ეს სასარგებლოა
თანაც ძალიან სასარგებლო... ზოგჯერ დაბრუნდეთ ბავშვობაში, მოიქცეთ ისე, როგორც ბავშვები იქცევიან და განახლებული აზრებით დაუბრუნდეთ რეალობას. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და „ბავშვობაში” არ „ჩარჩეთ”. მართალია, მამაკაცებს მოსწონთ „ბავშვი ქალები”, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე, ისიც ცოტა ხნით.
დააკვირდით, როგორ იქცევიან პატარები, როცა მათ უფროსები უწყრებიან. ისინი ჩუმად არიან და ერთ წერტილს უყურებენ. დუმან! – აი, ყველაზე წარმატებული პოზიცია კამათში. მით უფრო, როცა საქმე მამაკაცს ეხება. ჯერ გაჩუმდებით, ხოლო როცა თქვენი დუმილი და ბავშვური გამოხედვა სინდისს შეუწუხებს, შეგეძლებათ ბოლომდე „მიაწვეთ” და თქვენიც გაიტანოთ. ისწავლეთ თქვენი ემოციების დამალვა. ბავშვები ამას ახერხებენ. მათ ეს ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გამოსდით. უფროსებს ერთი ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს – მარტო ცუდი კი არა, განსაკუთრებულად მავნე და წამგებიანი. კონფლიქტისა და ჩხუბის დროს აქტიურობა გვიყვარს. ნერვებს ვიგლეჯთ და ხმის ჩახლეჩვამდეც კი ვყვირით, ოღონდ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ბოლოს აღმოჩნდება, სულ ტყუილად გვიწვალია. არაფერი კარგი ამან არ მოგვიტანა. ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტი არაფრის გამო იწყება. თუ ყვირილი და ყელის ატკივება გნებავთ, იყვირეთ. მაგრამ აბა, სცადეთ და კონფლიქტში „ბავშვი” იყავით. ნახავთ, როგორ უმტკივნეულოდ „გაამწვანებთ” თქვენსას.
იცით, კიდევ რაში უნდა მიბაძოთ ბავშვებს?! – ფეხშიშველა სიარულში. თქვენ ფიქრობთ, ეს მათი უბრალო ახირებაა? სულაც არა. საქმე ისაა, რომ ბავშვებს აქვთ უნარი, მოუსმინონ საკუთარ, შინაგან ხმას. ენდონ მას და ის გააკეთონ, რაც მათთვის სასარგებლო იქნება. ფეხისგულებზე მოთავსებულია ნერვული დაბოლოებები. ფეხშიშველა სიარულით ბუნებრივი მასაჟი გამოგვდის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.