„ყოფნა – არყოფნა, საკითხავიც აი, ეს არის“
კურო, ანუ 03 და კუბო
მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 03-მა რეორგანიზაცია განიცადა და სახანძრო სამსახურის მხარდამხარ სამაშველო სამსახურთან გაერთიანდა, ბევრი დრო არ გასულა, თუმცა ნოვაციები ამ მოკლე დროშიც დაინერგა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამაშველო სამსახურმა 03-ის ექიმებს თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულების პროცესში სარეკლამო საქმიანობაც შეუთავსა, პრინციპით, „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ (სხვათა შორის, მეტად პირდაპირი მნიშვნელობით). სახელდობრ, 03-ის ექიმებს დაევალათ, რომ იმ ტრაგიკულ შემთხვევაში, თუ პაციენტი შემოაკვდებათ ან, თუნდაც, უკვე გარდაცვლილი დაუხვდებათ, ოჯახის წევრებს დამკრძალავი ბიურო „ჰერმესის“ სარეკლამო ფლაერები დაურიგონ. ფლაერებში კი მეტად დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ დაეხმარება „ჰერმესი“ დაღუპული პაციენტის ოჯახს არა მხოლოდ საფლავისთვის მიწის გამოყოფასა და ცხედრის ბალზამირებაში, არამედ მიცვალებულისთვის მაკიაჟის გაკეთებაშიც (ამთავითვე შევნიშნავ, რომ ხსენებული „ჰერმესი“ მუნიციპალური საწარმოა), ქელეხის ორგანიზებასა თუ, სულო და გულო, იმდენი სახეობის კუბოს შეთავაზებაში.
გამომდინარე იმ მარადიული ჭეშმარიტებიდან, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ (საერთოდაც: ყოფნა – არ ყოფნა, საკითხავიც აი, ეს არის), სამაშველო სამსახური მეტად თადარიგიანი აღმოჩენილა, თუ იმ უმნიშვნელო დეტალს არ გავითვალისწინებთ, რომ 03-ის ექიმებს სარეკლამო აგენტების როლის შესრულება ეკრძალებათ (ყოველ შემთხვევაში, კანონზე დაყრდნობით, ასე აცხადებს ოპოზიცია). თუმცა, როგორც უნდა იყოს, რაკი ამ აქციიდანაც ჩანს, რომ მუნიციპალურ საწარმოებს („ჰერმესის“ მაგალითის გათვალისწინებით) შემოსავლები გასჭირვებიათ (უკვე კარდაკარ ყიდიან კუბოებს), ჭეშმარიტად შეგნებული მოქალაქეები, წესით, სიკვდილიანობას მოუხშირებდნენ და ბარემ საკუთარი ნებით დაედებოდნენ მტლად ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს!