როგორ გაიხსნა სახელმწიფო დანაშაული წვრილმანი ძარცვის შემდეგ
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვის მილიციის ახალგაზრდა ოპერი ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში შემოვიდა მოდაში „ანდატრის“ ბეწვისგან შეკერილი ქუდები და ერთი ცალი 70 მანეთი ღირდა, რაც მაშინ სოლიდურ თანხად ითვლებოდა. ამასთან, ქუდებზე მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი მწვავე დეფიციტი იყო და შავ ბაზარზე მათი ფასი 100-120 მანეთს აღწევდა. ამიტომ, იმ პერიოდში „დაინერგა“ ახალი ტიპის დანაშაული – ქუდის თავიდან მოგლეჯა და გაქცევა, ანუ ბოროტმოქმედები „ანდატრისქუდიან“ მოქალაქეებს ქუდს თავიდან აძრობდნენ და გარბოდნენ. შემდეგ კი გატაცებულ ქუდებს შავ ბაზარზე ყიდდნენ. ამის გამო „მურში“ სპეციალური ბრიგადები შეიქმნა, რომლებსაც ქურდების გამტაცებელთა ბანდები უნდა დაეპატიმრებინათ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მეც ვიყავი ჩართული და მეტრო „მაიაკოვსკაიასთან“ ვმორიგეობდი. ჩემი მეწყვილე იყო ბონდო მარშანია და ერთად ვპატრულირებდით სამოქალაქო სამოსში გამოწყობილები. 25 დეკემბერია. მოსკოვის ქუჩებში სიცოცხლე დუღს და, ოცგრადუსიანი ყინვის მიუხედავად, მოქალაქეები დიდი ხალისით მოძრაობენ. უცებ, მეტროდან ამოსულ „ანდატრისქუდიან“ მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭმა თავიდან მოსტაცა ქუდი და გამზირის მიმართულებით გაიჭრა.
– მე იმ ბიჭს დავიჭერ და მოვიყვან, შენ კი დაზარალებული დაამშვიდე და მეორე განყოფილებაში მიდით, ჩვენც იქ მოვალთ, – გადმომილაპარაკა ბონდომ და ბიჭს გაეკიდა.
მე დაზარალებულისკენ გავემართე, მაგრამ მან, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, პირი კვლავ მეტროსკენ იბრუნა, კიბეებზე დაეშვა და მანამდე შეშინებული სახით მიიხედ-მოიხედა. დაზარალებულის საქციელმა დამაეჭვა და უკან დავედევნე, მეტროს ვაგონთან დავაკავე და მილიციის განყოფილებაში მივიყვანე, თან ვკითხე, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია, როცა მას ქუდი გასტაცეს.
– მაინც ვერ დავეწეოდი და რა აზრი ჰქონდა, – თავი იმართლა დაზარალებულმა.
ამასობაში ბონდო და გამტაცებელი მოვიდნენ და ქუდიც მოიტანეს. მარშანიამ ქუდი მაგიდაზე დადო და დაზარალებულს ჰკითხა:
– თქვენი ქუდია?
– დიახ, გმადლობთ, – თავი დააქნია დაზარალებულმა. შემდეგ ქუდი აიღო, დაიხურა, მადლობა გადაგვიხადა და წასვლა დააპირა, მაგრამ მე ის წამით შევაყოვნე და ქუდი გამოვართვი. დაზარალებული გაფითრდა. მე კი ქუდი ჯერ გარედან დავათვალიერე, შემდეგ ბრიტვით გავჭერი და შიგნით ჯაშუშური კაფსულა აღმოვაჩინე, რომელშიც სახელმწიფო საიდუმლოებები იყო მოთავსებული. სინამდვილეში, ჯაშუში აღმოჩნდა დაზარალებული, რომელიც მტრის რეზიდენტს უნდა შეხვედროდა, ქუდები გაეცვალათ და ინფორმაცია მისთვის გადაეცა. ჯაშუში „კაგებემ“ წაიყვანა, ქუდის გამტაცებელ 16 წლის ლიონია პეტროვს კი ათასმანეთიანი პრემია მისცეს.
პოლკოვნიკ ლევან კუხიანიძის
ნაამბობის მიხედვით მოამზადა
ნიკა ლაშაურმა