რა იქცა მოსკოვურ ცხოვრებაში მაქსიმე ჩარკვიანისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად
მისი ცხოვრება მეგაპოლისის გიჟური რიტმზეა აწყობილი – მაქსიმე ჩარკვიანი მოსკოვის ქაოსსა და მის ყველაზე უფრო გადარეულ სფეროს შოუ-ბიზნესს ისეა შერწყმული, რომ მის გარეშე არსებობა უკვე ვეღარც წარმოუდგენია. ალბათ, საოცარი ის იქნებოდა, ირაკლი ჩარკვიანის გენეტიკის მატარებელი ასი პროცენტით შემოქმედებითად რომ არ ცხოვრობდეს. გადატვირთული გრაფიკის გამო, ჩვენი საუბარი რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ შედგა.
მაქსიმე ჩარკვიანი: ახლაც, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი სამუშაოა. რამდენიმე „პროდუქტი” ახლა მუშა მდგომარეობაში მოგვყავს. რაც შეეხება პირადს, თავს უფლებას ვაძლევ, გავაკეთო ის, რისკენაც თავიდანვე მივისწრაფოდი. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე ერთ-ერთი რუსი „არენბის” სტილის მომღერლის კლიპის გადაღებები და მონტაჟი. სამწუხაროდ, კლიპის ჩაშვებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მისი ინტერნეტში გაშვება მხოლოდ გაზაფხულისთვის მოხერხდება. მაგრამ, როგორც ამბობენ, ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა. მე და ჩემმა მეგობარმა, ძალიან ნიჭიერმა ფოტოგრაფმა და ოპერატორმა, ოლეგ გარანინმა, დავიწყეთ საავტორო კინოს გადაღება. ასევე, ვამზადებთ ორ კლიპს რუსული ინტერნეტ-ბაზრისთვის. გავითვალისწინეთ ჩვენი შეცდომები, გათვლები და სულ მალე მომხმარებელს სრულყოფილ პროდუქტს შევთავაზებთ. გარდა ამისა, რეპ-ჯგუფი „ლეგენდი პრო”, რომელსაც მუსიკის დაწერაში ვეხმარები, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება რუსეთში. გარდა მუსიკისა, ვმუშაობთ ჯგუფის ახალ კლიპზეც. მათთან ერთად ვცდილობ, გავაკეთო მთელი პროდაქშენი, ხმის ჩამწერი სტუდია, პლუს სამონტაჟო, რომლის დახმარებითაც დავიწყებთ ახალბედა შემსრულებლების პროდიუსირებას და მათთვის კლიპების გადაღებას. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული თემაა, მაგრამ, უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი თემებით დაინტერესდნენ. მოკლედ, ასეთ ქაოტურ დინებაში ვარ, მხოლოდ ხანდახან თუ ვახერხებ სულის მოთქმას.
– შენი პირადი მუსიკალური საქმიანობა როგორ მიდის?
– თითქმის ორი წელია, მუსიკას არ შევხებივარ, უფრო სწორად, ამდენი ხანია, საკუთარი თავისთვის თითქმის არაფერი დამიწერია. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ „ლეგენდი პროს” ვეხმარებოდი, ასევე, ვწერდი სიმღერებს ჩემი ნაცნობებისთვის. ცოტა ხნის წინ ამერიკიდან შეკვეთით სპეციალური აპარატურა ჩამომივიდა და, ბოლოს და ბოლოს, პატარა ხმის ჩამწერი სტუდია სახლშიც შემიძლია, მოვაწყო. ასე რომ, სულ ცოტა ხანში საკუთარ შემოქმედებასაც მივხედავ, თორემ, უკვე მრცხვენია, იმდენი ხანია, ვპირდები ადამიანებს, რომ რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ, ამდენ ხანს თავი ვერ მოვაბი. მუსიკა არ დამვიწყებია, უბრალოდ, ამ სივრციდან სულ ცოტა ხნით ამოვვარდი, რაღაც ძალების მოკრების პერიოდივით მქონდა.
– თბილისში ჩამოსვლას ხომ არ აპირებ?
