ვისთან ერთად სძინავს ღამით ანუკა ქორქიას და სად ასეირნებს ის ქურქით, ბუგებითა და სვაროვსკის სამკაულებით მორთულ საკუთარ ძაღლს
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ტელე-წამყვანის, ანუკა ქორქიას ცხოვრებაში არცთუ ისე დიდი ხანია, გამოჩნდა ახალი არსება, რომელიც მართალია ძაღლია, მაგრამ ანუკა და მისი ოჯახის წევრები ისე უვლიან, როგორც ადამიანს. ტაშო მათთვის ჩვეულებრივი ოჯახის წევრია, რომელზეც ყველა ზრუნავს და ცივ ნიავს არ აკარებენ.
ანუკა ქორქია: ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო კატის კულტი და ბავშვობიდან მყავდა ფისო. აქედან გამომდინარე, ამ ცხოველზე ვიყავი შეჩვეული და არც არასდროს მიფიქრია, ძაღლი თუ მეყოლებოდა. თან, ამ ცხოველის შიში მქონდა ყოველთვის. მით უმეტეს, სახლში დისკომფორტს მიქმნიდა (იცინის). ტაშო ჩემთვის მოულოდნელი საჩუქარი იყო, რომელიც თაყვანისმცემელმა მომიყვანა. თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, მიმეღო თუ არა ეს საჩუქარი, მაგრამ ახლა, რომ მკითხონ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა უჩუქებიათო, ტაშოს გამოვყოფდი.
– რა ჯიშის არის ტაშო და გოგოა თუ ბიჭი?
– ეს არის იორკშირული ტერიერი, შემოკლებით იორკის ეძახიან. ჩემი ტაშო ბიჭია, მაგრამ ისეთი ლამაზი და საყვარელია, ყველას გოგო ჰგონია. ძალიან გრძელი თმა აქვს. მოკლედ, უსაყვარლესია (იცინის).
– როგორც ვიცი, ძალიან სათუთი მოვლა სჭირდება, ადვილად ცივდება და ასე შემდეგ.
– ეს არის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში და ეძახიან „პარკეტის ძაღლს”. უზომოდ სუფთაა, მაგრამ პერსონალურად, ერთი ადამიანი სჭირდება, ვინც მასზე იზრუნებს. გეთანხმებით, ძალიან სათუთი ჯიშია. ადვილად ცივდება და ძნელად იტანს გაციებასაც კი. ძალიან ეშინია ხმაურის, შეიძლება, ამ დროს გულიც კი გაუსკდეს. ასევე, ჰაერში რომ ააგდო, ამისიც ძალიან ეშინია. ჩემი ტაშო არის ჩვეულებრივი პატარა ბავშვი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია.
– ტაშოს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?
– ტაშოს ჩაცმულობა, აქსესუარები და საერთოდ, მის გარეგნობაზე ზრუნვა, ძალიან სერიოზული საკითხია. როგორც უკვე გითხარით, აქვს გრძელი და ლამაზი თმა, ამიტომ თავზე უკეთია ულამაზესი თმის სამაგრები, ბაფთები. რაც შეეხება ტანსაცმელს, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ – აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი და ტაშოს მოუხდეს. ფეხზე აცვია ხოლმე კედები, ბუგები, „ბასანოშკები“. ზამთრისთვის შევუძინეთ პალტო, ქურდი, ლაბადა. აქვს უამრავი ფერადი მაისური და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი აქსესუარები – სვაროვსკის თვლებით გაწყობილი.
– ქართველ დიზაინერებთანაც ხომ არ შეუკერეთ სამოსი?
– სამწუხაროდ, ქართველ დიზაინერებს არ აქვთ ცხოველის ტანსაცმლის ხაზი, ამიტომ უცხოეთიდან გვიწევს სამოსის გამოწერა. იქ არის რამდენიმე დიზაინერი, რომლებსაც ვანდობთ ტაშოს ჩაცმულობას. სხვათა შორის, დიზაინერები, რომლებიც ცხოველის ხაზითაც კერავენ, ეს ეხება მხოლოდ ამ ჯიშს – სხვა ჯიშის ძაღლების სამოსს იშვიათად ქმნიან. იმავდროულად, იორკშირული ტერიერი, არის ერთადერთი ჯიში, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაშვებულია „ა“ კლასის რესტორნებშიც კი, რადგან უზომოდ სუფთაა.
