კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა კომპიუტერული თამაშები ხელმოცარული ადამიანების რეალიზების ვირტუალური საშუალება და რატომ არიან ქართველი ბავშვები განწირული შეფერხებული განვითარებისთვის

ოცდამეერთე საუკუნე შესაძლებლობების საუკუნეა, ჩვენ კი გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი წილი ადგილი მოვიპოვოთ მზის ქვეშ. თუმცა, რაკი საუკუნე შესაძლებლობებისაა, ბუნებრივია, წარმატება-წარუმატებლობა სწორედ ჩვენი გონებრივი მონაცემების არსებობა-არარსებობაზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა ჩვენს მომავალ თაობას, რომელმაც უნდა შექმნას მომავლის კონკურენტუნარიანი საქართველო, შესაბამისი პოტენციალი როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით; და რა გავლენას ახდენს არასრულფასოვანი გარემო (ჯეროვანი საკვებისა და ყოფითი პირობების არარსებობა) ბავშვების გონებრივ პოტენციალზე. ამ რთულ და აქტუალურ საკითხში ფსიქოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ჯანა კახიანი გაგვარკვევს.

– რა გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტის განვითარებაზე სრულფასოვანი და არასრულფასოვანი გარემო? ოფიციალური სტატისტიკით, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ მინიმალური სასურსათო მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს.

– გარემო, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი უნდა იყოს, თუმცა სრულფასოვანი გარემო, სულაც, არ განაპირობებს ინტელექტის მაღალ მაჩვენებელს – „აიქიუს“, მაგრამ არასრულფასოვანი გარემო ხელს უშლის შესაძლებლობების გამოვლენას. გახსოვთ, ცნობილი გამონათქვამი ფილმიდან „თოჯინები იცინიან“, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? ჩვენ ვამბობთ, რატომ არ კითხულობენ ბავშვები წიგნებსო. მართალია, არის ულამაზესი საბავშვო წიგნები, მაგრამ ამ წიგნებს ვერ ყიდულობენ მშობლები. ისევე, როგორც ვერ ყიდულობენ სათამაშოებს, არადა დღეს სათამაშოებს აქვს განმავითარებელი ფუნქცია. იმიტომაც აწერია თითოეულს, თუ რა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი: თითოეული მათგანი რომელიღაც ფუნქციის განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ბავშვს ეს საშუალებები არ აქვს, არ ვითარდება მისი შესაძლებლობები. ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა: შეადარეს ბავშვთა სახლისა და ჩვეულებრივი საბავშვო ბაღის ბავშვები და აღმოჩნდა, რომ ბავშვთა სახლის ბავშვებს აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შესაბამისი გარემო. არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც მუდმივად ელაპარაკება. არადა ბავშვს სჭირდება მოსმენა და იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც მას ყოველთვის უჩნდება. გარდა ამისა, ბავშვთა სახლებში ჩაკეტილი სივრცეა, ბავშვები ვერ დაჰყავთ კინოში, თეატრში, კონცერტებზე და ეს ყველაფერი მოქმედებს მათზე.

– კინოში, თეატრსა და კონცერტებზე სიარულით არც დანარჩენი ბავშვები არიან განებივრებული?

– დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც ვერ დადიან სკოლაში, იმიტომ რომ არ აქვთ ტანსაცმელი, არ აქვთ სახელმძღვანელოები. მართალია, ერთჯერადად ვაჩუქეთ წიგნები, კომპიუტერები, მაგრამ ბავშვს ყოველდღე სჭირდება რვეული, კალმისტარი, წიგნი და ეს მას არ აქვს. დღეს უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ინტელექტუალური „აიქიუს“ გარდა, არსებობს ემოციური „აიქიუ“ და აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბავშვები უფრო განვითარებული არიან, ვიდრე ასი წლის წინათ, ისინი არ შეცვლილან ემოციურად: ბავშვი ემოციურად ისეთივე დარჩა, როგორიც ერთი საუკუნის წინათ იყო. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინტელექტუალური, ისე ემოციური „აიქიუ“. შესაძლოა, ბავშვი ინტელექტუალურად განვითარებული იყოს, მაგრამ ემოციურად იყოს ინფანტილური. ჩემთან მოიყვანეს ათი წლის ბიჭუნა. სამნი არიან: უფროსი ძმა ძალიან ჭკვიანი და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანია, შუათანა კი პრობლემურია და ამბობს, მე სულელი ვარო. უფროსი მუდმივად დასცინის, შენ მე მარცხვენ, ცუდად სწავლობო. არადა ამ ბავშვს ინტელექტის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი აქვს. ანუ ბავშვი ჭკვიანია, მაგრამ აქვს პრობლემები, რადგან უჭირს საკუთარი აზრების გადმოცემა. სკოლაში ის არ ითვლება წარმატებულ მოწაფედ, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის უფრო თბილი და მოსიყვარულეა, ვიდრე მისი წარმატებაზე ორიენტირებული ძმა, რომელსაც მეგობრებიც კი არ ჰყავს. მეტიც, ამბობს, ცოლს არასდროს მოვიყვან, იმიტომ რომ მომაცდენსო. ამიტომ დგება საკითხი, თუ რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი: კარგად ადაპტირებულს თუ მას, ვინც ბევრს მიაღწევს? ჩვენ გვჭირდება წარმატებული ადამიანებიც და გარემოსთან ადაპტირებული ადამიანებიც. რატომ გაჩნდნენ დღეს აუტისტი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვები?

