ბენზინის ბოლო წვეთამდე
მესაწვავე „მწუხარე სახის რაინდები“
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი გააძვირა. როგორც მსოფლიო მედია გვაუწყებს, შავი ოქროს ღირებულებამ ფსიქოლოგიურ ზღვარს (100 აშშ დოლარს) 11 დოლარით გადააჭარბა და ბოლო ორი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია. მეტიც, თუკი აღმოსავლეთი არ ჩაწყნარდა, იმავე მედიის საშუალებით უცხოელი ქსპერტები გვარწმუნებენ, რომ საწვავის ფასი შეუქცევადად აიწევს. ამ უსიამოვნო ინფორმაციას, ბუნებრივია, ადგილობრივი მესაწვავეებიც გამოეხმაურნენ და, უპირველესად, გაგვახსენეს, რომ საქართველო ნავთობიმპორტიორი ქვეყანაა. თუმცა ისიცაა, რეკორდულ ნიშნულამდე ნავთობის ფასის მიღწევამდეც არ დაუმადლებიათ ქართველი მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირება. სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-თებერვალში საწვავის ფასის მატების მიზეზად არა მხოლოდ მსოფლიო ზრდა, ლარის კურსის ვარდნაც დასახელდა, ოღონდ, ბუნებრივია, ლარის კურსის თითქმის ძველ ნიშნულამდე დაბრუნების შემდეგ, საწვავის გაიაფება ჩვენებურ მენავთობეებს აზრადაც არ მოსვლიათ.
როგორც უნდა ყოფილიყო, გასულ კვირას ქართველი ნავთობიმპორტიორები ტელევიზიითაც გამოვიდნენ და „მწუხარე სახის რაინდის“ გამომეტყველებით გვაუწყეს, რომ ბენზინის უკანასკნელ წვეთამდე შეინარჩუნებენ საწვავზე დღეს არსებულ ფასს (რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში 20 თეთრით გაძვირდა). უფრო ზუსტად, დაგვაიმედეს, რომ, სანამ ძველი მარაგები არ ამოგვეწურება და ახალი არ გაგვიხდება შესაძენი, არ გავაძვირებთო. მეტიც, დაგვამუნათეს, რომ მინიმალურ მოგებაზე იმუშავებენ (ესე იგი, როგორც ჩვენი მომხმარებლები იტანჯებიან, ისე უნდა დავიტანჯოთო). ოღონდ, რაკი ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა ოდენობის და რამდენ საწვავს ყიდულობენ და, არც ის, გრძელვადიან ხელშეკრულებას წინასწარ აფორმებენ თუ ყოველთვიურად მოკლე-მოკლეს, მათი გულწრფელობის შემოწმება გაგვიჭირდება.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენებური მენავთობეები მეტად დამწუხრებული ჩანდნენ, იქნებ ქართველ მომხმარებელს მათდამი თანაგრძნობა გამოემჟღავნებინა, მცირე ხნით საწვავზე უარი ეთქვა, რომ გულდათუთქული მესაწვავეებისთვის საწვავის ახალი პარტიის შემოტანის დილემა თავიდან აეცილებინა?!