რა ხრიკებზე აღარ ეგება ნინი ბადურაშვილი და როგორ მზითევს „ითხოვს“ ის საყვარელი მამაკაცისგან
ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – გარდა იმისა, რომ ნინიმ რადიოწამყვანის ამპლუა მოირგო, უკვე ტელევიზიაშიც სცადა საკუთარი ძალები და „თიბისი ტივის“ ახალ პროექტს „ფეის-კონტროლს” უძღვება. საქმეში თავით გადაშვებული ნინი ვეღარც პირადი ცხოვრებისთვის იცლის და ვერც საყვარელი გასართობისთვის, რაც მისთვის ყველაზე დიდი განტვირთვაა. თუმცა, ამას ბოლომდე მაინც ვერ შეელია და თბილისიდან გაპარვაც კი განიზრახა.
ნინი ბადურაშვილი: ეს წელიწადი ჩემთვის საინტერესო სიახლეებითა და მრავალფეროვნებით დაიწყო, მაქსიმალურად დავტვირთე საკუთარი თავი. ერთ კვირაზე მეტხანს არ შემიძლია, საქმის გარეშე ყოფნა. სახლში ჯდომა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ზაფხულის მერე საკმაოდ პასიური პერიოდი მქონდა. იყო საუბარი რამდენიმე პროექტზე, რომლებიც, სამწუხაროდ, არ განხორციელდა. გადავირიე, გავგიჟდი, დეპრესია დამემართა. მთლად უსაქმური ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი საქმე არ მქონდა ერთად, რასაც მიჩვეული ვარ. ეს გახანგრძლივებული პაუზა ნამდვილად არ მესიამოვნა და როგორც კი ტელევიზიიდან და რადიოდან შემოთავაზებები წამოვიდა, მაშინვე დავთანხმდი, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ამ შანსზე უარს როგორ ვიტყოდი? ახლა არა მხოლოდ რადიოწამყვანი, უკვე „თიბისი ტივის“ თანამშრომელიც ვარ და ნანკა კალატოზიშვილთან ერთად, ახალი პროექტი – „ფეის-კონტროლი” მიმყავს. სიმართლე გითხრათ, პირველი ეთერის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამ გამოცდას, მგონი, კარგად გავუძელი. ნანკას პირდაპირ ეთერში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დამეხმარა. თუმცა, ვაღიარებ, რადიოწამყვანის ამპლუა ბევრად უფრო იოლია. ამ პროექტიდან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაშიც, საკმაოდ დიდი მაკისრია.
– შენი რადიოგადაცემა ყავის თანხლებით ჭორებს ეხება, თავად თუ გიყვარს ყავა და ჭორაობა?
– კი, როგორც ყველა გოგოს, მეც მიყვარს ჭორაობა. თუმცა, უკვე მივხვდი, რომ არც კაცები გვიდებენ ტოლს ჭორაობაში (იცინის). მე არ მიყვარს ბოროტი ჭორაობა, რადგან ამ მხრივ საკმაოდ მწარე გამოცდილება მაქვს. თავად ძალიან ბევრჯერ გავხდი ასეთი ჭორების მსხვერპლი. მერე და მერე მივხვდი, რომ ამაზე ნერვების მოშლა არ ღირს, მეც გამომიმუშავდა იმუნიტეტი და ასეთ ხრიკებზე უკვე არ წამოვეგები ხოლმე. შეიძლება, ვიჭორაო სხვებზე, მაგრამ თუ ცოტა მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჭორს სიმართლესთან კავშირი აქვს, სხვებთან არ ვყვები. ჩვენ ძირითადად ვჭორაობთ იმაზე, თუ ვის ვინ უყვარს, ვინ ვისთან დადის. ჩვენი მთავარი საჭორაო თემებია, სახის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი და რა თქმა უნდა, ბიჭები (იცინის).
– ორ ფრონტზე რომ ერთად იბრძვი, შენი მთავარი საქმე, სიმღერა სულ დაივიწყე?
– არა, რა დავივიწყე? მართალია, ახლა თავით ვარ გადაშვებული რადიო-ტელევიზიაში, მაგრამ სიმღერას ვერასდროს, ვერაფრის გამო დავანებებ თავს და შეველევი. ვერ წარმომიდგენია, რის გამო შეიძლება, ვთქვა უარი სიმღერაზე და ის ყველაფერი გადავხაზო, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
– ასე საქმეში თავით გადაშვებული პირადი ცხოვრებისთვის იცლი?
