რუსეთის რომელ ოლქში ცხოვრობენ ჰოლივუდის ვარსკვლავის – ჯეიმს ფრანკოს ნათესავები და რატომ ითვლება ის იღბლიან მსახიობად
2011 წლის „ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაწესებული ჯილდოს უპირობო ფავორიტად, კინოექსპერტთა აზრით, ბრიტანელი კოლინ ფერტი ითვლება, ფილმით „მეფე საუბრობს”. თუმცა ზოგიერთი დამოუკიდებელი კინომცოდნე სრულიად სხვა კანდიდატს ემხრობა და მათ მოსაზრებას კინომანთა დიდი ნაწილი იზიარებს, რამეთუ ოსკაროსანი რეჟისორის, დენი ბოილის „127 საათში” შესრულებული რეალისტური როლით, ახალგაზრდა მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ მილიონობით მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი შეიძინა მსოფლიოს მასშტაბით.
ჯეიმს ედვარდ ფრანკო 1978 წელს, პალო-ალტოში, კალიფორნიაში დაიბადა. მას საკმაოდ მრავალეროვანი წარმომავლობა აქვს: დედა, ბეტსი ვერნე, პოეტი, მწერალი და რედაქტორი რუსი ებრაელების შთამომავალია. ფრანკოს შორეული ნათესავები რუსეთში, ტამბოვის ოლქში ცხოვრობენ, ხოლო მამა, დაგ ფრანკო, პორტუგალიური და შვედური სისხლის ნაჯვარია. ჯეიმსი უმცროს ძმებთან, ტომთან და დევიდთან ერთად, პალო-ალტოში იზრდებოდა. თანაკლასელების აზრით, მას „საუკეთესო ღიმილი” ჰქონდა სკოლაში. საინტერესო ეპიზოდი უკავშირდება ჯეიმსის მაღალ კლასებში სწავლის პერიოდს: ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანკომ აღიარა, რომ თანაკლასელებთან ერთად ხშირად ძარცვავდა სკოლასთან ახლოს მდებარე სუნამოების მაღაზიას და შემდეგ ოდეკოლონებს სკოლაში გაცილებით იაფად ყიდდა. ეს ყველაფერი 1996 წელს ხდებოდა, 2008 წელს კი „გუჩიმ” მსახიობი ჯეიმს ფრანკო საკუთარი წარმოების მამაკაცის ოდეკოლონის სარეკლამო სახედ გამოაცხადა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯეიმსი კალიფორნიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო და პარალელურად უნივერსიტეტის სამოყვარულო თეატრში დაიწყო თამაში. უნივერსიტეტის პირველი კურსის დასრულების შემდეგ კი, მშობლებს განუცხადა, რომ სწავლის გაგრძელება აღარ სურს და მსახიობობა უნდა. მშობლები ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ შვილის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, ფინანსური დახმარება აღუთქვეს. ჯეიმსი რობერტ კარნეგის სასწავლო თეატრ „ფლეიჰაუს ვესთში” მოეწყო და პარალელურად მრავალრიცხოვან ქასთინგებზე დაიწყო სიარული. იმ პერიოდში „ოსკარის“ მომავალი ნომინანტი „მაკდონალდსის” ქსელის რესტორანში მუშაობდა, როდესაც პირველი როლი შესთავაზეს სარეკლამო რგოლში. ამას მოჰყვა მისი ეპიზოდური როლები გახმაურებულ სერიალებში: „საიდუმლო მასალები” და „იმსახურო და დაიცვა”, 1999 წელს კი მთავარი როლი შეასრულა სერიალში „მახინჯები და სათვალიანები”, რომელიც, მაყურებელთა სიმპათიის მიუხედავად, პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ დაიხურა. ამ სერიის გადასაღებ მოედანზე გაიცნო ჯეიმსმა მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მსახიობი სეთ როგენი და რეჟისორი ჯუდ აპატოუ, რომლებთან ერთადაც 2008 წელს მან კომედიური ბლოკბასთერი – „ანანასის ექსპრესი” შექმნა. იმავე წელს ფრანკოს დებიუტი შედგა დიდ კინოში: ეპიზოდური როლები ფილმებში „ნებისმიერ ფასად” და „უკოცნელი” კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა დამწყები მსახიობისთვის. საერთოდ, კინოექსპერტების აზრით, ჯეიმს ფრანკო ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული მსახიობია, რადგან პირველივე სერიოზულმა როლმა მას „ოქროს გლობუსი” მოუტანა. საუბარია სატელევიზიო ფილმ „ჯეიმს დინზე”, სადაც ჯეიმსმა 50-იანი წლების ლეგენდარული ვარსკვლავის – ჯეიმს დინის სახე გააცოცხლა ეკრანზე. კენ თაკერი გავლენიან ჟურნალ „ინტერთეიმენთ უიქლში” ფრანკოს როლზე შემდეგს წერდა: „ფრანკოს შეეძლო, მექანიკურად განესახიერებინა 50-იანი წლების ლეგენდის სახე, თუმცა, ის იმდენად შევიდა როლში, რომ ჯეიმს დინის ცოცხალმა მეგობრებმა აღნიშნეს, რომ მათ თვალწინ მკვდრეთით აღმდგარი დინი იდგა და არა რიგითი მსახიობი”. ასეთი აღიარების შემდეგ აღარავის არ გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ ფრანკოთი წამყვანი სტუდიები დაინტერესდნენ და მის მისამართზე პროდიუსერებმა ყველაზე კომერციული პროექტების სცენარების გადაგზავნა დაიწყეს.
