„საქართველოს ლატარიის კომპანია“ აუტიზმის ცენტრს ეხმარება
15 თებერვალს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და სოციუმზე ზრუნვა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად ეხმარება საქართველოს მოსახლეობის გაჭირვებულ, მზრუნველობამოკლებულ ფენას და, რაღა თქმა უნდა, ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამჯერად „საქართველოს ლატარიის კომპანია“ აუტიზმის ასოციაციას ესტუმრა. ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე, გაიხსნა, წმიდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი. ცენტრში ამჟამად თერთმეტი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვია, რომელთა ასაკიც 4-7 წელია. ბავშვებთან ოცი ფსიქოლოგი მუშაობს. მათი უმრავლესობა ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან ჯერ კიდევ სტუდენტია. მართალია, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლებისა და მედიის წარმომადგენლების სტუმრობამ პატარები ცოტა დააბნია, მაგრამ საჩუქრებმა ისინი ძალიან მალე გაახალისა. რამდენიმე წუთში ყველა საჩუქარი გახსნილი იყო და პატარები ძალიან გამხიარულდნენ. თუმცა, ეს არ არის მთავარი. „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ თანამშრომლებმა კომპანიის სახელით ცენტრს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს. კომპანიის მიერ გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას ასოციაცია სწორედ ტრენინგების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
ცენტრის დირექტორი, ქალბატონი სოფიკო კერესელიძე, თავად გახლავთ აუტიზმით დაავადებული ბავშვის დედა.
სოფიკო კერესელიძე: „აუტიზმი ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მუდმივი ტრენინგები სჭირდებათ. ჩვენთან თერაპიული მკურნალობა დილის 10 საათიდან 15 საათამდე მიმდინარეობს, თუმცა, სასურველია, რომ ეს 18 საათამდე გრძელდებოდეს, რადგან შედეგი უფრო ეფექტური იქნება. მაგრამ, იმის გამო, რომ თერაპევტები ჩვენთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, მუდმივად ხდება კადრების გადინება, რაც დიდი პრობლემაა. არადა, ინტენსიური ტრეინინგის პირობებში, მხოლოდ ერთი წლის შედეგებით, ჩვენთან მყოფი ბავშვების 70 პროცენტი ალაპარაკდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, რომელმაც პირველმა აღმოგვიჩინა დახმარება. კომპანიის მიერ გადმორიცხულ თანხას ჩვენ ტრენინგის კურსის დასაფინანსებლად გამოვიყენებთ.”
გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანია“): „ჩვენი კომპანიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდით ყველა იმ საკითხს, რომელიც ბავშვებს, მათ ჯანმრთელობასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას ეხება. ინტენსიური ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი უკეთესი მომავლისთვის. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტმა ბავშვმა უნდა შეძლოს ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრება.“