კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს. თუ სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლის, მას შეუძლია, თავისი ფუნქციები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილას შეასრულოს. ის შედგება იმდენი მოსამართლისგან, რამდენმა ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომაც მოახდინა ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება. მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ და არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სახელმწიფოს.

კითხვა: რა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, რა შემიძლია გავასაჩივრო ამ საბჭოში?

პასუხი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც განიხილავს საგადასახადო და საბაჟო დავებს. საბჭოში დავის დასაწყებად გჭირდებათ ფორმალური საფუძველი – დოკუმენტი, რომლის თანახმადაც თქვენ წარმოგეშობათ საგადასახადო ან საბაჟო ვალდებულებები.

კითხვა: აქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების უფლება?

პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემაში არ არის რაიმე ქმედების სასამართლო აკრძალვის პრაქტიკა. თუმცა, გადაუდებელ საქმეებში, როცა განმცხადებლის სიცოცხლე საფრთხეშია და არსებობს სერიოზული საფრთხე მის მიმართ ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება, დროებით ზომებს მიმართოს. სასამართლო პალატამ ან მისმა თავმჯდომარემ, საკუთარი ინიციატივით, მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით, ერთ-ერთ მხარეს შეიძლება მიუთითოს ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია მხარეთა ან სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე. დროებითი ღონისძიების გატარება, ჩვეულებრივ, მოპასუხე მხარეს ეკისრება ხოლმე. ამ საკითხს სასამართლო სამი სხვადასხვა კუთხით განიხილავს.

კითხვა: რამდენი ხანი დასჭირდება ევროპის სასამართლოში საქმის განხილვას და შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის განხილვა დაჩქარებული წესით?

პასუხი: საქმის განხილვას საშუალოდ 4-5 წელი სჭირდება, ზოგიერთ საქმეს კი – უფრო ხანგრძლივი დროც. სასამართლოს ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, საქმეები იმ რიგით განიხილება, რომლითაც შედის სასამართლოში. რასაკვირველია, რეგისტრაციის შემდეგ, სხვადასხვა საქმის მსვლელობას სხვადასხვა დრო სჭირდება, რაც დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. სასამართლომ, შესაძლოა, პრიორიტეტი მიანიჭოს გარკვეულ საქმეებს და დაჩქარებულ ვადებში განიხილოს. თუ დაჩქარებას განმცხადებელი მოითხოვს, საჭიროა სასამართლოსთვის მიზეზების სრულად დასახელება საქმის განხილვის რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.

კითხვა: კანონმდებლობით, რა ვადებია დადგენილი საქმის განხილვისთვის?

პასუხი: პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები, როგორც წესი, საქმეებს განიხილავენ სასარჩელო განცხადების მიღების დღიდან, არა უგვიანეს 2 თვისა. ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვემდე. გამონაკლისია ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე, მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ საქმეები, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

კითხვა: შევიტანე სააღსრულებო ფურცელი სააღმსრულებლო ბიუროში, მაგრამ უზრუნველყოფის საშუალება სრულად ვერ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას. შეიძლება თუ არა სხვა ქონებაზე აღსრულების განხორციელება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა/გირავნობა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით/გირავნობით დატვირთული უძრავი/მოძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კითხვა: აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მაქვს პრეტენზია, ვინაიდან ის წარმოადგენს ჩემს საკუთრებას. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, აღმასრულებელი არ ხსნის ყადაღას. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას, მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, ის მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისგან გათავისუფლებაზე, ხოლო, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დროს ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ამ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს.

კითხვა: ჩემ მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცელი დაეწერა აღმასრულებელს, რომელთანაც მაქვს პრეტენზია. შესაძლებელია თუ არა აღმასრულებლისთვის აცილების გამოცხადება და როგორ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს, განმცხადებლის მოტივირებული განცხადების საფუძველზე განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს კრედიტორს, მოვალესა და განმცხადებელს. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

კითხვა: შეეხო თუ არა უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულ პირებს ამნისტია და რა პერიოდზე ვრცელდება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, 2010 წლის 26 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ. კანონის თანახმად, ამნისტია შეეხო იმ პირებს, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობისთვის 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმდნენ და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამნისტია გულისხმობს როგორც სახდელის, ისე მასზე დაკისრებული საურავის აღუსრულებელი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას.

კითხვა: რა შემთხვევაში გამოდის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არის თუ არა შესაძლებელი მოსამზადებელ სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამოქალაქო დავის დროს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე (როგორც მთავარ, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე) არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.


скачать dle 11.3