– თმის ცვენა და მსგავსი „ძაღლური” პრობლემები არ აწუხებს?
– არა, არანაირი თმის ცვენა ტაშოს არ აწუხებს და არც სხვა პრობლემები. თმის ფაქტურა ადამიანის თმასთან ძალიან მიახლოებული აქვს. საერთოდ, ძალიან მაღალი კლასის ძაღლად ითვლება, ამიტომ არაერთი უპირატესობით სარგებლობს სხვა ჯიშებთან შედარებით.
– ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ თუ იცი რამე – საიდან არიან, აქ როგორ მოხვდნენ?
– ეს არის ბრიტანული ჯიშის ძაღლი, რომელიც ხელოვნურად გამოიყვანეს მეთვრამეტე საუკუნეში. საერთოდ, იორკები ძალიან სუსტები არიან და ერთი ადამიანი მუდამ უნდა უვლიდეს. ჩვენ შემთხვევაში ეს ადამიანი ბებიაა, რომელიც შვილიშვილივით უვლის ტაშოს. მე და ჩემი და სულ გადარბენაზე ვართ და ამიტომ, ტაშოს მოვლა ბებიას მივანდეთ.
– ტაშოს როგორ დაახასიათებ, რა თვისებებით გამოირჩევა?
– ჩემდა გასაკვირად, ეს კილონახევრიანი ძაღლი ძალიან გულადია. როგორც წესი, სულ იწევს სხვა ძაღლებზე საჩხუბრად. ძალიან სასაცილოა, როდესაც დიდი ძაღლები ამას შემოხედავენ, ყეფის ღირსადაც არ თვლიან. მგონი, ვერც ხედავენ, ისეთი პატარაა (იცინის). თან, ეს ძალიან ბრაზდება, როცა ვერ ამჩნევენ. სულ უნდა, ყურადღების ცენტრში იყოს. თან, უყვარს, როცა ჩვენ გვიცავს, მაგრამ რომ არ გამოსდის, ძალიან ბრაზდება. არ გამოსდის, იმიტომ რომ ჩვეულებრივი წერტილია (იცინის).
– მანამდე თუ იცოდი ამ ჯიშის შესახებ რამე?
– ვიცოდი, რომ თბილისში იყო ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი. ახლა თითქოს უფრო შემოვიდა მოდაში. თუმცა უცხოეთში ის ყოველთვის აქტუალური იყო. ეს არის „სელებრითების“ საყვარელი ჯიში, ჰოლივუდში ის თითქმის ყველას ჰყავს. ატარებენ ჩანთებით და რა თქმა უნდა, მეც ვერ ვიტყოდი უარს ასეთ საჩუქარზე.
– ხომ არ იცი, ჰოლივუდის რომელ მსახიობებს ჰყავთ ეს ჯიში?
– მაგალითად, დებ ჰილტონებს ჰყავთ.
– რაც შეეხება ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს, ალბათ, ესეც პერსონალურად თავისი ექნება?
– რა თქმა უნდა, ტაშოს ყველაფერი საკუთარი აქვს. ჰიგიენურ საშუალებებსაც ვიწერთ უცხოეთიდან. რაც შეეხება საკვებს, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში ამის პრობლემა არ არის. მაგრამ, ამ საკითხში ტაშოს უყვარს მრავალფეროვნება. სულ სხვადასხვანაირი საკვები უნდა. ერთი სახის ბეზრდება ხოლმე. ძალიან პრეტენზიულია, ან შეიძლება, უბრალოდ, იმ კონკრეტული საკვების ხასიათზე არ იყოს. ამიტომ, დღის განმავლობაში აქვს შერეული მენიუ. ძალიან უყვარს კონსერვები, რძე, ხორცი. აუცილებლად ვაჭმევთ ხაჭოს, იმისათვის რომ ძვლები გაუმაგრდეს. ხორცი აუცილებლად რამდენჯერმე გადახარშული უნდა იყოს და სხვადასხვა სოუსებით შეზავებული.
