კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის დაკავებული ბენო ჯიჯიაშვილის მარიონეტების ჩაცმა-დახურვით

ბენო ჯიჯიაშვილის მარიონეტების კოლექცია დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თუ როგორ და რა ხნის განმავლობაში იქმნებოდა ეს კოლექცია და რამდენი მარიონეტის ავტორია თავად, ჩვენი რესპონდენტი დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს.

ბენო ჯიჯიაშვილი: ბევრი წლის წინ სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი. მაშინდელი წესით, თუ სამუშაო სტაჟი გქონდა, მისაღები გამოცდების დროს გარკვეული პრივილეგიით სარგებლობდი. თავდაპირველად ამ მიზნით დავიწყე რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სახელოსნოში მუშაობა და აღმოვაჩინე, რომ მოვხვდი ჩემთვის საინტერესო სამყაროში. მაშინ დაახლოებით 19 წლის ვიყავი. ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი. გარკვეული ხნის შემდეგ ისე მოხდა, რომ ვინც იქ ვმუშაობდით, სცენაზე აღმოვჩნდით. მახსოვს, პირველი სპექტაკლი იყო „ალფრედი და ვიოლეტა”. დრო გადიოდა და ჩვენ უკვე გასტოლებზეც დავიწყეთ სიარული. ბევრი მიწვევა გვქონდა. გარკვეული ხნის შემდეგ ისე ვართმევდით ამ ყველაფერს თავს, რომ ედინბურგის ფესტივალზეც კი აღმოვჩნდით.

– ამ პერიოდში შეიქმნა თქვენი პირველი მარიონეტი?

– არც მახსოვს, პირველი თოჯინა როდის და როგორ გავაკეთე. რომელიმე თოჯინა ამ თეატრში თავიდან ბოლომდე არ გამიკეთებია. თუ რამე დაუზიანდებოდა, შევაკეთებდი ხოლმე. როდესაც თეტრიდან წამოვედი, მაშინ დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა. მოხდა ისე, რომ გარკვეული კონფლიქტის გამო, მთელი დასი წამოვედით მარიონეტების თეატრიდან და შევქმენით „მეთოჯინეთა კლუბი”. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე დამოუკიდებლად თოჯინების შექმნა.

პირველი სპექტაკლი, რომელიც ჩემი თოჯინებით შესრულდა, იყო „მუ”. ეს გახლდათ ამაღელვებელი ისტორია ძროხებზე. მიმაჩნია, რომ მარიონეტების შექმნა ძალიან შრომატევადი საქმეა.

– რა მასალისგან და როგორ მზადდება მარიონეტი?

– მარიონეტს უნდა ეხრებოდეს ყველა სახსარი და, აქედან გამომდინარე, სასურველია კარგი „მუშა თოჯინა” ხისგან შეიქმნას. ძალიან კარგი მასალაა ცაცხვი. ვამზადებ ქსოვილისა და პაპიე-მაშესგანაც, თუმცა ხის ფაქტურა განსაკუთრებით მომწონს. ალბათ, ამიტომ, ხისგან დამზადებულ მარიონეტებზე მინიმალური რაოდენობით ვხმარობ საღებავს. მარიონეტის შექმნისას მნიშვნელოვანია წონის გადანაწილება, რათა კარგად იმოძრაოს. საკმაოდ რთული შესაქმნელია.

– რა პერიოდი სჭირდება ერთი თოჯინის შექმნას?

– დაახლოებით ორი კვირა. თავდაპირველად ვუთანხმდები რეჟისორს, როგორი გმირი უნდა შევქმნა სცენარის მიხედვით. ვხატავ ესკიზს, ვაჩვენებ და, თუ რამეა შესაცვლელი, ვცვლი. ამის შემდეგ, უკვე ესკიზის მიხედვით ვქმნი მარიონეტს. თუ ჩემთვის ვაკეთებ რამეს, ვენდობი მხოლოდ ფანტაზიას და ესკიზი ამ შემთხვევაში არ მჭირდება.

მინახავს თოჯინები, რომლებიც კონკრეტული პიროვნების დაპატარავებული ვარიანტია. მე არავის ვაკნინებ, მაგრამ, მგონია, უკეთესია, თუ გაშარჟებულ, გროტესკულ ვარიანტს შევქმნით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომწონს. მიმაჩნია, რომ უარყოფითი პერსონაჟიც უნდა იყოს მომხიბვლელი.

– პოლიტიკოსების თოჯინებს თუ ქმნით?

– თუ სურვილი გამიჩნდა, შემიძლია, შევქმნა, ერთხელ გამოფენისთვის გავაკეთე „კონდოლიზა რაისი“ ხევსურულ ტანსაცმელში და გამოფენიდან სახლამდე ვეღარ მოვიტანე, არჩევნის საშუალება არ დამიტოვეს – გავყიდე. ერთ-ერთი სპექტაკლისთვის გავაკეთე სეზარია ევორა – ბრაზილიელი მემღერალი, იცით, ალბათ.

– ამ მარიონეტების ჩაცმა-დახურვაზე ვინ ზრუნავს?

– მნიშვნელოვანია, რომ, ვინც ტანისამოსს უკერავს ამ თოჯინებს, გახლავთ ჩემი მეგობარი მანანა აბზიანიძე. ტანსაცმელს ბევრი კერავს, მაგრამ იმ თოჯინის შემოსვას, რომელსაც ყველა სახსარი უმოძრავებს, გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რომ ტანისამოსიც მოარგოს და მოძრაობაშიც არ შეიზღუდოს.

– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

– ჩემი გამოფენები ძირითადად სპექტაკლებია. გარდა ამისა, უცხოეთში მაქვს ხოლმე ხშირად მიწვევა გამოფენა-გაყიდვებზე. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებით მომწონს, ვერ შეველევი, ისინი ჩემი პირადი კოლექციის ნაწილია.

– სპექტაკლები ვახსენეთ, ახლა რაზე მუშაობთ?

– სულ ბოლოს გავაკეთე სპექტაკლი „ტყუილი მართალი”, რომლის რეჟისორია ზურა ქიქოზე. ეს სპექტაკლი ეკოლოგიის თემაზეა და ვთამაშობთ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში. მაინტერესებს, როგორ მიიღებენ როგორც სპექტაკლს, ასევე, ჩემს მარიონეტებს.

– ვისი აზრია თქვენთვის მისაღები თქვენს ნახელავთან დაკავშირებით, ან, სხვანაირად რომ გკითხოთ, ვინ არის პიროვნება, ვის კრიტიკას, ან რჩევას იღებთ?

– ხშირად მინახავს სალონებში უხარისხო თოჯინები, რომელსაც მყიდველი მაინც ჰყავს. ის, ვინც ამ საქმეში კარგად ერკვევა, მისი აზრი ჩემს ნამუშევართან დაკავშირებით ყოველთვის მაინტერესებს.

– დღეისთვის რამდენი თოჯინის ავტორი ხართ?

– ზუსტად არ ვიცი, ალბათ, ორასზე მეტის, ნაკლები ნამდვილად არა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– მრავალი წელია, რაც მარიონეტებს ვაკეთებ – ეს არის ჩემი საქმე. ბევრისგან გამიგონია: ეს ჩემი ჰობია, მაშინ ვისვენებ, როცა ამას ვაკეთებო. ჩემი აზრით, თუ ისე ქმნი, რომ თან ისვენებ, – არ მგონია, რომ შეიქმნას რაიმე ფასეული. მე, მაგალითად, ვიღლები, როდესაც ვქმნი, მაგრამ – სასიამოვნოდ.




скачать dle 11.3