როგორ უშლის საქართველო რუსეთს სოჭის ოლიმპიადას და ვის წინააღმდეგ შექმნა რუსეთმა 58-ე არმიის ზურგს უკან ახალი, 49-ე არმია
ორიოდ კვირის წინათ პუტინ-მედვედევი სოჭს ესტუმრნენ და ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობებიც შეამოწმეს. უფრო მეტიც, რფ-ის პრეზიდენტმა საგანგებოდ ბრძანა, ყველა ღონე იხმარეთ საქართველოსგან თავის დასაცავადო. თუ გავითვალისწინებთ, რომ დე-ფაქტო საქართველოსა და რფ-ის შორის მხოლოდაღიარებული აფხაზეთია, რთული დასაჯერებელია, რომ რფ თბილისისგან ტერორისტულ აქტებსა და დივერსიას ელოდეს. ასეა თუ ისე, რა საფრთხეს ელის მოსკოვი თბილისისგან, რატომ იჭერს უსაფრთხოების თადარიგს რამდენიმე წლით ადრე და, რაც მთავარია, რისი გაკეთების შნო და შესაძლებლობები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ამ თემებზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
– საქართველოს აქვს სოჭის ოლიმპიადის საშუალებები და სწორედ ამ საშუალებების გამოყენების პროცესში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ალბათ, ჩერქეზების თემა, რომელიც ზვავივით ნელ-ნელა იკრებს ძალას.
– ჩერქეზების გენოციდის აღიარებას გულისხმობთ?
– დიახ და ამას თან ახლავს პროცესი, რომელშიც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ, ჩვენი აქტიურობა ჩერქეზების გენოციდის საკითხში ჩერქეზებს აძლევს საშუალებას, რომ მათთვის აქტუალურ მეორე თემაზე გაამახვილონ ყურადღება. ეს არის ჩერქეზული რესპუბლიკის შექმნა რუსეთის ფედერაციაში. ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ჩერქეზები გაფანტული არიან სამ ავტონომიურ რესპუბლიკაში: ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში.
– ტერიტორიულად როგორ გამოვა ეს საქმე?
– არ გამოდის, იმიტომ რომ, ადიღე საკმაოდ მოშორებულია დანარჩენ ორ რესპუბლიკას. თუმცა ის ორი რესპუბლიკა ესაზღვრება ერთმანეთს, მაგრამ, საქმე ის არის, რომ ყარაჩაელები და ბალყარელები მონათესავე თურქმენული ტომები არიან და ჩერქეზების მიერ ავტონომიის მოთხოვნა მათთან დაპირისპირების გარეშე ვერ ჩაივლის. მოკლედ, თუ ვერაფერს მიაღწიეს ჩერქეზებმა, იმას მაინც „მიაღწევენ“, რომ მათ რუსულმა ხელისუფლებამ ბალყარელები და ყარაჩაელები მიუქსიოს.
– და ამას რა კავშირი აქვს სოჭის ოლიმპიადასთან?
– ძალიან დიდი. იქვე, მეზობლადაა სოჭი. ჩვენ ვიცით, რომ სოჭი არის ერთ-ერთი ჩერქეზული ტომის, შაფსუგების საცხოვრებელი ადგილი. ისინი თითქმის სრულად განადგურდნენ კავკასიური ბოლო ომის დროს, ისევე, როგორც უბიხები. იცით, რომ უბიხები არის გარდამავალი ტომი ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის. ბოლო ბრძოლა რუსებსა და ჩერქეზებს შორის გაიმართა კბაადას ტერიტორიაზე, რომელიც ჩერქეზების დამარცხებით დამთავრდა და ეს მოხდა დღევანდელი „კრასნაია პოლიანას“ ტერიტორიაზე. ამდენად, ჩერქეზები მიიჩნევენ, რომ ოლიმპიადა მათი წინაპრების ძვლებზე ეწყობა. ასე რომ, საქართველოს ხელეწიფება, სერიოზული დისკომფორტი შექმნას.
– რუსეთის ხელისუფლება ვერ აუკრძალავს საქართველოს ხელისუფლებას, ილაპარაკოს ჩერქეზების გენოციდზე. როგორ შეუძლია რუსეთს ამ საფრთხის განეიტრალება?
– საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდის აღიარებას უკრძალავს რუსეთი და თავშეკავებას სთხოვს ამერიკის ადმინისტრაცია. აშკარად კი სთხოვს, მაგრამ, არავინ იცის, რას აკეთებენ ჩუმად ამერიკის სპეცსამსახურები და სახელმწიფო ადმინისტრაცია. ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ საქართველო თავისი ქმედებით ჩრდილოეთ კავკასიისადმი ძაბავს სიტუაციას რეგიონში, მაგრამ ეს განცხადება, ერთი მხრივ, შესაძლოა, იყოს ჟესტი რუსებისადმი – ჩვენ არაფერ შუაში ვართო, თუმცა, სინამდვილეში, შესაძლოა, ეს იყოს თვალთმაქცობა და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამერიკული ადმინისტრაციის ხელშეწყობით მოქმედებდეს. ჩერქეზების ტრაგედიით დაინტერესდა მსოფლიო საზოგადოება, რომელიც მომხრეა ადამიანის უფლებების დაცვის და ისინიც, რომლებიც რუსეთზე არიან გაღიზიანებულნი. ჩერქეზები, ჩეჩნებისგან განსხვავებით, ტერაქტებს არ აწყობენ და უფრო სამართლებრივად მოქმედებენ.
მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ შავმა კატამ გაირბინა აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის. საქმე ის არის, რომ 1998 წელს, როდესაც აფხაზურმა პარლამენტმა თავის ტრაგედიას მიუძღვნა შესაბამისი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ გაასახლა რუსეთის ხელისუფლებამ ისინი თურქეთში, ჩერქეზებზე ხმა არ ამოუღიათ – იმიტომ, რომ რუსები არ გაეღიზიანებინათ, გაემიჯნენ ჩერქეზებს. ამას ჩერქეზები აქამდე თითებს შუა უყურებდნენ, დღეს კი მდგომარეობა შეიცვალა, საქართველოს ხელისუფლების აქტიურობის ფონზე აფხაზების ისევ სიჩუმემ ჩერქეზები გააღიზიანა. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე: რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთს წაართვას ჩრდილოეთ კავკასიაში კულტურული ჰეგემონია.
– ვერაფერს ვიტყვი ხელისუფლებაზე, მაგრამ, ზოგადად ქვეყანას, საქართველოს, ამის დიდი შანსი აქვს.
– ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა არ არის ამის მომხრე, მაგრამ, არიან მომხრეებიც, ჩრდილოკავკასიელების ნაწილი კი ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს აქტიურობა სათავისოდ გამოიყენოს. ყველასთვის გასაგებია საქართველოს მცდელობა: ერთი მხრივ, თავი დაიზღვიოს 1992 და 2008 წლების მოვლენებისგან და, მეორე მხრივ, რუსეთს შეუქმნას პრობლემები. მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვარ ფორმის წინააღმდეგი, იმიტომ რომ ეს კეთდება ნაჩქარევად და მოუქნელად, მაშინ, როდესაც ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლებოდა მოქმედება ბევრად უფრო ნაკლები კვალის დატოვებით.
– ახლა გვიან არის?
– გვიან არ არის, მაგრამ ბევრი რამ უკვე გაფუჭებულია. თამასა აწეულია, ჩერქეზები გაღიზიანებული არიან, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტი არ ცნობს ჩერქეზების გენოციდს და საქართველოს გავლენა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც შეიძლება, ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩერქეზების გენოციდის თემაში შემოდის სომხეთის საკითხი.
– ანუ?
– გენოციდის თემა. ამიტომ, ძალიან მშვიდად და ნელ-ნელა უნდა გვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ, ისე, რომ შედეგები გათვლილი გვქონოდა, დღეს კი ჩვენ არანაირი შედეგი არ გვაქვს გათვლილი.
– რა შეუძლია მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოს გასანეიტრალებლად, გნებავთ, დასასჯელად?
– რუსეთს შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ წუთას რუსეთს არ შეუძლია, თავს დაესხას საქართველოს. მაგრამ, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი ერთი წლის შემდეგ, ან, თუნდაც, ამ წლის ზაფხულში. რუსეთმა კარგად იცის, რომ, შესაძლოა, მოვლენები მისთვის არასასურველად განვითარდეს.
– არასასურველად, ანუ ჩერქეზების გენოციდი აღიარონ?
– დღეს ჩერქეზული საზოგადოების უკმაყოფილებით სარგებლობენ ისლამისტები და მოხდა ის, რომ სეპარატისტების, ნაციონალისტებისა და ისლამისტების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, რაშიც ჩვენ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის. იმისთვის, რომ რუსეთმა ამისგან დაიზღვიოს თავი, მართალია, ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველოსგან ელოდება ხიფათს, მაგრამ, სინამდვილეში, ხიფათს თავისი მოქალაქეებისგან ელოდება. საქართველოს საზოგადოებას გამორჩა ის ფაქტი, რომ რუსეთმა 58-ე არმიის უკან ახალი, 49-ე არმიის შექმნა დაიწყო. ამ 49-ე არმიის შტაბი ორი კვირის წინათ განლაგდა სტავროპოლში. ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ოლიმპიადამდე და შემდეგაც, ჩაკეტოს სივრცე არა საქართველოს საზღვრის გასწვრივ, როგორც ამას 58-ე არმია აკეთებს, არამედ პერპენდიკულარულად, ანუ დანარჩენი ჩრდილოეთ კავკასიისგან. მეტიც, ეს არმია, აფხაზეთში განლაგებული მეშვიდე ბაზა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ერთი ნაწილი ერთ სამხედრო დანაყოფში გააერთიანეს. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, რომ მედვედევი სწორედ თავისი მოქალაქეებისგან ელოდება ხიფათს.
– მეორე მხრივ, ეს დიდი ალბათობით გამორიცხავს საქართველოზე თავდასხმას, იმიტომ რომ ზურგში აქვს საქმე ცუდად?
– მოსკოვში სულელები ხომ არ არიან?! არ გამოვრიცხავ, იმ მოქმედებებს, რომლებსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და მის უკან მდგარი ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტი, რუსეთმა დაუპირისპიროს სხვა ქმედებები, ანუ, არა პირდაპირი აგრესია, არამედ ტერორისტული აქტები, დივერსია საქართველოს ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ ინიციატივა არ დაკარგოს. შეაჯანჯღაროს საქართველოს ზოგიერთი რეგიონი და მხარი დაუჭიროს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას.
– ვის?
– მე ვერავის დავადებ ხელს და განსაკუთრებით მათ, ვინც საქართველოში მუშაობს, მაგრამ რუსეთში გამოჩნდა რამდენიმე ქართულგვარიანი პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ. სხვათა შორის, ებრალიძის მიზანი არ არის საქართველოს პრეზიდენტობა, მისი ფუნქციაა, დააფინანსოს გარკვეული პროცესები. საქართველოში აუცილებლად დაიწყება ექსცესები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას არანაირი პროგრამა არ აქვს და ახლა ქმნიან. მე არ ვიცი, რა ხვედრითი წილი ექნება ამ ექსცესებში იმ ძალებს, რომლებზეც ვლაპარაკობდი, მაგრამ, ფაქტია, რომ ამას წინათ მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ქართველ ბიზნესმენებთან და მათ მიეცათ დავალება, დააფინანსონ კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, ოღონდ, რომლები – არ ვიცი.
– სამწუხაროა, რომ ჩვენ ამდენი წელია, ვერ გამოვედით იმ საბედისწერო წრიდან, რომ შენს ქვეყანაში ძალაუფლების მოსაპოვებლად სხვა ქვეყნის, ვინც უნდა იყოს ის ქვეყანა, ფული და ძალა არ უნდა გამოიყენო.
– ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთი პროცესები ვითარდებოდა და ვითარდება ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. დასავლეთს რომ არ გადაეფარებინა თავისი კალთა ბალტიისპირეთისთვის, დღეს ლიტვა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ისევე, როგორც არც ესტონეთი. ლიტვაში იყო რუსულენოვანი მოსახლეობის ძალიან ძლიერი ინტერფრონტი, რომელსაც რუსეთი ეხმარებოდა და, ვინმეს თუ ჰგონია, ბალტიისპირელები მაგრები არიან და თავი დაიძვრინესო, ძალიან ცდება, მათ, უბრალოდ, კბილებით ჩაეჭიდა დასავლეთი.
