კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მაღალ მოდაში ყველაზე წარმატებული „ჯორჯიან გოდესი” და როგორ გახდა ის ცნობილი ბრენდების სარეკლამო სახე

კრისტინა ცირეკიძე, თმის ბუნებრივი ფერი – ქერა, თვალები – ცისფერი, დაბადებული 1983 წლის 14 ივნისს. ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს მშვენიერი და ძალიან წარმატებული კრისტინას მცირე დოსიეა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი მოდელია. წლების განმავლობაში ბევრ ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობდა, სხვადასხვა დროს მოდის წამყვანი ჟურნალების გარეკანზე იყო. კრისტინა დღესაც აქტიურად აგრძელებს სამოდელო საქმიანობას, ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტერვიუ წერილობით შედგა, ჩემზე მან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ამაში მკითხველი ინტერვიუს წაკითხვისას, თავადაც დარწმუნდება.

კრისტინა ცირეკიძე: დავიბადე 1983 წლის 14 ივნისს, ქალაქ ახალ ურენგოიში, ტიუმენის ოლქში. მამა გენადი ცირეკიძე წარმოშობით ტყიბულიდანაა, იმ დროს ის მუშაობდა ჩრდილოეთში. დედა – ანტონინა ცირეკიძე ტერნოპოლიდან, უკრაინიდან, მე დავიბადე შორეულ ჩრდილოეთში, იმ დროს იქ ჯერ კიდევ არ იყო სახლები და ეკლესია. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ ახალი ურენგოი ნამდვილი მეგაპოლისია.

ჩრდილოეთში მხოლოდ ერთი წელი ვცხოვრობდი, შემდეგ ტერნოპოლში გადავედით – უკრაინაში, სადაც დაიბადა ჩემი და, დიანა ცირეკიძე. უკრაინაში დავამთავრე სამი კლასი და შემდეგ გადავედით მამასთან მოსკოვში. ის უკვე იქ მუშაობდა, მაგრამ მოსკოვში დიდხანს არ დავრჩენილვარ, 9 კლასი დავასრულე და შემდეგ უკვე სკოლა საფრანგეთში პარიზში დავამთავრე.

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ხარ დაბადებული, ალბათ, თავს მაინც ქართველად მიიჩნევ. ბევრ საიტზე ეროვნების გრაფის გასწვრივ ქართველი, ზოგან კი რუსიც წერია.

– თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი და ეს მამაჩემის დამსახურებაა. არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ გამიგია, რომ მე „ჯორჯიან გოდესს“ მეძახიან, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ქუთაისში ცხოვრობს ჩემი ძალიან ბევრი ნათესავი. დღეს მამას აქვს საიტი SMI, „www.realfact.ru“, რომელიც სულ მალე საქართველოშიც გაიხსნება. მამაჩემის ამ საინტერესო ჩანაფიქრში პირდაპირ მონაწილეობას ვიღებ. ამ საიტზე იქნება ძალიან საინტერესო, აქტუალური თემები, რომელიც ყველასთვის საინტერესოა. დედაც ასევე დაკავებულია მოდის ბიზნესით. ის არის მოსკოვში ვიზაჟისტი – make-up artist. ჩემი და როკ -ვარსკვლავია. ის მოსკოვში, ჯგუფ Prinzessa Avenue-ში მღერის და უკრავს გიტარაზე.

– როგორ და სად დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?

