როგორ გაშიფრა სასტუმროს ქურდმა მსხვილი ნარკომაფია
გასტროლიორი
– ტოლიკ, მანქანა დაძარი და აი, იმ თეთრკეპიან სუბიექტს დაედევნე.
– რატომ, რა მოხდა? – იკითხა ტოლიკამ.
– დაედევნე, დაედევნე, თორემ ხელიდან წაგვივა. არადა, თავი მომჭერი, თუ ახლა მას ქურდობა არ ჰქონდეს ჩადენილი.
– კარგი, რა, ვიტია, ყველა ქურდი როგორ გგონია. „ძაღლი“ მეც კი ვარ, მაგრამ ასეთი ეჭვიანი არა, – მიუგო მეგობარს ტოლიკამ, „ჟიგული“ უხალისოდ დაძრა ადგილიდან და დაამატა, – რა დროს დევნაა, ჩვენი გოგონები მოვლენ და რომ ვერ გვნახავენ, სხვებთან იგულავებენ.
თეთრკეპიანი ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ მიმდებარე ტერიტორიიდან სწრაფი ნაბიჯებით ცდილობდა მიმალვას, როდესაც მას ტოლიკას „ჟიგული“ წამოეწია. იქიდან ვიტალი გადმოხტა, გაქცეულს მაჯაში ჩაავლო ხელი და უთხრა:
– საით მიიჩქარი, „რიჟიკ“, გაგვიანდება სადმე?
თეთრკეპიანი, რომელსაც ხელში ტყავის შავი სოლიდური ჩემოდანი ეკავა, გაჩერდა და ვიტალის მიუგო:
– აა, ეს თქვენ ხართ, ამხანაგო კაპიტანო?! სოჭში ისვენებთ?
– ჩემოდანში რა გაქვს, „რიჟიკ“?
– პირადი ნივთები.
– მაინც, რა?
– ნიფხვები, საპარსი, ჰიგიენის საშუალებები, ერთი სიტყვით, ყოველგვარი წვრილმანი, ამხანაგო კაპიტანო, – მიუგო თეთრკეპიანმა ვიტალის, გაუღიმა და დააყოლა, – თუ შეიძლება, მაჯა გამითავისუფლეთ, რომ წავიდე, თორემ ჩემი მატარებელი გავა და დავრჩები.
– შენი მატარებელი უკვე გავიდა! მანქანაში, ჩაჯექი და ჩემოდანი გახსენი, – უთხრა ვიტალიმ რიჟიკს, შემდეგ „ჟიგულში“ ჩასვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ტოლიკას უთხრა:
– ეს არწივი ლეონი ვლასოვია, იგივე, რიჟიკი, პროფესიონალი ქურდი გასტროლიორი და სასტუმროს ნომრების რისხვა. როგორც ჩანს, „ჟემჩუჟინას“ რომელიმე ნომერში იყო და ეს სოლიდური ჩემოდანი იქიდან ასწია, – ვიტალიმ რიჟიკს შეხედა და უთხრა:
– მართალი ვარ, ვლასოვ, თუ ვცდები?
– არ ცდებით, – ამოილუღლუღა ქურდმა.
– ჩემოდანში რა არის?
– არ ვიცი, ვჩქარობდი, რომ ნომრის პატრონი თავზე არ წამომდგომოდა. სააბაზანოში შხაპს იღებდა. ამიტომ, ჩემოდანს ხელი დავავლე და სანამ ის ფრაერი შხაპის ქვეშ მღეროდა, მოვტყდი, – უთხრა ვიტალის რიჟიკმა და ამოიხვნეშა.
– ვერ მოტყდი, ჩვენ აგაგდეთ, – შეუსწორა კაპიტანმა სასტუმროს ქურდს. შემდეგ ტყავის ჩემოდანი მუხლებზე დაიდო, გახსნა, გაკვირვებისგან დაუსტვინა და თქვა, – ოჰო, ეს რა არის?
ჩემოდანში დაპაკეტებული თეთრი ფხვნილი ელაგა და ტოლიკამ ვიტალის უთხრა:
– თავი მომაჭერი, თუ ეს ჰეროინი არაა.
– თან რამდენი! – დაამატა ვიტალიმ და ქურდს ჰკითხა:
– რიჟიკ, რომელ ნომერში იყავი შემძვრალი, თქვი სწრაფად!
– 5011-ში, – თქვა ქურდმა. უამრავ დაპაკეტებულ ჰეროინს გაოცებულმა დახედა და დაამატა, – წამლის ბარიგა დამიბომბავს და ჰეროინი რა ჩემ ფეხებად მინდოდა. ფული უნდა მომეძებნა.
