ინტიმური საუბრები
ჩემი უფროსი მავიწროებს
ჩემმა მეგობარმა რეკომენდაცია გამიწია თავის დირექტორთან და სამსახურში მომაწყო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემი მუშაობა მოსწონდა უფროსობას და დაწინაურებასა და ხელფასის მომატებასაც შემპირდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამისთვის მხოლოდ საქმის ცოდნა და ერთგულება არ ყოფილა საკმარისი. განყოფილების უფროსი, რომელსაც ოჯახი აქვს და ლამის ჩემხელა შვილები ჰყავს, ბოლო ხანებია, რაღაც სხვანაირად მიყურებს. უფრო სწორად, სხვანაირად მექცევა: ყველაფერს მიწუნებს, ყოველ მეორე დღეს თავის კაბინეტში მიბარებს, რომ საყვედური მითხრას ან შენიშვნა მომცეს. მოკლედ, ყოველ წუთში გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რადგან მართლა თავს ვაკლავ საქმეს, მერე კი, მისი ასეთი გადაკიდება სხვებმაც რომ შეამჩნიეს, ერთმა თანამშრომელმა გოგონამ მითხრა – თუ გინდა, წინ წახვიდე და რამეს მიაღწიო, მაგისი საყვარელი უნდა გახდე. ყველა ახალმოსულ გოგოს, თუ გარეგნობით მოეწონა, ასე ექცევა, სანამ არ მიახვედრებს, რაც უნდაო. ამ სიტყვებმა, რომ იტყვიან, დამშოკა. მერე გამახსენდა, რომ ჩემი მოსვლიდან, დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ვითომ სხვათა შორის, შესვენებაზე სადილზე დამპატიჟა, მაგრამ არ წავყევი. უფრო იმიტომ, რომ მომერიდა, თორემ, ცუდი ნამდვილად არაფერი მიფიქრია. მეორედაც დამპატიჟა, მაგრამ, ვერც მეორედ წავყევი – მართლა ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა და იმ დღეს საერთოდ ვერ გავედი შესვენებაზე. მას კი ეს პროტესტად ჩაუთვლია და იმიტომაც გადამეკიდა. თუმცა, რომ მივმხვდარიყავი, რა მიზნები ამოძრავებდა, უფრო მკვეთრად და აგრესიულად ვეტყოდი წაყოლაზე უარს. ახლა კი ჩემი კარიერა კი არა, საერთოდ, სამსახური, ბეწვზე კიდია: ან უნდა დავეთანხმო, ან – წამოვიდე. ცხადია, წამოვალ, რადგან, ასე რომ არ მოვიქცე, ვერასოდეს ვაპატიებ თავს და მერე მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო.
ლალი, 24 წლის.
წლების შემდეგ მივხვდი, რომ არჩევანში შევცდი
მე და ია ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ – ერთ მერხზე ვისხედით სკოლაშიც და ინსტიტუტშიც. სამსახურშიც ერთად მოვეწყვეთ, უფრო სწორად, ერთ სამსახურში დავიწყეთ მუშაობა, სადაც უამრავი ბიჭი მუშაობდა. შესაბამისად, თაყვანისმცემლები არც ერთს არ გვაკლდა, მით უმეტეს, რომ საკმაოდ სიმპათიური გოგონები ვიყავით.
