როგორი დამცინავი უსტარი გაუგზავნა ირანის შაჰმა ეგრისის მეფე გუბაზს და მის მოკავშირე ბიზანტიელებს და რა მოჰყვა ამას
ეგრისის მეფე გუბაზი მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ, როდესაც ლაზთა სამეფო ბიზანტიისა და სპარსეთისთვის მასზე გავლენის მოსაპოვებელ ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა. ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებზე გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაჟა კიკნაძე.
– ისევე როგორც მანამდე და შემდეგაც, მეექვსე საუკუნის დასაწყისშიც ჩვენი ქვეყანა დიდი სახელმწიფოებისთვის მასზე გავლენის მოსაპოვებელ ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეგრისში, ამ ბრძოლის შუაგულში, მეფე გუბაზი აღმოჩნდა.
გუბაზის ტახტზე ასვლისას, ბიზანტიაში განთქმული კეისარი იუსტინიანე მეფობდა, სპარსეთში კი – ხოსრო პირველი. ორივე ცდილობდა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ეგრისი. ბიზანტიელებმა თავისი ძლიერების განსამტკიცებლად, დღევანდელი ციხისძირის მახლობლად, მთავარი ფორპოსტი – პეტრას ციხესიმაგრე ააგეს. ბიზანტიელთა სარდალი იოანე ციბე, სწორედ აქ იყო გამაგრებული. ციბე, ისე, როგორც დამპყრობთა უმრავლესობა, უპირველესად, საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობდა. ამის გამო, მან მძიმე გადასახადები დაადო ეგრისს. ამიტომ, ეგრისელებმა და მეფე გუბაზმა გადაწყვიტეს, არსებული ვითარებისთვის ბოლო მოეღოთ. დამოუკიდებლად ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ, გუბაზმა, ბიზანტიელთაგან ფარულად, ელჩები გაგზავნა სპარსეთის დედაქალაქ ქტეზიფონში. ირანის შაჰი ხოსრო სიხარულით შეხვდა გუბაზის ელჩებს. ის ისედაც ფიქრობდა, ეგრისზე ლაშქრობას და გუბაზის წინადადება, სწორედ რომ, მისწრება იყო მისთვის. 542 წლის ზაფხულში ხოსროს უზარმაზარი არმია ეგრისისკენ დაიძრა. ჯარს თვითონ შაჰი მიუძღოდა, რაც საომარი ექსპედიციის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. შუაგულ ეგრისში ხოსროს გუბაზი დახვდა. ასე დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, რომელმაც ოც წელს გასტანა.
გუბაზმა ურჩია ხოსროს, პირველ ყოვლისა, პეტრას მიუვალი ციხესიმაგრიდან განედევნათ ბიზანტიელები. ხოსრომაც ძირითადი ძალები პეტრას წინააღმდეგ გაგზავნა. ბიზანტიელთა გაქნილმა სარდალმა იოანე ციბემ ხერხს მიმართა – ჯარს უბრძანა, შენიღბულიყვნენ და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ გამოევლინათ. ირანის შაჰი ხოსრო შორიდან ადევნებდა თვალს თავის ჯარს, სარდლად კი ანიაბედი დანიშნა. სპარსი სარდალი მართლაც მოტყუვდა და უშიშრად მიადგა პეტრას. ბიზანტიელები ზვავივით დაიძრნენ. მოულოდნელობით შემკრთალი სპარსელთა ჯარი უკუიქცა. განრისხებულმა ხოსრომ ბრძანა, თავისი სარდალი ანიაბედი სარზე დაესვათ, ჯარს კი თვითონ ჩაუდგა სათავეში.
– როგორი სარდალი აღმოჩნდა თავად შაჰი?
– მართალია, ხოსრომ პეტრა აიღო, მაგრამ მალე იძულებული გახდა ირანში დაბრუნებულიყო, რადგან ბიზანტიელთა ლაშქარი მის საზღვრებში შეჭრილიყო.
ამგვარად, გუბაზმა თითქოს საწადელს მიაღწია და საძულველი ბიზანტიელები ეგრისის მთავარი ციხესიმაგრიდან განდევნა, მაგრამ ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ახალი „მფარველი” ძველზე არაფრით იყო უკეთესი. პირიქით, მზაკვარმა შაჰმა გუბაზის ფარულად, მისი მოწინააღმდეგე დიდებულის, ფარსანსის ხელით მოშორება განიზრახა. ფარსანსს ეყო შეგნება და მეფეს ირანელთა საიდუმლო გეგმა გაანდო. ახლა უკვე მიხვდა გუბაზი, რომ როგორც იტყვიან: „ვაის გაეყარა და უის შეეყარა”.