– ჩვენთან თუ, ზოგადად?

– მთელ მსოფლიოში და, როგორც კვლევებმა აჩვენა, საქართველოშიც იგივე პროცენტია აუტისტი ბავშვებისა, რაც დასავლეთში და მათი რაოდენობა იზრდება. მთელი მსოფლიო მუშაობს იმაზე, თუ რატომ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ გარე სამყარო და არ უნდათ მასთან ურთიერთობა. დღეს მსოფლიოში ბავშვებს აქვთ ორი პრობლემა: ჭარბი წონა და მიჯაჭვულობა კომპიუტერთან. ეს ისეთივე დარღვევაა, როგორც აზარტული თამაშები. კომპიუტერი არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ ესეც უნდა იყოს ლიმიტირებული. თუმცა კომპიუტერში არის განმავითარებელი თამაშებიც.

– კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ მეჩვენება, რომ ვირტუალური თამაშები ნაწილობრივ ემსახურება ადამიანების არარეალიზებული სურვილების რეალიზებას. ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ ასეთი თამაშებით, უპირატესად, რეალობაში ხელმოცარული ადამიანები ხომ არ არიან გატაცებული?

– არ ვიცი, სხვადასხვაგვარად შეიძლება ახსნა: იაპონელებმა მოიგონეს კომპიუტერული ცხოველები. რადგან იაპონიაში ძალიან პატარა ტერიტორიაა და ოჯახებს არ შეუძლიათ, იყოლიონ ცხოველები. ცხოველებთან ურთიერთობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, მოიგონეს თამაში, რომ ყველა ბავშვს ჰყოლოდა კომპიუტერში თავისი ცხოველი. საერთოდ, ყველა ამ თამაშის უკან რაღაც დევს. ანუ დასავლეთში ტყუილუბრალოდ არაფერს აკეთებენ. ამ თამაშებით, ასევე, ილამაზებ ცხოვრებას, ეს არის შენი აუხდენელი ოცნებების რეალიზება. მაგრამ შემდეგ ხშირად ბეზრდებათ ხოლმე. ძალიან კარგია, როდესაც ბავშვს აქვს ბევრი ინტერესი და მხოლოდ კომპიუტერით არ კმაყოფილდება. ვირტუალურ სამყაროში მას უადვილდება ცხოვრება. მაგალითად, მე მყავდა სტუდენტი, რომელიც ამბობდა, მე ვცხოვრობ მეთორმეტე საუკუნეშიო.

– თქვით, რომ სოციალური პირობები ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკაზე. მეორე მხრივ, თუ ამერიკაში ბავშვებს ჭარბი წონის პრობლემა აქვთ, ჩვენთან, მგონი, ნორმაზე დაბალი წონის პრობლემა აქვთ ბავშვებს.

– ასეთ კვლევას, ძირითადად, მედიკოსები ატარებენ. ჭარბი წონა ამერიკაში ბევრი ჭამის შედეგი არ არის, პრობლემაა არაჯანსაღი და არასწორი კვება. ოცი წლის წინათ თბილისში ვერ დაინახავდით ქუჩაში ადამიანს, რომელიც სიარულის დროს ჭამდა. მაგალითად, შარშან დღის სპექტაკლზე ოპერის თეატრში დედა აჭმევდა ბავშვს ბუტერბროდებს სპექტაკლის მიმდინარეობისას. კინოში ყოფნისას მიღებულია პოპკორნის ჭამა. არადა ვიცით, რომ მუდმივად ჭამა არ შეიძლება, რადგან კუჭს სჭირდება დასვენება. გარდა არასწორი კვებისა, არის ცხოვრების წესის პრობლემაც: ჩვენი ბავშვები უმეტესწილად ერთ ადგილას სხედან. ჩვენ ხომ ეზოები აღარ გვაქვს?! მართალია, გაკეთდა ფეხბურთის მოედნები, მაგრამ სად უნდა ითამაშონ გოგონებმა?! შეიძლება, იმით, რომ ცეკვა შეიტანეს სასკოლო პროგრამაში და სპორტსაც მიექცა ყურადღება, გამოსწორდეს ვითარება.

– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიდად არ გაუმჯობესებულა სპორტული ცხოვრება სკოლებში.

– სამწუხაროდ, ყველაფერი გახდა ფასიანი და ძალიან ძვირი ღირს. მე კი არ მივტირი ძველ დროს, მაგრამ მაშინ ყველა ბავშვი სპორტით იყო დაკავებული: ზოგი ფეხბურთზე დადიოდა, ზოგი – ცურვაზე. დღეს ცურვა ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ამ დროს ბავშვისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა დაავადებას კურნავს, ნევროპათოლოგებიც გვირჩევენ, ვატაროთ ბავშვები ცურვაზე, რადგან ბავშვი წყნარდება წყალთან ურთიერთობით.

– ბავშვების სკოლაში მიყვანის ასაკიც გაახალგაზრდავდა. ეს რა გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე?

– დღეს ჩვენთან სკოლაში ხუთი წლის ბავშვებიც მიდიან, რაც მე კატეგორიულად არასწორად მიმაჩნია. მაგალითად მოჰყავთ ის, რომ დასავლეთში ბავშვები ოთხი წლიდან დადიან სკოლაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის არის უბრალოდ სკოლის ტერიტორია, სინამდვილეში იმ ბავშვებთან მუშაობენ ისე, როგორც ჩვენთან საბავშვო ბაღებში. თუ ხუთი წლიდან შეგყავს ბავშვები სკოლაში, მაშინ ასეთი პირობები უნდა შეუქმნა. ადრე, როდესაც ლაპარაკი იყო სკოლისთვის მზაობაზე, ვაფასებდით იმას, თუ რამდენად იყო ბავშვი მზად სკოლისთვის: გონებრივი, ფიზიკური და ემოციურ-ნებელობითი კრიტერიუმებით. ფიზიკური განვითარება გულისხმობს იმას, რომ, თუ ბავშვი ფიზიკურად სუსტი, უჭმელი და მიუხედავია, იმიტომ რომ მშობელს არ აქვს მისი ექიმებთან მიყვანის საშუალება, ვერ გაუძლებს სასკოლო დატვირთვას. ვერ აითვისებს სასკოლო მასალას, ვერ გაჩერდება გაკვეთილზე. რასაკვირველია, ბავშვის ფიზიკურ მზაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, თუკი ოჯახს ისე უჭირს, რომ ვერ კვებავს შვილს, ეს აისახება ბავშვზეც. ხომ არსებობს ყოველდღიური რაციონი ბავშვებისთვის?!

– ბავშვმა დღეში რომ ერთი ხაჭო და მაწონი მიირთვას, რაც აუცილებელია, ამისთვის მშობელს ყოველდღიურად სჭირდება 4 ლარი, ესე იგი, თვეში 120 ლარი მხოლოდ მაწვნისა და ხაჭოსთვის.

– ვაშლი, ხილი?

– როგორც ამბობენ, ვაშლი იმიტომ შემოგვაკლდა, რომ 2008 წლის ომის დროს 100 000 ჰექტარი მიწა დავკარგეთ, ძირითადად, ვაშლისა და ატმის ბაღები.

– ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი: ჯერ თბილისის ომი, შემდეგ ახლანდელი ომი არის სერიოზული სტრესი, რომელიც ბავშვებთანაც ვლინდება. ჩვენ ომის სინდრომის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდით. აფხაზეთის პირველი ომის დროს ლტოლვილ ბავშვებს აღმოაჩნდათ უცნაურობები. მაშინ „იუნისეფმა“ დააფინანსა პროგრამა. ტრენინგები ჩაგვიტარა ფსიქოლოგებს, თუ როგორ უნდა გვემუშავა ასეთ ბავშვებთან და აღმოჩნდა, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვთ ბავშვებსაც, ოღონდ სხვადასხვანაირად ვლინდება ასაკის მიხედვით. იმის თქმა მინდა, რომ იმასაც აქვს მნიშვნელობა, რამდენად მშვიდად ვცხოვრობთ. თუმცა ესეც ძალიან პიროვნულია: შესაძლოა, ერთ ბავშვზე იმოქმედოს, მეორეზე – არა. მეტიც, ზოგისთვის სტრესი და ტრავმა არის იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს, ზოგისთვის – პირიქით. ბრიტანეთიდან და ლიტვიდან ჩამოსული იყვნენ ფსიქიატრები და ვილნიუსელმა ფსიქიატრმა თქვა, საქართველოში ძალიან კარგი სიტუაცია გაქვთ, ლიტვა პირველ ადგილას არის თვითმკვლელობების რაოდენობითო.

