სტალინმა საფეხბურთო მატჩი წითელ მოედანზე, მავზოლეუმის წინ ჩაატარა
სტალინის დროს სპორტის სახეობების, განსაკუთრებით ფეხბურთის განვითარებამ საერთაშორისო დონეს მიაღწია. მას მხარს უბამდა უშიშროების შეფი, ლავრენტი ბერია, რომელსაც შემდგომში პირველი „საბჭოთა ტიფოზი” შეარქვეს. საქმე იქამდეც მისულა, რომ ქვეყნის პირველი პირები სახელმწიფო თათბირებს საფეხბურთო მატჩების განხილვით იწყებდნენ. განსაკუთრებულ წარმატებას, 1945 წელს მოსკოვის დინამოელებმა მიაღწიეს დიდ ბრიტანეთში ტურნეს დროს. ამ თამაშებმა ფეხბურთის სამშობლოში დიდი ინტერესი გამოიწვია – „დინამომ“ „არსენალი“ და „კარდიფი“ გაანადგურა, „ჩელსისთან“ და „რეინჯერთან“ ფრედ ითამაშა. სტალინის პირადი მითითებით, სპორტსმენებისთვის სპეციალური დიეტა შემოიღეს. მათ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. საერთოდ, ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ბელადს თავისი აზრი ჰქონდა – სპორტის მასობრივი განვითარების გარეშე, მხოლოდ მედიცინა უძლურია.
უშიშროებას, თავდაცვას, მეცნიერებას, ხელოვნებას, კულტურას – თვალუწვდენელი ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროს სტალინი, პირადად რომ კურირებდა, ცნობილია. თუმცა, ნაკლებადაა ინფორმაციები იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებდა იგი მოქალაქეების ჯანდაცვასთან დაკავშირებით. 20-იანი წლების დასაწყისისთვის, რუსეთში მედიცინის სფერო, როგორც სტრუქტუირებული ორგანიზაცია არ არსებობდა. ცხადია, ცალკეული ექიმებიც იყვნენ და მეცნიერებიც, მაგრამ ადამიანები, ფაქტობრივად, სამედიცინო მომსახურების გარეშე იყვნენ დარჩენილი. 30-იანი წლების ბოლოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სოციალურმა პოლიტიკამ არნახული, გრანდიოზული მასშტაბების შედეგები მოიტანა. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, საბჭოთა კავშირი არაფრით ჩამოუვარდებოდა განვითარებულ ქვეყნებს, ზოგ პოზიციებზე უსწრებდა კიდეც. უზარმაზარი ქვეყნის ყველა მოქალაქე აღრიცხული იყო და სახელმწიფო თითოეული მათგანის მკურნალობას უზრუნველყოფდა – ყოველგვარი საზღაურის გარეშე, როგორი საოცარიც უნდა იყოს, უფასოდ...
მიღწევების მიუხედავად, სტალინი მაინც ვერ ისვენებდა. მედიცინის მუშაკთა სახლში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, იხუმრა კიდეც – კაცმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, ავად რომ არ გახდესო. მთავარი მოქალაქის ჯანმრთელობის პროფილაქტიკაა, ანუ სხვადასხვა დაავადებების გამორიცხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი მეთოდით. ამ მიზნით ქვეყანაში მრავალი ღონისძიება ჩაატარა. აღნიშვნის ღირსია „გეტეოს“ (მზადყოფნა შრომისა და თავდაცვისთვის) ნორმატივების შემოღება (ნორმატივების ჩამბარებლები სპეციალური სამკერდე ნიშნებით ჯილდოვდებოდნენ, რომლის ხელში ჩაგდება დაუმსახურებლად შეუძლებელი იყო), რაც რეალურად სავალდებულო ხასიათს ატარებდა და ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში კონტროლდებოდა. 1939 წლის 18 ივლისს, მოსკოვში, მავზოლეუმის წინ, პირველად აღინიშნა „ფიზკულტურელის დღე”. ეს დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, მას 35 000 სამკერდე ნიშნით დაჯილდოებული მოქალაქე ესწრებოდა. სულ საბჭოთა კავშირში 6 მილიონმა ახალგაზრდამ ჩააბარა ნორმატივები, რამაც რამდენიმე წელიწადში, ახალი ჯანსაღი თაობის ფორმირებას შეუწყო ხელი. ფიზკულტურელის დღეს, ყველა რესპუბლიკიდან ესწრებოდნენ საუკეთესო სპორტსმენები – გამონაკლისი არც საქართველო იყო.
