთი! მე ჯერ არავინ მინახავს ისეთი, სხვის შეცდომაზე ჭკუა ესწავლოს. ჯერ ერთი, ყველას თავისი შეცდომა აქვს და სხვისი შეცდომების მსგავსი ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება; მეორეც – ადამიანი ძალიან გულუბრყვილო არსებაა. როცა ხედავს, რომ ვიღაცას რაღაცა ეშლება, თავს ირწმუნებს, ასეთი რამ მე არასოდეს დამემართებაო. ესეც ჩვენი სისულელის ბრალია და ისევ ჩვენ ვზარალდებით. მაგრამ, მაინც არაფერი იცვლება. შეცდომებს ისევ ვუშვებთ და ისევ გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება.

– ადამიანებიც მძულს და საკუთარი თავიც! – წამოიძახა ლიკამ.

– აბა, აბა, მოეშვი თვითგვემასა და სისულელეების ლაპარაკს! რასაც არ ეშველება, იმაზე არ უნდა ინერვიულო, – ეს ოქროს წესი ანდრომ მასწავლა.

ლიკას ანდროს ხსენებაზე გაეღიმა.

– რა გაცინებს? – ჰკითხა სოფომ, – გენიშნა, ხომ, ჩემი სიტყვები?

– არა, შენი სიტყვები კი არ მენიშნა, ანდროზე გამეცინა, თავის „ოქროს წესს“ თვითონ რომ არ იყენებს. ისე ნერვიულობს უკვე მომხდარზე, რასაც აღარაფერი ეშველება, რომ, მეეჭვება, ეგ ახსოვდეს.

– ნახევარი მილიონი ცოტა არ არის. თან, ანდროს შემთხვევაში, მისი გაბრაზების მიზეზი სხვა რამეა – პირადი შეურაცხყოფა. ხვდები? გიჟდება, როგორ მომატყუაო.

– არ მოუტყუებია, არა! შენ ხომ უკვე იცი, რაშიც არის საქმე! გეხვეწები, მომეხმარე, რომ ანდრო მაინც დავარწმუნო.

– ვაიმე, ლიკა... როგორ დავარწმუნო ანდრო იმაში, რისაც მე თვითონ არ მჯერა? წარმოიდგინე, რომ ავდგე და მაგ თქვენი დივანის ამბავი მოვუთხრო. გაგიჟდება! შეიძლება, იდიოტი ვეგონო.

– აბა, რა ვქნა?

– რა ვიცი. მართლა არ ვიცი...

ლიკა ისევ ასლუკუნდა.

– ოღონდ არ იტირო, ძალიან გთხოვ, ტირილი გამოსავალი არ არის, არანაირად. ამ ეტაპზე ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლება – ლოდინია. უნდა დაელოდო.

– დაველოდო? რას დაველოდო, სოფო? იცი, რა სასოწარკვეთილი ვარ?

– ვიცი. მეც მაგას გიხსნი, რომ სასოწარკვეთილი არ უნდა იყო. მარტო საკუთარ თავზე ნუ ფიქრობ, შვილი გაიხსენე და გიშველის, ცოდვაა ვატო. გულწრფელად გეუბნები. წარმომიდგენია, როგორ განიცდის და ნერვიულობს ბავშვი. რამდენი ხანია, მასზე არ გიზრუნია... საერთოდაც, ბოლოს როდის ნახე ბავშვი? სადმე გაასეირნე, რამე უყიდე?

– მამაჩემი ზრუნავს მასზე, – ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა ლიკამ.

– არა, არა, საყვარელო, ახლა უკვე ცუდად იქცევი, ძალიან ცუდად. არ შეიძლება ასე... ეგოისტი არ უნდა იყო. ვატო უმთავრესია შენთვის.

– ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. შენ ხომ იცი, რას ნიშნავს ვატო ჩემთვის მაგრამ, ამ ეტაპზე სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. რა ვქნა. ეტყობა, ძალიან სუსტი ვარ გარემოებებთან ბრძოლაში.

სოფომ შუბლი მოისრისა:

– მეც მინდა, ცოტა დავფიქრდე. იცი, რა... მოდი, ვინმე სპეციალისტს მივმართოთ.