– ამ სფეროში პირველი ნაბიჯები მამიდაჩემის, მედეა ცირეკიძისა და დედაჩემის დახმარებით გადავდგი. ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვში ვსეირნობდით, დავინახეთ განცხადება, რომ „ბურდა მოდენ” სამოდელო ბიზნესისთვის გოგონებს იღებს. იმისთვის, რომ სამოდელო კურსებზე მევლო, დედას და მამიდას მამას დასათანხმებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდათ. „ბურდა მოდენში” სამთვიანი კურსების შემდეგ, მე ამირჩიეს ფინალისტების დეფილესთვის, სადაც შემამჩნია ნატალია კრიმენსკაიამ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი კარიერის განვითარებასა და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში, ჯერ კიდევ პატარა გოგონაში, მომავალი ვარსკვლავი. მისი დამსახურებით ორ კვირაში აღმოვჩნდი პარიზში, სააგენტო IDOLE-ში. ეს იყო 1997 წელს, ზაფხულში როდესაც 14 წელი შემისრულდა. ამ დროს მე უკვე თავად წარვადგენდი საკუთარ თავს პარიზში. საერთოდ, ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა, ოჯახის მხრიდან მშობლები მუდმივად მაკონტროლებდნენ. ეს იყო მამაჩემის მთავარი პირობა, რასაც კი გავაკეთებდი, რაც მოხდებოდა ჩემს გარშემო, ის ყოველთვის საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. მე ვმუშაობდი როგორც მოდელი და პარალელურად, ვსწავლობდი. ჩემი კარიერის ბუმი იყო 6 თვის შემდეგ – „სონია რაკელის“ კატალოგის დამსახურებით, ამის შემდეგ მე გავხდი ვარსკვლავი. გავაკეთე ყველა შოუ და ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობდი.

– როგორც ვიცი, სხვადასხვა ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობდი, სხვადასხვა ქვეყნებშიც გიწევდა მუშაობა, ცხოვრება.

– როგორც უკვე გითხარით, კარიერა დავიწყე პარიზში, „აიდოლში” – ეს პერიოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება. ეს სააგენტო იყო პირველი ბიძგი, ჩემთვის როგორც ტოპ-მოდელისთვის, ასევე, სააგენტო იყო ჩემთვის ოჯახივით. ყველანი ერთად ვიყავით. მე სხვა ქვეყანაში არასდროს გავფრენილვარ გამცილებლის გარეშე. გოგონებს ყოველთვის ყურადღებას გვაქცევდნენ და გვეხმარებოდნენ. ახლა ასეთ რამეს ვეღარ ნახავ. შემდეგ მე გადავედი სააგენტო Marilyn-ში და დღემდე მათი ძალიან კმაყოფილი ვარ. მილანში ყოველთვის ვიყავი Why Not-ში. არაჩვეულებრივი ხალხია, ძალიან კარგი მეგობრები. ნიუ-იორკში უკვე 6 წელია, ვარ Trump-ში, აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და სასიამოვნოა მათთან საქმის დაჭერა.

– სირთულეები თუ შეგხვდა?

– სერიოზული სირთულეები არ ყოფილა. ძალიან გამიმართლა, ჩემი სააგენტო „აიდოლი”, სადაც სამოდელო საქმიანობა დავიწყე, ყოველთვის მეხმარებოდა ნებისმიერ სიტუაციაში.

– ძალიან დატვირთული ცხოვრების რიტმი გექნება.

– 14 წელია, რაც ამ ბიზნესში ვარ და არც ერთი წუთით არ გავჩერებულვარ. ასეთია ამ სამყაროს კანონი. 6 თვეს ვატარებ ამერიკაში – ნიუ-იორკსა და მაიამიში, დანარჩენ 6 თვეს კი – ევროპაში: პარიზში, მილანში, მოსკოვში. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ მე ვცხოვრობ თვითმფრინავში.

– როგორც ვიცი, კარიერის განმავლობაში, ძალიან ბევრი წარმატება გქონდა. შენი ფოტოები იბეჭდებოდა ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიც არის – „ოფისიელ,” „ვოგი,” „ამიკა”, „ელლ” და ასე შემდეგ. ასევე, თითქმის ყველა სამოდელი სახლთან თანამშრომლობდი, იყავი სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო სახე. მომიყევი, როგორია მათთან მუშაობა?

– ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჯონ გალიანოსთან თანამშრომლობა. მასთან მუშაობა, არა მხოლოდ სიამოვნება, სიგიჟე და ადრენალინის მიღებაა. არასდროს იცი, მისგან რას უნდა ელოდო. მისი თითოეული შოუ თეატრალური აქტია, გრძნობების ფოიერვერკი. შესანიშნავი ადამიანია. ასევე არასდროს დამავიწყდება კომპანია „მიუ-მიუსთან” მუშაობა, ეს მოხდა ლას-ვეგასში. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მე საცურაო აუზის თავზე ჩამოხრჩობილივით ვიყავი დაკიდებული. სპეციალურად ჩემთვის გააკეთეს თაბაშირის კორსეტი, ზემოდან კი მეცვა ტანსაცმელი. მავთულებითა და ამწით ყოველდღე, მორიგეობით ვეჭირე კუნთმაგარ მამაკაცებს. მხოლოდ მათი დახმარებით გადავრჩი მშრალი და მთელი. თუმცა, ამ გადაღებიდან ტანზე სახსოვრად დამრჩა უამრავი დაჟეჟილობა და ჰემატომა. კორსეტი კი განადგურდა. ასევე, ძალიან საინტერესო შოუ მქონდა ლუის ვიტონის კომპანიასთან. გადამიღეს ნამდვილ მელიასთან ერთად, დღემდე მახსოვს მისი სახელი – ლეა. მახსოვს, „ივ-სენ-ლორანის“ უკანასკნელი შოუ, რომელშიც მონაწილეობის პატივი მერგო მე. მოკლედ, ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია, მაგრამ მათ მოსაყოლად დიდი დროა საჭირო.

– ყველაზე მეტად, რომელ დიზაინერთან გიყვარს მუშაობა? ვის სამოსს ატარებ ყველაზე ხშირად?

– ჯონ გალიანო! ყოველდღიურ ცხოვრებაში მიყვარს მოსახერხებელი სამოსის ტარება – ვანესა ბრუნოს, იზაბელ მერენტისა და ბოლმეინის. ჩემთვის ყველაზე საყვარელი აქსესუარი „შანელის“ ჩანთებია. ეს არის ჩემი სუსტი წერტილი და მე კოლექციონერი უფრო ვარ, ვიდრე მომხმარებელი.

– გარდა არაჩვეულებრივი გარეგნობისა, კიდევ რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

– ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში მხოლოდ ჩემი ხასიათი, ბუნება დამეხმარა. ჩემმა ოჯახმა კი გამხადა უნიკალური. მე ვიყავი ერთადერთი ქართველი მოდელი დასავლეთში. შეიძლება ახლაც ასეა, რადგან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აქ არც ერთ ქართველ მოდელს არ შევხვედრივარ.

– შრომისმოყვარეც იქნები, მიზანდასახულიც.

– შრომისმოყვარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მამას, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც, როცა ჩვენ ოკეანე გვაშორებდა. მხოლოდ მას შეუძლია, გამამხნევოს და დამამშვიდოს. მე ერთ-ერთი ვარ იმ მოდელთაგან, რომელსაც აქვს ბედნიერი ოჯახი. გარდა ამისა, არის ისეთი რამ, რომელიც ყოველთვის გეხმარება – იცი, რომ სხვა სამყაროში, სხვა წერტილში შენ ყოველთვის გელოდებიან, უყვარხარ და ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებიან. აი, ეს არის ძალა!

– ფილმშიც ხარ გადაღებული?

– კინოც ჩემი ინტერესის სფეროა. შემომთავაზეს როლი კომედიაში, რომელიც იყო ჯეიმს ბონდის პაროდია. ფილმის „დუბლ ზერო” რეჟისორი გახლდათ ჯერარდ პირესი. ძალიან სახალისო იყო და რთული იმ მხრივ, რომ გადაღებები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ საფრანგეთში. გადაღებები ყოველთვის ღამე მიმდინარეობდა, ყველას ბუსავით მოგვიწია ცხოვრება. კინო ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სულ სხვა ბიზნესი და სამყაროა, სადაც მე მხოლოდ დებიუტანტი ვარ. მაგრამ, ამ იდეას არ ვანებებ თავს, ახლა რამდენიმე საინტერესო პროექტს ვეცნობი. ეს ჯერ საიდუმლოა.

– ერთი პერიოდი კარატეშიც ვარჯიშობდი.

– კარატე ჩემი ბიბლიაა, რომელიც ჩემთან „იყო” 11 წელი. ამ უნარს უკვე ვეღარ დაკარგავ, მაგრამ მას მხოლოდ სკოლაში ვიყენებდი, როდესაც ბიჭებთან ვჩხუბობდი. ძალიან სასაცილო იყო. მე მათ ყოველთვის ვუგებდი, თუ სერიოზულად მივუდგებოდით საქმეს. კარატემ მომცა საკუთარ თავის რწმენა, თავდაჯერებულობა. ახლა კი გატაცებული ვარ იოგათი. ამიტომ, არ ვამბობ უარს ყველა ქალაქში იოგის სხვადასხვა მიმართულება ვცადო. ეს ძალიან მეხმარება გავერთო, დავისვენო, საკუთარი თავის კონცენტრირება მოვახდინო.