– ჩვენ თუ გვაქვს შესაძლებლობა, ჩაგვეჭიდოს დასავლეთი კბილებით?
– ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, დასავლეთმა შეცვალა თავისი მიდგომა. ყოველ შემთხვევაში, ის დოქტრინა, რომელიც იკვეთება ამერიკის პოლიტიკაში, იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვიტეს, ბევრად უფრო დინამიკური და მოქნილი გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ვერ ჰყვება ამაში დასავლეთ ევროპა, რადგან თავიანთი უსერიოზულესი პრობლემები აქვთ და იქ არის ორი სახელმწიფო, საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც მუდმივად უყვართ პოზაში დგომა. ევროპა იმდენად კრიზისულ ვითარებაშია, რომ ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ ფონზე მათ ერთი პირი, ბუნებრივია, ვერ ექნებათ. ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნაბუკოს პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტით ევროპა თავისი მოთხოვნის მხოლოდ 5 პროცენტს დაიკმაყოფილებს, ნაბუკოს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ამ მხრივ, ერთმანეთს ემთხვევა ამერიკისა და თურქეთის ინტერესები. მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობისა, თურქეთი ფიქრობს, რომ კავკასია მისი გავლენის სფეროა. ასე რომ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დასავლეთი, მიუხედავად რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკისა, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი იყოს.
– რა არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი დასავლეთისთვის: საქართველოში იყოს ნამდვილი დემოკრატია თუ იყოს ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ შეასრულებს დასავლეთის ნებას?
– პრობლემა არ არის საქართველო, პრობლემაა რუსეთი, რომელსაც არ ექნება იმპერიული პრეტენზია და შეძლებს ჩინური ექსპანსიის შეკავებას. ანუ ერთ ნავში უნდა ისხდნენ ამერიკა და რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც ვერაფრით მიაღწია ამერიკამ. დღეს სამხრეთ კავკასია არის ერთგვარი ლაბორატორია, სადაც ზის რუსეთი და მიდის მისი აღზრდის პროცესი.
– ესე იგი, ყველაფერი იმაზე ყოფილა დამოკიდებული, დაემორჩილება თუ არა რუსეთი ამერიკულ აღზრდას?
– საქართველო აქ არის სათამაშო კარტი, რომლის გამოყენებასაც დასავლეთი მაქსიმალურად მომგებიანად ცდილობს: თუ საქართველოში ყველასთვის – როგორც მოსახლეობისთვის, ისე ამერიკისთვის, მისაღები რეჟიმი შეიქმნება მაშინ ეს კარტი იქნება ტუზ-კოზირი, ხოლო, თუ აქ იქნება მუდმივი ომი და დავა, მაშინ იქნება ექვსიანი კოზირი, რომელიც, შეიძლება, გაიჭრას. დასკვნაში, რომელიც ამერიკის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პრემიერმინისტრობის დიდი შანსი, მაგრამ ეს არ არის ამერიკის გადაწყვეტილება, ეს არის სიტუაციის ანალიტიკური შეფასება. ამის უნისონშია ობამას გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ ის თავის მოკავშირე ქვეყნებთან მიმართებაშიც ხალხის მხარეს იქნება. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ეცემა რეჟიმები, რომელთა მეშვეობითაც ამერიკა მართავდა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ, ყველა ამ ქვეყანაში ამერიკას ჰყავს სერიოზული დასაყრდენი სამხედროების სახით. თუ სამხედროები ვერ მოახერხებენ ხელისუფლების აღებას, მოდიან ისლამისტები. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკის ახალი დოქტრინა ასეთია: ის არის ხალხის უმრავლესობის მხარეს და ეს უნდა გაიგოს ყველა მოკავშირემ და, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უპირველესად, საქართველომ, აზერბაიჯანმა და პაკისტანმა. ამერიკის მოკავშირე ყველა ქვეყანაში აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება, ოღონდ, ეს ნიშნავს არა ხალხის ხელში დაჭერას, არამედ ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნას, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს. ქვეყანა შეიძლება იყოს განსაკუთრებული პოლიციური რეჟიმის, მაგრამ იქ არ უნდა იყოს ეკონომიკური პრობლემები. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იღოს ყურად ეს სიახლე.