– რას გულისხმობ, რა სპეციალისტს? ნევროპათოლოგი და, მით უმეტეს, ფსიქიატრი არ მჭირდება. მეორედ აღარ მიხსენო, გიჟი კი არ ვარ. სიტუაციასაც, ჯერჯერობით, ვაკონტროლებ. იმიტომ მოგიყევი ყველაფერი, რომ გიჟად გამომაცხადო?

– არა, არა, კარგად მომისმინე. მე სულ სხვა რამე ვიფიქრე. აი, ეგ შენი სიზმარი... ასე არ ხდება. რატომ მაინცდამაინც ლაშა, რატომ შენ... ცოტა საეჭვოდ არ გეჩვენება? დაფიქრდი, აბა?! ვინმე ვიპოვოთ, ვინც აგვიხსნის, რა ხდება.

– მკითხავთან წავიდეთ? ამას მთავაზობ?

– ნუ, მთლად მკითხავთან არა, მაგრამ, იმასთან, ვინც ასეთ რაღაცეებში ერკვევა.

ლიკამ თავზე იტაცა ხელები:

– მგონი, ჩემი გადამკიდე, შენც აურიე. ხომ იცი! ვინ ერკვევა ასეთ რაღაცეებში, სად ვეძებო ახლა მე სიზმრების ამხსნელ-გამხსნელი?

– იცი, ერთი კლიენტი მყავს, ბანკში... მგონი, ექსტრასენსია. გინდა, დავურეკო და მივიდეთ?

ლიკამ თავი გააქნია. სოფოს გაუკვირდა:

– რატომ? ცოტას მაინც დამშვიდდები, თუ ხელჩასაჭიდს ვერაფერს გვეტყვის.

– არ მინდა.

– ვერ ვხვდები, რატომ ამბობ უარს. ლიკა, ნუ იგრუზები, რა... უფრო მარტივად შეხედე ყველაფერს.

– საქმე დაგრუზვაში არ არის. ეს საიდუმლოა, ისეთი საიდუმლო, რომელსაც ყველას ვერ მოვუყვები, მით უფრო – მკითხავსა და ნათელმხილველს.

– გეშინია? უი, მაგაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ.

– აბა, რა... მეშინია. რა თქმა უნდა, მეშინია. იქნებ, ისე მოხდეს, უარესი პრობლემა გავიჩინო.

– ჰო, მაშინ უნდა დავფიქრდეთ. მოიცა, ნუ ვეტყვით ყველაფერს. ყველა კარტს ნუ გავუხსნით. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ვეტყვით და რას – არა.

– მაშინ, მოდი, ვსინჯოთ. წამოვალ და ვკითხავ, რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი სიზმრები.

– ტელეფონის ნომერი სადღაც უნდა მქონდეს. მოიცა, მოვძებნი... – სოფო გამოცოცხლდა და ხელჩანთის მოსატანად მეორე ოთახში გავიდა. ლიკა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ახლა ყველა წვრილმანი უნდა გაეხსენებინა, ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, ადვილი ნამდვილად არ იყო მეხსიერებიდან სიზმრის გამოხმობა და გაცოცხლება.

– აი, ვიპოვე! – მოქოთქოთდა სოფო, – შენ რა, გძინავს? ლიკა, შენ გელაპარაკები, დაიძინე?

– არა, რა მძინავს. ვფიქრობდი. ყველაფერი უნდა გავიხსენო. მოიტანე ტელეფონი?

– ჰო. ისეთი სასაცილო ტიპია...

– კაცია?

– კაცია. მერე რა მოხდა, კაცები უფრო მაგრები არიან ამ საქმეში?

– ისე ლაპარაკობ, თითქოს სულ ამისთანებთან დადიოდე. რა საყვარელი და სასაცილო ხარ!

– რა დროს ეს არის! რა ვქნა, დავურეკო? გადაწყვიტე. მე მზად ვარ და ახლავე შეგვიძლია, წავიდეთ.

– მოიცა, მე რომ არ ვარ მზად? ან შენ, უკვე იცი, რა უნდა უთხრა? ჯერ მოვიფიქროთ.

– რა უნდა ვუთხრათ და, ის, რომ სიზმრის ახსნა გვინდა. შენ კი იმას მოუყვები, რის გამხელასაც საჭიროდ ჩათვლი.