თავიდან თავბრუ დაგვახვია ამდენმა თაყვანისმცემელმა, მერე კი თანდათან დავიწყეთ „გაცხრილვა” და ბოლოს ჩვენი რჩეულებიც გამოიკვეთნენ: მე გუგა შემიყვარდა – ჩვენი განყოფილების „ტვინი”, როგორც მას უფროსი ეძახდა. გუგა ძალიან სიმპათიური, სერიოზული და ჭკვიანი ახალგაზრდა გახლდათ, თან, ძალიან დახვეწილი, „რაფინირებული ინტელიგენტიო”, რომ იტყვიან, ზუსტად ისეთი. მასთან თავს ოდნავ დაძაბულად კი ვგრძნობდი. მაგრამ, ძალიან მსიამოვნებდა მის საზოგადოებაში ყოფნა. სიამაყით ვიყავი სავსე, როცა სადმე მივდიოდით და ყველა შურით გვაყოლებდა თვალს. გოგოები ხომ მთლად ვენებს იჭრიდნენ, რომ ასეთი სასურველი და პერსპექტიული საქმრო ასე მოულოდნელად გამოეცალათ ხელიდან. გუგას ყოველი ნაბიჯი და ყოველი სიტყვა, ზომიერი და გაზომილი ჰქონდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდად არც საჩუქრებით მანებივრებდა (მხოლოდ ყვავილები, ისიც – დღესასწაულებზე), არც სიურპრიზები ეხერხებოდა და არც ქათინაურებს მაფრქვევდა თავზე, მაგრამ მისი დახვეწილი მანერები, მისი ნიჭიერება, ადგილი საზოგადოებაში, ჩემს პატივმოყვარეობას მთლიანად აკმაყოფილებდა. თანაც, მართლა მიყვარდა და ვგრძნობდი, რომ მასაც ვუყვარდი. მართალია, გულში რაღაც წერტილივით დანაკლისი მქონდა, მაგრამ, რადგან გუგამდე არავინ მყვარებია და არავის ვყვარებივარ, აქედან გამომდინარე, შედარების საშუალებაც არ მქონდა – მეგონა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, ამაზე არც ვდარდობდი, არც ვფიქრობდი და თავი უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა. მით უმეტეს, რომ ჩემი მშობლებიც გიჟდებოდნენ სიძეზე.
რაც შეეხება იას, მისმა არჩევანმა ისე გამაოცა, კარგა ხანს გონზე არ ვიყავი. ისეთ რესპექტაბელურ, სიმპათიურ და პერსპექტიულ ბიჭებს მოსწონდათ, არჩევა გაგიჭირდებოდათ, იამ კი მათ შორის, ასე ვთქვათ, ყველაზე ნაკლები მონაცემების ბიჭი შეარჩია – რაიონიდან ჩამოსული, ნაქირავებში მცხოვრები, მეხუთეკურსელი შოთიკო, რომელიც ჩვენი სამსახურის დაცვაში მუშაობდა. გარეგნობით ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ იას ნამდვილად არ შეეფერებოდა. ვბრაზდებოდი კიდეც, როდესაც ვხედავდი, როგორ ევლებოდა თავს ის ბიჭი ჩემს განებივრებულ დაქალს. მიკვირდა, ნეტავი, რამის იმედი თუ აქვს, ასეთ გოგოს ეარშიყება-მეთქი. მოკლედ, ია შოთიკოს გაჰყვა ცოლად. იას მშობლებს, ცხადია, არ მოეწონათ ღარიბი სოფლელი ბიჭი სიძედ, მაგრამ, მათმა ქალიშვილმა ქვა რომ ააგდო და თავი შეუშვირა, დიდი წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. იფიქრეს, წესიერი ბიჭი ჩანს, ჩვენს ჭკუაზე გამოვზრდითო და თავიანთ ბინაში ცხოვრება შესთავაზეს – ოთხ ოთახში ყველა თავისუფლად დავეტევითო. მაგრამ, შოთიკომ თავაზიანი უარი უთხრა – ზედსიძე ვერ გავხდებიო. ცოლის შერთვისთანავე, მეორე სამსახურიც მოძებნა, საკმაოდ მაღალხელფასიანი და განვადებით ოროთახიანი ბინაც იყიდა. ისე მოაწყო, როგორც იას უნდოდა. ბავშვი რომ შეეძინათ, ძიძა აუყვანა – არ მინდა, ჩემი ცოლი ძალიან დაიღალოსო. კვირაში ერთხელ დამლაგებელიც დადიოდა მათთან. მერე იას მანქანაც