რეკორდსმენი გოლკიპერი
„სან-პაულოს” ბრაზილიელი გოლკიპერი როჟერიო სენი, ფეხბურთის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მეტი გოლის გამტანი მეკარე – მის ანგარიშზე უკვე 95 გოლია და ამ მაჩვენებლით ის არაერთ სახელოვან ფორვარდს უსწრებს. უკანასკნელი გოლი სენიმ ბრაზილიის სან-პაულოს შტატის ჩემპიონატში გაიტანა საჯარიმო დარტყმით და ეს იყო მისი რიგით მეორე გოლი 2011 წელს. ამბობენ, რომ 37 წლის სენი არ აპირებს კედელზე თავისი ხელთათმანების ჩამოკიდებას, სანამ მეასე, საიუბილეო გოლს არ გაიტანს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი დროის შემდეგ მშობლიურ ჩემპიონატს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რივალდოც დაუბრუნდა, რომელიც უკანასკნელი პერიოდი უზბეკეთის ჩემპიონ „ბუნეიდკორში” აგორებდა ბურთს.