რომელ ავსტრალიელ მილიარდერს ადარებენ უორენ ბაფეტს და ვინ არის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ავსტრალიაში, „ფორბსის“ ვერსიით
„მწვანე კონტინენტად“ წოდებულ ავსტრალიას „ფორბსის” ყველაზე მდიდართა 2010 წლის, ჯერჯერობით ბოლო რეიტინგში, მილიარდერთა რაოდენობით მე-16 ადგილი უკავია 56 სახელმწიფოს შორის. ავსტრალიელი მილიარდერების რაოდენობა „ფორბსის” რეიტინგში მუდამ მერყეობს: 2009 წელს მათი რაოდენობა 10 იყო, 2009-ში – 14, 2010 წლის რეიტინგში 11 გვარი მოხვდა, ხოლო იმ ბუნებრივი კატაკლიზმების შემხედვარე, რაც ავსტრალიას წელს დაატყდა თავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალ რეიტინგში ავსტრალიელ მილიარდერთა რაოდენობამ მკვეთრად დაიკლოს, რაზეც ეკონომიკური ექსპერტების უმეტესობა საუბრობს კიდეც. თუმცა, მანამ ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, გთავაზობთ იმ ავსტრალიელ მილიარდერთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც „ფორბსის” რეიტინგში იკავებენ ადგილებს.
ენდრიუ ფორესტი – 4,1 მილიარდი დოლარი
ყველაზე მდიდარი ავსტრალიელი პლანეტაზე, ენდრიუ ფორესტი, ოჯახთან ერთად დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ პერტში ცხოვრობს. ბიზნესწრეებში მას „ტვიგის” მეტსახელით იცნობენ და ძირითადად იგი სამთო მრეწველობაშია ჩართული. ფორესტი ფლობს კომპანია „ფორტესკიუ მეტალს გრუპის” აქციების საბაზო პაკეტს. კომპანია აკონტროლებს ავსტრალიის მეტალურგიული ინდუსტრიის ბაზრის 31 პროცენტს. ენდრიუს დიდ ბაბუას, ჯონ ფორესტს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. გარდა ბიზნესმენობისა, ფორესტი ცნობილი ფილანტროპია, მისი დაფინანსებით პერტის „ჰეილის სკოლაში” სპეციალიზებული ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელსაც ბიზნესმენის სახელი ეწოდა. „ფორბსის” რეიტინგში 50 წლის ფორესტს 208-ე ადგილი უკავია.
ფრენკ ლოუი – 3,6 მილიარდი დოლარი
ლოუი კომპანია „ზი ვესტფილდ გრუპის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი კომპანია ფლობს სუპერმარკეტების ქსელს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ფრენკ ლოუი ჩეხეთში დაიბადა და უნგრეთში იზრდებოდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ავსტრალიაში გადასახლდა, სადაც ბიზნესი წამოიწყო. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ედგა სათავეში ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციას და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ავსტრალიის ფეხბურთის კავშირი აზიის კონფედერაციის წევრი გახდა. 2008 წლიდან ლოუის „ფიფას” აღმასრულებელ კომიტეტში მუდმივი წევრის ადგილი უკავია, სადაც ის ლობირებდა ავსტრალიის კანდიდატურას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლო კონკურსში.
ჯეიმს პეკერი – 3,5 მილიარდი
დოლარი
ჯეიმს პეკერს მედია-კომპანია „კონსოლიდეითედ პრეს ჰოლდინგს ლიმიტედი” მემკვიდრეობით მამის, გავლენიანი ავსტრალიელი მედია-მაგნატ კერი პეკერის გარდაცვალების შემდეგ შეხვდა. კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს ავტსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომერციული არხი „ნაინ”. ჯეიმს პეკერი საიენთოლოგიის სექტის წევრია და მას მჭიდრო მეგობრული კავშირი აქვს ცნობილ ჰოლივუდელ ვარსკვლავთან და საიენთოლოგთან ტომ კრუზთან. „ფორბსის” რეიტინგში პეკერის 258-ე პოზიცია უკავია.
ჰარი ტრიგუბოფი – 3 მილიარდი დოლარი
სამშენებლო კომპანია „მერიტონ აპარტმენტის” მფლობელი ჰარი ტრიგუბოფი 1933 წლის 3 მარტს ჩინეთში დაიბადა და ბავშვობა პეკინის სამხრეთით, რუსულ-ებრაულ დასახლება ტიანცზინში გაატარა. მოგვიანებით ოჯახი კომუნისტურ მთავრობას ჯერ ისრაელში გაექცა, 1961 წელს კი ჰარი ავსტრალიაში გადასახლდა, სადაც სხვადასხვა დროს ტაქსის მძღოლად და რძის გამყიდვლად მუშაობდა. 60-იანი წლების ბოლოს კი საკუთარი სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო ბანკიდან აღებული ნასესხები ფულით. „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში ტრიგუბოფი 316-ეა.
