საჭიროა თუ არა გრიპის დროს ანტიბიოტიკების სმა
ყველამ კარგად იცის, რომ გრიპს ვირუსი იწვევს. ცნობილია ისიც, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს. ასე რომ, ამ პრეპარატებით ვირუსული დაავადების მკურნალობას აზრი არ აქვს. დაავადების მაპროვოცირებელი ვირუსები ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებს. ამიტომაც, გრიპის დროს მათი მიღება რეკომენდებული არ არის. გამონაკლისია, როცა გრიპი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ციებ-ცხელება კი თანდათან იმატებს და ჩვეულებრივი სიცხის დამწევი საშუალებები უძლურია.
მოსაზრება, რომ მაღალი ტემპერატურის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ სიცხის დამწევი პრეპარატი, არასწორია. მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის დამცავი რეაქციაა. ის კლავს დაავადების გამომწვევ მიკრობებს, ბაქტერიებს და მათი არსებობისთვის აუტანელ პირობებს ქმნის ორგანიზმში. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს გრიპის ვირუსებს და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ძლიერ სისუსტეს გრძნობს, აჩქარებული აქვს გულისცემა, სტკივა კუნთები და სახსრები, სიცხის დამწევი საშუალებების მიღება, უბრალოდ, აუცილებელია. თუმცა, სიცხის 37,5 გრადუსზე დაბლა დაწევა არ არის რეკომენდებული. გახსოვდეთ, ტემპერატურის მკვეთრი დაწევაც არ შეიძლება, რადგან ამ დროს ორგანიზმის მდგომარეობა უარესდება.
ხშირად, ადამიანი გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას მაშინ იწყებს, როცა ტემპერატურა იმატებს და დაუძლურებული ბალიშიდან თავს ვეღარ იღებს. ასეც არ შეიძლება.
გრიპის პროფილაქტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თავიდან ადამიანს მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომები აწუხებს – ამცივნებს, სახსრებში ტეხს, თავში უჭერს და ასე შემდეგ. სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოთ მკურნალობა.
გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები დაავადებას განვითარების საშუალებას არ მისცემს და უსიამოვნო პროცესს თავიდან აიცილებთ.
სხვათა შორის, არიან ადამიანები, რომელთაც გრიპი არ ემართებათ. ეს განპირობებულია, ეგრეთ წოდებული, გენეტიკური სიმტკიცით, რაც თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა, ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია.