მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა უფრო დიდი ცოდვაა – ჯვრისწერა მშობლების ნებართვის გარეშე, თუ ჯვარდაუწერელი თანაცხოვრება?
პასუხი: ეს ორივე საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მშობლების ნებართვა აუცილებელია, რათა ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულოს. მეორე მხრივ, ჯვარდაუწერელი თანაცხოვრებაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აქედან გამოსავალი ისაა, დაარწმუნოთ მშობლები, რომ ისინი უნებლიეთ, ცოდვის ხელშემწყობები გამოდიან. სთხოვეთ მათ შენდობა და მიიღეთ კურთხევა ჯვრის დასაწერად.
კითხვა: როგორც ახლახან გავარკვიე, ჩემი ნათლია თავად მოუნათლავი ყოფილა. ნათლობა ყველა წესის დაცვით შესრულდა, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა. ვითვლები თუ არა მონათლულად?
პასუხი: ნუ ინერვიულებთ, თქვენ მონათლულად ითვლებით, მეტიც, თუ თქვენი ნათლია ახლა მოინათლება, თქვენი სულიერი კავშირიც განახლდება.
კითხვა: შემიმჩნევია, რომ ზოგიერთი ადამიანი ისე მიდის საზიარებლად, რომ არც წირვა-ლოცვას ესწრება და შესაძლოა, არც ზიარებისწინა ლოცვები აქვს წაკითხული. უნდა ვაცნობოთ, თუ არა მოძღვარს, რომ ადამიანი უღირსად ეზიარება, რათა ის დავიცვათ ცოდვისგან?
პასუხი: აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ მოძღვარს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ გულწრფელი სურვილით, დაეხმაროთ მოყვასს და ამას არ უნდა ჰქონდეს დასმენის სახე. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისთვის – აუცილებელია, აღსარების თქმა, წირვა-ლოცვაზე დასწრება, თუ მარხვის პერიოდია, მარხვის დაცვა, მომდურავთან შერიგება, წყენის პატიება, წინა ღამით ცოლქმრული სარეცლის გაუზიარებლობა, ღამის თორმეტი საათიდან უზმოდ ყოფნა, ზიარებისწინა ლოცვების წაკითხვა და სხვა.
კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ფეხმძიმე. არც მე და არც ჩემი მეუღლე ეკლესიურები არ ვართ და არც მოძღვართან ვყოფილვართ. ცოდვაა თუ არა ჩვენი საქციელი და ხომ არ იმოქმედებს ეს ბავშვზე?
პასუხი: თქვენ დედობის სიხარულით უფალი გასაჩუქრებთ და რა თქმა უნდა, თუ აქამდე არ დადიოდით ტაძარში, ახლა უნდა იაროთ, ეზიაროთ, ილოცოთ. თქვენი ზიარებით, თქვენს პატარაზეც გადავა მადლი. ის სულიერად და ფიზიკურად უფრო ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ფეხმძიმეებს ეკლესია მარხვას უმსუბუქებს. აუცილებლად დაელაპარაკეთ მოძღვარს.