რეაქცია
„დაიგვიანეს, აღარა ჩანან“
ოკუპაციაც გრძელდება, ორი მხოლოდაღიარებული ტერიტორიიდან ცეცხლსაც გვიხსნიან და სეპარატისტები, განსაკუთრებით, ცხინვალიდან მტკაველ-მტკაველ მოიწევენ საქართველოს სიღრმისკენ (სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ სოხუმი, რაც მიიღო, ანუ კოდორის ხეობას, იმასაც სჯერდება). ამის მიუხედავადაც, ჩვენს მშობელ ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელ ბიზნესმენებთან მეტად თბილი ურთიერთობა აქვს (მეტიც, დღემდე კვლავაც ბურუსითაა მოცული ენგურჰესის „ინტერ რაოსთან“ დუეტში მართვის პერსპექტივა თუ დუეტის უპერსპექტივობა), ვინაიდან გვარწმუნებს, რომ პოლიტიკა ეკონომიკაში არ უნდა ავურიოთ. ამის პარალელურად, მოძრაობა „რეაქცია“ თანამემამულეთ მოუწოდებს, უარი თქვან „ოდნოკლასნიკების“ მომსახურებაზე და ანალოგიური დანიშნულების მქონე ინგლისურენოვან „ფეისბუქზე“ გადაერთონ, მიზეზად კი „ოდნოკლასნიკების“ რუსულ წარმოშობას ასახელებს (მას რუსული სპეცსამსახურები ფლობენო). შესაბამისად, კატეგორიულად გვირჩევენ, რომ არ გავამდიდროთ ოკუპანტები! მოთხოვნა სავსებით ლეგიტიმურია, ისევე, როგორც მომხმარებელზეა არჩევანი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ოდნოკლასნიკებით“ მაინცდამაინც ვერ მდიდრდებიან ოკუპანტები, მაგალითად, „თელასიდან“ კი გაცილებით მეტ ხეირს ნახულობენ („თელასის“ მფლობელი, სწორედაც რომ, რუსული სახელმწიფო კომპანიაა), როგორც ჩანს, ჩვენს რეაქციას, ჩვეულებისამებრ, სამიზნედ დაბალი ღობე აურჩევია.
ნინო ხაჩიძე