– ოო, მგონი, არ არის ცუდი აზრი. სიგარეტი გაქვს? – ლიკამ მუდარით შეხედა სოფოს, – რა იყო, ხომ იცი, როცა ვნერვიულობ, სიგარეტი მინდება. ახლა კი ძალიან ვნერვიულობ.

– მოგიტან სიგარეტსაც, ოღონდ შენ დამშვიდდი.

ლიკამ ხარბად გააბოლა, კვამლი ღრმად შეისუნთქა და გაიღიმა.

– თავბრუს მახვევს და ცოტა გულზეც მეშვება. ნეტავი, ახლა სად არის ჩემი ქმარი...

– შენი ქმარი ახლა, ალბათ, არის... – სოფომაც მოუკიდა სიგარეტს, – სავარაუდოდ, თურქეთში.

– თურქეთში რატომ?

– არ ვიცი. ლოგიკურად, თურქეთი ყველაზე ახლოსაა. ადვილიც არის თურქეთში გადასვლა.

– ისე მომენატრა... – ლიკამ თითქმის ბოლომდე ჩაიყვანა სიგარეტი.

– ეე... ასე არაფერი გამოვა. თუ უნდა დამშვიდდე, ლაშაზე და მის მონატრებაზე ნუღარ ლაპარაკობ.

– რა ვქნა, თუ მენატრება?

– კარგი რა! არც ისეთი ანგელოზია შენი ქმარი და ახლა ფრთებს ნუ შეასხამ. ნამდვილად არ იმსახურებს ამას.

– კარგი. დარეკე იმ შენს კლიენტთან და უთხარი, რომ მისი დახმარება გვჭირდება. დანარჩენს იქ ვეტყვით... ჰო, ანდროს არაფერს ეუბნები...

***

ლევანმა რამდენჯერმე მექანიკურად დაუქნია თავი.

– რა გაიგე, თავს რომ მიქნევ? – გაღიზიანდა რეზო.

– რა არის ამაში გაუგებარი? თქვენ ადიხართ და ათი წუთის შემდეგ მე ამომყავს ჩემი დაკავებული. მარტივია.

– ჰოდა, თუ მარტივია, არაფერი შეგეშალოს.

– არ შემეშლება.

– და კიდევ, – რეზო ცოტა შეყოყმანდა, – მალე, ალბათ, მოვრჩებით ამ საქმეს და გაგათავისუფლებ ჩემ გვერდით ყოფნის დისკომფორტისგან.

– მე აღარ მაქვს თქვენთან ურთიერთობის პრობლემა და არც ვწუწუნებ, რომ დავიღალე. იმდენ ხანს დავრჩები თქვენთან, რამდენიც საჭირო და აუცილებელი იქნება.

– ძალიან კარგი. თხუთმეტი წუთის შემდეგ გელოდებით.

ლევანმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ხელი ჩაიქნია.

– რა იყო? – შეუმჩნეველი არ დარჩა რეზოს მისი ასეთი რეაქცია.

– არაფერი... ყველაფერი გავარკვიეთ. დანარჩენზე მერე დაგელაპარაკებით.

– კარგი, მერე იყოს, – სწრაფად დაეთანხმა რეზო და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.