– თამაში თუ უყვარს ან რაიმე გამორჩეული ნივთი თუ აქვს?
– იცით რა, ძალიან უცნაური ძაღლია ამ საკითხში. საერთოდ არ თამაშობს ისეთ თამაშებს, როგორსაც ჩვეულებრივი ძაღლები თამაშობენ. გიჟდება, ხელში აყვანაზე და როგორც წესი, სულ ხელში უნდა გვყავდეს. პატარა ბავშვივითაა, თუ არ ავიყვანეთ, წკმუტუნს იწყებს, ან შეიძლება ამოყირავდეს ორმოცჯერ (იცინის). თუ ყურადღება არ მივაქციეთ, შეიძლება, ისე ინერვიულოს, გული გაუსკდეს. ამიტომ, ვცდილობთ, არ ვანერვიულოთ.
– ხომ არ ეჭვიანობს ოჯახის წევრებზე?
– კი, ძალიან ეჭვიანია. საკმარისია, ოჯახის რომელიმე წევრი მომეფეროს მაშინვე გიჟდება. ეს ძალიან ცუდი თვისება აქვს, რომ ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს.
– სილამაზის ან სხვა კონკურსებში გამოყვანაზე ხომ არ გიფიქრია?
– კონკურსებზე არ გამყავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ძალიან თავხედია. საერთოდ, წინასწარ ამოწმებენ ხოლმე, კარგად არის გაწვრთნილი თუ არა, როგორი აღზრდა აქვს. ეს კი პატარაობიდან გათამამებული იყო – ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა და როგორც უნდოდა. ვერასდროს ვუბრაზდებოდით ისე, როგორც საჭირო იყო. ხმამაღლა რომ ვუყვირო, შეიძლება, გული გაუსკდეს. ამიტომ, როცა რაღაც არ მომწონს, ვეუბნები – უზრდელი ხარ და თავხედი-მეთქი (იცინის).
– ძაღლების სკოლაში ხომ არ დაგყავდა, თუ შენით ასწავლე აუცილებელი რაღაცეები?
– არა, სკოლაში არ დამყავდა. მარტო ნამდვილად ვერ გაჩერდებოდა ვერსად. თან, მეც გული გამისკდებოდა, ეს რომ სხვისთვის მიმებარებინა. ამიტომ, ჩვენით ვასწავლეთ რაღაცეები. საერთოდ, ძალიან დამოუკიდებელია და ამით მე მგავს (იცინის). ყოველთვის იმას აკეთებს, რაც თვითონ უნდა – შანსი არ არის რამე შეჭამოს თუ იმის ხასიათზე არ არის, ან გავიდეს გარეთ თუ არ უნდა და ასე შემდეგ. წესები და კანონები არ აინტერესებს.
– ახლა ძალიან რომ ცივა, გაციების არ გეშინია?
– კი, ძალიან მეშინია. ამიტომ, თავისი ბუგები აქვს, ფეხზე რომ არ შესცივდეს და ის აცვია. აქვს ძალიან თბილი ქურქი, რომელიც იმავდროულად, ძალიან უხდება და ასე თბილად ჩაცმული გადის ხოლმე სასეირნოდ. ბებიაც უქსოვს ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ სახლში მოქსოვილს გარეთ არ ვაცმევთ (იცინის).
– ღამით ვისთან სძინავს ტაშოს?
– ღამითაც ბებიასთან სძინავს, მაგრამ ხანდახან ჩემთანაც.
– სახლში კატაც გყავს. ერთმანეთთან როგორ არიან შენი კატა და ტაშო?
– სხვათა შორის, ძალიან ცუდად არ არიან. ფისო გვყავს ასევე ძალიან საყვარელი. ძალიან უყვარს ძილი და სულ სძინავს. ტაშო თავისთვის დაბორიალობს და ასე არიან. ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ხანდახან შეიძლება, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მალევე რიგდებიან ხოლმე (იცინის).