გერმანიაში სახლ-აკუმულატორს ააგებენ
ვიდრე მსოფლიოს წამყვანი დამპროექტებლები ისეთი შენობის დაპროექტებაზე მუშაობენ, რომელიც, რაც შეიძლება, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, გერმანელმა მინისტრმა უკვე ცალი ფეხით მომავალში გადააბიჯა. გერმანიის მშენებლობის მინისტრმა პეტერ რამზაუერმა ისეთი სახლის მშენებლობა დაგეგმა, რომელიც ორჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მისი მცხოვრებლები დახარჯავენ. დამატებით ელექტროენერგიას სპეციალურელემენტიანი აკუმულატორები გამოიმუშავებს, რისი მეშვეობითაც სახლში ელექტროენერგიის მცირე დანადგარების დატენვა შეეძლებათ. ბევრი ავტომწარმოებელი ამ პროექტით უკვე დაინტერესდა და გამოხატა მზაობა, მას შეუერთდეს. კომბინაცია „ავტო-სახლი” გერმანელებს განხორციელებად პროცექტად მიაჩნიათ, რადგან გერმანიაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 70 პროცენტი სწორედ სახლსა და ავტომობილებში იხარჯება. ევროკავშირში სპეციალური პროექტი მუშავდება, რომლის მიზანიც 2020 წლისთვის შენობებში ელექტროენერგიის ნულოვანი მოხმარებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ იმდენი ენერგია უნდა მოიხმარონ, რამდენსაც ბუნებრივი რესურსებიდან აწარმოებენ. პროექტი „სახლი-აკუმულატორი“ 2010 წელს შეიმუშავა ინჟინერმა ვერნერ ზოპეკმა და ის წლის საუკეთესო პროექტად აღიარეს. ამგვარი სახლის აგება 3 მილიონი ევრო დაჯდება.