კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააგდო ახალდაქორწინებულმა გია აბესალაშვილმა შოკში მეუღლე და სიდედრი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი გია აბესალაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 1979 წლიდან მუშაობს და რა გასაკვირია, რომ ეს თეატრი მისთვის მეორე ოჯახია. შეიძლება, ბევრმა მისმა გულშემატკივარმა არც კი იცოდეს, რომ კინომსახიობთა თეატრში ის მანამდეც მუშაობდა, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა. ჯერ სცენის მუშა იყო, შემდეგ გამნათებელი, რეკვიზიტორი და მხოლოდ ამის შემდეგ, ისიც მიხეილ თუმანიშვილის დაჟინებული თხოვნით, აღმოჩნდა სამსახიობო ფაკულტეტზე. მას შემდეგ მისთვის თუმანიშვილის თეატრი მშობლიური გახდა.

გია აბესალაშვილი: მიხეილ თუმანიშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სპექტაკლები აღვადგინეთ – „ჩვენი პატარა ქალაქი”, რომელიც ძალიან მიყვარს და 1980 წლიდან ვმონაწილეობ მასში. ასევე, ვითამაშებთ „ბაკულას ღორებს.”

– რას საქმიანობთ იმ პერიოდში, როდესაც თეატრში არ ხართ?

– საქმის მეტი რა არის. მალე გადაღებებს დავიწყებთ, ჯერჯერობით მოსამზადებელი ეტაპია. ფიქრობენ, საინტერესო ფილმი გამოვა, რომელიც 50-60-იანი წლების პერიოდს ასახავს.

– ვინ იღებს?

– ჯერჯერობით საიდუმლოა. მხატვრული ფილმია, რომელსაც „მოსფილმი“ იღებს საქართველოში. არის კიდევ სხვა პროექტებიც, მოლაპარაკება მაქვს უცხოელებთან. არც ამაზე მინდა წინასწარ ლაპარაკი.

– ოჯახში დიდ დროს ატარებთ?

– რომ გითხრათ, სულ ოჯახში მიწევს საქმიანობა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მაგრამ, ოჯახის წევრებთან საკმარის დროს მაინც ვატარებ.

– რამდენი შვილი გყავთ?

– ორი – 11-ის და 15 წლისანი.

– მათ თუ უნდათ მამის პროფესიის გაგრძელება?

– არა. უმცროსი ძალიან კარგად ხატავს და ჭადრაკს თამაშობს. უფროსს კი ექიმობა უნდა. სოფელში რომ არიან, ხან რას დაიჭერენ და გაკვეთავენ, ხან – რას.

– ძალიან უყვარხართ მაყურებელს, რომელიც ყოველთვის სიმპათიით არის თქვენს მიმართ განწყობილი. იყო პერიოდი, როცა თქვენ და რუსიკო ბოლქვაძე ცოლ-ქმარიც კი ეგონეთ. ამასთან დაკავშირებით ბევრი კურიოზი გადაგხდათ?

– ადრე კი არა, ახლაც ხშირად ვგონივართ ცოლ-ქმარი. ერთხელ „მარშუტკით“ მოვდიოდი. რომ დამინახეს, ერთმა იქით დამითმო ადგილი, მეორემ-აქეთ, ძალიან შინაურულად მომიკითხეს. ერთმა მითხრა, ძალიან გვიყვარს თქვენი მეუღლეო. ვფიქრობდი, ნეტავ, რომელ მეუღლეზე მეკითხება, ნამდვილზე თუ რუსიკოზე-მეთქი. რომ ვუთხარი რუსიკო ჩემი მეუღლე კი არა ბავშვის ნათლიაა-მეთქი, ეჭვის თვალით შემომხედა, თითქოს ფიქრობდა – რა ნათლია, ცოლიაო. ერთხელ ზესტაფონში ვიყავით და სუფრასთან მეუღლეებთან ერთად გვადღეგრძელეს ბიჭები: ზაზა და ნინელი, გია ბურჯანაძე ნინოსთან ერთად, როინიშვილი თამრიკოსთან ერთად. მე კუთხეში ვიჯექი და გამოვრჩი. გამოსვლის დროს რომ ავდექი, შემოირტყეს თავში ხელი, მოიცა შენ და რუსიკო არ გვიდღეგრძელებიხართო. რომ უნდა მეთქვა, ჩემი ცოლი არ არის-მეთქი, ბიჭებმა გამაჩერეს – დაანებე თავი, თორემ ეგ რომ გაიგოს, ცალ-ცალკე გადღეგრძელებენ და როდის გავალთ აქედანო.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ იმ პერიოდში, როცა დაოჯახდით. არ მოქმედებდა თქვენს მეუღლეზე ამდენი მანდილოსანი რომ გეტრფოდათ?

– არა, რადგან ჩემი მეუღლე ეჭვიანი არ არის. ახალი სიძე ვიყავი და აინტერესებდათ ჩემი შესაძლებლობები. პირველად ისეთი ფილმის პრემიერაზე დავპატიჟე მეუღლე და სიდედრი, რომ ნამეტანი ბევრ ქალთან ერთად ვკოტრიალობდი. ფილმი რომ ნახეს, თავიდან შოკივითაც კი მიიღეს, მაგრამ მერე მიხვდნენ, ვისთანაც ჰქონდათ საქმე და დაწყნარდნენ.

– იმიჯი გაქვთ შეცვლილი. ულვაშები გადაღების გამო მოუშვით?

– ჰო, ასეა. ამ ულვაშს ხან წითლად მიღებავენ, ხან ყვითლად და ვარ ერთ ამბებში.

– ალბათ, ძალიან ბევრჯერ უკითხავთ თქვენთვის, მაგრამ იმედი მაქვს, არც ახლა დაგვზარდებით პასუხს. თავიდან რომ შეგეძლოთ პროფესიის არჩევა, ისევ მსახიობობაზე გააკეთებდით არჩევანს?

– ახლა არ გავაკეთებდი ამ არჩევანს, რადგან თუმანიშვილი აღარ არის ცოცხალი. ჩვენ ყველაზე კარგ პერიოდში მოგვიწია სტუდენტობა და საერთოდ, ყველაფერი. ბატონ მიშას ისეთი მიზიდულობა ჰქონდა, მოგნუსხავდა თავისი ფანტაზიით, პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით, განათლებით და ასე შემდეგ. ძველ კინოსტუდიაში ორი დიდი ოთახი გამოგვიყვეს და სულ იქ ვიყავით. ინსტიტუტში მხოლოდ ფარიკაობასა და კიდევ რამდენიმე საგნის ლექციაზე დავდიოდით, დანარჩენი – მთელი ოსტატობა აქ გვიტარდებოდა. ცოტა განებივრებულიც კი ვიყავით მიშას სტუდენტები. აქეთ ვეპატიჟებოდით ლექტორებს, აქ ვცხოვრობდით. ბატონი მიშაც ჩვენთან ერთად გიჟობდა, უამრავი ღამე გაგვითენებია ყველას ერთად. თან, მაშინ კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ეროსი იყო, საოცარი ადამიანი. მის გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. იმ პერიოდში იყო თეატრში ვასო ჩხაიძე – „ბიძია-ბაბუა,” ბატონი გოგი გეგეჭკორი, დუდუხანა წეროძე, ვანიჩკა საყვარელიძე, იურა ვასაძე და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებთანაც ერთად მოვდიოდით ჩვენც. სად გავიხედავდი სხვაგან? ისე, თავიდან, უნივერსიტეტში, მატერიალ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა-დაგეგმვის ფაკულტეტზე ვფიქრობდი ჩაბარებას. „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი, მერე უნივერსიტეტში ანსამბლი ჩამოყალიბდა და რამდენიმე დამფუძნებლად წაგვიყვანეს. თან, გვითხრეს, ბარემ ჩააბარეთო. სადაც ყველაზე დაბალი კონკურსი იყო, საბუთებიც იქ შევიტანეთ და ასე აღმოვჩნდი მატერიალ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა-დაგეგმვის ფაკულტეტზე, რომლის სახელწოდებასაც ძალიან დიდი ხანი ვიმახსოვრებდი. მიუხედავად ყველაფრისა – ჩემგან დამგეგმარებელი არ გამოვიდა. ერთ დღესაც ქუჩაში გამაჩერეს და ფილმის სინჯებზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც როლზე დამამტკიცეს. ეს იყო ფილმი „წერილები ბამიდან,” რომელსაც ციმბირში იღებდნენ. მე, გურამ ლორთქიფანიძე და გივი თოხაძე 14 დღე და ღამე მივდიოდით მატარებლით. წარმოიდგინეთ, მატარებელში მათთან ერთად 2 კვირა, რა დროს გავატარებდი?! რადგან კინოსტუდიიდან ვიყავი წასული, რომ ჩამოვედით, ბატონმა რეზო ჩხეიძემ თქვა, თუმანიშვილის თეატრში იმუშაოსო. გაგებული კი მქონდა, მაგრამ ნორმალურად არც კი ვიცოდი, ვინ იყო თუმანიშვილი. მოკლედ, 1979 წელს კინომსახიობთა თეატრში მომაწყვეს სცენის მუშად, მერე გამნათებელი ვიყავი, მერე – რეკვიზიტორი და ასე შემდეგ. ვინც თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა, თეატრში ჭინკებს ეძახდნენ. თითო-თითო უმნიშვნელო როლზე დააკავებდნენ. თუმანიშვილმა რომ მკითხა, თეატრალურში აბარებო? რა თეატრალურში, იქ რა მინდა-მეთქი, ვუპასუხე. რას ჰქვია არ აბარებ, აბა, აქ რა გინდაო? – მკითხეს სხვებმა. რეალურად, მე უნივერსიტეტში აღსადგენად სტაჟი მინდოდა და ამიტომ ვმუშაობდი თეატრში. მოკლედ, გადამაფიქრებინეს და საბუთები თეატრალურში შევიტანე. სახლში რომ გაიგეს ეს ამბავი, შენ ხომ არ გაგიჟდი, რა არტისტი უნდა გამოხვიდეო. გამოცდებზე გავედი და ოსტატობაში 5 მივიღე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალიან შტერი უნდა ყოფილიყავი, რომ სხვა საგნების გამო ვერ ჩაგებარებინა. მოკლედ, მოვხვდი. დავამთავრე თუ არა, ჯარში გამიწვიეს, ცხინვალში ვმსახურობდი. ერთხელ ვითამაშე კიდეც „ბაკულას ღორებში” ჯარის პერიოდში, როცა ჩვენები გასტროლებზე იყვნენ გორში. შაბათ-კვირა დაემთხვა და სახლში ვიყავი გამოშვებული.

