სრულ მზადყოფნაში
თანამედროვე ქალის მთავარი ამოცანაა, ყოველთვის იყოს საბრძოლო მზადყოფნაში, სრული შემართებითა და შესაფერისი განწყობით. ამაში გასაოცარი არაფერია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ყოველდღიურად, რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა. ეს უკვე ტრადიციაა. იქნებ, ქალბატონებისთვის ის დრო ჯობდა, როცა კავალრები აივნებთან სერენადებს უმღეროდნენ და მათი გულის მოსაგებად, დუელში ბრძოლაზეც არ ამბობდნენ უარს. არავინ იცის, რა პრობლემები და სირთულეები ჰქონდათ დასაძლევი, მაშინ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ ფაქტია:
დღეს, „დუელი” ქალბატონებს აქვთ მოსაგები. ცხოვრება მათ ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს. ქალები ერთდროულად სამ განზომილებაში ცხოვრობენ: რეალურში, წარმოსახვითსა და სიმბოლურში. რაც ძალიან იშვიათად ახასიათებთ მამაკაცებს. ბუნებრივია, მთავარი სირთულე ისაა, როგორ „გადანაწილდე” სამივე განზომილებაში თანაბრად ისე, რომ ერთ-ერთმა, შენი პიროვნება მთლიანად არ შთანთქას.
ქალმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს პრიორიტეტები საკუთარი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. მაგალითად, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორი გინდათ, რომ იყოთ: ლამაზი, მაგრამ ცოტათი მოსულელო; თუ ინტელექტუალური, განათლებული და ძალიან ძლიერი ქალი. თუ ამ ყველაფერს ერთმანეთს შეუხამებთ და შეუთავსებთ, არაჩვეულებრივ კომბინაციას მიიღებთ. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაინც ერთ, კონკრეტულ მიმართულებას უნდა მიანიჭოთ. წარსულს ჩაბარდა ეპოქა, როცა ქალს მხოლოდ სილამაზე და ინტრიგებიდან თავის დაღწევის ნიჭი სჭირდებოდა ბედნიერების მოსაპოვებლად. არ იფიქროთ, რომ ისინი არ იყვნენ სრულ „საბრძოლო” მზადყოფნაში, მაგრამ მათი „იარაღი” იყო სხვანაირი, „სამიზნე” კი ყოველთვის უცვლელი რჩება!