როგორ ცხოვრობენ ბადრი პატარკაციშვილის შვილები მამის გარდაცვალების შემდეგ და რა ოცნება აუსრულეს მათ მამას
13 თებერვალს ბადრი პატარაკაციშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ამ დღეს „არკადიაში” მისი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები შეიკრიბნენ და გაიხსენეს კაცი, რომელსაც ერთი კაცის ჩვეულებრივი ცხოვრებით არ უცხოვრია – აქ ბევრი სიკეთე დატოვა, რომელიც საგზლადაც წაიღო... გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, მას დედამ, ნათელა პატარკაციშვილმა, სიკეთითა და ტკივილით სავსე წიგნი მიუძღვნა: „ბადრი პატარკაციშვილი – კაცი, რომელმაც დიადი სიზმრები დაგვიტოვა“...
ნათელა დავარაშვილი-პატარკაციშვილი: 13 თებერვალს ბადრის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა „არკადიაში”. ლონდონიდან ჩამოვიდნენ ბადრის მეუღლე ინა, შვილი და სიძე. იამ ჩამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ახლახან მეორე შვილი შეეძინა. ამ დღეს „არკადიაში” ბადრი თითქოს ჩვენთან ერთად იყო. ძალიან ამაყი ვარ, როცა იმ ადამიანებს ვუსმენ, ვისაც ბადრიმ ათასი სიკეთე გაუკეთა; როცა იმ ადამიანებს ვხედავ, ვისაც ბადრიმ სიცოცხლე გაუხანგრძლივა; სიამაყე უფრო მიმძაფრდება, როცა მახსენდება, რომ აღარ იტანჯებიან უმძიმესი სენით დაავადებული პატარები. ჩემს ემოციებს ვერ ვთოკავ, როცა საქართველოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მეუბნება: ბადრის ამ ქვეყნიდან წასვლა მარტო ოჯახის ტრაგედია კი არ არის, მთელი ერის ტრაგედიაა, მან უდიდესი საქმეები გააკეთა მართლმადიდებელი ეკლესიისთვისო. მე კიდევ უფრო ვრწმუნდები, როგორ უყვარდა მას საქართველო – ამას დედა ყველაზე მეტად გრძნობს.
– როგორ გავიდა ეს სამი წელი თქვენს ოჯახში?
– დიდი ტკივილით, რომელიც ახლა უფრო აუტანელი გახდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, საკმაოდ ცუდად ვიყავი, მაგრამ, მაგას არ ვჩივი, მე უკვე 78 წლის ვარ. კარგიც ბევრი ვნახე ცხოვრებაში და ეს ტკივილიც მანახა უფალმა. ეს ისეთი გაუსაძლისი ტკივილია, რომ ყველა დედას ვუსურვებ, რომ მათმა შვილებმა ას წლამდე იცოცხლონ. მარტო რომ ვრჩები, ტირილს ვერ ვიკავებ. მერე გამახსენდება ხოლმე უწმიდესისა და უნეტარესის სიტყვები: ქალბატონო ნათელა, არ იტიროთ, როცა ტირით, ბადრი წყალში და ცრემლშია, რაც მისთვისაც და თქვენთვისაც ძალიან ცუდია, ის ისეთი ადამიანი იყო, იმქვეყნადაც კარგად იქნებაო. პატრიარქის ეს სიტყვები იმედს მაძლევს, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვივიწყებ ჩვენს ბოლო შეხვედრას. ბადრის სიკვდილამდე ორთვენახევარი ლონდონში ვიყავი. როცა ჩვენმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა, ბადრი წავიდა ოფისში და, სახლში რომ დაბრუნდა, მე და ინას გვითხრა, სანამ ბავშვები ჩამოვლენ, რაღაც უნდა გითხრათო. ჩვენ გაოცებულებმა შევხედეთ. ბადრიმ გვითხრა: მე მინდა, რომ ჩემი საპრეზიდენტო პროგრამით ჩავიდე საქართველოშიო. არ მეგონა, გულს რომ ვატკენდი და ვკითხე, შვილო, შენ რატომ უნდა გააკეთო ეს-მეთქი? ბადრი ერთი წუთით გამებუტა. მე დღესაც ვნანობ, რომ ეს ვუთხარი და დღემდე ვუხდი ბოდიშს ამის გამო. ერთი წუთის მერე კი მითხრა: დედა, 40 წუთი მოვდიოდი, გზაში იმას ვფიქრობდი, ამას რომ გეტყოდით, მხარს დამიჭერდით და ეს როგორ მითხარიო? 1 თებერვალს ვნახე ბოლოს ჩემი შვილი. წამოსვლას ვაპირებდი, დერეფანში ორი ჩანთა იდო გამზადებული. ბადრი სახლში რომ მოვიდა, ტელევიზორთან ვიჯექი და მკითხა, თუ იცი, „კურიერში” რა გამოაცხადესო, – დამცინოდა, სულ ტელევიზორთან რომ ვიჯექი. მერე ჩანთები შენიშნა და მკითხა – სტუმრები გვყავსო? არა, შვილო, მე მივდივარ-მეთქი. ამაზე საოცარი რეაქცია ჰქონდა. დამშვიდობებისას მითხრა: დედა, ნუთუ შეიძლება, ამხელა კაცი დედას სთხოვდეს, ორი კვირა დამელოდე, მეც შენთან ერთად მოვდივარ, ის კი არ დაელოდოსო? ეს სიტყვები მითხრა და ცრემლები წამოუვიდა. როცა ეს ამბავი უწმიდესს მოვუყევი, მან მითხრა: ბადრიმ ორმოცი დღის წინ იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო, მისი ტანი გრძნობდა ამ ამბავსო. ცრემლებით იმიტომ დამემშვიდობა, გრძნობდა, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, ნეტავ დავრჩენილიყავი, იქნებ, ახლა ცოცხალი მყოლოდა. ამბობენ, ბადრი ცოცხალიაო. ნეტავ, მართლა ასე იყოს, მაგრამ, ბადრი ასე გადაკარგვას არასდროს დაუშვებდა. მე, როგორც ბადრის დედას, მაქვს დიდი სიამაყე და მისი საფლავი „არკადიაში”.
– იქ ხშირად დადიხართ?
– მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი რძალი ჩამოდის. ასევე, ბადრის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში. სხვა დროს საფლავზე ორ კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ.
ბადრის ძალიან უყვარდა „არკადია” და ალბათ, ამიტომაც მიჭირს იქ მისვლა, ძალიან ცუდ, მძიმე ხასიათზე ვდგები. ან, იქ რისთვის შევიდე, ვინ დამხვდება? „არკადიაში” ყველაფერი ხელუხლებლად არის დატოვებული, ინამ რამდენჯერმე შემოგვთავაზა, თუ რაიმე გჭირდებათ, წაიღეთო, მაგრამ რად მინდა რამე? ეგ კი არა, ურეკიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, ბადრის სამოსი ფუჭდება ნესტისგან, ჩამოდით და წაიღეთო. მე და ჩემი მძახალი წავედით, წამოვიღეთ მისი კოსტიუმები, მაგრამ მათი სახლში მოტანა ვერ შევძელი. როცა თბილისშია, ჩემს რძალსაც უჭირს „არკადიაში” ყოფნა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ინა ფიქრობს, ბადრის ხსოვნის პატივსაცემად „არკადიაში” ისეთი რამ გააკეთოს, რაც ხალხს გამოადგება და რაც ბადრის ძალიან გაუხარდებოდა.
– როგორ ცხოვრობენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე და შვილები?
– ამ სამ წელიწადში ბადრის სამი შვილიშვილი შეეძინა, ახლახან გაჩნდა ანდრო – პირველი ბიჭი ბადრის ოჯახში. ისეთი სახელი შეურჩიეს, ლონდონშიც რომ დაუძახებენ და თბილისშიც. ძალიან გვინდა, რომ პატარა ანდრო მისმა უწმიდესობამ მონათლოს. თვითონ ბადრი ორი ქალიშვილის მამა იყო. ამაზე არასდროს არ ულაპარაკია, მაგრამ, ალბათ, უნდოდა, რომ ბიჭიც ჰყოლოდა. ალბათ, გადაირეოდა სიხარულით, ანდრო რომ ენახა, ისეთი ბაბუა იყო მელანოსთვის. გოგონები თავიანთ ოჯახებთან ერთად ლონდონში ცალკ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად მიდიან სტუმრად დედასთან. მათ მაინც ქალაქში ურჩევნიათ ცხოვრება, ინა კი ქალაქგარეთ ცხოვრობს. იქ გადატვირთული ცხოვრებაა, ბავშვები ათას რამეზე დაჰყავთ. როცა დრო აქვთ, ინასთან არიან. ინა ბადრის საქმეებით არის დაკავებული, ძალიან ჭკვიანი რძალი მყავს, ყველაფერს კარგად ართმევს თავს. უფროსი შვილი ლიკა, მამას ისე ჰგავს თვისებებით, საუბრის მანერით, თითქოს ბადრი ლაპარაკობს. იაც და ლიკაც ჭკვიანი გოგონები არიან, დედას ეხმარებიან საქმეებში. ბადრიმ ბევრი საქმე დატოვა, ბევრი წაგვართვეს, მაგრამ, რაც დარჩა, იმას ხომ უნდა მიხედვა. აგერ, „დინამო” თავად ინამ დათმო. მიხედვა უნდოდა „დინამოს”, რომელიც ბადრის ძალიან უყვარდა. ქალისთვის ბევრი საქმე ერთად ძნელი გადასატანია, ინა ვერ უზრუნველყოფდა „დინამოს” მუშაობას, ამიტომაც გააკეთა განცხადება და კეთილი გულით უსურვა ახალ მეპატრონეს წარმატება. თუ რამე კარგი მოხდება, ხომ კარგი, თუ არადა, რა ვქნა? ბადრის ისე უყვარდა ეს ქვეყანა და იმდენი კარგი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული, აქ თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამით ჩემი შვილის სულიც გაიხარებს.
