„კოწია – არწივი ბახტრიონის, აგრაფინა – ვარდი შირაზის“
ანუ ქართველი ღარიბი ყველაზე ბედნიერი ღარიბია!
საქართველოს კანონმდებლები ზამთრის არდადეგების შემდეგ აქტიურ მუშაობაში ბუნებრივად და ჩვეულებისამებრ ჩაეფლნენ: უმრავლესობა, ერთი მხრივ, ახალ-ახალ კანონპროექტებს ამუშავებს, მეორე მხრივ, კვლავაც ინარჩუნებს აზრთა დამთხვეულობას (ანუ, ისევ და ისევ მონოლითურია); ოპოზიცია კი კრიტიკას განაგრძობს: ზოგჯერ – კონსტრუქციულად, შიგადაშიგ – დესტრუქციულადაც (ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობის თვალთახედვით). მიუხედავად საკანონმდებლო ცხოვრებისთვის ჩვეული ამ სტაბილურობისა, გასულ კვირას ოპოზიციონერად წოდებულ დეპუტატ ბ-ნ ბაღათურიასა და უმრავლესობის საკანონმდებლდო ელიტას შორის სიტყვიერი პაექრობა მაინც შედგა.
კერძოდ, უმრავლესობის დეპუტატები ფრიად გაახალისა მათი ოპოზიციონერი კოლეგის, ბ-ნი ბაღათურიას სტატისტიკამ, რომელიც საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობას ეხებოდა (ბუნებრივია, იქ, ზემოთ, ფიქრობენ, რომ ღარიბები ამ ჩვენი ქვეყნის მეტად მცირე ფენას შეადგენენ). აქედან გამომდინარე, ნაცუმრავლესობის ელიტად წოდებულმა დეპუტატებმა (ბ-ნებმა მიხეილ მაჭავარიანმა და გიგი წერეთელმა) ბ-ნ ბაღათურიას უცხოეთში ხშირ-ხშირად მოგზაურობაც ურჩიეს (რითაც იმაზეც მიგვანიშნეს, რომ თავად სამშობლოს საზღვრებს უპრაგონოდ ტოვებენ) იმაში დასარწმუნებლად, რომ ღარიბები იქაც არიან და არანაკლებ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ (დაახლოებით, ასეთი პათოსით: ქართველი ღარიბი ყველაზე ბედნიერი ღარიბია). მეტიც, საერთოდაც იუარეს, რომ ჩვენს დედაქალაქში ადამიანები ღამღამობით ნაგვის კონტეინერებში იქექებიან.
მეორე მხრივ, რაც უნდა იუაროს, გინდა ელიტამ, გინდა ქველიტამ, რაკი „მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავს“, ან ქართველი დეპუტატები ზომაზე მეტად დაბურული ავტოებით მოძრაობენ, ან მოქმედებენ პრინციპით: „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნი ბაღათურიას შენიშვნებმა ისინი მეტად კარგ ხასიათზე დააყენა, ზედაც მათ იმ ენამახვილობასაც დავამატებთ (უცხოეთში ხშირ-ხშირად იარეთო) და ამ ყოველივეს მათი ხელფასებით გავაზავებთ, საქართველოს ღარიბების დალხენილი ცხოვრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იმის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება, რომ ჩვენი დეპუტატების ნერვების, ხალისისა და ხელფასის პატრონებს, დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლე არ ასცდებათ.
დაახლოებით, ასე: „კოწია – არწივი ბახტრიონის, აგრაფინა – ვარდი შირაზის, ეარშიყებიან ერთურთს, მოდგნენ ხასიათზე, რაღაი გაძღნენ.“