ვენური უკმარისობის დროს მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას
ვენები ის სისხლძარღვებია, რომლებსაც სისხლი პერიფერიული ქსოვილებიდან გულამდე მიაქვს. ქვედა კიდურების ვენებში სისხლი მხოლოდ ზემოთ მიედინება, რასაც კუნთების შეკუმშვა და ვენებში არსებული სარქველები უზრუნველყოფს. თუ სარქველოვანი აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, სისხლის ნაწილი უკანვე ბრუნდება, ამას კი სისხლძარღვებში წნევის მატება და ვენების გაფართოება მოჰყვება. ყოველივე ეს ქრონიკული ვენური უკმარისობის ჩამოყალიბებით მთავრდება. ქრონიკული ვენური უკმარისობა ქვედა კიდურებში ვენური სისხლის შეგუბებით ვლინდება. მას განაპირობებს ვენების ვარიკოზი, ღრმა ვენების თრომბოზი, ვენური სისტემის თანდაყოლილი ნაკლოვანება.
ვენურ უკმარისობას იწვევს სიმსუქნე, ჰორმონული დარღვევები, მენჯის ღრუს სიმსივნეები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები და სხვა; ასევე: ორსულობა, ჭარბი წონა, ხანდაზმულობა, მემკვიდრეობა და ისეთი სამუშაო, როცა ადამიანს დიდხანს უწევს ფეხზე დგომა ან ჯდომა.
ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ახასიათებს ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, რაც სიარულის დროს თითქოს ქრება, ტკივილი ვენების გასწვრივ, ქვედა კიდურების შეშუპება, გაგანიერება და დაბერილი ვენები, წვივზე ტროფიკული წყლულის გამოჩენა და ასე შემდეგ.
იმისთვის, რომ ქრონიკული ვენური უკმარისობა არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა, აკონტროლოთ წონა, გაამდიდროთ საკვები სისხლძარღვებისთვის საჭირო ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა მწვანილი, ხილი, ბოსტნეული. მიიღეთ ნაკლებად მარილიანი, მწარე, სანელებლებიანი და შემწვარი კერძები. კარგია ცურვა, ველოსიპედით სიარული, თხილამურებით სრიალი, არ არის სასურველი კალათბურთის, ფეხბურთის ან ჩოგბურთის თამაში.
ეს რჩევები არა მარტო პროფილაქტიკისთვის არის საჭირო, არამედ, მაშინაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა უკმარისობა უკვე ჩამოყალიბებულია და ამით უნდა შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.