2002 წელს კინოეკრანებზე კომიქსების მიხედვით გადაღებული „ადამიანი-ობობას” პირველი ნაწილი გამოვიდა, სადაც ჯეიმს ფრანკომ ჰარი ოზბორნის პიტერ პარკერის მეგობრისა და მომავალი მტრის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფრანკო სუპერგმირის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, საბოლოოდ, როლი ტობი მაგუაიერს შეხვდა, ფრანკო კი მნიშვნელობით მეორე როლს დასჯერდა. წარმატებულ ბლოკბასტერს კიდევ ორი გაგრძელება მოჰყვა და ორივე ფილმში ჯეიმს ფრანკოს შესრულება მოწოდების სიმაღლეზე იყო. მისი სხვა როლებიდან აღნიშვნის ღირსია ისტორიული ჟანრის დრამა „ტრისტანი და იზოლდა”, სადაც მან ლეგენდარული ტრისტანი განასახიერა. ფილმისთვის „ლაფაიეტის ესკადრილია” კი მან სპეციალურად გაიარა საავიაციო გამანადგურებლის პილოტის კურსები და მიიღო მფრინავის სერტიფიკატი და „ჰარვი მილკი” – სკანდალური ავტობიოგრაფიული ფილმი, სადაც ფრანკომ პირველი ამერიკელი გეი-პოლიტიკოსის, შონ პენის გმირის საყვარლის – სკოტ სმიტის როლი განასახიერა, რომლისთვისაც მან კინოჯილდო – „დამოუკიდებელი სული” მიიღო.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად, ჯეიმს ფრანკომ გადაწყვიტა განათლების გაღრმავება ფილოლოგიაში და 2008 წელს მან ბაკალავრის დიპლომზე დაასრულა სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში. ბაკალავრის დიპლომის გარდა, ფრანკო კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდებას ფლობს ლიტერატურაში, ასევე, მას აქვს ნიუ-იორკის ტიშის ხელოვნების სკოლის დიპლომი კინოწარმოებაში. გარდა ამისა, ფრანკოს გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული „პალო-ალტო”, რომელიც შეერთებულ შტატებში ბესთსელერის სახელით არის ცნობილი. წიგნში შესულია 11 მოთხრობა და მათი უმეტესობა ფრანკოს მშობლიურ პალო-ალტოში ვითარდება.
მსახიობის უკანასკნელი როლებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღნიშვნის ღირსია ალპინისტის როლი „127 საათში”, რომელმაც, შესაძლოა, ნიჭიერ მსახიობს „ოსკარის” პირველი ჯილდო მოუტანოს. გარდა ამისა, მომავალში ფრანკო რეჟისორის სავარძლის მორგებას აპირებს და დიდ ეკრანზე უილიამ ფოლკნერის რომანის „როგორ ვკვდებოდი” და კორმაკ მაკარტის „სისხლიანი მერიდიანის” ეკრანიზებას გეგმავს. საინტერესოა, რომ ფრანკომდე ამ რომანების ეკრანიზაციას რიდლი სკოტი და მსახიობი ტომი ლი ჯონსი აპირებდნენ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ფრანკო სკანდალებში გახვევასაც არ ერიდება. ამას წინათ მან ტრანსვესტიტებისთვის და ბისექსუალებისთვის განკუთვნილი ჟურნალისთვის ქალის ფორმაში გამოწყობილმა იპოზიორა, ხოლო თავის თაყვანისმცემლებს სულაც შოკის მომგვრელი საიდუმლო გაანდო: აღმოჩნდა, რომ მსახიობის საყვარელ საქმიანობად მარტოდ ყოფნის დროს მასტურბაციაა. ფრანკომ საჯაროდ აღიარა, რომ, როდესაც გადაღებების გამო იძულებულია, დროებით დაშორებული იყოს თავის მეგობარ გოგონას, ის დღეში 5-ჯერ მასტურბირებს. ფრანკოს ამ აღიარებას, მისი ამჟამინდელი „გერლფრენდი“, მსახიობი ანა ო’რეილი დადებითად შეხვდა: „ის მაინც ვიცი, რომ ჩემი ჯეიმსი საკუთარ თავს თვითონ ასიამოვნებს და არ ცდილობს მიღალატოს სხვა ქალებთან”, – განაცხადა მან.
P.S. სხვათა შორის, „ოსკარის” ცერემონიალის წაყვანა წელს ჯეიმს ფრანკოსა და მის პარტნიორს – ენ ჰეთუეის ხვდათ წილად. საინტერესოა, როგორ მოირგებენ ახალგაზრდა მსახიობები ახალ ამპლუას და გახდება თუ არა ჯეიმს ფრანკო „ოსკარის” მფლობელი. ამ ყველაფერს ჩვენ 27 თებერვალს, გვიან ღამით შევიტყობთ.