ვაზიანელი ნარკოკურიერი
„ჟიგულის“ პატრონი, ქალაქ სოჭის მილიციის სამმართველოს უფროსი ოპერრწმუნებული, კაპიტანი ტოლიკ პავლენკო იყო, ხოლო მისი მეგობარი – ქალაქ როსტოვის მილიციის სამმართველოს უფროსი ოპერრწმუნებული, კაპიტანი ვიტალი ბოხუა. ის სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან და იმ დროს ორ გოგონას ელოდნენ პაემანზე სასტუმრო „ჟემჩუჟინასთან“, როცა პროფესიონალი ქურდი, როსტოველი რიჟიკი დააკავეს.
მილიციელებმა რიჟიკი სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ მორიგე მილიციელებს მიაბარეს. შემდეგ პორტიესთან დაადგინეს, რომ ნომერ 5011-ში, რომელიც მეხუთე სართულზე მდებარეობდა, ვინმე ოლეგ გუშჩენკო ცხოვრობდა.
– ნომერი ერთი კვირის წინ დაჯავშნეს და სტუმარი ერთი საათიც არაა, რაც ნომერში შესახლდა, – მოახსენა კაპიტნებს პორტიემ და იკითხა, – მოხდა რამე, ამხანაგო კაპიტანო?
– ნომრის გასაღები წამოიღეთ და წამოგვყევით, – უთხრა ბოხუამ პორტიეს და ტოლიკასთან ერთად, რომელსაც მოპარული ჩემოდანი ეკავა ხელში, 5011-ე ნომერში ავიდა.
ნომრის სტუმარი ოლეგ გუშჩენკო კვლავ სააბაზანოში იყო და მღეროდა. ამიტომ, ვიტალი ბოხუამ ის ნახევრადშიშველი გამოიყვანა იქიდან, ტყავის ჩემოდანზე მიუთითა და ჰკითხა:
– ეს ჩემოდანი თქვენია?
– კი, ჩემია, – თავდაჯერებულად მიუგო გუშჩენკომ ქართველი ეროვნების როსტოველ კაპიტანს.
– ესე იგი, მისი შიგთავსიც თქვენ გეკუთვნით, – თქვა ბოხუამ.
– ესე იგი, მე მეკუთვნის, – გაიმეორა გუშჩენკომ.
– ანუ, აღიარებთ, რომ ეს ჰეროინით გაძეძგილი ჩემოდანი თქვენია.
– არც ასე იოლადაა საქმე, კაპიტანო, – გაუღიმა გუშჩენკომ ბოხუას, – მოდით, პატივცემული პორტიე გავუშვათ, ნუ მოვაცდენთ, ჩვენ კი შინაურულად მოვილაპარაკოთ.
ბოხუამ და პავლენკომ გუშჩენკოს ჩაცმა უბრძანეს, შემდეგ სასტუმროს ნომერი გულდასმით გაჩხრიკეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ბოლოს, ჰეროინით სავსე ჩემოდანთან ერთად, გუშჩენკო სასტუმროს ჰოლში ჩაიყვანეს, რიჟიკიც გაიყოლეს და მას მერე რაც დაკავებულები ერთმანეთზე ხელბორკილით გადააბეს და „ჟიგულში“ ჩასვეს, სოჭის მილიციის სამმართველოში წაიყვანეს.
– ეს პატივცემული ვინაა? – ირონიით იკითხა გუშჩენკომ და რიჟიკზე მიუთითა.
– გასტროლიორი, – მიუგო გუშჩენკოს ბოხუამ.
– მსახიობია?
– არა, სასტუმროს ქურდი, – დააზუსტა როსტოველმა მილიციელმა.
გუშჩენკო წამით ჩაფიქრდა. შემდეგ გაფითრდა, რიჟიკს ზიზღნარევი მზერა ესროლა და თავი ისე ძლიერად სთხლიშა მას ცხვირ-პირში, რომ იქვე გათიშა, თან დააყოლა:
– შენი დედა, შე ბოზო! ესე იგი, შენ გამო დავიწვი...
სოჭის მილიციის სამმართველში შესაბამისი ოქმი შედგა, ჰეროინი აწონეს და 15 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. გაარკვიეს ოლეგ გუშჩენკოს პიროვნებაც და აღმოჩნდა, რომ ის სამხედრო კაპიტანი იყო. პროფესიით ზურგის უზრუნველყოფის თანამშრომელი და ვაზიანის სამხედრო ნაწილში უბრალო რიგითად მსახურობდა.
გუშჩენკოს დაკითხვამ არანაირი შედეგი არ გამოიღო ის ერთსა და იმავეს იმეორებდა: „ვნებები დაიოკეთ, ძმებო, თქვენი კომპეტენციის ზღვარს სცდებით, აქედან ჩემი ჩემოდნიანად მშვიდობით გამიშვით და ეს ინციდენტი დაივიწყეთ“.
