კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საშიში ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი პარტნიორთან ალერსის დროს და როდის ხდება მეჭეჭი სიცოცხლისთვის საშიში

არსებობს ვირუსები, რომელთა შესახებ მხოლოდ გვსმენია, მათ სიმწვავესა და გამოვლინებებზე კი არასწორი ინფორმაცია გვაქვს. განსაკუთრებით უნდა დაფიქრდეთ შემთხვევითი სქესობრივი ურთიერთობის დროს, როცა პარტნიორს კარგად არ იცნობთ, რადგან ბოლო დროს არც ისე იშვიათია დაინფიცირებულთა რიცხვი. არსებობს ვირუსები, რომლებითაც ადამიანი სქესობრივი გზით ინფიცირდება და შემდგომ მთელი ცხოვრება ამ საშიში ვირუსის მატარებელია.

თუ რა ტიპის ვირუსით შეიძლება, დასნებოვნდეს ადამიანი ინტიმური ურთიერთობების დროს, როდის ჩნდება ორგანიზმში პაპილომა-ვირუსი და რა გამოვლინება ახასიათებს ჰერპესს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ კვირკველიას.

– ბატონო ვახტანგ, დღეს უკვე აღარ არის დასამალი, რომ საკმაოდ გახშირდა შემთხვევითი სქესობრივი ურთიერთობები. ასეთი ურთიერთობის შემდეგ, ბევრი მიიჩნევს საჭიროდ ექიმთან ვიზიტს, რადგან ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები უჩნდება. ბევრსაც მიაჩნია, რომ აქ საშიში არაფერია და რჩევების მოსმენით თავს არ იღლის. თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, კონკრეტულად რით შეიძლება დაავადდეს ადამიანი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს?

– როგორც სპეციალისტი, გეტყვით, რომ ყველა უნდა მოერიდოს შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს, რადგან ჩნდება ინფექციის გადადების საშიშროება, გენიტალიური ჰერპესი იქნება ეს თუ პაპილომა-ვირუსი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, არც ერთი დაავადება არ ექვემდებარება განკურნებას და ეს წინასწარ უნდა იცოდეთ, სანამ თავს დაიავადებთ წუთიერი სიამოვნებისა თუ გატაცების გამო. როგორც მოგახსენეთ, გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადადის. შესაძლოა, ის ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე ატაროს ფარულად, მაგრამ ვერც კი ხვდებოდეს მის არსებობას საკუთარ ორგანიზმში. სხვათა შორის, ამ დაავადებას შესწევს უნარი, რომ მთელი ცხოვრების წესი შეგიცვალოთ, რადგან ამ დროს ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, რაც ძალიან მტკივნეულია, მას, ასევე, ახასიათებს წვა და ვიზუალურად ცუდი შესახედია. როგორც გითხარით, ის არც იკურნება და ნევროზსაც იწვევს. რაც შეეხება პაპილომა-ვირუსს, ის ძალიან გავრცელებულია, თუმცა, არსებობს მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი. მას ახასიათებს კანზე მეჭეჭის მსგავსი გამონაყარი. მსგავს არასასურველ შედეგს თავი რომ აარიდოთ, მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს და გაიჩინეთ სტაბილური, ერთგული, ჯანმრთელი, საიმედო და უსაფრთხო სასიყვარულო პარტნიორი. ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგიმწაროთ.

– მართებულია თუ არა მოსაზრება, თითქოს ახალშობილთა გახშირებული სიკვდილიანობა სწორედ გენიტალიური ჰერპესის შედეგია?

– რასაკვირველია, ახალშობილთა სიკვდილიანობა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ გართულებულ გენიტალიურ ჰერპესს უკავშირდება. ეს დაავადება კი მხოლოდ დაავადებული ადამიანიდან გადადის მეორე ადამიანზე.

– თუ ადამიანი თავს იცავს?

– მართალია, არსებობს დამცავი საშუალებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ინფექციისგან ვერ იცავ თავს. მაგალითად, შესაძლოა, პაპილომა-ვირუსი კანიდან გადაგედოთ და ამ დროს პრეზერვატივი უსაფრთხო ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ, რასაკვირველია, შიდსსა და სხვა სახიფათო ვირუსულ დაავადებებს აგაცილებთ თავიდან.

– რა გამოვლინებები ახასიათებს ამ ვირუსს?

– ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ორ-სამ თვეს მოიცავს. მისი პირველი გამოვლინებაა თავის ტკივილი, მაღალი სიცხე და მტკივნეული გამონაყარი. ასევე, ადამიანს საგრძნობლად უფუჭდება გუნება-განწყობა, გაღიზიანებულია, ხდება აგრესიული. თუ თავი ვერ შეიკავეთ და უღალატეთ საყვარელ ადამიანს, სანამ მასთან კვლავ სიამოვნებას მიეცემით, აუცილებლად ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები, რომ გამორიცხოთ ნებისმიერი ვირუსული დაავადების შესაძლო არსებობა. გეტყვით ასევე, რომ, თავისი გავრცელების მასშტაბით ის გაცილებით საშიშია, ვიდრე სქესობრივი გზით გადამდები ყველა დანარჩენი ინფექცია ერთად აღებული. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ ვირუსით არის ინფიცირებული.

– ეს საკმაოდ დიდი ციფრია...

– რასაკვირველია, გეთანხმებით, დიდი ციფრია, მაგრამ რეალობას ნამდვილად შეესაბამება. სამწუხროდ, საქართველოში ამ ვირუსზე კვლევები არ ტარდება. ამდენად, რთულია დაინფიცირებულთა ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ ჩვენთანაც არანაკლებადაა გავრცელებული. ეს ვირუსი ფარულად მიმდინარეობს ორგანიზმში და ამიტომ ადამიანს არ მიაჩნია საჭიროდ საკუთარი ჯანმრთელობის ამ ვირუსზე გამოკვლევა. სავარაუდოდ, ვისაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყოლია, ის, ფაქტობრივად, ამ ვირუსით არის ინფიცირებული, აქედან კი, შესაძლოა, დაახლოებით თხუთმეტი პროცენტი აღმოჩნდეს ამ პრობლემის წინაშე. მისი გამოვლინება ძირითადად, ხდება წვეტიანი ან ბრტყელი მეჭეჭების სახით და, უმეტესად, გენიტალიების არეში ფიქსირდება. ამ ვირუსის გარკვეული ტიპები იწვევს სხვადასხვაგვარი მეჭეჭის წარმოქმნას, რომელთაგან ზოგიერთი ონკოპრეკანცერული დაავადებაა, რომელიც კიბოსწინარე დაავადებად ითვლება. შესაძლოა, ამ ვირუსით ინფიცირების შედეგად განვითარდეს ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნე ან სხვა დისპანზიები გენიტალიების არეში, რომელიც, რა თქმა უნდა, საკმაოდ პრობლემურია. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გენოტიპების ასეთი პროცესი მცირეა. დაახლოებით ოთხმოცდაათი პროცენტი გამოწვეულია მეექვსე და მეთერთმეტე სეროტიპით, რომელიც არის კეთილთვისებიანი და მიმდინარეობს მშვიდად. რაც შეეხება კიბოსწინარე ტიპებს, იშვიათად გვხვდება. ჯერ მსოფლიოში არ არის შემუშავებული ამ ვირუსის საწინააღმდეგო მეთოდი. კიდევ ვამბობ, მისი გამოვლინება ხდება ხშირად წვეტიანი კონდილომებით ანუ მეჭეჭებით, თუმცა შესაძლოა, ის არ გამოიზარდოს და კანზე ლაქების სახით გამოვლინდეს.

– მათი მოცილება ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით თუ არის შესაძლებელი?

– მათი მოცილება, რასაკვირველია, შესაძლებელია ქიმიური მეთოდით ან ქირურგიული ჩარევით. კერძოდ, ის, შესაძლოა, მოიწვას თხევადი აზოტით, ქიმიური წესით, ან, უბრალოდ, ელექტროდანით მოიკვეთოს. გააჩნია, რომელი ფორმის გამოვლინებაა და რამდენად გავრცელებულია პროცესი. ოღონდ, დასაფიქრებელი ის არის, რომ, მიუხედავად ამისა, ვირუსი ორგანიზმში მაინც რჩება. მისი მოკვეთით ჩვენ გარკვეულწილად ვხსნით პრობლემას, თუმცა რეციდივის განვითარების შანსი მაინც რჩება. მთავარია, ამ დროს ექიმს არ გამორჩეს კიბოსწინარე დაავადება და, აქედან გამომდინარე, არც მეჭეჭის წვალება შეიძლება. ჯობია, ჯერ კვალიფიციურ სპეციალისტს გაესინჯოთ და მასთან შეთანხმებით იმოქმედოთ. მე, როგორც ექიმს, ხშირად მაქვს შეხება პაპილომა-ვირუსით შეწუხებულ პაციენტებთან და მათი უმრავლესობა დაავადების მიზეზებს ვერ ასახელებს, ბევრი ვერც კი ხვდება, სად დაუშვა შეცდომა და ასე შემდეგ. ასე რომ, ჯობია ადამიანი ინფორმირებული იყოს, გაითვალისწინოს ექიმების რჩევები და ასე უფრო მეტად შეძლებს საკუთარი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.


скачать dle 11.3