ფეხბურთი მავზოლეუმის წინ
ვინ დაიჯერებს რომ წითელ მოედანზე, მავზოლეუმის წინ საფეხბურთო მატჩი გაიმართა? ეს ბელადის მოწყობილი სიურპრიზი იყო. ფიზკულტურელის დღის სპორტულ აღლუმზე, მოულოდნელად, ისტორიული მუზეუმიდან მინინისა და პოჟარსკის ძეგლებამდე, რამდენიმე წამში საფეხბურთო მწვანე მინდორი გაჩნდა – სულ 20 წუთით. ორივე მხარეს ნამდვილი კარები იდგა. ამ შოუს დადგმას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, წინა დღეებში ქალაქის ცხოვრებაში, ბევრი რამ საიდუმლოებით იყო მოცული. არავინ დაინტერესებულა, რატომ შეწყდა ტრამვაის მოძრაობა წითელი მოედნის გავლით, პაველეცკის სადგურამდე. მოსკოვის ცენტრი ალყაში იყო და არავის უშვებდნენ, თუმცა, რაღაც მოძრაობები შორიდანაც შეიმჩნეოდა. მანეჟის მოედანზე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდობას მოეყარა თავი. იდგა ბევრი სხვადასხვა ტიპის ავტომანქანა და მოტოციკლი.
დილის 10 საათზე მოედანზე აღლუმი დაიწყო, რომელიც ყველაზე კარგად მავზოლეუმის ტრიბუნიდან ჩანდა. ყველა კოლონა, რომელიც მოდიოდა, სტალინს ერთგულებას ეფიცებოდა – შეძახილებით, ლოზუნგებით... ტელევიზია მაშინ არ არსებობდა, მოსახლეობამ ზეიმის შესახებ რადიოთი შეიტყო. დიქტორები სახელმწიფო უნივერმაღის მესამე სართულზე ისხდნენ, საიდანაც ბრწყინვალე ხედი იშლებოდა. ისინი კულისებსაც ადევნებდნენ თვალს და სცენასაც. მათ წინ ედოთ წინასწარ დამტკიცებული რეპორტაჟის ტექსტები, რომელიც გარკვეულ მომენტამდე, გასაიდუმლოებული იყო. ლეგენდარული იური ლევიტანის ხმაში აშკარად იგრძნობოდა მღელვარება. მის გვერდით მდგარი, პირველი საბჭოთა სპორტული კომენტატორი – ვადიმ სინიავსკი განსაკუთრებით ნერვიულობდა. თუმცა, ცდილობდა, არ შეემჩნია და თავისუფლად წაეყვანა რეპორტაჟი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: მასიური ღონისძიებების ჩატარების ისტორიაში პირველად ჩართეს თეატრის რეჟისორები. ამ მხრივ, ბელორუსიის ფიზკულტურულმა დელეგაციამ გამოიჩინა თავი. მათ მოსკოვში მნიშვნელოვანი კავშირების არქონის გამო, თხოვნით მიმართეს, მაშინ ნაკლებად ცნობილ მოცეკვავეს, იგორ მოისეევს. მის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ სერიოზული უსიამოვნებები ჰქონდა დიდ თეატრში, რის გამოც იძულებული გახდა, თეატრიდან წასულიყო და სახალხო ცეკვის ანსამბლი შეექმნა. მის შემოქმედებას სნობები დასცინოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორმა მმართველი ელიტის ყურადღება მაინც მიიქცია. სტალინთან მიღებაზე, მოისეევი არ დაიბნა და თავისი ჩანაფიქრი ბელადს გაანდო. უთხრა, რომ პირველად ისტორიაში, მოძრავი სპექტაკლის დადგმას აპირებს არა მსახიობებთან, არამედ ბელორუს ფიზკულტურელებთან ერთად. დიდი თეატრიდან რატომ გამოგისტუმრესო, პირდაპირ ჰკითხა სტალინმა. ჩემი ნოვაციების გამო, უპასუხა ახალგაზრდა ხელოვანმა. ამის შემდეგ სტალინმა ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე – ბორის იუდინი დაიბარა და გასაუბრების შემდეგ, აღლუმის მთავარ რეჟისორად დანიშნა, თუმცა მოისეევის პროექტის გათვალისწინება