რამდენი წელი აქვს გატარებული საპატიმროში NBA-ს ვარსკვლავ ალენ აივერსონს და რომელი კლუბი მიიჩნევა ყველაზე კრიმინალურად ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში
ცნობილი ამერიკელი რეპერი კრისტოფერ უოლესი, რომელსაც საზოგადოება „ნოტორიოუს ბ.ი.გ.-ის” სახელით იცნობს, თავის ერთ-ერთ სიმღერაში ამერიკული ციხეების ბინადართ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებს ადარებდა და მათ შორის მხოლოდ ერთ განსხვავებას ხედავდა. „ბ.ი.გ.-ის” აზრით, კალათბურთელები, მხოლოდ საშუალო დისტანციიდან ბურთის კალათში ჩაგდებით განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ბოროტმოქმედებისგან. რეპერის ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, საკამათოა, თუმცა მასში სიმართლის მარცვალიც არის, ამაში კი თვითონვე დარწმუნდებით, როდესაც NBA-ს ყველაზე კანონდამრღვევი მოთამაშეებისგან შემდგარ რეიტინგს გაეცნობით.
ჯილბერტ არენასი – 30 დღე-ღამე კოლონიაში, 2 წელი პირობითი სასჯელი, ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, ექსპერიმენტები ნარკოტიკებზე და უამრავი სხვა ექსტრავაგანტური ქმედება – ამ ყველაფრით იწონებდა თავს „ორლანდო მეჯიქის” მცველი ჯილბერტ არენასი, სანამ სერიოზული კრიმინალური ისტორიის მონაწილე არ გახდა. 2009 წლის დეკემბერში, „ვაშინგტონ ვიზარდში” თამაშის დროს, ჯილბერტი მეტსახელად „აგენტი ზერო”, თავის თანაკლუბელს ჯავარის კრიტენტონს დაუპირისპირდა. ბანქოს თამაშის დროს დაწყებული უთანხმოება ვაშინგტონის აეროპორტში გაგრძელდა. არენასი ჯავარისს მანქანის დაწვით დაემუქრა. შემდეგ კი ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „ვერიოზნ ცენეტრის” გასახდელში, არენასმა კარადიდან პისტოლეტი გამოიღო და თანაკლუბელს მიუშვირა. დაპატიმრებული კალათბურთის ვარსკვლავი ერთი თვის განმავლობაში კოლონიაში იჯდა. მას სეზონის ბოლომდე აეკრძალა თამაში ნაციონალურ ლიგაში და ასევე, დიდძალი ფულადი ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა, არენასს პირობითი სასჯელი აქვს იარაღის უკანონო ტარებისთვის.
შონ კემპი – ხუთდღიანი შინაპატიმრობა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში შონ კემპი, NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლებოდა, თუმცა ეს ნიჭი მან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში გადაცვალა. 2005 წელს პოლიციამ იგი მარიხუანისა და კოკაინის შენახვა-მოხმარებისთვის დააკავა. მის ავტომობილში კი აღმოაჩინეს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ, კემპი ისევ დააკავა პოლიციამ. ამჯერად „წვიმის კაცად” წოდებულ კალათბურთელს 60 გრამი მარიხუანა უპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მოხვედრას კემპი გადაურჩა, მის საკალათბურთო კარიერას ამ მოვლენების შემდეგ საბოლოოდ დაესვა წერტილი.
ჯეი არ სმიტი – 30-დღიანი პატიმრობა, ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები
2007 წლის ზაფხულში „დენვერ ნაგითსის” დამცველისთვის ჯეი არ სმიტისთვის მანქანით სეირნობა ტრაგიკულად დასრულდა. ჯეის მიერ ინიცირებული ავარიის შედეგად, მის ავტომობილში მჯდარი მგზავრი დაიღუპა. 2009 წელს კალათბურთელმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ ავარია მისი მოწყობილი იყო. მას 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ციხიდან გამოსულ კალათბურთელს ასევე, ბრალად ედებოდა კავშირი კრიმინალურ დაჯგუფება „ბლადსთან”, რომელიც შიშის ზარს სცემდა დენვერის მცხოვრებთ. თუმცა, ეს ბრალდება სმიტს შემდგომში მოეხსნა.