უყიდა – როცა სახლში არ ვიქნები და რამე დასჭირდება, უფრო ადვილად მოაგვარებსო. ერთი სიტყვით, სულს უბერავდა ცოლ-შვილს. მართალია, აინშტაინის თეორიისა და მხატვრობის ან პოეზიის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ, ასეთი ქმრები თუ საერთოდ არსებობდნენ ბუნებაში, ვერ წარმომედგინა. მართალია, თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ, რასაც შოულობდა, სულ ცოლისთვის ემეტებოდა. თუმცა, ძმაკაციც ბევრი ჰყავდა და სუფრაც ხშირად იყო გაშლილი მათ ოჯახში. იას სულ არ ანაღვლებდა ის, რომ შოთიკო უბრალო ოჯახიდან იყო, ან, დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნიდა. ისეთი ბედნიერი სახე, იას რომ ჰქონდა, იშვიათად მინახავს. შოთიკო ცოლის მეგობრებსაც განსაკუთრებული პატივისცემით გვექცეოდა. ჩვენც სიურპრიზებს გვიწყობდა, გვახარებდა, გვამხიარულებდა და აუცილებლად თვითონვე ჩამოგვარიგებდა ხოლმე სახლებში. იასგან რომ ვბრუნდებოდი, აბსოლუტურად საპირისპირო განზომილებაში აღმოვჩნდებოდი ხოლმე: იდეალური სიჩუმე, სერიოზული და დაფიქრებული ქმარი, ხშირად უკმაყოფილო სახით და შენიშვნები: რაში გჭირდებოდა დამლაგებელი, შენ თვითონ რას მიკეთებ? რატომ უნდა უხადო ფული ვიღაც ქალს იმაში, რისი გაკეთება თვითონაც შეგიძლია (უნდა აღვნიშნო, რომ დამლაგებლის ფულს ყოველთვის დედაჩემი მიხდიდა) და ბოლოს, ამ შენიშვნებს „საქმიანი” რჩევა მოჰყვებოდა: არ ჯობია, ის ფული (ანუ დამლაგებლისთვის მისაცემი) დედაშენს შენ გამოართვა და სახლიც თვითონ დაალაგო და ქვაბებიც თვითონ დახეხო? ასეთი „რჩევა” პირველად რომ მომცა, მაშინ მივხვდი, სინამდვილეში ვინ იყო ჩემი „დახვეწილი” ქმარი და ჩემს თვალში ისეთ საბრალო არსებად, ისეთ არარაობად იქცა, რომ შევხედე, ვიფიქრე, ნეტავი, ეს კაცი ვინ არის-მეთქი.
მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ გამბედაობა არ მეყო, მისგან წავსულიყავი. ან, ვისთვის უნდა ამეხსნა გაყრის ნამდვილი მიზეზი. არ იტყოდნენ, „გარეკა“ ამ უბედურმაო?
ჰოდა, ვცხოვრობთ დღესაც ერთად, მაგრამ ერთმანეთთან, პრაქტიკულად, არაფერი გვაკავშირებს, შვილების გარდა. თუმცა, ალბათ, არც ესაა პატარა მიზეზი ერთად ცხოვრებისთვის.
ნანა, 29 წლის.
ჩემი შვილები ცოლის შერთვის უფლებას არ მაძლევენ
10 წელია, მეუღლე გარდამეცვალა – სრულიად მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა და ოთხ თვეში გამომეცალა ხელიდან. ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, მეგონა, ვერ გადავიტანდი. ერთი წელი ლოგინად ჩავვარდი, მერე ისეთ დეპრესიაში ვიყავი, არავის დანახვა აღარ მინდოდა, შვილებისაც კი. მაგრამ, გავიდა წლები და ტკივილი ნელ-ნელა მიყუჩდა, მეც დავუბრუნდი ცხოვრებას. თან, შვილებსაც ხომ სჭირდებოდათ მიხედვა?! უდედოდ დარჩნენ, დაობლებას ძალიან განიცდიდნენ და ახლა მეც რომ გულზე დამეკრიფა ხელები, ბავშვები სულ მთლად გადაირეოდნენ. ამიტომ, თავს ძალა დავატანე და თანდათან ფეხზე დავდექი. მალე შვილები სკოლას ამთავრებდნენ. მინდოდა, ასეთ დღეს მაინც ყოფილიყვნენ ბედნიერები და ისეთი ფოიერვერკი მოვუწყვე, დიდხანს ჰქონდათ მის მეგობრებს სალაპარაკოდ.