ჯონ ჰენდელი – 2,4 მილიარდი
დოლარი
75 წლის ჯონ ჰენდელი ფლობს 50-პროცენტიან წილებს უზარმაზარ ავსტრალიურ სავაჭრო ცენტრებში – „ჩადსტოუნსა” და „ნორთსლენდში”. გარდა ამისა, იგი ფლობს ებრაულ საირიგაციო კომპანიას „პლასტრონ ირიგეიშენ სისტემს”, რომელიც აწარმოებს საირიგაციო მოწყობილობებს სოფლის მეურნეობისთვის და გახსნილი აქვს საწარმოები ეთიოპიაში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, თურქეთსა და საფრანგეთში. ჯონ ჰენდელი თელ-ავივის უნივერსიტეტის ფილოსოფიის საპატიო დოქტორია, „ფორბსის” რეიტინგში კი, მას საპატიო მე-400 ადგილი უკავია.
კერ ნიელსონი – 2,2 მილიარდი
დოლარი
სამხრეთ აფრიკაში დაბადებული კერ ნიელსონი საინვესტიციო კომპანია „პლატინუმ ასეთ მენეჯმენთის” დამაარსებელი და მფლობელია. მას ხშირად ამერიკელ ინვესტორს, უორენ ბაფეტს ადარებენ, რადგან მასაც უყვარს სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ბიზნესისა, ნიელსონს გახსნილი აქვს საკუთარი მუზეუმი, სადაც გამოფენილი აქვს აზიური კულტურის, ძირითადად კი ჩინური ხელოვნების ნიმუშები. „ფორბსის” რეიტინგში ნიელსონი 437-ე პოზიციაზეა.
ჯინა რაინჰარტი – 2 მილიარდი დოლარი
57 წლის ჯინა რაინჰარტი ავსტრალიური რკინის მადნის ინდუსტრიის დამფუძნებლის – ლენს ჰენკოკის ქალიშვილია. 14 წლის განმავლობაში ის სასამართლოს საშუალებით ებრძოდა დედინაცვალს, რათა დაებრუნებინა სამართლიანი მემკვიდრეობა. რაინჰარტი ფლობს „ჰოუფ დაუნსის” მაღაროების 50-პროცენტიან წილს. რაინჰარტი ყველაზე მდიდარია ავსტრალიელ ქალებს შორის და „ფორბსის” რეიტინგში მას მოკრძალებული 488-ე ადგილი უკავია.
ენტონი პრატი – 1,95 მილიარდი დოლარი
ქაღალდისა და შესაფუთი ტარის მწარმოებელი კომპანია „ვიზი ინდასთრისის” მემკვიდრე და მფლობელი, ენტონი პრატი, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ ტონი ბლერის კომპანიონია „კლიმატ გრუპში”. „ფორბსის” რეიტინგში პრატს მე-8 ადგილი უკავია ყველაზე მდიდარ 40 ავსტრალიელს შორის.
ლესლი ალან უილსონი – 1,55 მილიარდი დოლარი
უილსონის საკუთრებაა ავსტრალიაში უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი, რომელიც საპირფარეშოებისა და აბაზანებისთვის ყიდის სანტექნიკას. კომპანია „რიზ ავსტრალია” 100 წლის წინათ დაფუძნდა და სწორედ მაშინ გაიხსნა პირველი მაღაზია. სადღეისოდ მაღაზიათა ქსელი 425 სავაჭრო ობიექტს მოიცავს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე.
ლინდსი ფოქსი – 1,5 მილიარდი დოლარი
ფოქსი ცნობილი ავსტრალიური სატრანსპორტო კომპანია „ლინფოქსის” დამფუძნებელი და მფლობელია. ლინდსის კომპანია ფლობს 5 ათას ცალ სატვირთო ავტომობილს და ორ სპეციალიზებულ აეროპორტს. 72 წლის მილიარდერი 60-იან წლებში ფეხბურთს თამაშობდა და ავსტრალიურ კლუბ „სენტ კილდა ფუტბოლ ქლაბსაც” კაპიტნობდა, ამჟამად კი კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობს.