კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ამღერებდა გიგი დედალამაზიშვილის დედა მამუკა ხაზარაძეს და რატომ ტიროდნენ მის ქორწილში ძმა და ძმის მეგობრები

გიგი დედალამაზიშვილის დედას, ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილს, სუსხიან დღეს შინ ვესტუმრე. ის ცნობილი სტუ-ს კაპელის დირიჟორია. თუმცა, დღეს ის ახალგაზრდა თაობის უსაყვარლესი მომღერლის – გიგი დედალამაზიშვილის დედის სახელითაა ცნობილი. ქალბატონ ციცის მისი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ ვესაუბრე.

– ქალბატონო ციცი, მას შემდეგ, რაც გიგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში?

– იცით, ეს კითხვა რატომღაც, მაღიზიანებს. ისიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა დანარჩენი. გიგის ჯერ ისეთი სიმაღლეები არ დაუპყრია, მასზე ასეთი რაღაც თქვან. თუმცა, ბუნებრივია, შვილია და მახარებს მისი წარმატებები.

– პრესის, ტელევიზიის წარმომადგენლები ხშირად მოდიან თქვენთან?

– მოდიან ხოლმე გიგის ჩასაწერად. ყველაზე სასაცილო და უცნაური კი, იცით, რა არის? თუ ადრე გიგიზე ამბობდნენ, ციცის შვილიაო, ახლა ჩემზე ამბობენ – გიგი დედალამაზიშვილის დედააო (იცინის).

– თავად რა პროფესიის ბრძანდებით, ქალბატონო ციცი?

– მე გახლავართ დირიჟორი, დამთავრებული მაქვს კონსერვატორია და უკვე წლებია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელას ვხელმძღვანელობ. რამდენიმე თაობა აღვზარდე ამ გუნდში, დაახლოებით 2 700 ვაჟს აქვს ამ წლების განმავლობაში ჩვენს ვაჟთა კაპელაში ნამღერი. ძალიან ბევრი ცნობილი ანსამბლის წევრი მღეროდა ჩვენთან. კაპელა თავდაპირველად დააფუძნა იუზა კუბლაშვილმა, მეორე დირიჟორი მამაჩემი იყო, ასე რომ, მას ძალიან ხშირად დავყავდი ხოლმე თან, რეპეტიციებზე. ფაქტობრივად, მე ამ კაპელასთან ერთად გავიზარდე. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სიმღერა ბევრისთვის უსაყვარლესმა „ცისფერმა ტრიომ,” შემდეგ, ჩემი სტუდენტობის პერიოდში – ტრიო „თბილისმა” ჩემმა მეგობრებმა... შემდეგ ტრიო „სიმი” გამოჩნდა სცენაზე, მერე – ტრიო „ჰანგი.” ოპერის მომღერლებიც მღეროდნენ ჩვენთან კაპელაში: ბატონი თემურ გუგუშვილი – სახალხო არტისტი; გია ასათიანი, რომელიც ჩემი მეგობარი და არაჩვეულებრივი ბარიტონია; შემდეგ, უკვე ჩემს დროს, მღეროდა მიშა სილაგაძე. მიშა გახლდათ ანდღულაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მიშა ბახტაძე, რომელიც დღეს ბერლინის საოპერო თეატრის სოლისტია... შემიძლია, კიდევ უამრავი ადამიანი დავასახელო. არ არის საქართველოში არც ერთი ანსამბლი, სადაც სტუ-ს კაპელაში მონაწილე ვაჟები არ მღეროდნენ. ბევრი გამოჩენილი ადამიანიც, არა მარტო მუსიკალურ, არამედ სხვა სფეროშიც, მაგალითად მამუკა ხაზარაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, ასევე ჩვენთან მღეროდა. ეს იმდენად ოჯახური გარემო იყო, რომ, მეგობრობის გარდა, ნათესაობაც კი გვაკავშირებს: დედაჩემი მონათლა ჩვენი კაპელის ორმა წევრმა. ოთარ ედიშერაშვილი, რომელიც ჩვენს გუნდში მღეროდა და ოჯახის წევრად მიგვაჩნია, დღეს „მგზავრების“ პროდიუსერია.

– რომელი წლიდან ხელმძღვანელობთ კაპელას და რა ვითარება იყო მაშინ, როცა იწყებდით?

– როგორც გითხარით, ფაქტობრივად, ამ კაპელაში გავიზარდე. დავამთავრე თუ არა კონსერვატორია, 1981 წლიდან, აქ დავიწყე მუშაობა, 1989 წლიდან კი, მას მერე, რაც იუზა კუბლაშვილი გარდაიცვალა, მთავარი დირიჟორი ვარ და მე არ მაქვს მამას სულის, იუზას სულის წინაშე იმის მორალური უფლება, რომ ეს საქმე ისევე ღირსეულად არ გავაგრძელო, როგორც ეს მათ სურდათ. აქ ერთი მომენტიც არის: დირიჟორობა არ არის ქალის პროფესია, ეს მამაკაცის საქმეა, თუმცა, კარგი და ნიჭიერი ქალი დირიჟორებიც არიან, ძალიან მინდოდა, დირიჟორი გავმხდარიყავი. მაშინ საერთაშორისო ფესტივალები, კონკურსები ტარდებოდა. „გრან პრის“ მფლობელებიც გავხდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მაშინ, ჯერ კიდევ პატარა გოგონა, დამაყენეს ამდენი ვაჟი მომღერლის წინაშე.

– მკაცრი იყავით კაპელის წევრებთან?

– არა, მკაცრი არასდროს ვყოფილვარ, მონობა და ქვეშევრდომობა არავის მოსწონს, ყოველთვის თბილი, ადამიანური დამოკიდებულება ჯობია. „შიში შეიქმს სიყვარულსა” – მე ცოტა სხვაგვარად მესმის: შიში და რიდი უნდა გქონდეს იმისა, რომ ეს სიყვარული არ დაკარგო, ადამიანს უმართებულოდ გული არ ატკინო. იცით, სად არ მიყვარდა ბავშვობაში წასვლა? – ცირკში და ზოოპარკში. დამონებულ, მათრახის ქვეშ აცეკვებულ ცხოველებს ვერ ვიტანდი. ადამიანი უნდა იყოს ბუნებრივი, მონის ფსიქიკა არ უნდა ჰქონდეს კაცს. ჩვენ არ ვიცით ერთმანეთის მოსმენა. არადა, უნდა დავსხდეთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. თუ ადამიანს უყვირი ბოლო ხმაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იგებს, რა გინდა მისგან ან როგორ უნდა მოიქცეს, მე ასეთი ურთიერთობა არ მინდა. განა ჩვენ შორის არ ყოფილა წყენა და გაუგებრობა, მეც ხომ მიტკენია სხვისთვის გული? თუ ამ პრინციპით მიუდგები, პატიება უფრო ადვილდება. ზოგიერთი იმ ბიჭთაგანი ჩემზე უფროსი იყო, როგორ მეყვირა მათთვის? მე მომეწონება, ვინმემ რომ მიყვიროს? მით უმეტეს, ქალმა კაცთან არასდროს არ უნდა მისცეს თავს ყვირილის უფლება. დათმობით, ტკბილი სიტყვით გაცილებით მეტს მიაღწევ (იცინის).

დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ყველა თაობის ბიჭებთან. ერთხელ, მახსოვს, დედა გამიხდა შეუძლოდ, შეტევა ჰქონდა. ვარძიის მონასტერში არის არაჩვეულებრივი მოძღვარი, მამა ლაზარე, რომლისთვისაც ბიჭებს უთქვამთ დედაჩემის ამბავი. ღამის 10 საათზე მოვიდნენ, მამა ლაზარეს თამარის ხატი ეპყრა ხელთ. როგორ დამავიწყდება მათი სიკეთე: გამამხნევეს, დამამშვიდეს, გვერდში დამიდგნენ. მე ამ ადამიანების გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

– 90-იან წლებში ქვეყანას ძალიან უჭირდა. თქვენთან რა ხდებოდა მაშინ?

– ძალიან მიმძიმს იმ დროის გახსენება. 1989 წლის 9 აპრილს მე და ჩემი მეუღლე იქ ვიყავით, მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობდით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა საპროტესტო აქციას. მანამდეც ყოველდღე მივდიოდით. ბიჭები მღეროდნენ. 9 აპრილის საღამოს ჩემმა შვილმა მიხსნა – დედამ დამირეკა, მოდი, ნინი ტირისო. პატარები მყავდა მაშინ. ასე გადავრჩი დარბევაში მოყოლას. შემდეგ დროც აირია და ზუსტად მაშინ ვიგრძენი, რომ იმ გაჭირვების ჟამს ჩემს საქმეს, ჩემს მეგობრებს უფრო ვჭირდებოდი. უცხოეთში წასვლა არც მიფიქრია, მინდოდა, მთელი ჩემი პოტენციალი ჩემი ქვეყნისთვის მომეხმარებინა. საქართველო მარტო ის არ არის, რომ აქ დაიბადო და დაიმარხო. უშუქობაში, სიცივეში, ფეხით დავდიოდით რეპეტიციაზე. იქიდან სახლამდე ბიჭები მაცილებდნენ. პაწაწინა ნავთქურა დაგვქონდა, სანთლის, ლამპის შუქზე ვატარებდით მეცადინეობას და რეპეტიცია მაინც არ გაგვიცდენია! გარეთ ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გუგუნებდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით, სამოცდაათი ბიჭი ირიცხებოდა მაშინ ჩვენთან. რიგის კონკურსიდან მოვდიოდით ზუსტად თებერვალში, როცა გავიგეთ, რომ თბილისში ომი დაიწყო. ერთმანეთის სიყვარულმა გაგვაძლებინა გასაჭირში.

– ახლა მცირე ლირიკული გადახვევა გავაკეთოთ: მეუღლე როგორ გაიცანით?

– (ეღიმება). ესეც კაპელასთან არის დაკავშირებული: ლესელიძეში ვისვენებდი ზღვაზე. გუნდი ემზადებოდა ტუნისში გასტროლებზე წასასვლელად. იმხანად ჩემები იმერეთში წავიდნენ და მოხდა ისე, რომ ათი დღე მათ გარეშე ვიყავი. ზუსტად ამ დროს კაპელის ერთ-ერთი წევრის ჯგუფელები ჩამოვიდნენ შრომით სემესტრში. ჰოდა, დავინახე გია – წარმოსადეგი, სიმპათიური ბიჭი. მართლა ულამაზესი მამაკაცი იყო. გავიცანით ერთმანეთი. მერე მივხვდი, რომ ჩვენ შორის სხვაგვარი ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა, ვიდრე მეგობრობაა. მერე ჩვენი შეხვედრები თბილისშიც გაგრძელდა, სწრაფად განვითარდა და ელვის სისწრაფით მოედო ქვეყანას. სხვათა შორის, ჩემს ძმას ძალიან გაუჭირდა ჩემს გათხოვებასთან შეგუება. უმცროსია, მაგრამ, მკაცრი იყო და პატრონობას მიწევდა. უნდა გენახათ ჩემს ქორწილში ის და მისი მეგობრები, როგორ ტიროდნენ (იცინის). სამაგიეროდ, ახლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

– მამათქვენი როგორ შეხვდა თქვენს არჩევანს?

– მამა ძალიან ლიბერალი ადამიანი იყო. ვინც სოსო ფალავანდიშვილს იცნობდა, მისგან ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს, სულ „ბატონობით” იცოდა ლაპარაკი, შვილებთანაც კი. ერთხელ გიგის ვუყვირე და ძალიან გამიწყრა ამის გამო. ძალიან სხვანაირები იყვნენ დედაც და მამაც, უცრემლოდ დღესაც მიჭირს მათი გახსენება. სანამ ვიღაცის შვილი გქვია, სულ პატარა ხარ, უფრო მეტის უფლება გაქვს. სხვათა შორის, გიგის მამაჩემის ბევრ თვისებას ვამჩნევ და მიხარია.

– მეუღლესთან ხშირად კამათობთ ხოლმე?

– ვკამათობთ და საკმაოდ ცხარედაც. ყველას უკვირს ორი „მორიელი“ როგორ ვთავსდებით ერთ ოჯახში. ის უფრო გაწონასწორებული ადამიანია, მე – ფეთქებადი, იმპულსური. ბევრჯერ, უბრალოდ, კამათისთვისაც გვიკამათია – ესეც საჭიროა დროდადრო; მაგრამ, საჭირო არ არის, მეუღლეს ყველაფერზე ჩხუბით მოაბეზრო თავი. ცოლი მართლაც არის „კისერი“, დაყვავებით, დათმობით უფრო მეტს მიაღწევთ. არასდროს მიკითხავს მეუღლისთვის: „გიყვარვარ?”, არც არის საჭირო ამის კითხვა – რა თქმა უნდა, უყვარხარ, აბა რა! (იცინის) გიას არ უყვარს სტანდარტული ქცევა და ბანალური ფრაზები.

– თქვენს პროფესიას როგორ ეკიდება?

– რა თქმა უნდა, გაგებით, მაგრამ ჩემი და გიგის კონცერტებზე თითქმის არ დადის – საშინლად ღელავს. სამაგიეროდ, გია რეკავს წამდაუწუმ და მეკითხება: „რა ხდება? ბევრი ხალხია? ყველაფერმა კარგად ჩაიარა?”.

– შვილზე მინდა გკითხოთ: გიგის მუსიკის გარდა კიდევ რა აინტერესებს?

– ისეთი სისწრაფით იცვლის გატაცებებს, ხვალ რომ გამომიცხადოს, ავიაკონსტრუქტორი მინდა გავხდეო, არ გამიკვირდება. ჭოკით ხტომის გარდა, ყველა სპორტზე იარა, ასევე, დადიოდა ხატვაზე, ცეკვაზე, მერე მუსიკა მოეწონა. სტუ და თეატრალური – ორივე დაამთავრა. სტუ-ს მეორე კურსზე იყო, ატყდა, არტისტობა მინდაო. კინაღამ გავგიჟდი (იცინის). თეატრი უყვარს ძალიან.


скачать dle 11.3