კინოფირიც არ იწვის!
ნეტა სანთელს არ დაგვაჭერინებენ?!
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, კულტურის მინისტრის მოადგილემ პაპუნა დავითაიამ მოიფიქრა, რომ „ჰოლივუდელ“ რეჟისორს აგვისტოს ომზე ფილმი გადაეღო (რა თქმა უნდა, საქართველოს ბიუჯეტის ფულით, რაც, მოარული ხმებით, არც მეტი, არც ნაკლები, 16 მილიონი აშშ დოლარია). გადაღებებიც დაიწყო და ქართული ელმედია ისეთი ინტენსივობით აშუქებს ფილმის გადაღების პროცესს, გეგონება, ტყიდან ახალგამოცვენილი პაპუასები ვიყოთ. მეტიც, გვახარბებენ, რომ ფილმში ბატალური სცენებიც იქნება (პირველად საქართველოს ისტორიაში!) და მას კანის კინოფესტივალზეც წარადგენენ (და მერე რა, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების მოხვედრა კანის კინოფესტივალის ჟიურიმ უნდა გადაწყვიტოს და ბლოკბასტერს იქ მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს, შესაძლოა, იმედოვნებენ, რომ „პაპუასების“ რუხი ნივთიერება ამდენსაც ვერ გაქაჩავს). ჩვენ არ ვიცით, შევა თუ არა ამ ნანინანატრ ბლოკბასტერში გორის ან ჰალსტუხის საჩოთირო ეპიზოდები, სამაგიეროდ, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ენდი გარსია ითამაშებს (სავარაუდოდ, ბ-ნმა პაპუნა დავითაიამ ასე იფიქრა: ენდი გარსიას მიერ შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ნათელი სახე საუკუნეებს შემორჩება, რადგან, შესაძლოა, იმედოვნებს, რომ არა მხოლოდ ხელნაწერები, არც კინოფირები იწვიან). შესაბამისად, თუ თამარ მეფის ეპოქას „ვეფხისტყაოსანი“ ამშვენებს, „ნაციონალურ“ ეპოქას ბლოკბასტერი დაამშვენებს (იმიტომ, რომ ვერ ირუსთაველა პრეზიდენტის ფავორიტმა პოეტმა კაკალაშვილმა)!
თუმცა, ბლოკბასტერის მთავარი ინტრიგა სულ სხვა რამაა: კერძოდ, საზეიმოდ გვამცნეს, რომ ფილმში მთავარ როლს კირა ნაითლის „ბოიფრენდი“ შეასრულებს (და მერე რა, რომ ჯერ კირა ნაითლი ვინაა და მერე – მისი „ბოიფრენდი“?!). აქედან გამომდინარე, ბ-ნ პაპუნა დავითაიას სრულიად უანგაროდ (რადგან „მან ამტეხა ძალითაო“) ვთავაზობ იდეას: რაკი ასე დაგვაფასეს (კირა ნაითლმა და მისმა „ბოიფრენდმა“), იქნებ იმდენიც გაგვიხერხონ, რომ გადაღების დამთავრების შემდეგ სანთელიც დაგვაჭერინონ?!
ნინო ხაჩიძე