– ორი წელია, თბილისში არ ვყოფილვარ და უკვე მავიწყდება, თუ რას ნიშნავს ეს ქალაქი ჩემთვის. ეს კი ძალიან ცუდია... წელს საკუთარ თავს შევპირდი, რომ აუცილებლად ჩამოვალ, საშინლად მომენატრა ჩემი ახლობლები. მომენატრა ორმოცგრადუსიანი სიცხე (იცინის) – დავიღალე მოსკოვისგან და მისი უგულო სიცივეებისგან.
– საინტერესო იქნებოდა, ირაკლის შემოქმედებიდან რამე თემა აგეღო და მისი ახლებური ინტერპრეტაცია გაგეკეთებინა. ხომ არ აპირებ მსგავს რამეს?
– თქვენ ან ექსტრასენსი ხართ, ან – ჯაშუში... (იცინის), პირდაპირ ათიანში გაარტყით. ერთი სიმღერა თითქმის უკვე მზადაა. მამას ვთხოვე, რომ ეს სიმღერა სპეციალურად ჩემთვის დაეკრა. ზუსტად ერთი კვირის წინ ლონდონში მცხოვრებ ჩემს ბიძაშვილს ველაპარაკებოდი იმის შესახებ, რომ გაგვეკეთებინა ამ სიმღერის რემიქსი IDM ან DUB სტილში. დაახლოებით უკვე განვსაზღვრეთ თუ რისი გაკეთება გვინდა და ის ლონდონში ირაკლის ტექსტზე მუშაობს, მე კი მოსკოვში საუნდზე ვფიქრობ.
– შენს „ფეისბუქზე” ულამაზესი გოგოს ფოტოები ვნახე. თუ შეიძლება, მასზე რომ გვიამბო, ვინ არის, რას საქმიანობს?
– დიდი მადლობა. ეს არის ჩემი მეგობარი გოგო, რიტა. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით და დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, მეგობრულად ვწერდით ერთმანეთს. მერე კი მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის არის, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ რიტა ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ერთად ვართ და უკვე ვფიქრობთ ქორწინებასა და სხვა ამქვეყნიურ სისულელეებზე (იცინის). ის ფეშენ-ინდუსტრიაშია დასაქმებული. უკრაინული IT ჟურნალის მოდის განყოფილების რედაქტორია; ასევე, წერს მოსკოვური გამოცემებისთვის. გარდა ამისა, მას აქვს ძალიან პოპულარული ინტერნეტ-ბლოგი – მის ბლოგს დღეში რამდენიმე ათასი მომხმარებელი ათვალიერებს. მოკლედ, ის ძალიან მოდური ბლოგერია.
– როგორც ვხვდები, ქართველ მეუღლეს დაშორდი. რა იყო ამის მიზეზი?
– ალბათ, გამბედაობა არ მეყო, ყველა ის სირთულე გადამელახა, რომლებიც ჩვენს ურთიერთობაში წარმოიშვა. ამან კი, საბოლოო ჯამში, დაშორებამდე მიგვიყვანა. ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ მე მიმიძღვის. ცხოვრება ასეთია. თქვენთვის მეტის მოყოლის უფლება ნამდვილად არ მაქვს, რადგან ამ ისტორიაში კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრება ფიგურირებს.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე, რას ნიშნავს, მუშაობდე რუსულ შოუ-ბიზნესში?