– ვერა, ვერ ვიცლი. არიან ბიჭები, რომლებიც აქტიურობენ, მირეკავენ, მწერენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ გამოჩნდა ისეთი რეალური კანდიდატი, ვინც მოახერხებს და მაფიქრებს მასზე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი „შებმა” ძალიან მარტივად შეიძლება. მაგრამ, არც ისეთი წუნია ვარ, როგორც, ალბათ, ბევრს ეჩვენება. მე შეიძლება, ძალიან უბრალო რამემ მომხიბლოს და არ წამოვეგო იმაზე, რაც სხვებისთვის ღირებულია. ვერ ვიტან ისეთ ბიჭებს, ზედმეტად რომ უკეთებენ რეკლამას საკუთარ თავს და უნდათ გამოჩნდნენ ისეთი, როგორებიც რეალურად არ არიან. მინდა, ვუთხრა ასეთ, მოთამაშე ბიჭებს: მე ვარ ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით და ემოციებით. ასე რომ, ტყუილად ნურაფერს დაამტკიცებთ იმ ხერხებით, რაც ჩემთვის სასაცილოა. ასეთი სპექტაკლები არ მჭირდება. ასე ჩემი გულის მოგება შეუძლებელია. არავისი სუპერმენობა არ მინდა, პირიქით, მირჩევნია, გვერდით მყავდეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არ თამაშობს... ამ ბოლო დროს მთელი ოჯახი მეჩხუბება: გათხოვდი, გათხოვდიო. მათ შორის, ყველაზე მეტად ბაბუა აქტიურობს – ხან ვისზე მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭია, ხან – ვისზე. მაგრამ, ვინმე კარგი ბიჭი რომ იყოს, მათი თქმა რაში მჭირდება (იცინის)? ამ მხრივ არც მაჭანკლები მაკლებენ შემოტევებს. მთავაზობენ სხვადასხვა კანდიდატებს, მათ შორის ორ და სამდიპლომიანებსაც კი. ძალიან კარგია, როცა მამაკაცს კარგი განათლება აქვს, მაგრამ ჩემთვის მამაკაცის ყველაზე კარგი „მზითევი” გრძნობაა, რომელიც ჩემს მიმართ უნდა ჰქონდეს. გარიგების თემაზე კი კარგად მეცინება. ძალით ვერავის მოვიწონებ იმის გამო, რომ ფინანსურად შეძლებული და წარმატებული ოჯახის შვილია. როცა ქალს გათხოვება უნდა, ამას თავადაც გრძნობს. მე ჯერ ეს შეგრძნება არ მქონია. შეიძლება, არავინ მიყვარს და იმიტომ. ჯერ 25 წლის ვარ და საგანგაშოდ არ მაქვს საქმე. ჩემს ასაკს საერთოდ ვერ აღვიქვამ. 17-18 წლის რომ ვიყავი, მეგონა, 25 წლისას, მინიმუმ, ორი შვილი მაინც უნდა მყოლოდა. ამაზე მიოცნებია კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინაა.
– დიდი ხანია, რაც არ გყვარებია?
– ალბათ, ორი წელი. მას შემდეგ იყო პატარ-პატარა გატაცებები, მაგრამ არც ერთი არ მივიდა სიყვარულამდე. ორი წლის წინ ნამდვილად მიყვარდა, ის ურთიერთობა დღეს ძალიან კარგად მახსენდება, დღეს იმ ადამიანს მეგობრის თვალით ვუყურებ. მერე რა, რომ რაღაც არ გამოგვივიდა. ის მოგონებები, რაც მასთან მაკავშირებდა, ჩემთვის დღემდე ძვირფასია. მე ადვილად ვეჩვევი ადამიანს და ძალიან მიჭირს მისი გულიდან ამოგდება და დავიწყება. ჩემთვისაც, როგორც ყველა ქალისთვის, პირადი ბედნიერება ყველაფერზე მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ეს დრო ჩემს ცხოვრებაშიც მოვა. ახლა ისეთი რეჟიმით ვცხოვრობ, ალბათ, ყველა მამაკაცი გააფრენდა ჩემს გვერდით. თუმცა, საყვარელი ადამიანის გამო, რომელიც თავიდან ბოლომდე გულწრფელი იქნება ჩემთან, ამ რეჟიმსაც დავთმობ, მაგრამ ვერ დავთმობ ჩემს თავს, ჩემს ღირებულებებს.