– კიდევ განაგრძობს თქვენი ოჯახი ბრძოლას წართმეული ქონების დასაბრუნებლად?
– ინა იბრძვის, არ მოტეხილა. რაც გვეკუთვნის, იმას თუ კეთილი ნებით დაგვიბრუნებენ ძალიან კარგი, თორემ, ჩვენ არავის მივდევთ და არავის ვერჩით. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, თორემ, მე, ასეთი შვილის დამკარგავს, რაღა უნდა მინდოდეს?! ვინ-ვინ და, მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ ფული ამ ცხოვრებაში არაფერიც არ ყოფილა. ბადრის იმდენი ჰქონდა, ლონდონში კი არა, სადაც მოინდომებდა, იქ წავიდოდა საცხოვრებლად, არც დედასა და დებს დატოვებდა აქ, ყველა ერთად კარგად ვიცხოვრებდით, მაგრამ საქართველო უყვარდა და აქაურობას არ მიატოვებდა. იმის მიუხედავად, რომ შვილმკვდარი დედა ვარ და ამხელა უბედურება გადავიტანე, არ მინდა, ვინმეზე ცუდი ვთქვა. ბადრის პანაშვიდებზეც ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, ვინც, წესით, არ უნდა მოსულიყო, მაგრამ, ჩემი შვილის პატივისცემით ერთი სიტყვაც არ მითქვამს, პირიქით, მათი საქციელი დასაფასებელიც იყო. მაგრამ, ის, რაც სოსო კაკიაშვილმა დაგვმართა, დღეს ჯოზეფ კეი რომ გახდა, ამას, ალბათ, არავინ არ გააკეთებდა. სოსო თურმე არასდროს ყოფილა ჩვენი გულშემატკივარი. მახსოვს, როცა ამერიკაში პირველად ჩავედი 18 წლის წინ, სოსოს ველოსიპედით დაჰქონდა „კოკა-კოლა“. შრომა სამარცხვინო ნამდვილად არ არის, ამით მას კი არ ვამცირებ, მაგრამ, ჩემმა შვილმა კაცად აქცია, მან კი წლების მერე, ჩემს რძალს გარდაცვლილი ქმრის ცხედართან ხელები უბრახუნა და თან ეუბნებოდა, ბადრი ისრაელში უნდა დავასაფლავოთო. რა უნდოდა ჩემს შვილს ისრაელში?! ის საქართველოს სიყვარულისთვის მოკვდა. ბადრის გარდაცვალებიდან ერთი კვირა იყო გასული, სოსო ჩემთან მოვიდა და მითხრა: რასაც ვაკეთებ, შენთვის, მზიასთვის და ნანასთვის მინდაო. ყველანაირად ცდილობდა, დაპირისპირება მომხდარიყო ჩვენსა და ინას შორის, სამი დღე იყო გასული ბადრის გარდაცვალებიდან და, „იმედი”, რომლითაც ბადრი ცოცხლობდა, ამათ გადასცა.
საბედნიეროდ, ყველა სოსოს მსგავსად არ მოქცეულა. ხშირად მოდიან ჩვენთან ბადრის ახლო მეგობრები, იხსენებენ მას, ჩვენც თანაგვიგრძნობენ. თუმცა, ბევრმა დაუშვა შეცდომა, ახლახან, ლონდონში რომ ვიყავი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მენახა ბორია ბერეზოვსკი და როგორც დედას მინდოდა, მისთვის მეთქვა: ბორია, ცოტა ხომ არ იჭრები-მეთქი, მაგრამ, ვერ ვნახე. ძალიან მწყდება გული, რომ, შიშის თუ სხვა რამის გამო, ჩემი გარდაცვლილი შვილი მიატოვეს და ის არ გამოხატეს, რაც ბადრის ეკუთვნოდა.
– როცა შვილი ძალიან გენატრებათ, მას რა გახსენებთ?
– ხშირად ვიხსენებ მის ბავშვობას. ცოტა მსუქანი იყო და, მეშინოდა, ვინმეს არ დაეჩაგრა, ამიტომაც სულ კუდში დავდევდი. ახლა ყველაფერი მას მანატრებს და მაგონებს. როცა ძალიან მენატრება, ღამით ჩემთვის ღიღინს ვიწყებ. ერთი ლექსი მიყვარდა ძალიან „გარეთ ცივა, ქრის ქარი...” ღამით ამ ლექსს ვღიღინებ და ისე მეძინება. ასე მგონია, ამ სიმღერით ჩემს შვილს ვეძახი...