– სამწუხაროდ, ჩვენთანაც გახშირდა თვითმკვლელობები.

– დიახ, ამ ბოლო დროს. საინფორმაციო გამოშვებები იწყება იმის ჩვენებით, თუ ვინ სად და როგორ მოიკლა თავი. ერთი სიტყვით, უამრავი პრობლემაა, რომლებიც არ არის ნაკვლევი. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მთავარი პრობლემაა კოორდინაციის არარსებობა. შეიძლება, ვიღაც სადმე რაღაცას იკვლევს, მაგრამ მე არ ვიცი და პირიქით.

– ცუდია, როდესაც არ არის კვლევები, რადგან არ ვიცით, რა გვჭირს და არც ის, როგორ უნდა ვებრძოლოთ პრობლემებს. თუ ამ უამრავ არანაკვლევ, მაგრამ რეალურ პრობლემას თვითდინებაზე მივუშვებთ, თავისით გამოსწორდება? ანუ ფსიქიკასაც აქვს რაღაც იმუნიტეტის მსგავსი, როგორც ჩვენს სხეულს?

– ერთი მხრივ, ამერიკაში, როდესაც შატლი აფეთქდა, როდესაც 11 სექტემბერი მოხდა, ყველა სკოლაში მუშაობდნენ ფსიქოლოგები ბავშვებთან, იმიტომ რომ ისინი ამაზე ფიქრობენ. ჩვენთან კი ამაზე არავინ ფიქრობს. მეორე მხრივ, ამერიკაში თოვლი წამოვა და 400 ავარია ხდება; შუქი ჩაქრება და გულის შეტევა ემართებათ. ჩვენ ყინვაგამძლე მცენარეებივით ვართ ამ ფონზე. ამ შემთხვევაში გელაპარაკებით, როგორც ადამიანი და არა, როგორც მეცნიერი. კატაკლიზმებს ყველა ერთნაირად არ აღიქვამს. დღეს პედაგოგიკა ძალიან აყირავდა, იმ თვალსაზრისით, რომ, თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ ბავშვი უნდა გევარჯიშებინა მის სუსტ მხარეში. დღეს პირიქითაა: უნდა განუვითარო ის მხარე, რაც ძლიერი აქვს. ამერიკას აქვს ერთი თავისებურებაც: ისინი არ კარგავენ ჭკვიან ბავშვებს. იგივე ხდება ისრაელში. ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ეს პოტენციალი არ დაიკარგოს.

– რა რეკომენდაცია შეგიძლიათ, მისცეთ, როგორც ფსიქოლოგმა, თუმცა ჩვენი განათლების სისტემა ფსიქოლოგიას აღარ წყალობს, რომ შევძლოთ კონკურენტუნარიანი მოქალაქეების, პროფესიონალების აღზრდა?

– რუკას რომ შეხედავ, საქართველო წერტილია, მაგრამ ყოველთვის, თუნდაც, ბოლო საუკუნის განმავლობაში, გვყავდა გამოჩენილი ადამიანი, პლუს თუ მინუს ნიშნით, რომლის შესახებაც ნახევარმა მსოფლიომ იცოდა და იცის: ხელოვანი თუ მეცნიერი. ისე მოხდა, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში ქართვლები წავიდნენ გერმანიაში, პეტერბურგში, შემდეგ ისინი დაბრუნდნენ და შექმნეს თავიანთი სკოლები. ჩვენ გვაქვს მათემატიკის ძალიან ძლიერი სკოლა, რომელიც ნელ-ნელა განადგურდება, თუ არ მივხედეთ. ჩვენ ყოველთვის გვყავდა განათლებული ელიტა ყველა სფეროში. თუ გვინდა, რომ ისევ კონკურენტუნარიანები გავხდეთ, შრომის გარეშე არაფერი გამოვა, რაც უნდა ნიჭიერები ვიყოთ. კარლ როჯერსი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მამამთავარი, ჩამოსული იყო თბილისში, დაგვდო პატივი და ასეთ რამ გვიამბო: როდესაც რუსეთში ჩავედი, მითხრეს, გვინდა, თქვენი თეორიით ვისარგებლოთ და შევქმნათ სკოლები ჰუმანისტური მიდგომითო. მე ვკითხე, არ გეშინიათ, ჩვენ ვართ ორიენტირებული პიროვნებაზე, თავისუფალ ადამიანზე, ასეთი ხალხის მართვა კი ძალიან ძნელია, ამიტომ, როგორებიც გყავთ, გყავდეთო. ამდენად, მე მომწონს სიახლეები განათლების სისტემაში, რადგან საბჭოთა განათლების სისტემა ავტორიტარული იყო, მაგრამ ეს ჩვენს ტრადიციებს უნდა ეფუძნებოდეს.


скачать dle 11.3