დელონტე უესტი – საზოგადოებრივი სამუშაოები
დელონტე უესტს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ბავშვობაში ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რაც დეპრესიითა და ხასიათის ცვალებადობით გამოიხატებოდა. ერთხელ პოლიციამ უესტი მოტოციკლის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის ფაქტზე გააჩერა და გაუწონასწორებელ კალათბურთელს საბარგულში იარაღის მთელი არსენალი აღმოუჩინა: პისტოლეტი „ბერეტა 92”, რევოლვერ „რუგერ ჯპ-100” და საფანტის თოფი „რემინგტონ 870”. არც ერთი იარაღი რეგისტრირებული არ იყო და კალათბურთელს მინიმუმ სამწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა უესტის ფსიქიკური მდგომარეობა და მას 500 საათით საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დაევალა.
ალენ აივერსონი – 5 წელი კოლონიაში
ჯერ კიდევ NBA-ში კარიერის დაწყებამდე ლეგენდარული გამთამაშებელი ალენ აივერსონი კრიმინალის სახელით იყო ცნობილი. 1993 წელს იგი პოლიციამ თეთრკანიანებთან ჩხუბის ფაქტზე დააკავა და სასამართლომ ხულიგნობისთვის ხუთწლიანი სასჯელი შეუფარდა. 1995 წელს აივერსონი გაათავისუფლეს და 1996 წელს იგი დრაფტის პირველ ნომრად „ფილადელფია სიქსერსმა” აიყვანა. შემდგომ აივერსონი კიდევ არაერთხელ მოხვდა განსასჯელის სკამზე. ჯერ იყო და ავტოგრაფის მიცემის დროს მცირეწლოვან გულშემატკივარს შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხო, რის გამოც ოთხი თვით საპატიმროში ამოჰყო თავი. ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი 2002 წელს დატრიალდა – ალენმა მეუღლე სცემა, რის გამოც ქალი სახლიდან გაიქცა. მის საძებნელად წასულმა აივერსონმა ჯიბეში არარეგისტრირებული იარაღი ჩაიდო და მეზობლებს აშინებდა. 2010 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფერთან ერთად, აივერსონს პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და აზარტულ თამაშებთან, კერძოდ პოკერთან დაკავშირებით.
„პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი”
მეხუთე პოზიცია რეიტინგში არა ცალკეულმა მოთამაშემ, არამედ მთლიანმა გუნდმა დაიკავა. პორტლენდური კლუბის წევრები – რაშიდ უოლესი, დეიმონ სტუდემაიერი და კინტელ ვუდსი მარიხუანის მოხმარების ფაქტზე დააკავეს. გარდა ამისა, ვუდსმა აღიარა, რომ უკანონოდ აწყობდა ძაღლების ჩხუბს და იატაკქვეშ ამუშავებდა ტოტალიზატორებს. რაშიდ უოლესი არბიტრების მისამართით გამოთქმული მუქარების გამო ხშირად იღებდა დისკვალიფიკაციას, ხოლო კლუბის წევრები – ზაკ რენდოლფი და პატერსონი ყოველ ვარჯიშს ჩხუბით ამთავრებდნენ.
