ისტორია გაგრძელებებით...
დაიწყეთ დღე, ერთ ფინჯან ცხელ კაკაოსთან ერთად და ენერგიით სავსე შეუძლებელს შეძლებთ. ეს სასმელი ხომ ენერგიის უშრეტი წყაროა. თანაც, ვირუსებისგან დაგიცავთ და ისეთ დადებით ემოციებს მოგანიჭებთ, ადამიანებს შეგაყვარებთ. უფრო მგრძნობიარეს და გულმოწყალეს გაგხდით.
ძველი ინდიელები ამბობდნენ: ღმერთმა ადამიანებს კაკაო მას შემდეგ გაუგზავნა, რაც სამოთხედან განდევნა ისინიო. ამით უნდოდა, როგორღაც გაელამაზებინა და შეემსუბუქებინა მათთვის ყოველდღიურობაო. ამიტომაც, ინდიელები კაკაოს ხეს წმინდა ხედ მიიჩნევდნენ და მის ნაყოფს რელიგიურ რიტუალებში იყენებდნენ. კაკაოს მარცვლები ყოველთვის ძალიან ძვირად ფასობდა. ის ფაქტი, რომ აცტეკთა ყველაზე მდიდარ ბელადს, მონტერემას თავის საწყობებში 900 ტონა კაკაოს მშრალი მარცვალი ჰქონდა გადანახული, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ აფასებდა ის ამ საოცარ მცენარეს.
1606 წელს მოგზაურ ანტონიო კარლეცის წყალობით, კაკაომ ევროპაში შეაღწია. თუმცა, პოპულარული მხოლოდ ათიოდე წლის შემდეგ გახდა. მაშინ, როცა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეცამეტე ანა ავსტრიელზე დაქორწინდა, მან საფრანგეთს მზითევში კაკაოს მოდუღების საიდუმლო რეცეპტიც მოუტანა და სასმელს სახელი საქვეყნოდ გაუთქვა.
ახლახან კაკაოს მარცვალში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ნივთიერება კოკოჰილი, რომელიც კანის უჯრედების გამრავლება-გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ნაოჭების მტერია და ათჯერ მაინც ამცირებს ტვინში სისხლის ჩაქცევის, ასევე ათეროსკლეროზის ალბათობას.