სამხრეთ კაროლინას საკუთარი ვალუტის შემოღება სურს
ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან – ლი ბრაიტმა უცნაური ინიციატივა წამოაყენა. ის სამხრეთ კაროლინის შტატისთვის საკუთარი ვალუტის შემოღებას მოითხოვს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ დოლარს სრულმასშტაბიან კონკურენციას გაუწევს. იმისთვის, რომ სამხრეთკაროლინური ვალუტა მყარი იყოს, სენატორი მისი ვერცხლისა და ოქროსგან დამზადების წინადადებით გამოდის. ეს იდეა რესპუბლიკელ სენატორს ამერიკული დოლარის კურსის ცვალებადობის გამო დაებადა. ლი ბრაიტის მტკიცებით, ახლო მომავალში, ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და დოლარს, ჰიპერინფლაციის სახით, ურთულესი დღეები ელის. ის სამხრეთ კაროლინის შტატის მოსახლეობის ჰიპერინფლაციისგან გადარჩენას ცდილობს. მომზადებულ კანონპროექტში სენატორი ამტკიცებს, რომ სამხრეთ კაროლინას სრული უფლება აქვს, საკუთარი ვალუტა შემოიღოს. „ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნებისმიერ შტატს შეუძლია, საკუთარი ვალუტა ჰქონდეს და უარი თქვას იმ ვალუტის გამოყენებაზე, რომელიც ოქროთი და ვერცხლით არ არის გამყარებული. კანონმდებლობის მხრივ, სამხრეთკაროლინური ვალუტის შექმნას წინ არაფერი უდგას“. სენატორი საკუთარი ინიციატივის კონგრესის წინაშე წარდგენას 1 ნოემბერს აპირებს. ბრაიტი ამბობს, რომ ჯორჯიისა და ვირჯინიის შტატებიც განიხილავენ ალტერნატიული ვალუტის შემოღების შესაძლებლობას.