– „რთულია საბჭოთა არტისტის ცხოვრება”... (იცინის). რაც უფრო ცოტა გძინავს, მით უფრო მეტს ასწრებ დღის განმავლობაში – ეს აქსიომა ძალიან უხდება მოსკოვურ ცხოვრებას და, მით უმეტეს – მე, რომლის სამუშაო დღეც ზოგჯერ რამდენიმე დღე-ღამე გადაბმულად გრძელდება. ვიღვიძებ და, როგორც წესი, უკვე სამსახურში ვაგვიანებ – ეს დაახლოებით დილით თერთმეტის ნახევარზე ხდება. სამუშაო დღეს 12 საათზე ვიწყებ. დანიშნულების ადგილამდე მიღწევა მოსკოვურ საცობებში ორ საათს მაინც გართმევს, რაც მძღოლისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. საბოლოო ჯამში კი არასდროს ვაგვიანებ, ამაში ნამდვილად მიმართლებს. საღამომდე ძირითადად საქმე მაქვს ფურცლებთან, მიმდინარეობს შეხვედრები, მოლაპარაკებები; მუდმივად ვახორციელებთ ზარებს ტელეარხების ტექნიკური კონტროლის ხელმძღვანელობასთან. ყოველთვის მაქვს ერთსაათიანი შესვენება, როდესაც სადმე კაფეში ვჯდები სულის მოსათქმელად. საღამოს კი გვაქვს დიდი თათბირი: ჟურნალისტები, პროდიუსერები მე და ჩვენი პროდაქშენის ხელმძღვანელი, სერგეი მაიოროვი, ვსხდებით და განვიხილავთ იმ პერიოდისთვის საინტერესო თემებს; ვისთან გავაკეთოთ ინტერვიუები, რისი გამოყენება შეგვიძლია კადრებისთვის. ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც სტანდარტულ ამერიკულ ფილმში (იცინის). ამის შემდეგ კი უკვე ახალი ეტაპი იწყება: სტუდიური გადაღებები, გაფორმების დიზაინზე ფიქრი, ხანდახან მიწევს მონტაჟსა და სხვა რაღაცეებზე მუშაობაც. კრიზისი ყველას შეეხო, ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს და, მინდა-არ მინდა, სხვა პროფესიების დაუფლებაც მომიწია, რომ დროდადრო გაშვებული ადამიანები შევცვალო. მოკლედ, ჩემგან „მასტერ ნა ვსე რუკი” დადგა (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ, აი, კლიპისა და პატარა ფილმის დამონტაჟებას უპრობლემოდ შევძლებ. მუშაობას ან ღამის პირველ საათზე ვამთავრებ ან გამთენიისას... მართლა ბევრს ვშრომობთ. მაგრამ, ტელევიზიაში ყველა ასეთ გიჟურ ტემპში ცხოვრობს. ვხედავ, რამდენს „თოხნის” მალახოვი, რომელიც უკვე ვარსკვლავურ წამყვანად და ჟურნალისტად ითვლება და შეუძლია, თავს მოდუნების უფლება მისცეს, თუმცა, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ წერდა ის გადაცემას გადაბმულად თვრამეტი საათის განმავლობაში. ასე რომ, აქ ეს ნორმაა. ყველაფერ დანარჩენს კი, რაზეც ზემოთ გიამბეთ, თავისუფალ დროს ვანდომებ, ამიტომაც, ჩემი უქმეები სამუშაო დღეებისგან არაფრით განსხვავდება: ისევ მუდმივი კამერები, გადარბენები, ჩაწერები, ყვირილები... მაგრამ, ეს უფრო მომწონს, რადგან აქ პროცესებს მე ვხელმძღვანელობ, ეს ჩემი პირადი განცდებია. რაც შეეხება გართობას, კლუბებზე ისე აღარ ვირევით, როგორც ეს ადრე, 3-4 წლის წინ ხდებოდა. თუ თვეში ერთხელ სადმე წასვლას მოვინდომებთ მეგობრები, ეს უკვე კარგად ნაცნობი და ჩვენი სამეგობროსთვის საყვარელი ადგილი უნდა იყოს. ახლა სასაცილოდ მეჩვენება ის დრო, როდესაც ღამეში რამდენიმე კლუბში მისვლას და იქ დარჩენას ვახერხებდით. უფრო ხშირად „ჰოუმ-ფართებს” ვაწყობთ, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით. ეს არ ნიშნავს, რომ, უბრალოდ, რომელიმეს სახლში ვიკრიბებით, ალკოჰოლს ვსვამთ და „ნოუთბუქით“ მუსიკას ვუსმენთ. ეს არის თემატური, 30-50-კაციანი „ტუსოვკები”, რომელზეც ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, ზოგი თავის ლექსებს კითხულობს, ზოგი – პროზას. პატარა კონცერტს ვაწყობთ და ხანდახან დიჯეისთან ერთად თავადაც ვუკრავთ. ასე ბევრად უფრო მყუდროდ და მხიარულად ვართ. ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება „ავთარ-ფართიზე“ რომელიმე კლუბში წასვლა, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაგვიჩნდება.
