მწვანე კუთხე
კითხვა: მცენარის ნიადაგში წვრილი ჭიები გაჩნდა და როგორ მოვიქცე?
პასუხი: ამ შემთხვევაში მისი მიწა მთლიანად უნდა შეცვალოთ, ფესვები კი „მარგანცოვკის“ ხუთპროცენტიან ხსნარში დაასველეთ, რათა ისინიც დაავადებული არ იყოს. ამ პროცესის შემდეგ კი შეგიძლიათ, მცენარე ახალ ნიადაგში ჩარგათ და ჭიებიც გაქრება.
კითხვა: ჩემმა კაქტუსებმა მოიწყინა, როგორ გამოვაცოცხლო?
პასუხი: კაქტუსი ამ სეზონზე ისვენებს. სასურველია თუ 5 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფებთ ახლა – ეს ხელს შეუწყობს მცენარეს კარგად დასვენებაშიც და შემდგომ უხვად ყვავილობაშიც. გაითვალისწინეთ, ზამთარში ძალიან ხშირად არ მორწყათ და თქვენი კაქტუსები აღარ მოიწყენს.
კითხვა: „ქრისტეს გვირგვინს“ წითელი ყვავილები ჰქონდა თითქმის მუდმივად, ახლა ყვავილებიც და ფოთლებიც დასცვივდა. რის ბრალია?
პასუხი: ეს სახეობა უეფორბიებს ეკუთვნის. ყვავილებისა და ფოთლების დაცვენა არასწორი მორწყვის ბრალია. ეცადეთ, ამ სეზონზე ჭარბი წყალი არ მოახვედროთ ნიადაგში. თუ ჭურჭლის სადგარზე წყალს შენიშნავთ, მაშინვე გადაღვარეთ.
კითხვა: როგორ მოვუაროთ ეონიუმს და პრეტენზიული მოსავლელია თუ არა ის ბინაში?
პასუხი: ეს მცენარე იოლად იზრდება, უყვარს სინათლე. სინათლის ნაკლებობა ფოთლების წაგრძელებასა და გამწვანებას იწვევს, როზეტები კი გადაიხსნება და ფორმას დაკარგავს. ეონიუმი მცხუნვარე მზესაც იტანს, ამიტომ, შეგიძლიათ, ზაფხულში გარეთ გაიტანოთ. მაღალი მცენარე მყარად რომ იდგეს, მოზრდილ და მძიმე ქოთანში ჩარგეთ. მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, ზამთარშიც კი, როცა მცენარე „იძინებს”. ზამთარში სიგრილე უფრო მოსწონს, დაახლოებით 8-10 გრადუსი. ზაფხულში კი 18-24 გრადუსიც ჰყოფნის. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს, თორემ, ფოთლები მოეჭმუჭნება. თვეში ერთხელ მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. წყალს ფოთლებზე ნუ მოახვედრებთ, თორემ, თეთრ, უშნო ნაკვალევს დატოვებს. ზამთარში მორწყეთ მხოლოდ მაშინ, თუ ფოთლები სცვივა ან სიხასხასეს კარგავს. ამ დროს დამატებითი კვება არ სჭირდება. მას ძველი ფოთლები უჭკნება და სცვივა. მაღალი, შიშველღეროიანი ეონიუმი შეგიძლიათ ძირში გადაჭრათ. ასე მცენარე უფრო ლამაზი ფორმის გაიზრდება. გასამრავლებლად როზეტები მოაშორეთ და ტენიან, ქვიშიან ნიადაგში ჩარგეთ. ფოლადის ან მინის ზედაპირზე შემოდგმული ეონიუმი განსაკუთრებით ლამაზია. ზაფხულის დასაწყისში ის მომცრო ზომის ყვითელ ყვავილებს გამოიღებს და კიდევ უფრო ეფექტური გახდება. დაახლოებით 50 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება და მისთვის მინიმალისტური ინტერიერიც საკმარისია.