პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ბარაკ ობამამ „ეფლის”, „ტვიტერისა” და „ფეისბუქის” შეფებთან ისადილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქმიანი სადილის ფარგლებში შეხვდა, მსოფლიოში ცნობილი IT კორპორაციების შეფებს: „ფეისბუქის” დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს, „ეფლის” დირექტორ სტივ ჯობს, „იაჰუს” პრეზიდენტ კეროლ ბარტცს, „ტვიტერის” გენერალურ დირექტორ დიკ კოსტელოს და „გუგლის” წარმომადგენელს ერიკ შმიდტს. შეხვედრაზე ობამამ აღნიშნული კომპანიების მუშაობა დადებითად შეაფასა და მზადყოფნა გამოაცხადა სახელმწიფოს უფრო მეტ ჩართვაზე ამერიკულ კომპანიებთან საინვესტიციო და ინოვაციური პროექტების განხორციელების პოლიტიკაში. ბარაკ ობამა ახალი ტექნოლოგიების სახელმწიფო სტრუქტურებში გამოყენების მომხრეა, გარდა ამისა, „ტვიტერზე” და „ფეისბუქში” პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებს ყოველდღიურად მილიონობით სტუმარი ჰყავს.
ბერლუსკონის მორიგი „ავანტიურა”
დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის მეუღლემ, სარა ბრაუნმა, ახალ პოლიტიკურ სკანდალს დაუდო სათავე: „დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში სარამ განაცხადა, რომ მისი თანდასწრებით იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი „შავ პანტერად” წოდებული სუპერმოდელის, ნაომი ქემპბელის „შებმას” ცდილობდა. სარა იხსენებს, რომ იგი შემთხვევით შეესწრო იმ სცენას, როდესაც ბერლუსკონი ქემპბელს ტელეფონის ნომერს სთხოვდა, თუმცა მოდელი თავაზიანად ეუბნებოდა უარს დონ სილვიოს. სექსუალური სკანდალებით შელახულ ბერლუსკონის „მაჩოს” იმიჯს, სარა ბრაუნის გულახდილობის შემდეგ უფრო მეტი ოპონენტი გაუჩნდა იტალიაში.
1 900 სტუმარი – პრინცის ქორწილში
პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის 2011 წლის 29 აპრილს დანიშნული ქორწილისთვის 1 900-მდე სტუმარი მიიღებს სპეციალურ მოსაწვევს. სტუმრების ნახევარზე მეტს სამეფო ოჯახის ნათესავები, უილიამის მეგობრები და პატარძლის ნათესაობა შეადგენს, ხოლო დანარჩენი მოსაწვევები ცნობილ ბრიტანელ პოლიტიკოსებზე, უცხო ქვეყნების მეთაურებზე, დიპლომატებსა და ცნობილ ადამიანებზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ელიზაბეთ მეორეს მხოლოდ 600 სტუმრის დაპატიჟების უფლება მიეცა, ხოლო პრინც ჩარლზს – 300 სტუმრის. ქორწილის ცერემონიალი ვესმინსტერის სააბატოში გაიმართება, ხოლო საზეიმო მიღება ბუკინგემის სასახლეში, სადაც სტუმრების უმრავლესობა იქნება მიწვეული.
ბელგიელი პრინცი კანონებს არ იცავს
ბრიუსელის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტზე 47 წლის პრინცი ლორანი დააკავა და მართვის მოწმობა ორი კვირის ვადით ჩამოართვა. პრინცმა დაშვებულ სიჩქარეს 30 კილომეტრ-საათით გადააჭარბა, რაც პოლიციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ცნობილია, რომ პრინცი ლორანი სწრაფი სიარულის დიდი მოყვარულია. დაკავებისას იგი სპორტული ტიპის „ფიატ პუნტოს” საჭესთან იჯდა. გარდა ამისა, მის ავტოპარკშია, „ფერარი ფ355” და „სუბარუ იმპრეზა”. აღსანიშნავია, რომ პრინცმა არაერთხელ მიმართა ბელგიის პარლამენტს მძღოლებისთვის მოძრაობის წესების შეცვლის თაობაზე და სწრაფად სიარულის მოყვარულთათვის განსხვავებული საგზაო წესების შემოღებისთვის, თუმცა მისმა ინიციატივამ ვერ მოაგროვა მომხრეების საჭირო რაოდენობა.
გერმანელი მინისტრის უარი სამეცნიერო ხარისხზე
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა უარი განაცხადა მეცნიერების დოქტორის ხარისხზე. შეგახსენებთ, რომ საკანდიდატო დისერტაცია გუტენბერგმა 2007 წელს დაიცვა თემაზე „კონსტიტუცია და საკონსტიტუციო შეთანხმებები. კონსტიტუციის განვითარება ამერიკაში და ევროკავშირში”, ხოლო 2011 წლის თებერვლაში გავლენიანმა გერმანულმა გაზეთმა „ზი დოიჩე ცაიტუნგმა” თავის გვერდებზე გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მინისტრი პლაგიატობაში და დისერტაციის გადაწერაში ამხილა. კერძოდ გუტენბერგი რამდენიმე ადგილას სხვადასხვა ავტორების პუბლიკაციებს ციტირებდა და არ ჰქონდა მითითებული წყარო, თუ საიდან გადმოაკოპირა მასალა. კომისია რომელიც პლაგიატობის ფაქტს იძიებდა, საბოლოო დასკვნის გამოცხადებას მარტის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გუტენბერგმა დაასწრო მოვლენებს და დოქტორის ხარისხზე უარი განაცხადა. საინტერესოა, რომ ბაიროითსის უნივერსიტეტი, სადაც დაიცვა დისერტაცია გუტენბერგმა, უარს აცხადებს დოქტორის ხარისხის გაუქმებაზე და გამოძიების დასრულებას დაელოდება, რათა შემდგომში მიიღოს ზომები.
მედვედევი ყველაზე პოპულარულია რუსულ მედიაში
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ყველაზე პოპულარული მამაკაცია რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მედვედევის სახელი ყველაზე ხშირად ხვდებოდა ახალ ამბებში. მეორე ადგილზე, მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, პრემიერი ვლადიმირ პუტინი განთავსდა, ხოლო მესამეზე – უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. პირველ ხუთეულში ასევე, მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილმა გამოკითხვაში მე-13 ადგილი დაიკავა.