***

ანდრო კაზინოში არ დაბრუნებულა. დათო და ლიკას მამა სახლში მიიყვანა და ჯერ აგარაკზე დააპირა ასვლა, მაგრამ, შუა გზიდან შემობრუნდა. ჯერ ქალაქში იარა წინ და უკან, მერე ისევ სოფოს სახლთან მივიდა და ეზოში, მისი სადარბაზოდან ცოტა მოშორებით გაჩერდა. თვითონაც არ იცოდა, იქ რატომ მივიდა. საკუთარი თავისას ვეღარაფერს იგებდა. არასდროს გაუკეთებია რამე სპონტანურად და ანგარიშმიუცემლად. ისე რომ, წინასწარ არ უფიქრია, რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ საქციელს. ემოციების აყოლა მისთვის უჩვეულო და უხერხულიც კი იყო. ყოველთვის გონებით მოქმედებდა და სოფოსთანაც კი კარგად გამოზომილი ჰქონდა ურთიერთობა. ამბობდა, გულამდე არ უნდა მიუშვაო და აქამდე თითქოს ახერხებდა ამას, ან, თავს ირწმუნებდა, რომ ახერხებდა... ანდრომ ორივე ხელი საჭეს მოკიდა, შუბლით დაეყრდნო და ამოიოხრა... „აუ, რა გავიჩალიჩე! ჰო, რა, მე გავიჩალიჩე... რატომ გადავეკიდე ამ ადამიანებს. რისთვის რა მინდოდა? სოფო, ლიკა, მისი კრეტინი ქმარი... ყველაფერი თავდაყირაა... მენგრევა ჩემი აწყობილი ცხოვრება ნელ-ნელა და აგურ-აგურ... მე არ შემიძლია ასეთი პრობლემებით ცხოვრება, ძალიან ვიღლები და ცუდად ვარ. ყველაფერი ჩემი ბრალია... თაღლითების ჯგუფი შემოვუშვი ჩემს ყოველდღიურობაში და ახლა ვერაფერს ვეღარ ვალაგებ... სოფომ არჩია, რომ თავის დაქალს დაუჭიროს მხარი. არ მიკვირს, გაბრაზებულია ჩემზე. მგონი, ვუყვარვარ... ჰმ, სწორედ სიყვარულიღა მაკლდა... მაგრამ, განა სიყვარულზე არ ვფიქრობდი, როცა ჩემთან ერთად ქვეყნის დასალიერში წასვლას ვთავაზობდი? არა, მაინც სულელი ვარ და ვიმკი კიდეც ამ სისულელის ნაყოფს... რა ვქნა, მართლა ხომ არ გავყიდო ყველაფერი, წილიც, სახლიც, სამრეცხაოც და გავშორდე აქაურობას. სოფოსთან ერთად?.. – ანდრო შეეცადა, ქალის სახე წარმოედგინა: საყვარელი თვალები აქვს. ისე მიყურებს, ხოლმე... რატომ მივეცი საშუალება, ჩემ გარდა სხვა მამაკაციც ჰყოლოდა? მამაკაცები ძალიან ტყუიან და მერე ქალებს აბრალებენ საკუთარ დანაშაულს. არც ჩემს ცოლთან ვარ მართალი, მაგრამ ამ შემთხვევაში სინდისი შედარებით სუფთა მაინც მაქვს. თავისი ცხოვრება აწყობილი აქვს და დალაგებული. მალე, ალბათ, გათხოვდება კიდეც და ამიტომ ვუგვიანებ მეც განქორწინებას. ესეც ხომ ჩემი დანაშაულია... რა ვქნა. ავიდე სოფოსთან? რომ ავიდე, რა ვუთხრა? საშინელება ყოფილა გაურკვევლობაში ყოფნა. სოფო... სოფო... სოფო... ვერაფერი ვერ გავიგე... აბსოლუტურად ვერაფერი“... – ანდრომ თავი ასწია. მანქანის სავარძელზე სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა. უცებ სოფოს სადარბაზოს მიაშტერდა. ჯერ ლიკა დაინახა, მერე თვითონ სოფო. დააკვირდა. სოფოს მანქანისკენ მიდიოდნენ.. თავი დახარა, რომ შემთხვევით არ შემობრუნებულიყვნენ და არ დაენახათ... ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ სოფო მანქანასაც ძალიან კარგად იცნობდა... მაგრამ ისინი ისე ჩასხდნენ მანქანაში, უკან არ მოუხედავთ. ანდროს ბევრი არ უფიქრია, ცოტა ადროვა, სანამ სოფო მანქანით ეზოდან გავიდოდა და თვითონაც აამუშავა ძრავა... იქნებ, არც უნდა გაჰყოლოდა უკან, მაგრამ, ესეც ემოციის კარნახით გააკეთა... ანდრო მიხვდა, რომ სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა გრძნობებზე, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლაზე არც უფიქრია...

***

რეზომ ყურადღებით დაათვალიერა მთელი ბინა და სასტუმრო ოთახში მაგიდასთან შეჩერდა. სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლეს დახედა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

– მდაა... შენ რომელ სიგარეტს ეწევი? – ჰკითხა ლაშას და იქვე მიგდებული სიგარეტის ცარიელი კოლოფი აიღო.

– მე? – ლაშამ ფანჯარა გამოაღო, – ხომ შეიძლება? ძალიან დახუთული ჰაერია, მძიმე.