სლაი უილიამსი – 5 წელი კოლონიაში
სილვესტერ უილიამსი იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლებოდა როდ-აილენდის უნივერსიტეტში და 1979 წელს „ნიუ-იორკ ნიქსმა” იგი დიდი ზარ-ზეიმით აიყვანა დრაფტზე. თუმცა, პრობლემებმა მას შემდეგ იჩინა თავი, რაც სლაიმ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შეაბიჯა. იგი ვარჯიშებსა და თვითმფრინავის რეისებზე მუდამ აგვიანებდა. ამას მოჰყვა მისი ოჯახური ტრაგედია, როდესაც სლაის ძმამ, დეპრესიის ნიადაგზე საკუთარი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ნერვიულობის ნიადაგზე უილიამსი ნარკოტიკებს მიეძალა და კარიერაც დაასრულა. თუმცა, მისი თავგადასავალი აქ არ დასრულებულა. სხვადასხვა წლებში სლაი უილიამსს ბრალად ედებოდა ძარცვა, ყაჩაღობა, შეიარაღებული თავდასხმა, ადამიანის მოტაცება, გაუპატიურება, ჰომოსექსუალური პროსტიტუცია. საერთო ჯამში, სლაი უილიამსს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ხუთი წელი აქვს გატარებული. საინტერესოა, რომ საკალათბურთო მოედანზე სლაი უილიამსის მეტსახელი „მისტერ ნაგავი” იყო.
დენის როდმანი – 3 წელი პირობითი სასჯელი, 30-დღიანი შინაპატიმრობა, საზოგადოებრივი სამუშაოები, ჯარიმები
ყველაზე ექსტრავაგანტური, ეპატაჟური, არანორმალური, სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი NBA-ს არსებობის ისტორიაში – ასეთია დენის როდმანი, რომლისთვისაც იმდენად ბევრი ბრალდება წაუყენებია ამერიკულ მართლმსაჯულებას, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო 70-ჯერ იყო მასთან სახლში პოლიცია მოსული მეზობლების ჩივილის გამო, რომელთაც აწუხებდათ როდმანის ხმაურიანი წვეულებები. გარდა ამისა, პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან დაკავშირებით, მის დარღვევათა ნუსხაშია: გადაჭარბებული სიჩქარით ავტომობილის და მოტოციკლის მართვა, სექსუალური სკანდალები და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. 2011 წელს როდმანს 50 წელი უსრულდება და ვარაუდობენ, რომ მისი სკანდალების ისტორია ჯერაც გრძელდება.
ზაკ რენდოლფი – ჯარიმები
ზაკ რენდოლფის კრიმინალური ისტორია სათავეს 1999 წელს იღებს, როდესაც მან სკოლაში თანაკლასელს პისტოლეტი მიჰყიდა. ამას მოჰყვა ალკოჰოლით ვაჭრობა, არაერთხელ ავტომობილის მართვა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, თავდასხმა თანაკლუბელ რუბენ პატერსენზე, პოლიციისთვის ყალბი ჩვენების მიცემა (რენდოლფის ძმამ ერთ-ერთ სტრიპტიზ-ბარში სამი ადამიანი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით), სექსუალურ ძალადობაში ბრალდება, უკანონო ქუჩის რბოლების მოწყობა და უამრავი სხვა. 2010 წლის ზაფხულში რენდოლფი პოლიციამ დააკავა, მის სახელზე გაფორმებულ ავტომობილში აღმოჩნდა მარიხუანის მცირე პარტია და ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, პოლიციის ვერსიით, რენდოლფი დაკავშირებული იყო მემფისის კრიმინალურ დაჯგუფებებთან. საინტერესოა, რომ კალათბურთელი არც ერთხელ არ მოხვედრილა ციხეში და მხოლოდ ჯარიმების გადახდით შემოიფარგლა.
აიზეია რაიდერი – ნომერ პირველი განგსტერი
რაიდერს NBA-ს ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში 2000-2001 წლების სეზონზე, თუმცა, გულშემატკივარს მან არა საიმედო თამაშით, არამედ კრიმინალური ისტორიებით დაამახსოვრა თავი. ეს იყო – ძარცვა, ყაჩაღობა, ავტომობილის გატაცება, გაუპატიურება, ნარკოტიკების მოხმარება და ვაჭრობა, ადამიანის გატაცება, მუქარა ჟურნალისტების მიმართ, კავშირი კრიმინალურ ბანდებთან და იარაღით ვაჭრობა. აიზეია რაიდერი სამართლიანად ითვლება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნომერ პირველ განგსტერად.