კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე უნდა შეიკავოს ადამიანმა მარხვაში თავი და შეიძლება თუ არა ყველანაირი სამარხვო კერძის მიღება

როგორც ცნობილია, აღდგომის მარხვას წინ ყოველთვის უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, სხვადასხვა კვირიაკეები. ერთ-ერთი კი ყველიერის კვირაა. ამ კვირაში ადამიანები არ იღებენ ხორცს და სწორედ ამ კვირაში იწყება ეფრემ ასურის ლოცვების კითხვა, რომელიც მხოლოდ დიდმარხვაში იკითხება. მარხვის დაწყების წინა დღე კი მიტევების დღეა და ამ დღეს ადამიანები, თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, სასულიერო პირებიც, სხვა ადამიანებისგან შენდობას ითხოვენ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).

– სხვადასხვა კატაკლიზმების, ომებისა და კრიზისების დროს, ადამიანები სრულყოფილად ვერ იცავენ მარხვას. ამიტომ დააწესა წმიდა ეკლესიამ დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რაც კიდევ უფრო უადვილებს ადამიანებს ამ მარხვის შენახვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანმა მარხვა თავისით არასდროს არ უნდა დაიწყოს, მან კურთხევა უნდა აიღოს მოძღვრისგან. ასევე, მოძღვარმა უნდა მიუთითოს მას, თუ რომელი ლოცვები წაიკითხოს ამ მარხვაში – დილისა და საღამოს ლოცვებისა და იმ კანონის გარდა, ეფრემ ასურის ლოცვებიც, რომლის წაკითხვაც ზუსტად ყველიერის სამშაბათ საღამოს იწყება.

დიდმარხვის დაწყების წინა დღე მიტევების დღეა. ადამიანი არ შეიძლება შეუდგეს მარხვას, მიიღოს ზიარება, გააკეთოს კეთილი საქმე და მას უამრავი მომდურავი ჰყავდეს. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, პატიება ვთხოვოთ, რათა ჩვენც შეგვინდოს უფალმა. ყველანი ჩვეულებრივი, მოკვდავები ვართ. თუ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს არ შევუნდეთ მცირე და დიდი შეცოდებანი, მაშინ არც უფალი შეგვინდობს ჩვენ. მაგრამ, თუ სხვებს გულწრფელად მივუტევებთ წყენას, უფალი ჩვენ ათმაგად შეგვინდობს, მოგვიტევებს და მოწყალება, შენდობა, კეთილი საქმე ასწილად დაგვიგროვდება. ამიტომ, კითხულობს მისი უწმიდესობა დიდი მარხვის დაწყების წინ საყოველთაო შენდობის ლოცვას, ითხოვს ყველასგან შენდობას. ეს მსახურება ყველა ეკლესიაში აღესრულება, სპეციალური, მიტევების განსაკუთრებული ლოცვები იკითხება და ეს არის დასაწყისი აღდგომის მარხვისა. ამ დღეს ხდება ასევე, გახსენება ადამის სამოთხიდან განდევნისა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დასაფიქრებელია. როდის დაკარგა ადამიანმა სამოთხე? დაკარგა მაშინ, როდესაც ცოდვაში ჩავარდა. ადამი და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში, სრულ ნეტარებაში. არ განიცდიდნენ არც სიცივეს, არც შიმშილს, სრულყოფილები იყვნენ და არ ჰქონდათ არანაირი საზრუნავი, რაზეც დღეს ცოდვილი ადამიანები ვზრუნავთ. როდესაც ევა აცდუნა გველმა, ხოლო შემდეგ ევამ – ადამი და როცა უფალმა ჰკითხა ადამს, სად ხარო, მან მაშინ ჩაიდინა უდიდესი ცოდვა-ამპარტავნება, რომელიც მთელ კაცობრიობას მოჰყვება დღემდე. მან უფალს უთხრა, შენმა მოცემულმა ქალმა მაცდუნაო. იმის ნაცვლად, რომ უფალთან მისულიყო და შენდობა ეთხოვა, აქეთ აყვედრა უფალს, ცილი დასწამა და ამპარტავნულად იმართლა თავი. ამიტომ, ეს დღე არის გახსენება იმისა, თუ რის გამო დაკარგა ადამიანმა სამოთხე, სრული ნეტარება. უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების შეცოდებანი და უნდა ვიცხოვროთ ღირსეული და პატიოსანი ცხოვრებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ ემსახურება მხოლოდ ადამიანის სულიერ განწმენდას, ფერისცვალებას. სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავებაა, რომ ადამიანი ებრძოლოს სხვადასხვა ვნებასა და ფიქრებს. ბოროტი ყოველთვის შემოდის ადამიანის გონებაში, გვებრძვის, ცდილობს, დაგვამარცხოს. ამიტომ, ლოცვა, მარხვა, სინანული და ზიარება ემსახურება იმას, რომ ადამიანი სულიერად იყოს ძლიერი, მტკიცე, ებრძოლოს ვნებებს, ბოროტს. რადგან ადამიანი ეკლესიაში დადის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილია და ყველა ვნება დაამარცხა. პირიქით, უფრო მეტად უნდა შეეცადოს, რომ გაძლიერდეს, განმტკიცდეს და უფლის შემწეობით ყველა ბარიერი გადალახოს. ამაში კი ლოცვისა და მარხვის მადლი აუცილებლად შეეწევა.

