კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა ბექა ჯანაშიამ საფრანგეთში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის 6 ნახატი და როგორ ერთობოდნენ ის და მარიტა ჯანაშია მთვარიან ღამეში

პირველად, როდესაც მოქანდაკისა და მხატვარ ბექა ჯანაშიას ნახატები ვნახე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საოცარი ფერები, დახვეწილი ფიგურები, ღრმა შინაარსი, დიდი ემოციები – ეს ყველაფერი ბექას ნახატებში კარგად ჩანს და ადამიანის ემოციებსა და შეგრძნებებზე მოქმედებს. ბექა მშვენიერი მარიტა ჯანაშიას მამაა. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საკუთარი ოჯახი განსაკუთრებულად ენატრება.

ბექა ჯანაშია: ორ წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ. პარიზიდან გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით სამი მოწვევა მქონდა. თბილისში ყოფნისას, პარიზის სამხატვრო გალერეებს გავუგზავნე ნახატები. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე მაშინ გამგზავრება. თუმცა, მერე ჩემით ჩამოვედი. ახლა ვცხოვრობ ლე ჰავრში.

– სად მუშაობთ?

– საფრანგეთში რომ ჩამოვედი, თეატრებს დავუკავშირდი – ავუხსენი, ვინ ვიყავი. საქართველოში თეატრში ვაკეთებდი დეკორაციებს, კოსტიუმებს და აქაც ამ კუთხით ვმუშაობ. კრიზისის გამო, თეატრებს ყველგან უჭირს. ძალიან ბევრი თეატრი იხურება. თუმცა, ქალაქში არის რამდენიმე თეატრი, რომლებიც მერიისგან ფინანსდება და მათთან მაქვს ურთიერთობა. რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავე.

– გამოფენებს არ აწყობთ?

– ორი გამოფენა მქონდა, კარგად ჩაიარა. აქ გავიცანი ძალიან კარგი მხატვარი – თემო გოგია. აქაური ხალხი დავაინტერესეთ და 26 მაისთან დაკავშირებით, ვაპირებთ, გამოფენის მოწყობას. ჰავრის სამხატვრო უნივერსიტეტშიც ვიყავი, მინდოდა, მასწავლებლად მუშაობა, რადგან საქართველოში 13 წელი ვიყავი მასწავლებელი და ეს პროცესი მიყვარს. სამწუხაროდ, ევროკავშირის სტრატეგიიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირის ზონაში არ ხარ დაბადებული, მასწავლებლად ვერ იმუშავებ. მხოლოდ კერძო ინსტიტუტებშია ამის გაკეთება შესაძლებელი. თავს არასდროს მივიჩნევდი ტიპურ ქართველ მხატვრად, მეგონა, ფესვებს ცოტათი მოწყვეტილი ვიყავი და ამაზე ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ, როდესაც გამოფენაზე სტუდენტები შემოვიდნენ, მაშინვე თქვეს, როგორი ქართული მხატვრობააო. ეს დიდ კომპლიმენტად მივიღე. შემდეგ მათ მთხოვეს, იქნებ, ჩვენთან ერთად იმუშაოთ და, გვასწავლოთ, აქაური სწავლის პრინციპით არ ვართ კმაყოფილიო.

– არ ყიდით ნახატებს?

– არასდროს ვყოფილვარ კომერციული მხატვარი. სულ მეხვეწებოდნენ, შენთვის დახატე რაც გინდა, დანარჩენი გაყიდეო. თუ გინდათ, არაპროფესიონალი მიწოდეთ, მაგრამ რამდენჯერაც ვიფიქრე, რომ გასაყიდად უნდა დამეხატა, საშინელი გამოვიდა. გავანადგურე, რომ არავის ენახა.

– თქვენს ნახატებში ძალიან ბევრი ემოცია, შეგრძნებები და საოცარი ფერებია.

– ახლაც ბევრი რამ მაქვს დაგროვილი, პატარა საქმეებს მოვაგვარებ და მერე ჩავუჯდები – დავხატავ ახალ ნახატებს. თქვენ რაც ნახეთ, ისინი ჩემთვის უიმედოდ მოძველებული და არაფრის მთქმელია. ასე რომ, მომავალი ნახტომისთვის ვემზადები.

– ახალ ნახატებში, განსხვავებული ემოციები გექნებათ, ნოსტალგიური, ოჯახის მონატრებით განცდილი.

– არ ვიცოდი, თუ მონატრებას ფიზიკური ტკივილი შეძლებია. მეგონა, ეს მხოლოდ სულიერი ტკივილი იყო. კარგი იქნებოდა, ეს არ განმეცადა, მაგრამ არა უშავს, როგორც ბიბლიაში წერია: არის თესვის დრო და მოსავლის აღების. ახლა თესვის დროა.

– ახლახან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო თქვენი ნახატებით გააფორმეს. როგორ მოახერხეთ საფრანგეთიდან ამ ყველაფრის გაკეთება?

– საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა ტენდერი. ჩემს მეგობარ ზვიად სინაბიძეს ნანახი ჰქონდა ჩემი ნახატები. მე საქართველოში არ ვარ ისეთი ცნობილი, რომ პირდაპირ დამკავშირებოდნენ. ამიტომ, ზვიადმა უთხრა მათ, რომ არსებობს ასეთი და ასეთი ადამიანი და მისი ნახატებიც განიხილეთო. საბედნიეროდ, მოხდა ჩემი ნახატების განხილვა. ეს ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო, რადგან საქართველოში არასდროს არაფერი მომიგია. მინდა, ჩემს მეუღლეს გადავუხადო დიდი მადლობა. მის გარდა არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ამხელა შეკვეთის საფრანგეთიდან გაკეთება. არც ზვიადს სჯეროდა, არც – მე. ქეთისაც ვეუბნებოდი, მანდ ვინმეს მისცენ, იმან გააკეთოს-მეთქი, მაგრამ, ქეთიმ არ დათმო და ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ფაქტობრივად, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა. ტენდერში, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მხატვარი მონაწილეობდა. ყველა ნამუშევარი ძალიან კარგი იყო, უბრალოდ, როგორც ამიხსნეს, სტილისტურად მათ მოთხოვნას ყველაზე მეტად ჩემი ნამუშევრები ემთხვეოდა.

– რამდენი ნახატი შეასრულეთ?

– სულ 6 ნამუშევარია. მე ძველებური მრავალფენიანი ფერწერის პრინციპით ვმუშაობ. მიყვარს, ეს პრინციპი და არასდროს ვღალატობ. ნამუშევარი მოიცავს მინიმუმ 6-7 ფენას, რასაც გაშრობა სჭირდება და შესაბამისად, ბევრი დრო მიდის. ნახატები, გარკვეულწილად, ისე არც გამიკეთებია, როგორც ამას ჩემთვის დავხატავდი, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მზადდებოდა და უნდა ყოფილიყო გათვლილი ყველანაირ აღქმაზე. ამიტომ, ჩემი პირადი მიდრეკილებები – ზედმეტად ემოციური, წერის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, „დავატორმუზე” და შედარებით მშვიდი ხელით გავაკეთე.

– ხატვა, ალბათ, ბავშვობაში დაიწყეთ. როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას მშობლები?

– რომ ვთქვა, ეს პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე-მეთქი, არ იქნება სწორი. სულ თემო გოცაძის ნახატების ყურებაში გავიზარდე. თემოს ნამუშევრებს ვაღმერთებდი, ის იყო ჩემთვის იდეალი კაცობაშიც, მხატვრობაშიც, ყველაფერში. ამიტომ, შორს არ წავედი და ხელი მხატვრობას მოვკიდე. სამაგიეროდ, დედა იყო წინააღმდეგი. არ უნდოდა, შვილის ხელოვნებაში გაშვება, მისი დაღუპვააო და სწორიც იყო. მეც, მერე ბევრჯერ ვინანე, რომ არ დავუჯერე. ეს ფაქტობრივად, წამების გზაა.

– პატარა მარიტაც გყავთ დახატული.

– მარიტუნას პორტრეტს „ინფანტა მარიტა” დავარქვი. ველასკესის ინფატას კაბა ჩავაცვი, ძალიან უყვარდა და საჩუქარი გავუკეთე. არსებობს ნახატები, რომლების ხატვა შეგიძლია თუ არა, თითქოს თავისთავს თვითონ ხატავს. ასე იყო ეს ნახატიც. მერე, როდესაც განმეორება ვცადე ახლოსაც არ მივიდა მასთან. ამ ნახატში მივიღე პირველი ჯილდო – საუკეთესო დებიუტისთვის.

– დედას, ალბათ, დაჰყვებოდით თეატრში?

– როდესაც დავიბადე, ტელევიზიაშიც გამომაცხადეს, მარინა ჯანაშიას შვილი ეყოლაო. მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც ბერნარდა ალბა ვნახე. მარინა თამაშობდა მარდილიოს როლს. ასეთი სცენაა – ბერნარდა სცემს მარდილიოს. ბერნარდა ჩემთვის იყო მტერი, ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სპექტაკლი, რომ შური მეძია დედაჩემის გამო. მარინას სულ ჩემი დაწყნარება უწევდა. ჩემი პირველი მოგონება დეკორაციასთან დაკავშირებით იყო „კავკასიური ცარცის წრის” თეთრი ცხენი. ეს გახლდათ ჩემთვის მონსტრიც, აუხსნელი რაღაც, ერთდროულად ფანტომიც, ურჩხულიც და კეთილი ზმანებაც.

– არ გიფიქრიათ მსახიობობაზე?

– აქ, თეატრში შემომთავაზეს, სცენაზე ხომ არ გახვალო, მაგრამ ვუთხარი, ეს არასდროს მოხდება-მეთქი.

