რა კონსულტაციებს უწევდა გინეკოლოგი მეუღლე სოფო გელოვანს და რა რომანტიკული საქციელით ანებივრებს ის მას
სცენის ფერია – ასეთ შეფასებას „ჯეოსტარის” მიმდინარეობისას ხშირად მოისმენდით. მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული სოფო გელოვანი სცენაზე ნამდვილ ცეცხლს ანთებდა. სოფოს პირადი ცხოვრებაც საინტერესო აქვს – ცეცხლებს მისთვის ანთებენ და მგზნებარე სიურპრიზებსაც ხშირად უწყობენ.
სოფო გელოვანი: ნოდის სიყვარული ჩემთვის პირველი იყო. მანამდე მქონდა რაღაც გატაცებები, მაგრამ სერიოზული არაფერი. სიყვარული მთელი მისი სიღრმეებით ნოდისთან მეწვია. ერთმანეთი საერთო მეგობართან, სტანდარტულად გავიცანით. ძალიან მარტივად მოხდა ყველაფერი, რომანტიკული გაცნობა ნამდვილად არ გვქონია. ამ დღიდან ნელ-ნელა დაიწყო სიმპათიები, მერე კი უკვე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. მაშინ მე ოცი წლის ვიყავი, ნოდი კი – ოცდასამის.
ნოდი: ხან მეგობრებთან ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან შემთხვევით, სადმე. სპეციალურად შეხვედრები არ გვქონია. მერე კი ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში მომიწია წასვლა.
– რა პროფესიის ხარ?
– გინეკოლოგი.
სოფო: მთელი მისი ოჯახი, მამა, ბაბუა ყველა გინეკოლოგია. ეს პროფესია რაღაც ოჯახურ ტრადიციად იქცა.
– გინეკოლოგი გახდი ოჯახური ტრადიციის გამო, თუ ეს შენი ინტერესის სფეროც იყო?
ნოდი: რა თქმა უნდა, ოჯახმა გავლენა იქონია. შეუძლებელია, ასე არ ყოფილიყო, რადგან ამ გარემოში გავიზარდე. მაგრამ, ეს ჩემი ინტერესის სფერო რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ ავირჩევდი ამ პროფესიას. თუ ეს საქმე ძალიან არ გიყვარს, ვერაფერს გააკეთებ. ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ, რა გინდა, გამოხვიდეო, კოსმონავტს არ ვამბობდი, მაშინვე ვიცოდი რომ ექიმი გავხდებოდი.
სოფო: შინაგანად აქვს ეს ყველაფერი. ხასიათით საოცრად მზრუნველია და უხდება ეს პროფესია.
– ამბობენ, გინეკოლოგები განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქალებს, რადგან მათ ხასიათს, ფსიქოლოგიას ყველაზე კრიტიკულ მომენტში ხედავენ, სწავლობენ. ასეა ეს?
– იცი, რა, მე ალბათ, იმდენად ჩვეულებრივად აღვიქვამ ამ ყველაფერს, რომ ჩემთვის განსხვავება გინეკოლოგ და ვთქვათ, არქიტექტორ მამაკაცს შორის, არ არის...
– განსხვავება არის. სად ჩემი ქმარი და სად ჩემი გინეკოლოგი... სულ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები არიან.
– (იცინიან) ეტყობა, ძალიან მივეჩვიე ამას. ხშირად მოდის სახლში და ვსაუბრობთ, თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, რომ ჰყავდა პაციენტი და ჩაატარა ოპერაცია. მსგავს თემებზე ხშირად არის ოჯახში საუბარი და მეც მაინტერესებს. არ მესმის, როცა ცოლ-ქმარი ამბობს, ჩვენ საქმეზე სახლში არ ვსაუბრობთო. საქმე შენი საყვარელი ადამიანისთვის, ისევე როგორც შენთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს – მთავარი ინტერესია და თუ ეს შენს მეორე ნახევარს არ აინტერესებს, ეს უკვე პრობლემაა. თან, ნოდის და მამამისს შორის ხშირად იმართება ხოლმე პროფესიული დიალოგები და მეც ინტერესით ვისმენ. ქალებს ეს თემები განსაკუთრებით გვაინტერესებს. კონსულტაციის მისაღებად რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩაეწერო ექიმთან მიღებაზე, მე კი ეს ყველაფერი სახლში მაქვს.