– ბოლო დროის ყველაზე საინტერესო პროექტი თუ შეგიძლია გაიხსენო?
– შვიდი თვის წინ დავიწყე პროექტ „ბაბიე ლეტა-ზე” მუშაობა. ეს პროექტი მოგვითხრობს საბჭოთა კინოს ყველაზე ცნობილ ცოცხალ ქალბატონ ვარსკვლავებზე. თითოეულ მათგანთან სამსაათიან ინტერვიუს ვწერდით, ისინი ყვებოდნენ თავის ცხოვრებაზე, წარუმატებლობებზე კინოში, სიყვარულში... ამასთან ერთად, მათ ფოტოსესიებს აკეთებდა „ფრეშ არტის” წევრი, ასლან ახმადოვი. სამი დღის წინ იყო ამ ფოტოების გამოფენის გახსნა და სულ ცოტა ხანში მას ეთერშიც გავუშვებთ. მართალია, კოლოსალური შრომა ჩავდეთ, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მართლა სასწაულია, ურთიერთობა გქონდეს ისეთ დიდებულ მსახიობებთან, როგორებიც არიან რიმა მარკოვა ან ირინა პეჩერნიკოვა. ეს, ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
– თანამედროვე ვარსკვლავებთან თუ მეგობრობ?
– სიმართლე გითხრათ, ისინი საერთოდ არ მაინტერესებს. ინდიფერენტული დამოკიდებულება მაქვს ყველაფერ იმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ... იცით, ადგილობრივი შოუ-ბიზნესი მსოფლიოსთან შედარებით პატარა გუბეს ჰგავს. ჯერჯერობით, ერთი ისეთი პროექტი არ გაკეთებულა, რომელიც რუსეთის საზღვრებს გასცდებოდა. „ტატუ” უკვე წარსულშია, პიტრ ნალიჩი უფრო ინტერნეტმოვლენაა. რაც შეეხება ტიმატის, აი, როცა ის „ემტივი მიუზიკ ევორდზე” პრიზს აიღებს, მაშინ დავიჯერებ, რომ ამერიკაში მართლა პოპულარულია. ერთადერთი, ვინც მართლა ცნობილია, ეს დიჯეი რუდენკოა, რომლის სეტებსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობენ „შიდა სცენის“ უპირობო ვარსკვლავები, როგორიც, მაგალითად პუგაჩოვა და კობზონია. რეალურად, ეს საბჭოთა და რუსული ესტრადის დიდი ეპოქაა... სხვა დანარჩენი კი ინტერესს მოკლებულია, – ამ შემთხვევაში, მხოლოდ მუსიკალურ მხარეზე ვლაპარაკობ.
– რისი კეთება გინდა სამომავლოდ, წლების შემდეგ?
– ეს ძალიან რთული კითხვაა... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მომავალში მინდა, რომ ადამიანებისთვის რაღაცის მიცემა შევძლო, იქნება ეს მუსიკასთან, კინოსთან თუ პროზასთან დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დაკარგვა არ მინდა... არა ადამიანების უზარმაზარ მასაში, არამედ, „სამ დლია სებია”. არ მინდა, უბრალოდ, დღიდან დღემდე ვიცხოვრო, მინდა, ჩემი ცხოვრების ყველა საათი, წუთი და წამი განვიცადო, ვიცოდე, რომ თან რაღაც მომაქვს. მაგრამ, თქვენც იცით, რომ ხშირად ცხოვრება სულ სხვადასხვა მხარეს გაბრუნებს. ახლა ასეთი ვარ და ასეთი სურვილები მაქვს, რა იქნება ზეგ და რისი კეთება მომინდება, ეს მხოლოდ უფალმა უწყის. ერთი ვიცი ზუსტად: მინდა, სიბერეში ლამაზი სახლი მქონდეს, სადაც ბევრი შვილთაშვილი შეიკრიბება და მხიარულად დასცინებენ ჩემს ბებრულ, მომაბეზრებელ აღმზრდელობით გამოსვლებს. მინდა ბედნიერება, ისევე როგორც ყველას, ბედნიერება კი – ოჯახია.