რატომ ეცემა ერთმანეთის მიყოლებით აღმოსავლეთის დესპოტიური რეჟიმები და რატომ გადავიდა დასავლეთი ტირანებთან მებრძოლი ხალხის მხარეს
პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეუქცევადი ხასიათი აქვს და მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ვითარება ერთი შეხედვითვე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ, მიუხედავად ადგილმდებარეობისა, ოცდამეერთე საუკუნეში აღმოსავლეთმაც მოისურვა ცხოვრების დასავლური სტილი. რა მიმართულებით შეცვლის მსოფლიოს სამყაროს მუსლიმანურ ნაწილში მიმდინარე ძვრები, ამის გარკვევას ნოდარ ნათაძესთან ერთად შევეცდებით.
– რატომ აუჯანყდა აღმოსავლეთის მოსახლეობა დიქტატორულ რეჟიმებს ერთი მეორის მიყოლებით?
– მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ჟურნალი: THE ECONOMISTS მრავალი წელია, წერს, რომ ამერიკელებმა უნდა შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულება კადრების, ანუ იმ ადამიანთა შერჩევისადმი, რომლებსაც ისინი აღმოსავლეთის საშუალო ზომის ქვეყნებში ჩათვლიან თავიანთ მოკავშირეებად; ეს ეხება ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც. ამ თეზისის განვითარების მიზეზი ის არის, რომ დასავლეთმა ჯამურად ვერ შეარჩია ისეთი ფენა აღმოსავლეთის საზოგადოებისა, რომელიც საკმარისად მასობრივი იქნებოდა და, იმავდროულად, – შეგნებულად კეთილგანწყობილი დასავლური ინტერესებისადმი. დიდი პროცენტი ამ კადრებს შორის უჭირავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სოციალურ მდგომარეობას უმადლიან არა პირად თვისებებს, არამედ ჩამომავლობას.
– მაგრამ ეს არცთუ უცხო ხილია აღმოსავლეთისთვის?
– არის თუ არა, ყველა ვითარდება. როდესაც აღმოსავლეთი ხედავს, რომ დასავლეთში არის ეგრეთ წოდებული მელიტოკრატია, ანუ ადამიანს აფასებენ დამსახურების მიხედვით, მათაც იგივე უნდათ. საერთოდ, აღმოსავლეთის ქვეყნების შინაგან მოწყობას ტრადიციულად ახასიათებს დესპოტიურობა. დესპოტი არ არის საგინებელი სიტყვა. დესპოტია არის ისეთი დიქტატურა, რომელიც ემყარება არა საზოგადოებაში არსებულ რაღაც ძალების კომბინაციას, ასეთ კომბინაციას ემყარება ტირანია, არამედ საზოგადოებაში ძალების არ არსებობას. არის მხოლოდ მმართველი ჯგუფი და უფორმო მასა. ეს არის აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი მართვის სტილი, რადგან იქ არ ყოფილა კლასიკური ფეოდალიზმი. კლასიკური ფეოდალიზმი იყო მხოლოდ დასავლეთ ევროპასა და საქართველოში.
– იაპონიაშიც.
– იაპონიას რაინდობის ინსტიტუტის არსებობისთვის აკლდა რელიგია: მათი რელიგია ამის საშუალებას არ იძლევა. დესპოტიის ერთ-ერთი არსებითი ნიშანია, რომ, თუ გარედან არ მოხვდა მუშტი, ძლებს ათასწლეულების განმავლობაში და ამის კლასიკური მაგალითებია: ირანი, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, თუმცა ჩინეთში დესპოტიას ყველაზე რბილი და კულტურული ფორმა ჰქონდა. ამ შემთხვევაში გარე ფაქტორი, რომელიც მოხვდა დესპოტიას, არის ინფორმაციული ფაქტორი. იმ ქვეყნებმა დაინახეს, რომ შესაძლებელია სხვანაირად ცხოვრება და ეს სხვანაირად ცხოვრება არის პრესტიჟული, მათი ცხოვრების წესი კი არაპრესტიჟულია. თუ ამის ანალიზს ვაკეთებთ, ერთი გულის გასახარებელი დეტალიც უნდა აღვნიშნოთ: აღმოსავლეთის არც ერთ ქვეყანაში, გარდა ერთისა, ხალხისთვის მასობრივად ცეცხლი არ გაუხსნიათ.