დაავალა. თანამედროვე რუსული კულტურის მამების მამებმა, ბრწყინვალედ გაართვეს თავი სოსო ჯუღაშვილის მიერ დაკისრებულ მოვალეობას და ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდა. პირველები ბელორუსი სპორტსმენები გამოჩნდნენ, რომელთაც ორი კომპოზიცია განასახიერეს: „საბჭოეთის საზღვრები” და „პაპანინის ეპოპეა”, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის დალაშქვრის თემაზე იყო აგებული. სპორტულმა საზოგადოება „კომუნარმა” ტანკების შეტევა წარმოადგინა. „დინამოს” საზოგადოების ფიზკულტურელ გოგონებსა და ყმაწვილებს მრავალსართულიანი პირამიდები მოჰქონდათ, რომელიც იშლებოდა და იკითხებოდა ლოზუნგი: „ვიყოთ ისეთი, როგორიც სტალინია”. სტალინის სახელობის მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტებმა მოტოციკლებით გაიარეს და სპეციალური ნომრები შეასრულეს. ნაწილმა კი შიშველი ტანით „ცოცხალი ხიდი” გააკეთა. განსაკუთრებული სილამაზით ტანმოვარჯიშეების პირამიდები გამოირჩეოდა. ექვსსართულიანი ნაგებობა სპორტსმენ გოგონებს ფარული გადასატანი კონსტრუქციებით გადაჰქონდათ. მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელებმა ორსართულიანი შენობის ზომის დიდი ბურთი გამოაგორეს, რომლის ზედაპირზე ათი სპორტსმენი ოსტატურად ინარჩუნებდა წონასწორობას. ხელოვნურ თოვლზე მოთხილამურეებმა ისრიალეს, შემდეგ კი ასმა გოგონამ უზარმაზარი ნაძვის ხე გააკეთა, რომლის თითოეული ტოტიც თავად იყვნენ. უკრაინელმა ფიზკულტურელებმა საოცარი სკეტჩი აჩვენეს: „სამი ხალხური სიმღერა უკრაინაზე”. უზბეკებმა ბამბის დიდი ყუთი წარმოადგინეს, რომელზეც ახალგაზრდა წყვილი ცეკვავდა – შემდეგ ფიზკულტურელების შვილებმა – ბავშვებმა უშიშრად იჯირითეს ცხენებით. უფროსებმა კი ბოლოს ხუთქიმიანი კაშკაშა ვარსკვლავი განასახიერეს. დავუბრუნდეთ საფეხბურთო მატჩს, „დინამოს” და „ტორპედოს” ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნიკოლაი სტაროსტინი. მისი ოსტატობის შემყურე, სტალინი ფეხზე წამოდგა და ისე უკრავდა ტაშს. ბუნებრივია, მის მაგალითს დაუყოვნებლივ მიბაძეს პარტიისა და მთავრობის მოღვაწეებმა, ასევე სტუმრებმა ტრიბუნებიდან. ნახევარ საათში წითელ მოედანზე მწვანე მინდორი გაქრა. მოსკოვში ამ სასწაულზე უფრო ლაპარაკობდნენ, ვიდრე მატჩზე. სასწაული კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. დიდი ხნით ადრე, სოკოლნიკებში პირველი საბჭოთა „ტიფოზის”, ბერიას განკარგულებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ბალახის დათესვა დაიწყეს. ღონისძიების დროს კი ხელოვნურ პირამიდებს ამოფარებულმა ფიზკულტურელებმა ელვის სისწრაფით შექმნეს ხელოვნური საფეხბურთო სტადიონი. ბელადი აღაფრთოვანა ღონისძიების ჩატარების მაღალმა დონემ, ოსტატურად დადგმულმა სანახაობამ. ამას მან პროპაგანდის მნიშვნელობა მიანიჭა და დღესასწაულის ყოველწლიურად გამართვა ბრძანა. საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს დაუყოვნებელი დადგენილება არავის გაჰკვირვებია. 18 ივლისი საკავშირო დღესასწაულად – „ფიზკულტურელის დღედ“ გამოცხადდა.