ვაზიანელმა ნარკოკურიერმა ღამე სოჭის მილიციაში გაატარა, დილით კი სამხედრო პროკურატურის გამომძიებელმა ის საკნიდან გამოიყვანა და სანამ ოლქის ჰაუპტვახტში წაიყვანდა, მილიციელებს ჰეროინით სავსე ჩემოდანი მოსთხოვა, ვითომდა ნივთიერი მტკიცებულებისთვის. მაგრამ, უარი მიიღო და იძულებული გახდა, მხოლოდ პატიმრის ტრანსპორტირებით დაკმაყოფილებულიყო.
პრინციპული ოპერრწმუნებულები
მიუხედავად იმისა, რომ სოჭის მილიციის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ლეონიდ სამაროვი წინააღმდეგი არ იყო, რომ გუშჩენკოსთვის ჩამორთმეული ჰეროინი, როგორც სამხილი, სამხედრო პროკურატურისთვის გადაეცათ და ეს შარიანი საქმე თავიდან მოეცილებინათ, კაპიტანმა პავლენკომ და ბოხუამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. კატეგორიულ უარზე დადგნენ და, თან იმუქრებოდნენ, თუკი ჰეროინის საქმის გამოძიება წინ არ წაიწევდა, მაშინ მოსკოვში იჩივლებდნენ. სამაროვი ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული: ერთი მხრივ, სამხედროები ავიწროებდნენ და სასწრაფოდ 15 კილოგრამი ნარკოტიკის დაბრუნებას ითხოვდნენ; მეორე მხრივ კი, კაპიტნების მოსკოვში ჩივილის ეშინოდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც სამხედროებმა იმარჯვეს და გუშჩენკოს დაკავებიდან მეორე დღეს, ანუ 4 აგვისტოს, პოლკოვნიკ სამაროვის ზეპირი განკარგულებით, 15 კილოგრამი ჰეროინი სოჭის მილიციის საცავიდან გამოიტანეს და პოდპოლკოვნიკ ანდრეი კრასნოვს გაატანეს. კრასნოვი სპეციალურად ვაზიანიდან ჩაფრინდა სოჭში, ვითომდა გუშჩენკოს საქმის გასარკვევად, სინამდვილეში კი, 1 მილიონი მანეთის ღირებულების ნარკოტიკი წაიღო და სამხედრო მანქანით ქალაქ ტუაფსეს ¹9 საზღვაო სამხედრო ნაწილის თანამშრომელს, მაიორ არტურ აბრამიანს გადასცა. მას კი სამხედრო ნაწილში ნარკოტიკების დამამზადებელი პატარა ფაბრიკა ჰქონდა მოწყობილი. იქ ჰეროინს უფრო პატარა პაკეტებში ანაწილებდნენ, სხვადასხვა მინარევების საშუალებით წონას აორმაგებდნენ, რითაც ფულის რაოდენობაც ორმაგდებოდა. შემდეგ სამხედრო ნაწილიდან გამოსული ნარკოტიკი მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც, სარფიანად საღდებოდა. ამ ყველაფერს კი სამხედრო ნარკოდაჯგუფებისთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა.
5 აგვისტოს პავლენკომ და ბოხუამ 15 კილოგრამი ნარკოტიკის გაუჩინარების ამბავი შეიტყვეს და სამაროვთან შეხვედრა მოინდომეს. მაგრამ, უარი რომ მიიღეს, მოსკოვში გადაფრინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მისაღებში მინისტრ შჩოლოკოვის სახელზე ვრცელი წერილი დაწერეს სოჭში 2-5 აგვისტოს მომხდარ ამბებზე და სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს. იქედან აეროპორტში გაემგზავრნენ და ორივე პრინციპული ოპერრწმუნებული კვლავ სოჭში დაბრუნდა, რომ მოვლენების განვითარებას იქ დალოდებოდნენ.
მოჯადოებული წრე
30-30 წლის პავლენკო და ბოხუა რომანტიკოსები იყვნენ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ საბჭოთა მმართველობის უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლებს თუ მიაწვდიდნენ ხმას, აუცილებლად დაამარცხებდნენ ბოროტებას, რომელიც ნარკოდაჯგუფების სახით ათეულ ათასობით ადამიანს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უნგრევდა.
6 აგვისტოს მოსკოვიდან სოჭში პოლკოვნიკი ანტონ ვასილიევი ჩაფრინდა. ის ბოხუას და პავლენკოს შეხვდა, პირადად მათგან მოისმინა ყველაფერი, შემდეგ სოჭის მილიციის უფროსს, სამაროვს ახსნა-განმარტება ჩამოართვა გამქრალი 15 კილოგრამი ჰეროინის შესახებ და კვლავ მოსკოვში დაბრუნდა.
ბოხუას შვებულება სამ დღეში უმთავრდებოდა და 10 აგვისტოს როსტოვში, სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო. ამიტომ, გადაწყვიტა, დარჩენილი დრო ოპტიმალურად გამოეყენებინა და პავლენკოსთან ერთად, ჰეროინის კვალს გაჰყოლოდა.