გუბაზი იძულებული შეიქნა, კვლავ იუსტინიანესთვის ეთხოვა დახმარება. იუსტინიანემ აპატია მეფეს „ძველი შეცდომა”. ამის შემდეგ, უკვე ეგრისელები და ბიზანტიელები ცდილობენ ერთობლივად, პეტრადან სპარსელთა განდევნას. ბიზანტიიდან ახლად მოვლენილმა ახალგაზრდა სარდალმა – დაგისთემ გუბაზს ყური არ ათხოვა და ქართლიდან გადმოსასვლელი გზები სათანადოდ არ გაამაგრა. ირანელებმა ამით კარგად ისარგებლეს და პეტრაში გამაგრებულ თავის გარნიზონს დიდი ძალა მიაშველეს. ირანელთა 30 000-იან ჯარს განთქმული სარდალი – მერმეროე სარდლობდა. ასეთ სიტუაციაში, ისევ გუბაზ მეფემ იმარჯვა – სპარსელთა მზვერავები შეიპყრო და მათგან ყველაფერი შეიტყო ირანელთა ჯარის გეგმებსა და განლაგებაზე. ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა მოულოდნელად შეუტიეს მტრის მთავარ ბანაკს და სპარსელები თითქმის სულ გაანადგურეს.
– საკმარისი აღმოჩნდა ეს გამარჯვება ირანელთაგან თავის საბოლოოდ დასახსნელად?
– ირანი ეგრისზე ხელის აღებას არ აპირებდა. შემდეგ წელს სპარსელთა ახალი ჯარი შემოვიდა და ცხენისწყლის ნაპირებზე გამაგრდა. გუბაზის წინადადებით, მტერს მოკავშირეებმა შეუტიეს. გუბაზ მეფემ ჯარი ასე განალაგა: ავანგარდში – ქართველი ცხენოსნები დააყენა, მათ უკან ბიზანტიელი მხედრები, მესამე ეშელონში კი თვითონ და ბიზანტიელთა სარდალი – დაგისთე იდგნენ ქვეითი ჯარით. ბრძოლა ძალიან მძიმე გამოდგა. ხან ერთ მხარისკენ იყო გამარჯვება – ხანაც მეორისკენ. ბოლოს, მოკავშირეებმა მოახერხეს და ირანელთა სარდალი ხორიანე მოკლეს. ამან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ამ გამარჯვების მიუხედავად, პეტრას ციხე კვლავ ირანელთა ხელში რჩებოდა. ბიზანტიის იმპერატორმა დაგისთე უკან გაიწვია, პეტრას ასაღებად კი ახალი სარდალი – ბესა გამოგზავნა, რომელიც ასაკის მიუხედავად, ამ დროს იგი 70 წლის იყო, ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მხედართმთავრად ითვლებოდა. 551 წელს პეტრაზე მორიგი შეტევა დაიწყო. ბიზანტიელები პეტრას ძირის გამოთხრასაც ცდილობდნენ და ქვის კედლებს ტარანებითაც არ აკლებდნენ იერიშს. ბრძოლამ უკიდურესად მძაფრი ხასიათი მიიღო. სპარსელებმა, პეტრას კედლებზე ხის კოშკი დადგეს და იქიდან, ისრებთან ერთად, ცეცხლწაკიდებულ ქოთნებს ესროდნენ მომხდურთ. ძნელი სათქმელია, რა ელოდათ ბიზანტიელებს, რომ უეცრად, ქარს არ შეეცვალა მიმართულება და ირანელთა კოშკისკენ არ შებრუნებულიყო.
ირანელებს თავისი ნასროლი ცეცხლი უკან მიუბრუნდათ და ხის კოშკი წამში ალში გაეხვია. ბიზანტიელები პეტრას ციხეში შეიჭრნენ. მეორე დღეს მათ 500 რჩეული სპარსელიც გაანადგურეს, რომლებიც პეტრას შიდა ციხეს იცავდნენ.
ბესამ იმის ნაცვლად, რომ ირანელთა მოსალოდნელი შემოჭრა აღეკვეცა და ქართლიდან გადმოსასვლელები გაემაგრებინა, პონტოსა და სომხეთში გამგზავრება და იქ ხარკის აკრეფა არჩია. ამასობაში კი, ეგრისში ირანელთა ახალი არმია შემოიჭრა, რომელთაც წინ საბრძოლო სპილოებიც მოუძღოდნენ. ამ ჯარს განთქმული სპარსელი სარდალი – მერმეროე სარდლობდა. როდესაც მერმეროემ გაიგო, რომ პეტრა დაეცა, მიმართულება შეცვალა და ეგრისელთა დედაქალაქ ციხე-გოჯის, იგივე არქეოპოლისისკენ გამოემართა. ამ ბრძოლაში, მერმეროემ მოღალატეც იშოვა და მას ეგრისის დედაქალაქის შიგნით სურსათის საწყობები დააწვევინა. ამის მიუხედავად, ციხე-გოჯის დამცველები არ შედრკნენ და ირანელებს დაუნდობელი ბრძოლა გაუმართეს. საბოლოოდ, არქეოპოლისთან ირანელებმა მარცხი განიცადეს და 1 000 მეომარი დაკარგეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. სპარსელები მთელ ეგრისს მოედვნენ. გუბაზი იძულებული გახდა, მთებში გახიზნულიყო. მერმეროემ გუბაზს და ეგრისელებს დამცინავი უსტარი გაუგზავნა. 