– ასე მგონია, ქალბატონი მარინა ძალიან კარგი დედა იქნებოდა, მისგან სულ სიმშვიდე მოდის, საოცრად გაწონასწორებული ადამიანია.

– დედა ყველას უყვარს, მარინა არის ადამიანი, რომლის გვერდით თავს სამოთხეში გრძნობ, თუნდაც ყველაფერი თავზე გენგრეოდეს. დედას აქვს საოცარი ნიჭი, მის გვერდით მდგომ ადამიანებს, შეუქმნას ხელშეუხებლობის, საოცარი სიმშვიდის სამყარო. გგონია, იქიდან რომ გახვალ, შეგცივდება, ცუდი რაღაცეები მოხდება, გაიყინები. მსგავს ურთიერთობას ვერსად ნახავ.

– არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ. როგორ შეხვდა დედა თქვენი და ქეთის ურთიერთობას?

– მარინა ყოველთვის ჩემი დიდი მეგობარი იყო. რომ ნახა, ძალიან შეყვარებული ვიყავი და ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა, დათმო თავისი პოზიცია. პოზიციაში ვგულისხმობ იმას, რომ მაშინ მეც და ქეთიც 21 წლისანი ვიყავით და ფიქრობდა, ჩვენთვის ადრე იყო ოჯახის შექმნა. ათჯერ რომ დავიბადო, ათჯერვე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ ჩემს შვილსაც ამას ვურჩევ – ჯერ ადრეა. ქეთისთან ურთიერთობას მარიტუნას დაბადება მოჰყვა. დღეს ამ ორი ადამიანის ჩემს გვერდით ყოფნის ფასი, არაფერია, არც მხატვრობა და არც სხვა რამ.

– როგორი იყო პატარა მარიტუნა? ალბათ, ისეთივე კარგი და საყვარელი, როგორიც ახლაა.

– ყოველთვის ძალიან საყვარელი იყო. პირველად სამშობიაროდან, რომ გამოვიყვანე, გავხსენი, დავხედე, იმ მომენტიდან ჩემთვის დედამიწის ზურგზე უფრო მშვენიერი არსება არ არსებობდა. ეს დღემდე ასეა. მარიტას ამბები რომ მესმის, სიამაყის გრძნობა მეუფლება და კიდევ იცი, როგორი გრძნობაა – საოცარ კონცერტზე რომ დაგაგვიანდება და ის კონცერტი უშენოდ ჩატარდება. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, მე რა ნაბიჯიც გადავდგი, ეს როდისმე ჩემს შვილსაც გამოადგება.

– ვიცი, რომ კარგი მეგობრები ხართ.

– მიხარია, რომ ის ძალიან თავმდაბალია, თან ისეთი, რომ ვეუბნები, ასეც არ შეიძლება-მეთქი. ერთხელ, საუბრის დროს ვუთხარი, მიხარია, რომ სწორი რეაქციები გაქვს და ეს არ გაძლევს იმის საშუალებას, რაღაც აგივარდეს თავში-მეთქი, საოცარი ფრაზა მითხრა, რაც სულ გულს მითბობს – იმიტომ, რომ შენი გაზრდილი ვარო. ბავშვობაში ასეთი გასართობი გვქონდა, სავსე მთვარის დროს აივანზე ვსხდებოდით და ყველაფერზე ვსაუბრობდით. ყველაზე მეტად ეს საუბრები გვაკლია. მარიტა საკმაოდ ინტერესიანი და ნიჭიერია. სამოდელო კარიერა მის გარეგნობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ვიცნობ შინაგანად, როგორი ნიჭიერია. ბავშვობაში, როდესაც რაღაცას ვხატავდი, ადვილად იმეორებდა, ამყვებოდა ხოლმე, მაგრამ ერთ მომენტში, როცა მკაცრად ვუთხარი რაღაც, გამებუტა. მითხრა, მე არასდროს დავხატავო და აღარ დაუხატავს. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ მათემატიკაში ძალიან ნიჭიერია. არადა, სულ ვშაყირობდით. მარიტა და მათემატიკა – სასაცილო თემა იყო. მათემატიკის მასწავლებელი ავუყვანეთ, მან კი ისე შეაყვარა, რომ ერთხელ შევედი სამზარეულოში და ასეთ სცენას შევესწარი, მარიტა უსმენს მუსიკას, ერთი ხელით წერს მესიჯებს, მეორეთი კი ფორმულებს. ერთი ფორმულა რვეულის ერთი გვერდი იყო. ეს ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია. როდესაც მსახიობობა გადაწყვიტა, არც მაშინ შემიშლია ხელი. სხვათა შორის, ადრე გვითხრეს, რომ მის ჰოროსკოპში ასე წერია – არ სჭირდება ამ ბავშვს ჭიდაობა. ყოველთვის უნდა უსმინო, რა უნდა, პატარა-პატარა ნაბიჯებით ყველაფერს გააკეთებს და მიაღწევსო. ეს დღემდე გვახსოვს და სულ ვითვალისწინებ.


скачать dle 11.3