– როგორც ამბობენ, ბატონი მიშა საკმაოდ მკაცრიც ყოფილა.

– მკაცრი არა, მაგრამ გაბუტვა იცოდა. ერთხელ რეპეტიციაზე რაღაც ავურ-დავურიეთ. გაგვლანძღა და ხმას აღარ გვცემდა. გაგვებუტა. რომ მიხვდა, გაბუტვით არაფერი გამოდიოდა, ხმამაღლა თქვა – ვერ შემაშინებთ, ვერა, რკინა ვარ, რკინაო და გულზე ხელი დაირტყა. სანდრო შენგელაია იყო იქვე, სოფიკო ჭიაურელის შვილი, რომელიც რეპეტიციებზე ხშირად დადიოდა ჩვენთან. მიუბრუნდა ბატონ მიშას და უთხრა, თქვენ რკინა კი არა „კაშჩეი ბესსმერტნი” ხართო. ამით სანდრომ მთელი დაძაბულობა მოგვიხსნა, ძალიან ბევრი ვიცინეთ.

– მსახიობების რაღაც ნაწილი ამბობს, რომ პოპულარობა მათთვის დამღლელია. თქვენთვის?

– ვინ ამბობს ამას? ეს ტრიპაჩობა და სისულელეა, მეტი არაფერი. რომელი ჯეკსონები ეგენი არიან, რომ სახლიდან ვერ გამოდიოდნენ, ხალხი აწუხებდეს და ფანჯრიდან უვარდებოდნენ. პოპულარობა და ხალხის სიყვარული, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობაც არის.

– მაყურებელს საჩუქარი თუ მოურთმევია თქვენთვის?

– საჩუქრები ბევრი... ადრე კონცერტები – „მღერიან და ხუმრობენ” რომ ტარდებოდა, უამრავ საჩუქარს გვიკეთებდნენ. ეგ კი არა კონცერტს პირველი მე ვხსნიდი და ერთ-ერთმა მაყურებელმა სცენაზე შამპანური ამომიტანა, გახსნა და დამალევინა. გივი ბერიკაშვილს მიჰყავდა ეს კონცერტი და სცენაზე მაგიდაზე დაულაგეს შამპანურები – ბატონო გივი, თქვენთან ერთად უნდა დავლიოთო. ცოტა არეული პერიოდი იყო მაშინ – ბუშლატებითა და ავტომატებით დადიოდა ხალხი. თეატრში კონიაკები მოჰქონდათ ხშირად. ერთხელ დიდი თაიგული მომართვეს, შუაში თოჯინით – ფიფქიას ერთ-ერთი გნომი იყო, რომელსაც მუცელში ბევრი კანფეტი ელაგა. რუსიკოს მიართვეს მაგარი საჩუქარი. იმ პერიოდში ძალიან ჭირდა პროდუქტები. ჰოდა, მაყურებელმა სცენაზე რუსიკოს დიდი პარკი გადასცა, რომელშიც დაკლული, გასუფთავებული დედალი, ყველი და სხვადასხვა პროდუქტები იდო. ასეთი რაღაცეები ხდებოდა ხოლმე.

– სად გრძნობთ თავს მშვიდად და ბედნიერად?

– ძალიან მიყვარს, როცა ეკლესიაში ვარ მამებთან ერთად. დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე მათთან მივდივარ. ჩემი მოძღვარია მიქაელ ქადაგიშვილი. მამა კონსტანტინე ლეკიშვილთანაც დავდივარ, რომელიც ადრე ჩვენთან იყო მსახიობი. თეატრალური ინსტიტუტი ბევრ მამას აქვს დამთავრებული: მეუფე დანიელი, მეუფე მიქაელი, მეუფე ისაია. სულ მეუბნებიან, რა გინდა თეატრში, წამოდი ჩვენთანო. მათთან ერთად ძალიან კარგად, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.


скачать dle 11.3