– ჰო? შენც შეამჩნიე? აქ ვიღაც იყო. უფრო ვიღაცეები, ერთი ადამიანი ამდენს ვერ მოწევდა, მით უმეტეს – ქალი.

– ქალი? – ლაშამ დაბნეულმა შეხედა.

– ჰო. შენი ცოლი ვიგულისხმე. სხვას აქვს შენი ბინის გასაღები?

– არა, ლიკას გარდა არავის.

– ჰოდა, ეგ შენი ლიკა აქ ყოფილა. თანაც არც ისე დიდი ხნის წინ. თან, მარტო არა – ნახე, საფერფლე სავსეა. დივანზეც პლედია მიგდებული. სავარაუდოდ, ღამე აქ უნდა გაეტარებინათ.

– ვის? ჩემს ცოლსა და მის საყვარელს? – ლაშას თვალები ჩაუსისხლიანდა.

– მე არ მითქვამს, რომ შენი ცოლი საყვარელთან ერთად იყო აქ. უბრალოდ, საფერფლე... ამდენი ნამწვავი... გაფანტული ბოლი – ეს ყველაფერი რაღაც კონკრეტულ ეჭვს ქმნის.

– ჰო... უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცოლისგან ასეთი რაღაც... – ლაშას ატირებას აღარაფერი უკლდა.

– ეე... ჩვენ ახლა არ უნდა ვინერვიულოთ, არავითარ შემთხვევაში. სერიოზული საქმე გვაქვს გასაკეთებელი და, თუ შენ ვერ შეძლებ ამ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირებას, არაფერი გამოგვივა.

– არ შემიძლია. ახლა ლიკაზე ვფიქრობ. როგორ, ჩემი ცოლი აქ თავის საყვარელთან ერთად მოვიდა? შეუძლებელია, წარმოუდგენელია!

რეზომ ისევ საფერფლე მიანიშნა:

– შენი ცოლი სიგარეტს ეწევა?

– არა! – სიხარულით წამოიძახა ლაშამ.

– ჰოდა მეც მაგიტომ ვივარაუდე, რომ ვიღაცასთან ერთად იყო, – მის აღფრთოვანებას ცივი წყალი გადაასხა რეზომ, – სავარაუდოდ, მამაკაცთან ერთად. მაგრამ ახლა ამაზე ნუ იფიქრებ, ძალიან გთხოვ. თუ გინდა, მერე ყველაფრის გარკვევაში თავად დაგეხმარები.

– მე ვეღარავინ დამეხმარება... – ჩაილაპარაკა ლაშამ, – ოჯახი დავკარგე და ამაში მარტო მე ვარ დამნაშავე. ლიკას ვერაფერს მოვთხოვ. ყველაფერი გავაკეთე, რომ უცხო გამხდარიყო ჩემთვის. ეს საშინელებაა...

– ნუ გეშინია, ვარაუდებზე დასკვნების გაკეთება ძალიან ცუდია. შეიძლება, სულაც არაფერი მომხდარა. იქნებ, მეგობართან ერთად იყო... მეგობარ ქალთან ერთად და ღამე აქ გაათენეს? წინასწარ რატომ ნერვიულობ? ყველაფერი რომ მორჩება, მაგასაც გაარკვევ და ოჯახსაც დაიბრუნებ.

– ყველაფერი მორჩება? ვითომ?

– რა თქმა უნდა. იღონდ, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუ არ ეცდები, მომატყუო, მაშინ, პრობლემაც აღარ იარსებებს – რა თქმა უნდა, მე შენი პრობლემა ვიგულისხმე.

– ლიკას საყვარელი ჰყავს? არ შემიძლია. ვერ დავიჯერებ. გამორიცხულია!

– ლაშა, მომისმინე! ასეც რომ იყოს, ახლა ვერაფერს შეცვლი. ვერც ნერვიულობით მიაღწევ რამეს. ხომ ხვდები, რომ სიმართლე ეს არის? ჯერ უნდა გამოძვრე ამ სიტუაციიდან. მერე ცოლთანაც მოაგვარებ ურთიერთობას – ფული ყველაფრის შემძლეა. ყველას გულს იგებს და ყველა ბარიერს სპობს... ეს ის დივანია? როგორი ძველია და უბრალო...