– ლიბია.
– და ეს ერთი გამონაკლისი არის რუსეთის აგენტი კადაფი. დანარჩენები, ესე იგი, რუსების აგენტები არ იყვნენ.
– იმას ამბობთ, რომ ეს ერთგვარი ტესტი იყო?
– რა თქმა უნდა, ეს ტესტია, ვის როგორი მოკავშირე ჰყავს. ტრადიციულად, რუსეთის კლიენტურაა სირია, პალესტინა და ერაყი, თუმცა იქ ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. ეს უნდა დაინახონ თავიანთი მოკლე ჭკუით რუსეთის აგენტებმა, რომლებიც საქართველოში პარპაშებენ.
– მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს აღმოსავლეთში ადამიანური ყოფა მოუნდათ. რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამ მოვლენებმა მსოფლიოში აქამდე დადგენილ წესრიგზე?
– იმას, რაც ახლა ხდება, ძალიან სერიოზული შედეგები ექნება მსოფლიო პოლიტიკასა და ისტორიაში. ამერიკელები უკვე განწყობილი არიან, გადახედონ თავიანთ პოლიტიკას ფიგურებთან მიმართებაში და, ჩემი აზრით, საკმაოდ რადიკალურად. განვჭვრიტოთ ლოგიკურად, რაში სჭირდება გადახედვა ამ პოლიტიკას: თუ ჩემი ქვეყანა თქვენს ქვეყანაში ხელს უწყობს ისეთ კაცს, რომელიც მე მარგია, მაგრამ თქვენს ქვეყანას არ არგია, ეს გარდაუვლად ნიშნავს, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატურა არ გამოხატავს თქვენი ქვეყნის ინტერესებს, ანუ პოლიტიკა, რომელსაც მე მოვითხოვ, განსხვავდება თქვენი ქვეყნის ინტერესებისგან. თუ ასეთი პოლიტიკის გაგრძელება მინდა, მას იგივე ეფექტი მოჰყვება, რაც ეგვიპტეში მოხდა. აქედან დასკვნა: ეს პოლიტიკა არ უნდა გააგრძელო. ანუ ისეთი კაცი უნდა ჩათვალო შენს მეგობრად, რომლის ზრახვა და სულისკვეთება მთლიანად ემთხვევა მისი ქვეყნის ზრახვას და სულისკვეთებას.
– მაგრამ სწორედ აქ იქმნება მთავარი წინაააღმდეგობა: ქვეყნისა და მისი ლიდერის ზრახვები და სულისკვეთება შეიძლება, არ დაემთხვეს ამერიკის ზრახვასა და სულისკვეთებას?
– ზუსტად მაქეთკენ მივდივარ: თუ გინდა პოლიტიკის რადიკალური შეცვლა, შენი პოლიტიკა უნდა დაამთხვიო მოცემული ქვეყნის ინტერესებს. ეს კი შეუძლებელია გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც მოკავშირეებად არჩევ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლის ინტერესებიც ემთხვევა შენს ინტერესებს. ამიტომ, ჩემი აზრით, დასავლეთი იძულებული იქნება, შეარჩიოს ქვეყნები, რომლებსაც ჩათვლის თავის მოკავშირეებად და ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც უნდა ააგოს ეს მოკავშირეობა. რუსთაველის თეზაა: ღმერთმა ერთი რათ აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმინდოს. „რათ“ რუსთაველის ენაში ნიშნავს – რით, რა საშუალებით. ანუ, ერთს თუ გინდა დაეხმარო, ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე უნდა დაეხმარო. ამიტომ მგონია, რომ მოვლენების განვითარების ტენდენცია ასეთი იქნება: დასავლეთი უფრო ინტენსიურად, დეტალურად და მეტი ყურადღებით გამოყოფს თავის პარტნიორ ქვეყნებს შორის მათ, რომლებსაც თავისად ჩათვლის და რომელთაც მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს. საქართველოს ინტერესია, რომ ამ მოკავშირეებში მოხვდეს.
– რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის?