მოკლედ, ცხოვრება გაგრძელდა. ჩემმა შვილებმა სკოლაც დაამთავრეს, უმაღლესიც და დაოჯახდნენ კიდეც. ორივე ცალკე ცხოვრობს, ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავს და თავ-თავიანთ ცოლ-შვილს ვერ აუდიან, ამიტომ ჩემთან იშვიათად ახერხებენ მოსვლას. მე კი დავდივარ ორივესთან, მაგრამ ყოველდღე მისვლა მერიდება კიდეც – ხომ გესმით, მაინც რძლები არიან და არ მინდა, თავი შევაწყინო. არადა, ჯერ მხნედ ვგრძნობ თავს, ურთიერთობა მინდა, მინდა, მეგობარი მყავდეს გვერდით. ჩემი ძმაკაცებიდან ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგიც ისეა, რომ სახლიდან ვეღარ გამოდის. მეზობლებსაც ყველას თავისი საქმე აქვს და ვარ ასე მარტო. დავიღალე ჩემი სახლის წინ გაშენებული სკვერის წრეების დარტყმით და გაზეთების დაზეპირებით. ტელევიზორიც მომწყინდა – მე შენ გეტყვი, კარგს გაიგებ რამეს. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რაღაც კლუბები რომ არის, იქ ვიარო, გავიცნო ვინმე ქალბატონი და, თუ მის მიმართ გულგრილიც არ დავრჩი, ცოლადაც შევირთო. ეს რომ ჩემს შვილებს ვუთხარი, კინაღამ ჭკუიდან გადადგნენ – სად გავამხილოთ, რომ მამაჩვენი ამ ასაკში ისე ამჩატდა, რომ ქალების არშიყობა გადაწყვიტაო. ჯერ ერთი, არშიყობა კი არა, ცოლის შერთვა მინდა, მეორეც, რა არის ამაში გაუმხელელი, ვერ გავიგე. ჯერ 64 წლის ვარ. ჩემი ხნის კაცები აწი იწყებენ ცხოვრებას. თუ ჩემი შვილები ცოლის შერთვის უფლებას არ მომცემენ, მოხუცთა თავშესაფარში გავიპარები. ვიცი, იქ რომ მიგიღონ, საკმაოდ სოლიდური თანხაა გადასახადი, მაგრამ მე ჩემი დანაზოგი მაქვს. იმდენი კი მოგროვდა, რომ იქაც გადავიხადო და, რამე რომ მოხდეს, ჩემს დასამარხავადაც მოვიტოვო. სხვა თუ არაფერი, თავშესაფარში მარტოობაში მაინც არ ამომხდება სული.
ზურაბი, 64 წლის.