ნოდი: ისეც არ არის, სოფოს საქმეზეც ხშირად ვლაპარაკობთ.
– პრაქტიკული და პრაგმატული თუ ხარ?
– საკმაოდ. ხშირად სოფო როგორც ექიმს, ისე მომმართავს და მეკითხება რჩევებს თავის პროფესიაზეც. სოფო უფრო რომანტიკულად უყურებს თავის პროფესიას, ვიდრე – მე. მიხარია, რომ ჩემი აზრი ყოველთვის აინტერესებს.
სოფო: ჩვენ ორი წლის შვილი გვყავს და როდესაც მშობიარობის პერიოდი დადგა, საქართველოში ჩამოვედი. მთელი ცხრა თვის განმავლობაში წამლებს თვითონ მინიშნავდა, კონსულტაციას გავდიოდი სახლში. ვიყავი მეუღლის მეთვალყურეობის ქვეშ. სულ მირჩევდა ბევრი მესეირნა, კარგ განწყობაზე ვყოფილიყავი და ცდილობდა, ეს განწყობა შეენარჩუნებინა ჩემთვის. რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ჯერ კიდევ სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, ნოდი ამბობდა, რაც უფრო მეტად მოისმენს სიმღერას, იქნებ, მერე ბავშვმაც იმღეროსო.
ნოდი: ახლა რაღაცას რომ წაიღიღინებს, ემჩნევა, რომ ნიჭი დედისგან გამოჰყვა.
სოფო: მე ამას ჯერ ვერ ვატყობ. მოკლედ, მშობიარობის წინ ჩამოვედი თბილისში. ნოდი აქ არ იყო.
– არ უნდოდა დასწრება?
– რომც ყოფილიყო, აქ არ დაესწრებოდა. თქვა კიდეც ამის შესახებ. არც მიიღებდა მშობიარობას და არც დაესწრებოდა.
– და ვის ანდეს შენი თავი?
ნოდი: სოფოს ჯანმრთელობა არაჩვეულებრივ ექიმს, მეან-გინეკოლოგს, ოჯახის ახლო მეგობარს, პროფესორ პატიკო მაჭავარიანს ვანდეთ და ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა.
სოფო: ჩემი მამამთილიც ნახევრად ესწრებოდა. მოკლედ, ოჯახურ გარემოში ვიყავი.
– სოფო, ეჭვიანი თუ ხარ?
– ბუნებით ეჭვიანები არც ერთი არ ვართ, ალბათ, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბსაც არასდროს ვაძლევთ. მეგობრები ძალიან ხშირად მეკითხებიან, არ ეჭვიანობ ქმარი რომ გინეკოლოგი გყავსო, თვითონაც ძალიან ხშირად აუხსნია, რომ ამ ყველაფერს, რაც შეიძლება გოგოებმა საეჭვიანოდ აღვიქვათ, ის პროფესიული თვალით უყურებს. ეს მისთვის ჩვეული ყოველდღიურობაა. საერთოდ, არ მაქვს ეს მომენტი.
– სილამაზის აღქმა არ დაგიკარგავს, არა?
ნოდი: რა თქმა უნდა, არა, პირიქით. იცი, რა? პროფესიას საერთოდ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ნდობაა. შეიძლება, სახლში მუშაობდეს ადამიანი და იმაზე მეტად იეჭვიანო, ვიდრე გინეკოლოგ ქმარზე ან მსახიობ ქალზე. ხომ არის ასეთი სტერეოტიპები – მსახიობი ქალი... ასე, შეიძლება, მეც ძალიან ვეჭვიანობდე სოფოზე, რომელიც სცენაზე დგას. მოკლედ, გააჩნია ადამიანს.
– რომანტიკულია თუ არა ნოდი? მით უმეტეს, დიდხანს ცხოვრობდით ერთმანეთისგან შორს, პეტერბურგსა და თბილისში.