– პოლკოვნიკმა ვასილიევმა უბრალოდ მდგომარეობა დაზვერა და არ მგონია, საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის იყოს მოწოდებული. პირიქით, ის საქმის ჩაფარცხვას შეეცდება და ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, – უთხრა ბოხუამ პავლენკოს და მეგობრებმა ფარული მოქმედება დაიწყეს.
7 აგვისტოს ფარული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წყვილი მოთვალთვალეებს ხელიდან დაუსხლტა. ისინი ტუაფსეში გაემგზავრნენ, რომ მაიორი არტურ აბრამიანი ენახათ და გამოეტეხათ. აბრამიანზე კი კაპიტნები ერთ-ერთი თავისი აგენტის მეშვეობით გავიდნენ, რომელიც ქალაქ ადლერში ნარკოტიკებით ვაჭრობდა. კაპიტან პავლენკოს ის გამოჭერილი ჰყავდა.
აბრამიანი იმავე საღამოს, 9 საათზე მოიხელთეს ტუაფსეში, მეზღვაურთა კლუბის შესასვლელთან და იარაღის მუქარით აიძულეს, ყველაფერი მოეყოლა. თან, ეს მონათხრობი აუდიოფირზე ჩაიწერეს. ბოხუამ მას უბრძანა:
– ახლა კი წადი და ჰეროინი მოიტანე, თორემ ამ ჩანაწერს შენს ბოსებს გავუგზავნით.
აბრამიანს მწარედ გაეცინა და უხმოდ წავიდა, თუმცა ერთი საათის შემდეგ ის ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. მაიორმა თვითმკვლელობა არჩია, რადგან იცოდა, მაინც მოკლავდნენ. მეორე დღეს, 8 აგვისტოს, სოჭის მილიციის იზოლატორში როსტოველი ქურდი რიჟიკი იპოვეს მკვდარი, რომელსაც თავი გისოსზე ჩამოეხრჩო. იმავე დღეს სოჭის მილიციის უფროსი – სამაროვი კრასნოდარში დააწინაურეს, ხოლო ვაზიანელი ნარკოკურიერი, კაპიტანი გუშჩენკო ჰაუპტვახტიდან გაათავისუფლეს და კუნძულ სახალინზე გაამწესეს სამუშაოდ.
9 აგვისტოს, სოჭში კვლავ პოლკოვნიკი ანტონ ვასილიევი ჩამოვიდა. მან ორივე კაპიტანი თავისთან დაიბარა და საზეიმოდ უთხრა:
– ყოჩაღ, ამხანაგებო, თქვენმა პატიოსნებამ, გარჯამ და გულმოდგინებამ შედეგი გამოიღო. ჩვენ მსხვილი ნარკოდაჯგუფების გაშიფვრა და განეიტრალება შევძელით. ამიტომ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თქვენ მაიორის რიგგარეშე ჩინები გენიჭებათ და 2-2 ათასი მანეთის პრემიით ჯილდოვდებით. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, – პოლკოვნიკმა ხმას დაუწია და განაგრძო, – ჩვენი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, რაც მოხდა, არსად გახმაურდეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე, შემდეგ კი ჩვენ თვითონ გავახმაურებთ ამ ამბავს და გაზეთებში თქვენს ინტერვიუებსაც გამოვაქვეყნებთო.
ვასილიევმა ორივე ოპერრწმუნებული გადაკოცნა, წარმატებები უსურვა და გამოისტუმრა. პავლენკო და ბოხუა, რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რომ ისინი მოისყიდეს, სანაცვლოდ კი გაჩუმება მოსთხოვეს. რომანტიკოს მილიციელებს ძიების გაგრძელება აღარ უცდიათ...
P. S. სამხედრო ნარკომაფიის თემა 7 წლის შემდეგ, 1985 წელს კვლავ აქტუალური გახდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ უკვე გენერალი ვასილიევის ერთადერთი ვაჟი, 23 წლის თევდორე, სწორედ ტუაფსეში დამზადებულმა ნარკოტიკმა მოკლა. ჭკუიდან გადასულმა ვასილიევმა ჯერ ტუაფსელი ნარკომწარმოებლები დახოცა ავტომატით, შემდეგ კი სამხედრო გენერლის, პავლე გრიგორიევის მოკვლა სცადა, რომელიც მთელ ამ საქმეს მეთაურობდა. თუმცა, ვასილიევი მისმა დაცვამ დაჭრა და გენერალს ჯერ უმკურნალეს, ბოლოს კი საგიჟეთში მოათავსეს, სადაც 1990 წელს გარდაიცვალა.
ბოხუა და პავლენკო დღესაც ცოცხლები არიან...