ვინ დაეხმარა გამანადგურებლის პილოტირების დაოსტატებაში ჰოსნი მუბარაქს და რომელ ფილმში შეასრულა მან ეპიზოდური როლი
„ახალი ეგვიპტე, მხოლოდ ეგვიპტელების შრომით აშენდება“ – ამ ფრაზის ავტორი, ეგვიპტის აწ უკვე ექს-პრეზიდენტი 83 წლის ჰოსნი მუბარაქია, რომლის პოსტიდან გადადგომასაც რამოდენიმე კვირის მანძილზე მოითხოვდა მილიონობით ეგვიპტელი და მიაღწიეს კიდეც საწადელს. უკანასკნელი 30 წელია მუბარაქი სათავეში ედგა ტურისტებისთვის მიმზიდველ ეგვიპტეს და საპროტესტო აქციები რომ არა, სავარაუდოდ თავის პოსტს თავისივე უფროს ვაჟიშვილს გადააბარებდა და კლანურ პრეზიდენტობას დაუდებდა სათავეს. მუბარაქის თემა ჯერაც აქტუალურია და აქედან გამომდინატე საინტერესო იქნება გავეცნოთ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს „თბილისელების“ ტრადიციულ რუბრიკაში.
* ჰოსნი მუბარაქი 1928 წელს ეგვიპტურ სოფელ კაფრ-ელ-მუსილჰაში დაიბადა. მამამისი მიწის მცირე ფართობს ფლობდა და ასევე პროვინცია მანუფიას იურიდიულ სამმართველოში მუშაობდა. ჰოსნი არ იზრდებოდა ფუფუნებაში, თუმცა ამის საშუალება მის ოჯახს ჰქონდა. მისი მეგობრები და კლასელები იყვნენ ფელაჰების ეგვიპტელი მიწათმოქმედების, გლეხების შვილები და დროის უმეტეს ნაწილს ჰოსნი მათთან ატარებდა.
* დასავლელი ექსპერტების და ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით, ჰოსნი მუბარაქის წინაპრები ჩერქეზები იყვნენ. ცნობილია, რომ ეგვიპტელი მამელუქების დიდი ნაწილი ჩერქეზები გახლდნენ და მათი უმეტესობა ეგვიპტის ტერიტორიაზე სულთან სალადინის მმართველობის პერიოდში მოხვდა. მუბარაქის ჩერქეზულ წარმომავლობაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება და აქედან გამომდინარე, მისი ოფიციალური ბიოგრაფები ჩერქეზულ წარმოშობას არ ადასტურებენ.
* 1959 წელს ჰოსნი მუბარაქი სტაჟირებაზე საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა, კერძოდ, ყირგიზეთში, ტოკმაკში, სადაც მან ბომბდამშენ „ილ-28-ის” პილოტირების კურსები გაიარა. სტაჟირებიდან ეგვიპტეში დაბრუნებული ჰოსნი საავიაციო პოლკის მეთაურად დაინიშნა. 1964-1965 წლებში მუბარაქი საშტაბო სწავლებას გადიოდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში და ასევე, ეუფლებოდა ბომბდამშენი „ტუ-16-ის” პილოტირებასაც. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში მუბარაქი ყვებოდა, რომ მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მან ინტერესის გამო ფეხით შემოიარა მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველა სადგური. მისი უსაყვარლესი ადგილი კი მოსკოვში დღემდე ყოფილი გორკის, ამჟამად კი „ტვერსკაია ულიცაა”, რომელიც თანამედროვე მოსკოვის გართობისა და ღამის ცხოვრების ცენტრია.
* 1962-1963 წლებში ჰოსნი მუბარაქი იღებდა მონაწილეობას იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში. იგი ეგვიპტური კონტინგენტის წევრი იყო და ბომდბამშენების ესკადრილიას მეთაურობდა. 1967 წელს მუბარაქი მონაწილეობდა არაბ-ისრაელის ომში, რომელშიც ეგვიპტური არმია თითქმის მთლიანად განადგურდა. 1970 წელს მუბარაქი ეგვიპტის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსად დაინიშნა. იგი პირადად ხელმძღვანელობდა ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ რამდენიმე წარმატებულ სამხედრო ოპერაციას 1970-1972 წლებში. 1972 წელს იგი ავიაციის მთავარსარდლად დაინიშნა და ეგვიპტურ საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებული „იომ-ქიფურის ომში” ან როგორც მას უწოდებენ – „მე-10 რამადანის ომში”. ჰოსნი მუბარაქი საბჭოთა კავშირის ამჟამად ცოცხალ, ორიდან ერთ ავიაციის მარშალთან, საბჭოთა კავშირის გმირთან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მარშალ ალექსანდრ ეფიმოვთან ერთად დაფრინავდა და მასთან დაოსტატდა გამანადგურებლის პილოტირებაში.