დედაჩემს ჩემი საქმრო არ მოსწონს
მყავს შეყვარებული, რომელიც ჩემზე 13 წლით უფროსია, მაგრამ, იმდენად კარგად გამოიყურება, რომ ყველას ტოლები ვგონივართ. მასთან ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ნამდვილი ჯენტლმენია, საოცრად მანებივრებს და სულ ფოიერვერკებს მიწყობს, მაგრამ დედაჩემი კატეგორიულად წინააღმდეგია, გოჩას გავყვე, რადგან ჩემამდე ორი ცოლი ჰყავდა და ორივესთან ორ-ორი შვილი ჰყავს. სხვათა შორის, შვილებთანაც და ყოფილ ცოლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და არაფერს აკლებს. დედა მიმტკიცებს, რომ გოჩა ჩვეულებრივი მექალთანეა და მე მისი მორიგი გატაცება ვარ, რაც რამდენიმე თვეში გაუვლის და მეც ისევე მიმატოვებს, როგორც ის ორი მიატოვა. მაგრამ მე ამის არ მჯერა, რადგან გოჩა მეუბნება, ძლივს შევხვდი ჩემი ოცნების ქალს და, ვინც არ უნდა გადაგვიდგეს წინ, მაინც ჩემი ცოლი გახდებიო. სხვათა შორის, არც გოჩას ოჯახია ჩვენი ქორწინების მომხრე: დედამისი ამბობს, დავიღალე ყოველ მეორე წელს რძლების მიღება-გასტუმრებითო; მამამისი ამბობს, მე ქორწილის გადამხდელი აღარ ვარ, მესამე ქორწილშიც იმავე კაცს ხომ არ ვათამადებ, დაიღალა ადამიანი პატარძლების სახელების დაზეპირებითო. მოკლედ, ორივე მხრიდან წინააღმდეგობას გვიწევენ ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ გულში ვგრძნობ, როგორი რისკია ასეთი კაცის ცოლობა, თანაც, როცა ამხელა ასაკობრივი სხვაობაა, მაინც ჩემსას გავიტან. იმაში მაინც ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ, თუნდაც ის რამდენიმე თვე უბედნიერესი ქალი ვიქნები. მერე კი, რაც მოხდება, მოხდება. აბა, ის ჯობია, ცოლ-ქმარი ასი წელი რომ ცხოვრობს ერთად და ქალს ერთი ბედნიერი დღე და წუთი არ აქვს გასახსენებელი?!
ნუცა, 23 წლის.
მგონი, „მესამე თვალი“ გამეხსნა
საინტერესო ისტორია უნდა გიამბოთ.
მანამდე რა ხდებოდა, არ მახსოვს, მაგრამ, დაახლოებით მეხუთე კლასიდან ერთი უცნაურობა შევნიშნე საკუთარ თავს: საკმარისი იყო, სრულიად შემთხვევით გამხსენებოდა, ვთქვათ, რომელიმე ფილმის სათაური, რომელიც ნანახიც კი არ მქონდა, რომ რამდენიმე დღეში იმ ფილმს აუცილებლად უჩვენებდნენ ტელევიზორში; ან, ჩემთვისაც მოულოდნელად, გამახსენდებოდა ადამიანი, რომელიც, წლები იყო, არ მენახა და არც მანამდე მქონდა მასთან დიდი სიახლოვე, რამდენიმე დღის შემდეგ ის ადამიანი აუცილებლად შემხვდებოდა. რომ წამოვიზარდე, ახალი უნარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში: ვთქვათ, შევხვდი ნაცნობს და საუბარში რაღაც კითხვა დავუსვი. სახეზე რომც არ შემეხედა, ზუსტად ვიცოდი, რას მიპასუხებდა. უფრო მოგვიანებით კიდევ ერთი უცნაურობა შევამჩნიე: რაიმე ტექსტის წერის დროს, ტელევიზორი თუ იყო ჩართული, დიქტორი ან რესპონდენტი ზუსტად იმ სიტყვას იტყოდა, რასაც იმ წუთას ვწერდი. თან, ეს, ძირითადად, ისეთი სიტყვები იყო, რომლებსაც ჩვეულებრივ მეტყველებაში ძალიან იშვიათად ვიყენებთ.
ჩემი ეს უცნაურობები კარგა ხანს ძალიან მართობდა და სერიოზულად არც აღვიქვამდი. ერთი-ორჯერ ხუმრობით ვუთხარი გოგოებს, მგონი, მესამე თვალი გამეხსნა-მეთქი და ამაზე მაგრად ვხალისობდით, მაგრამ, ერთხელაც, ზედიზედ რამდენჯერმე ვნახე სიზმარში, თითქოს ჩვენთან ვიღაც თეთრხალათიანი ახალგაზრდა კაცი მოდიოდა შეშფოთებული სახით, მომიახლოვდებოდა, თვალებში ჩამაშტერდებოდა და მერე უხმოდ მიდიოდა. ეს სიზმარი თუ ხილვა იმდენჯერ გამიმეორდა, გარდა იმისა, რომ შევწუხდი, რაღაცნაირი შიშიც დამეუფლა. ამ ხილვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მოულოდნელად მამაჩემი გახდა ცუდად. ღამის 2 საათი იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, როცა კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა – ის კაცი, ვისაც სიზმარში ვხედავდი ხოლმე. მამა ძალიან ცუდად იყო (ინფარქტი ჰქონდა). ბრიგადამ პირველი დახმარება აღმოუჩინა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. ოთახიდან გასვლის წინ ის ექიმი მომიახლოვდა, ზუსტად ისე ჩამხედა თვალებში, როგორც სიზმარში ვხედავდი ხოლმე, მხარზე ხელი დამადო და თანაგრძნობით მითხრა, უმძიმესი მდგომარეობაა და, შესაძლოა, ვერ გადავარჩინოთო. მართლაც, მამა მეორე დღეს გარდაიცვალა. ზაზა ექიმი ყველა პანაშვიდზე და გასვენებაშიც მოვიდა, ოჯახის ახლობელივით გვერდში გვედგა და ყველაფერში დახმარებას გვთავაზობდა. ისე დაგვიახლოვდა და ისე შეაყვარა თავი დედაჩემს, რომ იტყვიან, წყალს აღარ ვსვამდით მის გარეშე. რა თქმა უნდა, მამას ორმოცზეც დავურეკეთ და ვთხოვეთ, მოსულიყო. ორმოცი სახლში გადავიხადეთ, ვიწრო წრეში. სტუმრები რომ წავიდ-წამოვიდნენ და მხოლოდ ოჯახის წევრები დავრჩით, ზაზა ექიმმა ჯერ ბოდიში მოიხადა სითამამისთვის და თქვა, შეიძლება, ახლა მთლად შესაფერისი დრო არ იყოს ამისთვის, მაგრამ, არ ვიცი, მთელ ოჯახს ასე ერთად კიდევ როდის გნახავთო და დედაჩემს და ბიძაჩემს ჩემი ხელი სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას ყოველთვის ვგრძნობდი ზაზასგან და არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი (მაგრამ, სულ მეგონა, რომ ჩემი მხრიდან ეს უფრო მადლიერების გრძნობა იყო, ვიდრე სხვა რამ), ამ წინადადებამ მაინც გამაოცა. თუმცა, გამოგიტყდებით, რომ გული სიხარულით ამევსო. დედაჩემმაც და ბიძაჩემმაც სიხარულით განუცხადეს თანხმობა. დედამ უთხრა, ისედაც შვილივით მიყვარდი და ახლა მართლა ჩემი შვილი გახდებიო. მოკლედ, ისე შეუთანხმდნენ ერთმანეთს, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს, რამაც ძალიან გამანაწყენა და ხმამაღლა ვიკითხე, იქნებ, ჩემი აზრიც აინტერესებდეს ვინმეს-მეთქი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე დედაჩემმა მითხრა, ამისთანა ბიჭს უარი როგორ უნდა უთხრას ჭკუათმყოფელმა ქალმაო. ამ სიტყვებმა ისე გამაღიზიანა, ავდექი და გამოვაცხადე, მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ, თუ ვინმეს მოვეწონე და შევუყვარდი, თვითონაც უნდა დაიმსახუროს სიყვარული, ამისთვის კი რაც არის საჭირო, კაცებს თვითონაც მოეხსენებათ-მეთქი.
დღეს მე და ზაზა ერთმანეთს ვხვდებით. ძალიან ცდილობს, რომ თავისი შეცდომა გამოასწოროს და ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახუროს. გამოგიტყდებით და, მგონი, გამოსდის.
თამთა, 21 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.