როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მეხრიშვილი
გვარის ფუძე, სავარაუდოდ, საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი – მეხრეა, რაც საქონლის მწყემსს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ ხვედურეთიდან ბატონს ყმა-გლეხი მეხრიშვილი გამოქცევია, პატარა თონეთში დასახლებულა და გვარი მეხრაძედ შეუცვლია.
თონეთელმა პავლე მეხრიშვილმა 1829 წელს იქორწინა გორის მაზრის სოფელ ნიჩბისში მცხოვრებ ნიკოლოზ ციციანოვის ყმის, იასე ბონდაურის ქალზე, ნინოზე.
1886 წლის აღწერით, პატარა თონეთში მოიხსენიება ნინია მეხრიშვილი.
საქართველოში 828 მეხრიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 221, თბილისში – 151, ხაშურში – 133. არიან სხვაგანაც.
მიდელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიდელა.
მიდელიანი კი სოფელია ახალგორის რაიონში.
1873 წელს, გოგოლა მიდელაშვილი მოიხსენიება წლის აღწერაში სოფელ საღირაშენში.
ამავე ძირისაა გვარი მიდელაური.
საქართველოში 765 მიდელაშვილი ცხოვრობს: გორში – 156, თბილისში – 155, კასპში – 130. არიან სხვაგანაც.
ბირთველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ბირთველი, რომელიც მიღებულია ტოპონიმისგან ბირთვისი – ციხესიმაგრე ალგეთის ხეობაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს.
ამავე ძირისაა გვარი ბირთველიშვილი.
საქართველოში 32 ბირთველაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 18, რუსთავში – 5, თბილისში – 4. არიან სხვაგანაც.
244 ბირთველიშვილი: თბილისში – 85, ქარელში – 46, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.
ბუზალაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბუზა.
ამავე ძირისაა გვარები: ბუზაშვილი, ბუზიაშვილი.
1886 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში მოიხსენიება პავლე ბუზალაძე.
საქართველოში 1 249 ბუზალაძე ცხოვრობს: თბილისში – 218, ჭიათურაში – 186, ლაგოდეხში – 171. არიან სხვაგანაც.
ელიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მზიურს, მზიანს ნიშნავს. ქართულში დამკვიდრებული კნინობითი ფორმებია – ილია, ილო, ილიკო.
1721 წელს მოიხსენიება გერმანოზიშვილის ყმა ივანა ელიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი ელიავა.
არსებობს დღესასწაული ელიაობა, რომელიც ამინდის ღვთაების ელიას სახელობისაა.
საქართველოში 1 261 ელიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 309, ქარელში – 286, გორში – 258. არიან სხვაგანაც.
ებიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ებიტა.
„ზურაბ და ბაღდასარ ებიტაშვილები მოიხსენიებიან 1702 წელს გიორგი ხეჩუაშვილის მიერ ფახუასადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში”.
საქართველოში 249 ებიტაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 89, თბილისში – 83, თელავში – 43.
მამისაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მამისა.
სიტყვა მამა საფუძვლად უდევს ბევრ გვარ-სახელს, მათ შორისაა: მამუკაშვილი, მამუკაძე, მამუკელაშვილი, მამულაშვილი, მამულია.
1624 წელს მოიხსენიება პატრონი მარეხისა და ავთანდილის გლეხი მამისა ელსაბედაშვილი.
1725 წელს ომან თაზიაშვილის მიერ თავის განაყოფ ელიზბარ თაზიშვილისადმი მიცემული ყმის და მამულის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სულხან მამისაშვილი.
1817 წლის აღწერაში მოიხსენიება გიორგი მამისაშვილი.
საქართველოში 1 184 მამისაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 445, გურჯაანში – 268, გორში – 173. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ზუბიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუბიტა.
ზუბიტა როსტიაშვილი მოიხსენიება მოწმედ 1643 წელს ქიტია მთიულიშვილის მიერ თარხან იორამ მოურავისშვილის სახელზე გაცემული ბატონყმობის წიგნში.
1739 წელს აბიბო რუსიშვილის მიერ ელო ჩაბარუხის სახელზე გაცემულ წიგნში მოიხსენიება ვინმე ზუბიტაშვილი.
საქართველოში 195 ზუბიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თელავში – 22, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.
დიხამინჯია
გვარის ფუძეა დიხამინჯი, რაც მეგრულად მიწის მფლობელს, პატრონს ნიშნავს.
მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში მოიხსენიება ხობში მცხოვრები თამაზ დიხამინჯია, რომელსაც ვალი ჰქონდა ხუთი ლოღარიკი სანთელი.
გვხვდება ტოპონიმი ლედიხამინჯე, ჩხოროწყუს რაიონში.
ვიქტორ დიხამინჯიას და სხვათა თაოსნობით, 1921-1922 წლებში, სოჭში ქართული სკოლა გაიხსნა.
საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 166, სენაკში – 96. არიან სხვაგანაც.
ჩიკვატია
გვარის ფუძეა მეტსახელი ჩიტკვატა.
ჩიკვატია და ჩხიკვატია ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს.
მეოცე საუკუნის დამდეგს, ორსანდიაში მცხოვრები ჩიკვატიების ორ კომლს აზნაურის წოდება ჰქონდა.
გვხვდება ტოპონიმი საჩიკვატიო, უბანი ხურჩაში.
საქართველოში 220 ჩიკვატია ცხოვრობს: ზუგდიდში – 170, თბილისში – 49, ხობში – 11. არიან სხვაგანაც.
ალთუნაშვილი
ეს გვარი ქვემო ქართლის მებატონე ყოთმაზაშვილთა განაყოფილ შტო-გვარია.
საკუთარი სახელი ალთუნა მონღოლურ-თურქული წარმოშობისაა და ოქროს ნიშნავს.
თეიმურაზ ალთუნაშვილი მოიხსენიება 1741 წელს ტერ-ფილიპეს მიერ თავის ბიძაშვილების – იესეს, ტარიელისა და დანიელის სახელზე გაცემული მიწის ნასყიდობის წიგნში.
1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში ალთუნაშვილები მებატონე-მემამულეები იყვნენ.
საქართველოში 683 ალთუნაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 426, თეთრი წყაროში – 83, გარდაბანში – 58. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით