რა შეცდომამ დაუნგრია ნანული სარაჯიშვილს პირადი ცხოვრება
გზა „მანანადან“ „გარიგებამდე“ – ნანული სარაჯიშვილის სამსახიობო კარიერა არცთუ ბევრ როლს ითვლის კინოში, თუმცა ყველა მის მიერ ნათამაშები როლი მაყურებელმა სიამოვნებით მიიღო და აიტაცა. მისი ცხოვრების გზის არჩევა კი ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, სესილია თაყაიშვილმა განაპირობა. პედაგოგობაზე ოცნება გადააფიქრებინა და... მაგრამ მსახიობობამ ისე გაიტაცა, პირადი ცხოვრება არც კი გახსენებია. წლები გაფრინდა, უკან კი, მხოლოდ კაშკაშა კადრები დარჩა. როგორია კინოში თუ კადრს მიღმა მარტო დარჩენილი ქალის ცხოვრების დღიური, ახლა გაიგებთ.
– თქვენ ისეთი ბავშვობა გქონდათ, როგორზეც ყველა ბავშვი იოცნებებდა. თორმეტი წლიდან ზღაპრულ სამყაროში დაიწყეთ მოგზაურობა, რასაც კინო ჰქვია. რა ეპიზოდები გახსოვთ იმ პერიოდიდან?
– ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბავშვობით და სხვათა შორის, დიდხანს ვიყავი ბავშვი. არ ვცდილობდი, ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო თავი. მსახიობობაზე ხომ საერთოდ არ მიფიქრია, სრულიად შემთხვევით გავხდი მსახიობი. მიმაჩნდა, რომ მსახიობს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა უნდოდა. რეზო ჩხეიძე რომ იღებდა „მანანას“, ათას ხუთასი ბავშვი ჰყავდა დაბარებული სინჯებზე. მას ნანახი ვყავდი ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც მშობლებთან ერთად ვიყავი. მან ჩემი მშობლები მოძებნა და აქედან დაიწყო ყველაფერი. კინოსტუდიაში რომ მივედი, ისეთი ლამაზი ბავშვები დამხვდნენ, შინაგანი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ამდენ ლამაზ გოგოში რაღა მე გავიმარჯვებ-მეთქი და გულდაწყვეტილი წამოვედი. მითხრეს, იცეკვე და იმღერეო, მაგრამ პირველ დღეს არაფერიც არ გავაკეთე. მეორე დღეს ვიმღერე და ვიცეკვე. ვიცოდი, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა და თავი შევიკავე. სხვათა შორის, ბოლომდე ფრთხილი დავრჩი. სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. მერე, ათას ხუთასი ბავშვიდან სამნი დავრჩით. ბოლოს მე დამამტკიცეს. მახსოვს, იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ 39 გრადუსი სიცხე მომცა. მე რომ არაფერი ვთქვა, თვითონაც იცით, რამხელა მსახიობების გვერდით მოვხვდი. მანამდე ეს ადამიანები თეატრში და ეკრანზე მყავდა ნანახი. მთელი გადაღების პროცესში ძალიან მეხმარებოდნენ. როგორც დიდ ადამიანს, ისე მეპყრობოდნენ. მეც, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მათი თანატოლი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა კინოში. ცხოვრებაში სულ სხვანაირი ბავშვი ვიყავი – წყნარი, მშვიდი. ფილმი რომ გამოვიდა, დედაჩემს ეუბნებოდნენ, როგორ უძლებთ, ქალბატონო, ამ ბავშვსო. გადაღებები ბათუმში ზაფხულში მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა მანქანაში ვზივარ და განწირული ხმით ვტირი – ბებია, ბებია! ერთი ქალი შემოვარდა გადასაღებ მოედანზე, ისე, რომ ოპერატორს არ დაუნახავს. ეგონა, მართლა ჩაიკეტა ბავშვი მანქანაშიო. გააღო კარი და გადმოვვარდი. პირდაპირ ქვაფენილზე დავენარცხე. ფეხებიდან სისხლი მდიოდა. ერთი კვირა გადაღებები გაჩერებული იყო, ვიწექი. მერე, საშინელება იყო ჩემთვის ორმოც გრადუს სიცხეში „შუბა“ და ბოტები რომ ჩამაცვეს. კინაღამ გავგიჟდი, ისე მცხელოდა, მაგრამ რაღაცნაირად გავუძელი ამ ყველაფერს.
– ახლა თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.
– მამაჩემი ღვინის ტექნოლოგი გახლდათ, ტრადიციული კახელი კაცი, დიდი იუმორით, სარაჯიშვილების შთამომავალი. ვანო სარაჯიშვილი მამამისის ძმა გახლდათ. ყველას უყვარს თავისი მშობელი, მაგრამ განსაკუთრებულად მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ მათი შვილი ვარ. მამა კარგი თამადა იყო, კარგად მღეროდა, ცეკვავდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ იყო. ჩემს დასაც ჰქონდა მუსიკალური ნიჭი. ისიც უკრავდა და მღეროდა. რამდენიმე ფილმშია გადაღებული. ერთ-ერთი „საბუდარელი ჭაბუკია“, სადაც გოგიტას უფროსი დის როლს თამაშობს. მე რომ ასეთი პოპულარული ბავშვი გავხდი, ყველას ეგონა, მსახიობობას მოვინდომებდი, მაგრამ კარგა ხანს ვერ გადავწყვიტე. იმ გადაღებაზე მივხვდი, რა რთული პროფესიაა. ძალიან მიყვარს ბავშვები და გეგმაში მქონდა, პედაგოგი გავმხდარიყავი. სკოლას რომ ვამთავრებდი, სესილია თაყაიშვილთან და ყველასთან, ვისთანაც ერთად ვითამაშე ფილმში, ვმეგობრობდი. ერთხელ სესილიამ მკითხა – რას შვრები, სად აბარებო. რა ვიცი, ალბათ, პედაგოგიურზე ჩავაბარებ-მეთქი. შეშფოთდა. არავითარ შემთხვევაში, შენ აუცილებლად თეატრალურში უნდა ჩააბაროო. ეტყობა, გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მსახიობობა. დედას გახარებულმა ვუთხარი, ქალბატონმა სესილიამ თეატრალური მირჩია-მეთქი. დედასაც გაუხარდა. მისი დამსახურებაა, რომ მსახიობი ვარ, რადგან მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჩუმად შევიტანეთ საბუთები. მერე ფილმი რომ გამოვიდა ეკრანებზე ან თეატრში მნახავდა, სიამოვნებდა. რუსთაველის თეატრში „ხანუმა“ დაიდგა, რომლის ქორეოგრაფი იური ზარეცკი გახლდათ. გახსოვთ, ალბათ, ამ სპექტაკლში როგორ ცეკვავს სოფიკო ჭიაურელი. განუმეორებელია. ამის სატელევიზიო ჩანაწერი არსებობს. მერე სოფიკო მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა და ეს ცეკვა ზარეცკიმ მე შემომთავაზა. გადავირიე – სოფიკოს შემდეგ მე როგორ უნდა ვიცეკვო-მეთქი. ძალიან ვინერვიულე. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. მოკლედ, ასე თუ ისე, გავართვი თავი. კინოში დიდი პაუზა მქონდა. გიორგი შენგელაიამ შემომთავაზა ეპიზოდური, ვაჭრის საყვარლის როლი „ვერის უბნის მელოდიებში“, რომელიც ძალიან მიყვარს. თეატრალურის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში მოვხვდი, სადაც თითქმის ორმოცი წელია, ვარ. პარალელურად, გრძელდებოდა კინოგადაღებები.
სანამ მამა ცოცხალი იყო, ეკონომიურად არაფერი გვიჭირდა. დედა ექიმი იყო, მაგრამ მამამ სამუშაოდ არ გაუშვა. ერჩივნა, ოჯახისთვის მიეხედა. რომ გარდაიცვალა, ოჯახში მხოლოდ ქალები დავრჩით. არც დედა მუშაობდა, არც – მე. მხოლოდ ჩემი და მუშაობდა, მაგრამ მისი ხელფასი მაინცდამაინც არაფერში გვშველოდა. როგორღაც დავძლიეთ გაჭირვება.
– „გარიგება“ თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მეორე ეტაპია. ჩემი აზრით, ამ როლსაც არაჩვეულებრივად მოერგეთ. როგორ დაიწყო ყველაფერი?
– „გარიგების“ პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ყველაფერი მეგობრულ ვითარებაში დაიწყო. ზაზას ახალი დამთავრებული ჰქონდა კინოსარეჟისორო. ისე, საუბარში მითხრა, ასეთი და ასეთი ფილმის გადაღებას ვაპირებო და შინაარსი მიამბო. გამიხარდა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ ამ ფილმში თამაშზე არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი შემოუთავაზებია. მერე, მაროს როლზე ვიღაცეები გასინჯა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება: ჩემოდნები ჩაალაგე, კახეთში მივდივართო. რა ჩემოდანი, რა კახეთი-მეთქი, დავიბენი. მაროს როლზე დაგამტკიცეო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. მერე სულ ვეკითხებოდი: იმათ რა დაუწუნე, ვინც გასინჯე, რა მოხდა-მეთქი? მინდოდა, ის შეცდომები გამეთვალისწინებინა. აი, კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, ის უკვე აღარ ვარგაო, – მითხრა. სულ ხუმრობ-ხუმრობაში გადავიღეთ ფილმი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს არწივით“ დამაჯილდოვეს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და ქონებაც, რაც გამაჩნია. მეკითხებიან ხოლმე, ქმარს არ იბრუნებო. ძალიან უნდოდათ, მიტო დამებრუნებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილმის მეორე ნაწილშიც ვერ დავიბრუნე.
– ცხოვრებაში კი, საერთოდ უქმროდ დარჩით. რატომ მოხდა ასე?
– ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან მონდომებული ვიყავი-მეთქი, არა. შემიტყუა ამ მსახიობობამ. მოვხვდი „კავკასიურ ცარცის წრეში“, რომლითაც მსოფლიო შემოვიარეთ. სულ ახალი და ახალი ეტაპები იყო და გავერთე. წლები ისე გაფრინდა, ვერც კი გავიგე. რასაკვირველია, ამ გადასახედიდან ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი, მაგრამ მყავს დისშვილები. უმცროსი ჩემი გაზრდილია. ჩემი და ძალიან ლამაზი იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მეც ვიღაც მყავდა, ყველა ქალს ჰყავს თაყვანისმცემელი, მაგრამ, ეტყობა, ბედი არ იყო. ჩემი დაც თეატრალურში სწავლობდა. მეორე კურსი რომ დახურა, უცხო ენებზე გადავიდა. რატომღაც აღარ მოუნდა მსახიობობა. მამაჩემი გადარეული იყო. ერთს ძლივს გადავაფიქრებინე, ახლა მეორე შევიდა ამ თეატრალურზეო. ჩემი და თხუთმეტი წლის წინ მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ყველა მსახიობს აქვს დეპრესია, მარტო მე – არა. ხან გაქვს სამუშაო, ხან – არა. მაგრამ, არასოდეს არავის ვახვევ თავს ჩემს წუხილს. მაინც სულ ვმოძრაობ. ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, თუ არც კინოში მაქვს სამუშაო და არც თეატრში, რაღაცას მოვიფიქრებ ხოლმე. უნდა მოიკრიბო ძალა. თავს შევუძახებ, სხვანაირად არ გამოდის. ცხოვრება ხომ ბრძოლაა. ბევრ რაღაცას ვნანობ, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან გავუშვი, რაღაც-რაღაცეებზე უარი ვთქვი, რაზეც ახლა არ ვიტყოდი.