– ხშირად ადამიანები მიტევების დღეს შენდობას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ითხოვენ ერთმანეთისგან.

– სახარებაში, ასევე, „მამაო ჩვენოში“ წერია: მიუტევე და მოგეტევებაო. თუ არ მიუტევებ, არც შენ მოგეტევება. ნათქვამია, რომელი საწყაოთიც მიურწყავ, იმავე საწყაოთი მოგერწყვებაო. ამიტომ არასდროს უნდა ვითხოვოთ შენდობა მოვალეობის მიზნით და ასევე, მოვალეობის მიზნით არ უნდა შევუნდოთ სხვას. შეიძლება, ადამიანმა ჩვენი მხრიდან ვერ იგრძნოს ფარისევლობა, მაგრამ ამას უფალი ყოველთვის ხედავს და ცოდვას კიდევ ერთ ცოდვას ვუმატებთ. შესაბამისად, არ ვართ უფლის წინაშე მართლები. არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც ადამიანებმა ერთმანეთს უნდა სთხოვონ გულწრფელი შენდობა. შვილები დაწოლის წინ უნდა მივიდნენ მშობლებთან, სთხოვონ შენდობა, ასევე, დედმამიშვილებმა და საერთოდ, ოჯახის წევრებმა უნდა ითხოვონ ერთმანეთისგან შენდობა. ეს ძალიან კარგია და არ უნდა დაველოდოთ დიდი მარხვის დაწყებას. პატიება რომ სთხოვო ადამიანს თავადაც უნდა შეგეძლოს სხვისი პატიება და შენდობა. ასე რომ, ყველა ქრისტიანისთვის ყოველი დღე შენდობის დღე უნდა იყოს.

– მამაო, ადამიანები მარხვაში განსაკუთრებით ნაყროვანების ცოდვაში ვარდებიან.

– როგორც ცნობილია, ადამიანს ბოროტი ძალა სხვადასხვა ხილული და უხილავი იარაღითა და ვნებებით ებრძვის. ერთ-ერთი მათგანი არის ნაყროვანება. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი, ეკლესიის მრევლი, არა მხოლოდ ხსნილში, არამედ მარხვაშიც ვარდება ნაყროვანების ცოდვაში. ისინი ზომაზე მეტს იღებენ სამარხვო საკვებს და შესაბამისად, ვარდებიან ნაყროვანებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ადამიანის ხორცს სჭირდება მიწიერი ჭუჭყისგან გათავისუფლება, ასევე სჭირდება სულსაც გაწმენდა და გასუფთავება. ამისთვის კი, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მარხვის შენახვა, გემოთმოყვარეობასა და ნაყროვანებაზე უარის თქმაა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ეს ადამიანი სულიერად და გაძლიერდება. მარხვის არსი და დანიშნულება ისაა, რომ ადამიანმა მისი დაცვით ზოგიერთ საკვებზე უარის თქმით, გამოიმუშაოს ვნებებთან ბრძოლის სულიერი იმუნიტეტი, ნიჭი და უნარი. დღეს ძალიან ბევრი რამ გახდა სამარხვო – მაიონეზი, კატლეტი, ნამცხვრები, ტორტი, ნაყინი. მარხვა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დაუწესოს, რათა სხვადასხვა ვნებებით ბრძოლის, მათთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს. ჩვენ კი ამ დროს შევდივართ მაღაზიაში და ვყიდულობთ ყველაფერს სამარხვოს. ამიტომ, ჯობია, ადამიანმა იმაზე, რის მიღებაც მარხვაში არ შეიძლება, უარი თქვას. როდესაც მივირთმევთ ისეთ კერძებს, რომელიც მარხვაში აკრძალულია, სწორედ ამიტომ ვვარდებით ნაყროვანების ცოდვაში. როდესაც ადამიანი ყველანაირ კერძს მიირთმევს, ის შეიძლება სამარხვოც იყოს, ვეღარ აცნობიერებენ, მარხვაზე არიან თუ არა. აკრძალვის ფორმები ძალიან შესუსტდა და ადამიანებმა საკუთარ თავს ბევრის უფლება მისცეს. ამიტომ, ჯობია, მარხვა იყოს ღირსეული, სრულყოფილი, რამეთუ ვერც უფალს მოვატყუებთ და ვერც საკუთარ თავს. მარხვა სულიერ გაწმენდაში უნდა დაგვეხმაროს ფერისცვალებასა და ვნებებთან ბრძოლაში. მართლმადიდებელ ქრისტიანს მარხვასა და ხსნილშიც საკვების ზომიერად მიღება მართებს. ამაში იგულისხმება სასმლის მიღება, ძილიც, მოსვენებაც. შეიძლება მივირთვათ დღეში ორ-სამჯერ, მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა დავიცვათ ზომიერება. უნდა მივიღოთ მცირედი საკვები, რათა არ ჩავვარდეთ ნაყროვანების ცოდვაში. მარხვის გამოხატულება ის არის, რომ ადამიანი უნდა მიირთმევდეს მოკრძალებულად. სულ საკვებზე კი არ ფიქრობდეს, არამედ იმარხულოს, ილოცოს და საკუთარი სულის განწმენდაზე იზრუნოს. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი დღე მივუძღვნათ უფალს. ყოველი დღე მის მიმართ დიდების აღვლენით იწყებოდეს და მთავრდებოდეს.


скачать dle 11.3