– ჰო, ძველია და უბრალო... – მექანიკურად გაიმეორა ლაშამ. ფიქრით აშკარად სხვაგან იყო და აზრს ვერ ატანდა რეზოს ნათქვამს.

– ნუ ფიქრობ შენს ცოლზე, ნუ ფიქრობ, ამით მხოლოდ გაართულებ ყველაფერს. მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ფაქტებისა და ვარაუდების შეჯერების საშუალებას მაძლევს, არასდროს ვაკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს. სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე და გაუნიავებელი ოთახი ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ აქ ორმა ადამიანმა გაათია ღამე, გასაღები კი, შენი ცოლის გარდა, სხვას არავის ჰქონდა. მაგრამ, უამრავი ვარიანტი არსებობს ამ ვარაუდის გასაქარწყლებლად, თუ გინდა, უარსაყოფადაც.

– მაინც, რა ვარიანტები? მე თითქმის აღარ მეპარება ეჭვი, რომ წუხელ სწორედ ლიკა იყო აქ...

– ვარიანტები არის. შენს ცოლთან ბოლოს როგორი ურთიერთობა გქონდა?

– არც ისე კარგი, – მცირეოდენი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ თქვა ლაშამ.

– გამოემშვიდობე, როცა ჯიბეში ნახევარი მილიონით ქვეყნიდან მიიპარებოდი?

– ჯერ ერთი, კი არ მივიპარებოდი, მივემგზავრებოდი. არაფერი მომიპარავს, რომ ქურდივით გასაპარად მქონოდა საქმე. ლიკას კი თითქმის დავემშვიდობე. ყოველ შემთხვევაში, მივახვედრე, რომ მასზე და ბავშვზე ვიზრუნებდი.

– ეგ კარგია. მაშინ, რატომ ფიქრობ იმაზე, რომ ცოლმა გიღალატა? ეს ასე მარტივად არ ხდება.

– აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. მართალი ხართ. ახლა სხვა რამეზე უნდა გადავიტანო ჩემი ყურადღება. დივანზე მეკითხებოდით რაღაცას.

რეზო შეიჭმუხნა:

– მირჩევნია, გელაპარაკა და დაცლილიყავი. შენ ახლა თამაშობ, მაგრამ, შენი ნებაა, ასე იყოს. აბა, ახლა, კიდევ ერთხელ, ადგილზე მომიყევი ყველაფერი.

ლაშამ საფერფლეს დახედა:

– ექსპერიმენტის ამბავი საღამომდე არ გამოვა.

– რა?

– ჰო. ასეა. უნდა დაღამდეს.

რეზომ უკმაყოფილოდ გადახედა. ძველ დივანთან მივიდა და დასაჯდომი ხელით მოსინჯა...

– მეგონა, აქ მაინც მიხვდებოდი, რომ ორივე ფეხით ხარ გაბმული და ამ უაზრო თამაშს შეწყვეტდი, მაგრამ ვხედავ, რომ ისევ თამაშს განაგრძობ. ისეთივე შემართებითა და პათოსით...

– ვიღაც მოვიდა, – ლაშა წამოხტა – კართან ვიღაც არის... იქნებ ლიკაა? ჰო, ნამდვილად ლიკაა, რა თქმა უნდა...

– დაჯექი! დაჯექი და დამშვიდდი, შენი მეგობარი მოიყვანა ლევანმა. ოთახიდან არ გამოხვიდე. თქვენი ერთმანეთთან კონტაქტი არ უნდა შედგეს.

ლაშა მაინც იდგა და შემოსასვლელ კარს მზერას ვერ აშორებდა და თავისთვის იმეორებდა: ლიკა, ლიკა მოვიდა... წუხელაც აქ იყო და დღესაც მოვიდა.

– დაჯექი-მეთქი! გეუბნები! – ხმა გაიმკაცრა რეზომ და კარის გასაღებად შესასვლელში გავიდა.

***

ლიკამ მაშინვე ინანა, სოფოს რომ დაუჯერა, როცა ფეხი, იმ ეგრეთ წოდებული „ნათელმხილველის“ გაქუცული შპალერით მორთულ ბინაში შედგა.

– ეს, ეტყობა, აქ ქირით ცხოვრობს, – გადაუჩურჩულა მეგობარს.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, – ხმადაბლა გასცა პასუხი სოფომაც, – სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოდან ხომ არ ვართ.

