ვინ ეძებს დმანისელ მეგობრებს საქართველოდან საბერძნეთში
40 წლის პაატა კონსტანტინეს ძე ხოსულაშვილი ეძებს 39-40 წლის დემო (ჰიპოკრატე) გოგის ძე მოისეევს და 39-40 წლის ოლეგ ავრამოვს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობრებს: 39-40 წლის დემო, ნამდვილი სახელი – ჰიპოკრატე, გოგის ძე მოისეევს და 39-40 წლის ოლეგ ავრამოვს. მე, ოლეგი და დემო ჯარში ერთად ვმსახურობდით და ძალიან დავმეგობრდით.
1991 წელს, არეულობის დროს, ჩემი მეგობრები საბერძნეთში წავიდნენ საცხოვრებლად, რის შემდეგაც, მათთან კონტაქტი დავკარგე, დიდი იმედი მაქვს, რომ მათ პოვნაში დამეხმარებით.
– პაატა, გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ მეგობრები?
– ჩვენ ერთად ვმსახურობდით ჯარში. პირველი მე წამოვედი, შემდეგ კი, გაზაფხულზე ისინი დაბრუნდნენ სახლებში. საბერძნეთში წასვლა ჯერ ოლეგმა გადაწყვიტა, ორი წლის შემდეგ კი დემოც წავიდა. ჯარში ასტრახანის მხარეში ვიყავით, მართლაც კარგი მეგობრობა გვქონდა, თან, სამივე საქართველოდან ვიყავით. მახსოვს, დემო „ხოსიკას“ მეძახდა – ასეთი მეტსახელი შემირჩია (იცინის). ვიცი, რომ ჩემს ორივე მეგობარს ჰყავს დედმამიშვილები და ერთ-ერთის, (დემოს) ძმა კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობს. ბოლოს ოლეგი 1991 წელს ვნახე, დემო კი – 1997 წელს, ის მშობლების მოსანახულებლად იყო ჩამოსული საქართველოში.
– როგორც ვიცი, თქვენი მეგობრები საქართველოში დაიბადნენ, საბერძნეთში როგორ გადაწყვიტეს წასვლა?
– ორივე საქართველოში დაიბადა: დემო დმანისის რაიონიდან იყო, სოფელ სარკინეთიდან, ოლეგი კი – წალკიდან, მაგრამ ქართველი მათგან არც ერთი არ იყო. მოგეხსენებათ, 1991 წლებში საქართველოში რა ხდებოდა, მხედრიონი დათარეშობდა, ხალხს იტაცებდნენ და საზღაურის ფასად ათავისუფლებდნენ. ერთხელ დემოც გახდა მათი მსხვერპლი, მამამისმა გარკვეული თანხა გადაიხადა და შვილი გაათავისუფლა. მას შემდეგ დემოს საქართველოში დარჩენა აღარ უნდოდა და საბერძნეთში გამგზავრება გადაწყვიტა. მალევე მიიღო ვიზა და წავიდა.
– თქვენს მეგობრებს საქართველოში მშობლები თუ ჰყავთ, მათთან თუ აქვთ კონტაქტი?
– ბოლოს 1997 წელს ვნახე დემო – ის მშობლებთან იყო ჩამოსული. მას შემდეგ აღარ მინახავს და ვერც ვეკონტაქტები. მამამისისგან შევიტყვე, რომ ბოლოს დემო სალონიკში იყო, მაგრამ, ამჟამად სად არის, არ ვიცი. როგორც გავიგე თურმე, საბერძნეთში, ვისაც გინდა ჰკითხო დმანისელი ქართველების შესახებ, ყველამ იცის, სად არიან. დემო რომ ვიპოვო, ოლეგსაც ვიპოვი. შესაძლებელია, ისინი ამჟამად ათენში, კრეტაზე ან ისევ სალონიკში იყვნენ. ძალიან მინდა მათი პოვნა.
– მაინც, რამ განაპირობა ამდენი წლის შემდეგ მეგობრების მოძებნის სურვილი.
– ჩვენ სიტყვა გვაქვს ერთმანეთისთვის მიცემული, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთს არ დავკარგავდით. მაინც ისე მოხდა, რომ ტერიტორიული სიშორის გამო დავკარგეთ ერთმანეთი. არც ის არის გამორიცხული, რომ ისინიც მეძებდნენ, მაგრამ, კომპიუტერისგან ძალიან შორს ვარ და არც ერთ საიტზე არ ვარ დარეგისტრირებული. ამიტომ ჩემი პოვნა არც ისე იოლია.
– საბედნიეროდ, ჩვენს რუბრიკას ძალიან ერთგული მკითხველი ჰყავს საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების სახით. თქვენი მეგობრები თუ ვიპოვეთ, როგორ გააგრძელებთ ურთიერთობას: ტელეფონის საშუალებით, წერილებით, თუ ნახვას ამჯობინებთ?
– რა თქმა უნდა, ნახვა ყველაფერს ჯობია, ვფიქრობ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და აღარ დავკარგავთ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.