„დიდმა ოცეულმა“ მსოფლიო ეკონომიკის ინდიკატორები განსაზღვრა
გერმანიამ ჩინეთის წინააღმდეგობის დაძლევა და „დიდი ოცეულის” ქვეყნების დარწმუნება შეძლო იმაში, რომ აუცილებელია, მსოფლიო ეკონომიკის წონასწორობის ინდიკატორების დადგენა. ამ პარამეტრის შემუშავება მსოფლიო ეკონომიკას საშუალებას მისცემს, სტაბილურად განვითარდეს. ბოლო დღეებში გამართულ „დიდი ოცეულის” სამიტზე ის ინდიკატორები დაადგინეს, რომელიც მსოფლიოს ვაჭრობის დისბალანსის გამომხატველი იქნება და კრიზისის საფრთხეებს გამოავლენს. ინდიკატორების სისტემაში ისეთი პარამეტრები მოხვდა, როგორიცაა სახელმწიფო ვალი, საბიუჯეტო დეფიციტი, კერძო კაპიტალი და ვალები, სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ინვესტიციების სალდო. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება ვალუტების კურსი, საგადასახადო და სავალუტო პოლიტიკა. უკვე მიღწეული შეთანხმება გერმანიის ფაქტობრივ გამარჯვებას მოასწავებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ინდიკატორების სისტემის შემოღებისკენ მოუწოდებდა. ამ პოლიტიკას ჩინეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ინდიკატორების დაწესების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის წინააღმდეგ პეკინი ეროვნული ვალუტის რეალური კურსისა და სავალუტო რეზერვების ჩამონათვალში ჩართვის გამო გამოდიოდა. მიღწეული კომპრომისის თანახმად, ვალუტის კურსს გაითვალისწინებენ, მაგრამ მას ინდიკატორებში არ ჩაწერენ.