მაწონი და ხაჭო აუცილებელი პროდუქტებია
ასაკოვან ადამიანებს ხშირად უვითარდებათ ძვლების სიმყიფე, რაც უმთავრესად საკვებში კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის სიმცირით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, მცირე ტრავმების შედეგადაც კი შეიძლება, ძვლის მოტეხილობა განვითარდეს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, ხანში შესულმა ადამიანებმა საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანონ რძის ნაწარმი, კერძოდ კი კალციუმით, ფოსფორითა და B ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარი პროდუქტები – ხაჭო და ყველი.
ხაჭო ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც შესანიშნავი პროდუქტია. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლში ლეციტინის ოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებას აფერხებს. ეს კი საგრძნობლად ამცირებს სკლეროზის განვითარების რისკს.
რძესა და რძის პროდუქტებს არა მარტო სასიამოვნო და სასარგებლო საკვებად, არამედ, დიეტურ და სამკურნალო პროდუქტად მოიაზრებენ.
რძემჟავა პროდუქტების მრავალფეროვან სახეობათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაწონს. ის სასარგებლოა ზრდასრული, ხანში შესული და ჩვილი ბავშვებისთვის. რძემჟავა პროდუქტები ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, სისხლძარღვების, ფილტვებისა და პლევრის დაავადებების დროს, ასევე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების შემთხვევაშიც.