* 10 სანტიმეტრი. სწორედ ეს მანძილი აშორებდა სიკვდილს ვიცე-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს 1981 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც სამხედრო აღლუმის დროს მოკლეს ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტი ანვარ სადათი. ერთ-ერთ ინტერვიუში მუბარაქი ამბობდა, რომ მას დღემდე ყურში ჩაესმის ტყვიის ზუზუნი, რომლითაც სადათი მოკლეს. მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე, 52 წლის მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.
* ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს შესრულებული აქვს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის როლი, 1949 წელს გადაღებულ ეგვიპტურ შავ-თეთრ მხატვრულ ფილმში. მუბარაქი ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება და მისი პერსონაჟის როლი მხოლოდ პილოტებისთვის მითითებებით შემოიფარგლება. ცნობისთვის, იმ დროისთვის მუბარაქს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ სამხედრო სტრუქტურაში დაეწყო სამსახური და საჰაერო ძალების გენერლის როლის არჩევა სრულიად შემთხვევით მოხდა. ფილმის რამდენიმე კადრი ვიდეოპორტალ „იუთუბზე” არის განთავსებული.
* ჰოსნი მუბარაქის მეუღლე, ეგვიპტის ყოფილი პირველი ლედი სიუზანა საბეტ მუბარაქი 1941 წელს დაიბადა. ისინი 1978 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ ორი ვაჟიშვილი – ალაა და გამალი. 1988 წელს ერაყში ვიზიტის დროს, სიუზანა მუბარაქი სისხლიანი დანაშაულის მოწმე გახდა. მის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე, სადამ ჰუსეინის ვაჟმა, უდეიმ სიუზანის და სხვა სტუმრების თვალწინ სადამ ჰუსეინის პირადი დაცვის წევრი მოკლა.
* ჰოსნი მუბარაქი ერთადერთი ეგვიპტელი მაღალი რანგის მმართველი იყო, რომელმაც უარი განაცხადა ისრაელში სტუმრობაზე. მას არაერთხელ მისვლია ოფიცილური მიპატიჟება-მიწვევა. თუმცა, მუდამ იგნორირებას უკეთებდა მათ. მუბარაქი, მხოლოდ ერთხელ სტუმრობდა ებრაულ მიწას, იგი ეწვია უდაბნო ნეგავაში მდებარე მცირედ დასახლებულ პუნქტს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მან ეს „გულის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა”.
* ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში სწავლის დროს ჰოსნი მუბარაქმა აითვისა რუსული ენა და დღემდე თავისუფლად საუბრობს რუსულად, როდესაც შეხვედრებს მართავს რუს პოლიტიკოსებთან. იგი არის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის (მგიმო) საპატიო დოქტორი. მუბარაქის ბიოგრაფიის ზოგიერთი მკვლევრის აზრით, საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში, მუბარაქს კავშირი ჰქონდა საბჭოთა უშიშროებასთან და იგი პერიოდულად, „კაგებეს” ოფიცრებთან საიდუმლო შეხვედრებს მართავდა. თუმცა, ოფიციალურად, ეს ფაქტი დადასტურებული არ არის.
* 2010 წლის ზაფხულში ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ცნობა, რომ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი არის დაავადებული და მას სიცოცხლის ერთი წელიწადი დარჩა. მუბარაქის უკურნებელ სენზე ბევრს საუბრობენ, როგორც დასავლეთში ასევე არაბულ რეგიონშიც, თუმცა როგორც ჩანს, ამერიკელების ეს ვერსია მცდარი აღმოჩნდა. გასულ წელს მუბარაქმა, მხოლოდ ერთი ოპერაცია გაიკეთა, გერმანულ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე. ამის შემდეგაც მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობა 25 წლის კაცისას შეადარეს.
* სულ ახლახან ბრიტანულმა „გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ჰოსნი მუბარაქისა და მისი ოჯახის სავარაუდო ქონებაზე, რომელიც სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჟურნალისტების აზრით, მუბარაქის კაპიტალი დაბანდებულია ამერიკისა და შვეიცარიის ბანკებში და ასევე, სხვადასხვა კომპანიებში, სადაც ისინი შუამავლების დახმარებით ფლობენ წილს. ექსპერტების აზრით, პირველი კორუფციული გარიგებები მუბარაქმა ჯერ კიდევ საჰაერო ძალების მთავარსარდლობის პერიოდში განახორციელა, რის შემდეგაც მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. „გარდიანის” აზრით, შესაძლოა, ეს ცნობა მოძველებულიც კია, და ამჟამად მუბარაქის კაპიტალი ას მილიარდ დოლარსაც კი აღწევს.