– გეტყვით და ეს არ არის მხოლოდ გემოვნების არჩევანი, ეს არის თვით ბუნების არჩევანი. საქართველო არის ტიპოლოგიურად, ანუ თავისი აღნაგობით დასავლური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთში მდებარეობს და მასთან ბევრი აქვს საერთო. შესაძლოა, პარადოქსად ჩამითვალოთ, მაგრამ ტიპოლიგიურად დასავლელი ადამიანები არიან ჩრდილო კავკასიელებიც, მიუხედავად მუსლიმანობისა. მაგალითად, გეტყვით ასეთ ფაქტს: როგორც კი მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში და უფრო ადრე, საქართველოში დატრიალდა 0, 001-პროცენტიანი განზავების რომანტიზმის სული, საქართველო მაშინვე დააცხრა ამ მოვლენას და შექმნა არაასპროცენტიანი რომანტიკოსები: ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის სახით და კლასიკური, 100-პროცენტიანი რომანტიკოსი ბარათაშვილის სახით. იმ დროს პოეზიის ქვეყანა იყო სპარსეთი, ჩინეთი და მათ ქართველებზე ნაკლები ინფორმაცია არ ჰქონიათ, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ ამისთვის. შემდეგაც, როდესაც გალაკტიონი წერს: „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“, ის გულისხობს, რომ ჰუმანიზმის ხანა დამთავრდა და კულტურული და სულიერი კრიზისი დაიწყო. ესე იგი, ქართველი ერი, ქართველი ელიტა, ქართული გონი თავისი განვითარების ბუნებრივ გზად მიიჩნევს იმავე გზას, რომლითაც დასავლეთი, ევროპა მიდის. ამას თავისი ფესვები აქვს და უპირველესია ქრისტიანული ფესვები. ასეთია საქართველოს კულტურული ორიენტაცია, სოციალურად კი, როგორც გითხარით, საქართველო არის ერთადერთი არადასავლეთ ევროპული რაიონი დედამიწაზე, სადაც არსებობდა სრული ფეოდალიზმი, ამიტომ ჩვენთვის, სტრატეგიასაც რომ თავი დავანებოთ, ბუნებრივია ორიენტაცია დასავლეთზე. ჩვენი ყველაზე ბუნებრივი და ერთადერთი შესაძლებელი როლი მსოფლიო პოლიტიკაში არის ის, რომ იმ ადგილას, სადაც ვართ, მყარად ვიყოთ, ხელში გვეჭიროს ამ ადგილის გასაღები და გვქონდეს დასავლური ორიენტაცია. ვიცავდეთ ამ ადგილს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რა თქმა უნდა, დასავლური ფულისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორც გასავლელს შავ ზღვასა და შუა აზიას შორის. დღეს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია და მას აქვს ორი ძირითადი ფრონტის ხაზი: ერთი გადის წყნარ ოკეანეზე, მეორე – ჩვენზე. ბრძოლა მიდის იმისთვის, თუ სად გაივლის მიჯნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამხედრო ბანაკებს შორის: კასპიის ზღვაზე, სადაც დღეს გადის; საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ეს ყველაზე ბუნებრივია; შავ ზღვაზე, როგორც ეს რუსეთს უნდა, თუ შუა აზიისა და ჩინეთის ზღვარზე, როგორც ეს დასავლეთს უნდა.
– ჩვენ რა როლს გვაკისრებს დასავლეთი ამ ბრძოლაში და რის შესრულება შეგვიძლია?
– სამწუხაროდ, დღეს დასავლეთი სტრატეგიულად, ეკონომიკურად და ნაწილობრივ კულტურულადაც განგვიხილავს, როგორც ცარიელ ტერიტორიას, რომელიც უნდა აითვისონ და გამოიყენონ, როგორც ტერიტორია და არა როგორც მოკავშირე. ჩვენი უმძიმესი ამოცანაა, რომ დასავლეთი აი, ამ განხილვიდან გადმოვიყვანოთ იმ განხილვაზე, როდესაც ჩვენ ვიქნებით მოკავშირე. ეს მეორე განხილვა დასავლეთისთვის უფრო ხელსაყრელია, თუმცა პირველს ადგას მენტალური სიზარმაცის გამო: ასე უფრო ადვილია, მაგრამ ნაყოფის მომტანი უფრო მეორეა. იმისთვის, რომ დასავლეთმა განგვიხილოს, როგორც მოკავშირე, აუცილებელია ორი რამ: დამოუკიდებელი პოლიტიკა და ჩვენი ხარისხი. უნდა ვაჩვენოთ ხარისხი. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან ავტორიტეტული პოლიტოლოგი, საფრანგეთის აკადემიის წევრი ანრი ბეზანსონი ასეთ ფორმულირებას ხმარობს: დღეს მსოფლიოს სთავაზობენ დემოკრატიას, როგორც ღირებულებას. დემოკრატია არ არის ღირებულება, ეს არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა სხვა შესაძლებელთა შორის. ჩვენ ამას ვამატებთ, რომ ეს სწორედ ის ფორმაა, რომელშიც არა ექსკლუზიურად, მაგრამ ყველაზე ეფექტურად რეალიზდება ორი აბსოლუტური ღირებულება: თავისუფლება და თანასწორობა. ამიტომაც ღირს დემოკრატია თავდადებად. ჩვენ შეგვიძლია იმის დასაბუთება, რომ საქართველოში დღეს მოქმედი ტრადიციული ღირებულებები არ ეწინააღმდეგება, მინიმალურადაც კი, არც ერთ დასავლურ ღირებულებას. ჩვენი და მათი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა და იმპორტირებული არ არის. ისინი ერთად მოდიან.
ჩვენ რომ მსოფლიოში ჩვენი ხმა გვქონდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა. ეს, სამწუხაროდ, ასე არ არის. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების ხარისხიც ორიანზეა. ჩვენი საზოგადოების ჩვევებში ურევია ბევრი სიყალბე, დედლობა, უპრინციპობა. მე და თქვენ ქუჩაში ხელს ვართმევთ ნაძირალას: ოცი ნაცნობიდან ორი მაინც გვყავს ისეთი, სახლში რომ არ უნდა ვუშვებდეთ. მაგალითად, სუფრაზე ვერ უნდა მოდიოდნენ გარკვეული კატეგორიის ადამიანები, იმიტომ რომ მათ არავინ ეუბნებოდეს, გაგიმარჯოსო. იმათ თუ გაუმარჯოს, ესე იგი, ბოროტებას უნდა გაუმარჯოს და ეს საზოგადოების ხარისხს დაბლა წევს. კიდევ ერთ ნიმუშს გეტყვით ჩვენი და დასავლეთის სულისკვეთების მსგავსების მაჩვენებელს: ირანში, ტრადიციულად, თუ ქურდი დაიჭირეს, ხელს კვეთენ. ქართველისთვის, რაგინდ ქაჯი და განუვითარებელი იყოს, ეს მიუღებელია. ამ მიუღებლობას კი აქვს ნახევრად ცნობიერი ან სულაც გაუცნობიერებელი საფუძველი: მე უარვყოფ დაუმსახურებელ სასჯელს. ის კი სჯის დაუმსახურებლად, იმიტომ რომ სხვების ქონება დაიცვას. მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჩემთვის არსებული მენტალობის მიხედვით, მიუღებელია ადამიანი დაისაჯოს იმაზე მძიმედ, ვიდრე დააშავა. თუ ქურდობისთვის ხელს კვეთ, მაშინ ქალის გაუპატიურებისთვის, რა უნდა უქნა? თვრამეტჯერ ჩამოახრჩო?! ანუ მე, როგორც ქართველი, მოვითხოვ პროპორციულ სასჯელს. უკაცრავად, ასეთი მაგალითი რომ მომყავს, მაგრამ გერმანულ ცნობარში მაქვს წაკითხული, რომ სპარსეთში ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს, კაცს ეკრძალებოდა კრიტიკულ დღეებში მყოფ ქალთან ურთიერთობა. თუ კაცი ამას მაინც გააკეთებდა, მას ან უნდა მოეკლა ქალი, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა, ან 15 000 კონა ფიჩხი მიეტანა საღმრთო ცეცხლზე. როგორც აღმოჩნდა, ჩვეულებრივ, კაცი პირველ გამოსავალს არჩევდა – ქალს კლავდა. ეს ჩვენი, ქართული, კავკასიური მენტალობისთვის წარმოუდგენელია, მათთვის კი – ბუნებრივი.
– თუ ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ხარისხი და დავრჩით, როგორც ტერიტორია?
– აღარ ვიქნებით, ამიტომ ვერ დავრჩებით, როგორც ტერიტორია. როგორც მჯობნის მჯობნი, ისე უარსესის უარესიც არ დაილევა. სტიქიური პროცესი განადგურებამდე მიგვიყვანს.