– ახალ სამსახურებში ჩართულმა ზამთრის არდადეგები „გამოიცხვე?”
– ამ გადარბენების გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ორი დღე ვიყავი გაპარული გუდაურში „ნანუკას შოუს“ გადაღების დროს, რისთვისაც მადლობა ნანუკას. იმ დროს გუდაურში თოვლი არ იყო და დასვენება ბოლომდე ვერ შევირგე. გაცივებასა და ფილტვების ანთებასაც გადავურჩი, რადგან ჩემმა მეგობარმა როსტომ თოვლში კარგად მაბურთავა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი დრო გავატარეთ. გადაღების შემდეგ, სანამ საბაგიროთი ქვემოთ ჩამოვედი, ლამის გავიყინე, რადგან ძალიან თხელი ტანსაცმელი მეცვა. ალბათ, იმან გადამარჩინა, რომ ზომაზე მეტი გლინტვეინი მქონდა დალეული. როსტო ვერ დავსაჯე, მაგრამ მისი დასჯა გეგმაში მაქვს. სხვა რამეების გამოც უნდა ვიყარო მასზე ჯავრი (იცინის). მე და როსტოზეც ბევრი ჭორი ააგორეს, მაგრამ ამან უკვე ჩაიარა. ჩვენს შორის რაიმე გამორიცხული იყო. როსტო წლების მეგობარია ჩემთვის. ის ჩემი შეყვარებულის ახლო მეგობარი გახლდათ და, თავადაც ჩემს მეგობარზე იყო შეყვარებული. ასე რომ, ჩაკეტილ სამკუთხედში ვართ. გამორიცხულია, ჩვენ შორის რაიმეზე საუბარი. რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, ახლა გადავწყვიტე, ერთი დღე გამოვრთო ტელეფონი და აუცილებლად გავიპარო გუდაურში. სრიალი ჩემთვის განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. ეს ჩემთვის ადრენალინის მსგავსია, როგორც მანქანით სწრაფად სიარული.
– „ფეის-კონტროლის” წამყვანს სხვათა გაშიფვრა გამოგდის?
– კი, გამომდის. და თან, უნდა იცოდეთ, როგორ (იცინის). ბავშვობაში, როცა ჩემი მეგობრები ვერ ხვდებოდნენ, ჩვენს სამეგობროში ვის ვინ მოსწონდა, ჩემთვის ეს იოლი გამოსაცნობი იყო, ვინმეზე რომ ვიტყოდი, ამას ის მოსწონს-მეთქი, მიწყებდნენ იმის დამტკიცებას, რა სისულელეა, საიდან მოიტანეო. მაგრამ, გადიოდა დრო და მე მართალი ვიყავი. ძალიან იოლად ვშიფრავ ადამიანებს სახით – ვხვდები ვინაა, რისი გამკეთებელია, რას შეიძლება მოველოდე მისგან. საერთოდ, ძალიან იოლად ვენდობი ადამიანებს, ყველა კარგი და კეთილი მგონია, ჩემი მიამიტობის და მიმნდობლობის გამო, საკმაოდ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. მაგრამ, არც ერთს არ ვნანობ, ცხოვრება შეცდომების გარეშე არ გამოდის. სამაგიეროდ, ამან დამაოსტატა და ადამიანების „გაშიფვრა” აღარ მიჭირს. პარალელურად, ჩემს ფეის-კონტროლსაც ბევრი ხალხი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდით. მამაკაცებისთვის ამოუცნობი ვარ, რის გამოც ხშირად მერჩიან დედაკაცები (იცინის). ბევრი ვერ მშიფრავს და ბოლომდე ჩაკეტილი ვარ მათთვის. ზოგი უცნაურს მეძახის. ბევრი ვერსია მომისმენია საკუთარ თავზე, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ბოლომდე მართალი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, რის გამოც ხან ასეთი ვარ, ხან – ისეთი...