552 წლის გაზაფხულიდან გუბაზი ბიზანტიელებს შეუერთდა და ისინი ერთობლივად შეებრძოლნენ მერმეროეს. იმ წელს ირანელთა მკვეხარა სარდალმა ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია. შემდეგ წელს მერმეროემ ტელეფისის კარგად გამაგრებულ ციხეზე მიიტანა იერიში. გაქნილმა სპარსელმა შეტევის წინ ხმა დაყარა, ირანელთა სარდალი ანუ თვითონ კვდებაო. გახარებულმა ბიზანტიელებმა მცველებიც კი აღარ დააყენეს ციხესთან და ღრეობას მიეცნენ. სწორედ ამ დროს დაეცა მათ უვნებელი და ჯანმრთელი მერმეროე. პანიკაში ჩავარდნილი ბიზანტიელები გაიქცნენ და არეულობა შეიტანეს ბანაკში, რომელსაც ბესა და იუსტინე ედგნენ სათავეში. ბიზანტიელებმა ათეული კილომეტრი უკანმოუხედავად ირბინეს და რიონისა და ტეხურას შესართავთან ერთ მცირე კუნძულზე, ნესოსზე, გამაგრდნენ. სპარსთა სარდალი, ალბათ, მათ იქაც დაამარცხებდა, მაგრამ ამ დროს ის მართლაც დაავადდა და სასწრაფოდ მცხეთაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ბიზანტიელთა უუნარობით აღშფოთებულმა გუბაზმა დაწვრილებით აღწერა ბიზანტიელთა ვერცხლისმოყვარეობა, შურიანობა, სიხარბე და იმპერატორს აცნობა, სწორედ ამიტომ ვმარცხდებით სპარსელებთან ომშიო. იმპერატორმა იუსტინიანემ ამის შემდეგ ბესა თანამდებობიდან გადააყენა და ქონება ჩამოართვა. ბიზანტიელთა ჯარის სათავეში კი მარტინე და რუსტიკე გაამწესა. ეს ორი ვერაგი ბიზანტიელი აღშფოთებულნი იყვნენ გუბაზის წერილის გამო. ისინი ფიქრობდნენ, რომ გუბაზი მათ ქმედებებსაც ამხელდა და ამიტომ გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ იგი. ამ მიზნით, მათ კონსტანტინოპოლში სასწრაფოდ გაგზავნეს რუსტიკეს ძმა, იოანე. მან იმპერატორს მოახსენა, რომ გუბაზი მოღალატეა და სპარსელთა მხარეს აპირებს გადასვლასო. იუსტინიანემ ეს ცნობა საეჭვოდ მიიჩნია და ბრძანა: თვითონ ეგრისელთა მეფე მეწვიოს საქმის გასარკვევადო. ამის საპასუხოდ, იოანემ იმპერატორს მოახსენა, რომ შეიძლება, ეგრისელთა მეფემ უარი თქვას თქვენთან გამოცხადებაზეო. მაშინ, იმპერატორმა იოანეს ნება დართო, მეფე ძალით ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში. ვერაგი იოანე არ ცხრებოდა და იუსტინიანეს ისიც ჰკითხა, იმ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ, თუ გუბაზი გაგვიძალიანდებაო. ამაზე იმპერატორმა მედიდურად უპასუხა: მაშინ ისე მოექეცით გუბაზს, როგორც ურჩ ტირანს ეკადრებაო. ეს ზუსტად ის იყო, რისი გაგებაც სურდათ ბიზანტიელ სარდლებს. მათ დასტური მიიღეს, რომ შესაძლებელი იყო გუბაზის მოკვლა.
554 წელს კი დატრიალდა ტრაგედია, რომელმაც ეგრისელები შეძრა. ეგრისელთა მეფეს თავი დამოუკიდებლად ეჭირა და ბიზანტიელთათვის უთქვამს, რაც თქვენ გააფუჭეთ, თქვენვე გამოასწორეთო. ეს თქვა თუ არა გუბაზმა, მას იოანემ მახვილი დაჰკრა და ცხენიდან ჩამოაგდო. შემდეგ კი მიწაზე დაცემულ მეფეს ბიზანტიელმა ჯარისკაცმა შუბით მოუსწრაფა სიცოცხლე. ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია ასკვნის, რომ გუბაზის ღალატით მკვლელობა, იმდენად უღირსი საქციელი იყო და ისე ააღელვა კოლხები, რომ ამ ვერაგობას ეგრისელთა აღშფოთება და სახალხო კრება მოჰყვაო. ეგრისელთა ჯანყით შეშფოთებულმა იმპერატორმა ბრძანება გასცა, მკვლელები სამაგალითოდ გაესამართლებინათ და დაესაჯათ. ასეც მოხდა: იოანე და რუსტიკე სიკვდილით დასაჯეს. ეგრისელთა შემდეგ მეფედ გუბაზის უმცროსი ძმა, წათე დაამტკიცეს, რომელიც ზეიმით გამოუშვეს კონსტანტინოპოლიდან.
ომი სპარსელებთან 562 წელს დამთავრდა. ბიზანტიასა და ირანს შორის 50-წლიანი ზავი დაიდო. ეგრისი ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩა. ამ გამარჯვებაში ლომის წილი გუბაზს მიუძღოდა.