სტალინმა სპორტსმენებისთვის კრემლში გრანდიოზული მიღება გამართა. ამავე დღეს, 18 ივლისს, საღამოს 9 საათზე კრემლის სვეტებიან დარბაზში, ბელადმა ფიზკულტურელების, სპორტსმენებისა და მოწვეული სტუმრებისთვის დიდი მიღება მოაწყო, ცხადია, ღონისძიების მონაწილე 35 000 კაცი იქ ვერ დაეტეოდა. ამიტომ, ყველა გამორჩეული, ღირსეული რეკორდსმენი და ორდენოსანი იყო მიწვეული. ბელადი წამოდგა და მოწვეულებს პატარა ტექსტით მიმართა – მიულოცა დღესასწაული, მოკლე მიმოხილვა გააკეთა ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ და ისტორიული მნიშვნელობის თეზისი წარმოთქვა: არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ავადმყოფი მოქალაქეების მკურნალობას სრულად შეძლებს, თუ მაქსიმალურ, უმაღლეს საფეხურზე არ იქნება აყვანილი ჯანმრთელობის პროფილაქტიკა. მედიცინის შესაძლებლობები, სამწუხაროდ, შეზღუდულია. „თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საბჭოთა მოქალაქე”, მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას, რამაც ისეთი ოვაციები გამოიწვია, რომ შემდგომ სიტყვით გამომსვლელს – სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, მოლოტოვს 20 წუთი მოუწია ლოდინი. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ის კი ვერაფრით იწყებდა საუბარს. მოლოტოვმა შეაჯამა ღონისძიება და მას მსოფლიოში არნახული და ბრწყინვალედ ჩატარებული უწოდა. ამის შემდეგ სპორტსმენების სიტყვით გამოსვლის დრო დადგა. ყველა რესპუბლიკიდან თითო წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო. ასეთი ტიპის ფორუმებს, როგორც წესი, ქართველები ხსნიდნენ და ხურავდნენ. ამჯერადაც პირველს, ტრიბუნაზე ასვლის უფლება გამოჩენილ ქართველ ტანმოვარჯიშეს, ჯორჯაძეს მიეცა. ის იხსენებს, რომ ხელოვნურად მოწყობილ მოედანზე, ძელზე ტრიალისა და სალტოების კეთების დროსაც კი, არ მოუცილებია თვალი ბელადისთვის. ალბათ, მან ეს შეამჩნია კიდეც, რადგან მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო და სტალინმა შეაწყვეტინა გამოსვლა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა, რომ სიტყვა ქართულ ენაზე გაეგრძელებინა. სპორტსმენი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას ტექსტი რუსულ ენაზე ჰქონდა მომზადებული და ვერ წარმოიდგენდა, თუ ბელადისგან ასეთ დავალებას მიიღებდა. ჯორჯაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი და მშობლიურ ენაზე ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ მას ვოროშილოვი მიუახლოვდა და უთხრა, ახლა, რუსულად თქვიო. გამომსვლელმა სიტყვა იგივე წარმატებით გაიმეორა. ტაშის გრიალში, სომხეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, მოკრივე ჰაიკ ისრაელიანმა „მოახერხა” ტრიბუნაზე ურიგოდ ასვლა და სომხურად მიმართა სტალინს: „ცავატანემ სტალინჯან“ და სიტყვის გაგრძელება სცადა, მაგრამ იქვე, ახლოს მყოფმა ბერიამ „აუხსნა”, რომ ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი ორჯერ ვერ გამოვაო და მანაც, რუსულად გააგრძელა ლაპარაკი.