სოფო: მეც რომანტიკული ვარ, მაგრამ ნოდი ჩემზე მეტად, მიუხედავად თავისი პროფესიისა. ძალიან სხვანაირი ადამიანია. უყვარს სიურპრიზების გაკეთება – არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მეგობრებისთვისაც. პეტერბურგიდან რამდენჯერმე ისე ჩამოვიდა, არც ვიცოდი. არაორდინალური რაღაცეების გაკეთება უყვარს და თან, ეს თვითონვე ძალიან სიამოვნებს.
– განსაკუთრებით რა გახსოვს?
– განსაკუთრებით მახსოვს ერთი დღე. სიმღერა საერთოდ არ ეხერხება. ერთ ღამეს, მძინავს და ჩემს აივანთან ხმა მესმის. გადავიხედე და რას ვხედავ, ნოდი მეგობართან ერთად მანქანის სახურავზე დგას და იქიდან ორივე ბოლო ხმაზე მღერიან. ნასვამი იყო და როგორც ჩანს, ამან შემატა გამბედაობა. არ ვიცი, მაგრამ შენთვის მაინც ვიმღერებო – ამან განსაკუთრებით გამახარა.
– მოგწონს სოფო სცენაზე – სოფო მომღერალი?
ნოდი: ამას ხშირად მეკითხებიან და სულ ერთი პასუხი მაქვს – რომ არ დამენახა სოფო სცენაზე, რომ არ დამენახა ხალხის ის სიყვარული, რომელიც მან დაიმსახურა, ვერასდროს დავიჯერებდი, თუ რამხელა ნიჭის პატრონია. პროფესიონალი არ ვარ ამ სფეროში და სწორედ „სოფომ სცენაზე” დამარწმუნა მის შესაძლებლობებსა და პოტენციალში. რუსეთში ცხოვრების პერიოდმა განსაკუთრებით დამარწმუნა ამაში. სოფო ძალიან მოსწონდათ.
– იქ ყოფნამ ალბათ, უფრო დაგაახლოვათ ერთმანეთთან, როცა გვერდით ერთმანეთზე ახლობელი სხვა არავინ გყავდათ.
სოფო: რა თქმა უნდა. დაქორწინებიდან ძალიან მალე წავედით მარტო საცხოვრებლად. ძალიან კარგია ახალდაქორწინებულებისთვის არა მხოლოდ ის, რომ სხვა სახლში გადადიხარ, სხვა ქვეყანაშიც რომ მიდიხარ – სხვა სიტუაციაში ხვდები. ყველაფერი ახალია. ეს, რა თქმა უნდა, რთულიც არის, მაგრამ იმ ადამიანთან ერთად, ნებისმიერი სირთულის გადალახვა, უფრო გაკავშირებს და აღრმავებს ურთიერთობას. ერთმანეთს შევციცინებდით. ვიცოდი, რომ იქ მხოლოდ ნოდი იყო ჩემი იმედი.
– რა არის სიყვარულის შენარჩუნების ფორმულა?
– ის პიროვნება უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. უნდა იყოს ნდობა, პატივისცემა და რა თქმა უნდა, კომპრომისები. არ შეიძლება, ცოლ-ქმარს შორის იყოს შეჯიბრი, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს – ვინ უფრო მაგარია. პირიქით, ჰარმონიული ურთიერთობაა ოჯახის, სიყვარულის შენარჩუნების მთავარი ფორმულა.
– რაზე ჩხუბობთ ხოლმე?
ნოდი: ძალიან იშვიათად ვჩხუბობ. ერთადერთი, რის გამოც შენიშვნას ვაძლევ, მისი გაფანტულობაა. სულ სიმღერაზე ფიქრობს და რა როგორ უნდა გააკეთოს ან სად რას ტოვებს არ იცის. ამ ყველაფერს მერე მე ვაგროვებ.
სოფო: ჩემგან განსხვავებით, ის ძალიან მოწესრიგებული და დაკვირვებულია, არანაირი ნიუანსი არ რჩება მხედველობიდან.