– მაიამიში ცხოვრობ?

– მაიამი, სიმართლე რომ გითხრა, არის ადგილი, სადაც მოდელებს არაფერი აქვთ გასაკეთებელი. უბრალოდ, ეს არის სამოთხე, სადაც მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი შვილი – დიანა, ვისვენებთ და ვცხოვრობთ. ისე, მუდმივად ნიუ-იორკში ვარ. თუ არ ვმუშაობ, მაშინ სწრაფად ვჯდები თვითმფრინავში და მივდივარ შვილთან ერთად პლაჟზე. მაიამიში ჩემი სააგენტო არის „ფორდი.”

– როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

– ჩვენი ისტორია უბრალოდ ზღაპრულია. ჩემი მეუღლე იტალიელია, დაბადებული – მილანში. მე მას შევხვდი თვითმფრინავში, მილანი-პარიზის რეისზე. შემდეგი 2 წელი მან დახარჯა იმისთვის, რომ ჩემთვის ფოსტაში წერილები და დეპეშები ეგზავნა და, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ერთად ევახშმა, აი, ასეთი დაკავებული ვარ. იმ დროს მე მქონდა ძალიან მძიმე პერიოდი, ვამთავრებდი უნივერსიტეტს და მთლიანად ვიყავი სამსახურის საქმეებში ჩაფლული. საერთოდ ეს იყო ბედი. ის არ დანებდა. მაშინვე, პირველივე წუთებში მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ქალღმერთი. მე კი ვიცდიდი, თვალყურს ვადევნებდი, როგორც ნამდვილი პრინცესა. პირველივე შეხვედრის შემდეგ, ჟენიამ მომხიბლა. მან მაჩვენა იტალიის მთელი სილამაზე, პირველად – ვენეცია. ამის შემდეგ ის უკვე ჩემმა მშობლებმა დაპატიჟეს. მამა მისით ძალიან მოიხიბლა და დაგვლოცა. ჟენია ბიზნესმენია, ის ჩემზე მეტს დაფრინავს. ჩვენი გოგონა 21 თვის არის. ის არის ჩვენს ცხოვრებაში სინათლის სხივი. არც კი ვიცი, მის გარეშე რას ვაკეთებდით. მას მშობლების გარეშე არასდროს ვტოვებთ და სულ ჩვენთან ერთად მოგზაურობს. მას უკვე გამოუმუშავდა ახალ გარემოსთან საოცარი ადაპტაციის უნარი. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ასეთი გზით ის იქნება ძალიან გახსნილი, ფართო მსოფლმხედველობის, მოლაპარაკე მინიმუმ, 4 ბავშვურ ენაზე.

– ალბათ ხშირად დადიხარ სხვადასხვა ივენთებზე, პრეზენტაციებზე.

– „სვეცკური“ საღამოები სამოდელო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იქ შეგიძლია, ნახო თავისუფალ ატმოსფეროში სტილისტები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ ადგილებში ბევრ ადამიანს ხვდები. მაგალითად, მე ძალიან ვაფასებ სოფიკო ნიჟარაძესთან მეგობრობას. მიყვარს მისი ხმა. სოფიკო ჩემმა დამ გამაცნო. ისინი ერთად სწავლობდნენ მოსკოვში, გნესინების აკადემიაში. ასევე, გავიცანი სოფია შევარდნაძე და კატია გომიაშვილი.

– თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გაქვს?

– კი, ძალიან ცოტა და როგორც კი გამომიჩნდება, ყოველთვის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვარ. აი, აქედან ვიღებ ენერგიას.

– რა არის შენი სილამაზის საიდუმლო?

– სპორტი და ჯანმრთელი საკვები – ეს არის ამ ყველაფრის საიდუმლო. ყველას ვუსურვებ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. ეს ღმერთის წყალობაა. კიდევ ვუსურვებ შვილებს და ჯანმრთელობას.


скачать dle 11.3