– ჰო, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“... დაველაპარაკებით ამ კაცს და წავალთ. ძალიან დიდ იმედებსაც ნუ დაამყარებ ამ შეხვედრაზე, – სოფომ მსუბუქად უბიძგა ლიკას და გადაქექილ, გახუნებულ სავარძელზე დააგდო.

– ქალბატონო სოფო, – საეჭვოდ გაიკეკლუცა მასპინძელმა, შუახანს გადაცილებულმა, თმაშეთხელებულმა მამაკაცმა ქალური მანერებით, – ძალიან გამიხარდა, რომ დაგჭირდით. ადამიანები არ გვაღიარებენ, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება ხოლმე, მაშინვე ვახსენდებით. დაკარგეთ რამე? ქმარი გღალატობთ? შეყვარებულმა მიგატოვათ?... თანამშრომელმა გაგთვალათ? – სეტყვასავით მიაყარა სიტყვები, თან სოფოს ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული და ეფერებოდა... ეს მშვენიერი არსება თქვენი მეგობარია, ქალბატონო სოფო?

– ბატონო ლერი, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს.

– ვიცი, საყვარელო, ვიცი... ახლავე ყავას დაგალევინებთ, კარტსაც გაგიშლით, ახლავე... არა მგონია, რამე სერიოზული იყოს, მაგრამ მე ჯადოებთან მუშაობის გამოცდილებაც დიდი მაქვს. ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. აი, ნახავ, ორ დღეში მოცუნცულდება უკან, – სულის მოუთქმელად ჩაარაკრაკა მასპინძელმა და ოთახიდან ისე „გაქრა“, სოფომ სიცილი ვერ შეიკავა.

– რა მაგარი ვინმეა, არა? ძალიან გავერთობით.

ლიკა შეიჭმუხნა:

– მაგარი ვინმე კი არა, ნამდვილი გიჟია. სად მომიყვანე? აკი ნათელმხილველიაო? დამცინი? ახლავე ადექი და წავიდეთ აქედან. ეს არანორმალურიღა მაკლდა სწორედ!

– მოიცა, სად უნდა წავიდეთ, ცოტას ვიხალისებთ. ახლა შენთვის ესეც მისწრებაა... – სახელოში სწვდა სოფო გასაქცევად შემართულ დაქალს და ისევ სავარძელზე დასვა, – კარგი, რა, რა მოგივიდა, დაწყნარდი...

– ბავშვობიდან ვერ ვიტან მკითხავებსა და მჩხიბავებს, მეშინია მათი. ამან რომ რამე ისეთი მითხრას...

– რა უნდა გითხრას? ლიკა, რა მოგივიდა. შენ რა, ჯადოსი გჯერა? ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა?

– თუ სისულელე იყო, აქ რიღასთვის მომიყვანე? – გაბრაზდა ლიკა, მაგრამ გაქცევა აღარ უცდია.

– აბა, გოგონებო, – ყავის ფინჯნებით შემოცუნცულდა ოთახში ლერი, – იცით, როგორ უნდა დალიოთ თუ გასწავლოთ?

– ბატონო ლერი, ჩვენ რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა გვაქვს. თუ დაგვეხმარებით, კარგი იქნება, – პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლიკა.

– კი, საყვარელო, კი, აბა, რისთვის ვარ... აუცილებლად დაგეხმარები. ისეთები გამითხოვებია და ისეთი გაველურებული კაცებისთვის შემიბამს ეჟვანი... შენ არ ინერვიულო, საყვარელო, აი, ნახავ, შენს ნაფეხურებს დაკოცნის...

ლიკამ სასოწარკვეთილმა გადახედა სოფოს, მიშველეო.

– ბატონო ლერი, ჩვენ სიზმარი გვაინტერესებს, – სოფომ გაიღიმა და უნდობლად დახედა პირმომტვრეულ ფინჯანში მოლივლივე, საეჭვო შეფერილობის სითხეს.

მასპინძელს თვალები დაუმრგვალდა გაოცებისგან.

– რა სიზმარი? სიზმარი რა შუაშია, საყვარელო? კარგად ვერ გავიგე, რა გინდათ, სიზმარი უნდა ავხსნა? რამე წინასწარმეტყველური დაგესიზმრათ?..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3