კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენს იხდიდა „ზენიტი“ ჯანო ანანიძეში და ვინ დააყაჩაღა ის თბილისში

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი კოლორიტი რევაზ ჩელებაძეა. ერთ დროს სკანდალურად ცნობილი ფიგურა, მსაჯების რისხვა კურიოზებსა და აქამდე უცნობ ან ნაკლებად ცნობილ შემთხვევებს იხსენებს. ქართველი ვუნდერკინდი ჯანო ანანიძე სწორედ მისი დახმარებით მოხვდა მოსკოვის „სპარტაკში“ და საუბარიც ჯანოთი დავიწყეთ.

რევაზ ჩელებაძე: ჯანო უნივერსალია, ნამდვილი ვუნდერკინდი, თუმცა, ჩემი ქება რაში სჭირდება, ისედაც ყველამ იცის მისი შესაძლებლობები. „ფიფამ“ პლანეტის საუკეთესო ტალანტებს შორის დაასახელა და 18 წლის ამ ვურდენკინდის დამატება ევროპის ისეთ გრანდ კლუბებს უნდათ, როგორებიცაა ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, ტურინის „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, ესპანური „ბარსელონა“, „სევილია“ და სხვა გუნდები. ბოლოს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 15 მილიონ ევროს იხდიდა ჯანოს სანაცვლოდ, მაგრამ „სპარტაკმა“ ანანიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასიც გაუზარდა.

ჯანო ქობულეთელია. მისი მამა, ამირან ანანიძე, ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა გარკვეული პერიოდი. სწორედ ამ კლუბის პრეზიდენტი ვიყავი და მაშინ შევამჩნიე ჯანოს ტალანტი. გავოცდი, ბურთით ისეთ ფინტებს აკეთებდა. ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლაში მივიწვიე. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ეს ნიჭი გამოეყენებინა და არ დაკარგულიყო. ყოველდღე ვგზავნიდი ბათუმიდან ქობულეთში ჩემს მძღოლს ავტომანქანით, ვარჯიშზე მოგვყავდა და ისევ შინ მიგვყავდა. ბათუმის „დინამო“ რომ დავტოვე, ჯანო თბილისში გადავიდა. იქ შეამჩნიეს და კიევის „დინამოში“ აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ჭაბუკთა გუნდში უწევდა თამაში. ჯანო 15 წლის იყო, როცა საქართველოს 17-წლიანთა ნაკრებში მიიწვიეს. ეს მისი კარიერისთვის მშვენიერი დასაწყისი იყო, მაგრამ კიევის „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კროშჩენკო სხვაგვარად ფიქრობდა: „ჯანო საქართველოს ნაკრებში კი გამოიძახეს, მაგრამ, არსადაც არ წავა, საქართველოს ნაკრებში ის არ ითამაშებს, – თქვა კროშჩენკომ და თან დაიმუქრა: თუ არ დაგვემორჩილება და მაინც წავა საქართველოს ნაკრებში, მაშინ მას გუნდიდან გავრიცხავთ“.

– 15 წლის ბიჭის შესაშინებლად ეს სრულიად საკმარისია...

– კი, მაგრამ, ჯანო სხვა ტიპაჟია, მასში პატრიოტიზმი და ეროვნული მუხტი უხვადაა. ანანიძე არც დაფიქრებულა, მითხრა, 17-წლიანთა ნაკრებში უნდა ვითამაშოო და ითამაშა კიდეც. რამდენიმე დღეში წერილი მივიღეთ: „ჯანო ანანიძე კიევის „დინამოდან“ გარიცხულია“. ჩვენ მოსკოვის „სპარტაკს“ მივაშურეთ, სადაც უკვე გველოდებოდნენ. კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, ევგენი სმოლენცევმა, ჯანოს თანატოლებთან თამაში ნახა და გადაწყვიტა, „სპარტაკის“ „დუბლებში“ მიეწვია. ამხანაგურ თამაშზე „სპარტაკის“ ავტობუსით მივდიოდით. ვხედავ, ვალერი კეჩინოვი უსიამოდ შეიშმუშნა, ჯანოს შეხედა და გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა: ნეტა ვინ არის ეს ბიჭი და ის მეორე მის გვერდით ქართველი, რომელიც სუმოისტს ჰგავს?

– კეჩინოვმა ვერ გიცნოთ?

– ვერ მიცნო. მივედი და გავეცანი – რეზო ჩელებაძე ვარ-მეთქი. მერე ჯანოზე მივუთითე და ავუხსენი, ვინც იყო. თურმე, ის და „სპარტაკის“ სათადარიგო შემადგენლობის მწვრთნელი, მიროსლავ რომაშჩენკო, ანანიძის თაობაზე არავის გაუფრთხილებია. კეჩინოვმა ჯანოს გადახედა და მითხრა: კარგი, ბოლო 15 წუთს შევუშვებთ მოედანზე და ვნახოთ, რა ტალანტია. – რას ამბობთ, ორი ათასი კილომეტრი იმისთვის ვიფრინეთ, რომ მხოლოდ 15 წუთით ათამაშოს? – შევუბრუნე კითხვა. ამაზე ბევრი იცინეს და მითხრეს, კარგი, გაცილებით მეტ დროს მივცემთო. მივედით სტადიონზე და, სანამ ამხანაგური მატჩი დაიწყებოდა, მე და სმოლენცევმა ჯანოს სატრანსფერო ფასზე ვიმსჯელეთ. „ბევრს ითხოვთ, ღირს კი ამდენი ეს „პაცანა“ მოთამაშე?“, – მითხრა სმოლენცევმა. დაიწყო თამაში, „სპარტაკის“ დუბლებმა 5:0 მოიგო. 15 წლის ჯანომ ორი გოლი თავად გაიტანა, ორიც მისი პასით გაიტანეს. თამაში დამთავრებული არ იყო, სმოლენცევი მომვარდა და მეუბნება – „ფასზე შევთანხმდით, მეტს აღარ ვუმატებთ, ჯანოს ვიტოვებთ, ის პატარა გენიოსია“.

– ერთხელ, ჯანოს სპორტულ ჩანთაში დანა უპოვესო, მართალია?

– ეს ადრე მოხდა, კიევში წასვლამდე. ჯანო ბათუმიდან თბილისში რომ გადავიდა, ბიძამისთან ცხოვრობდა. ერთხელაც, ჯანო ვარჯიშიდან შინ ბრუნდებოდა, მასზე უფროსი ასაკის ბიჭები ბნელ კუთხეში დახვდნენ და ყველაფერი წაართვეს. ორიოდე დღეში ბიძამისმა თბილისიდან ქობულეთში დარეკა ჯანოს სპორტულ ჩანთაში დანა ვიპოვეთო. მამამისი სასწრაფოდ თბილისში ჩამოვიდა და შვილს ჰკითხა: დანა რად გინდოდაო? ჯანომ უპასუხა: ღამით ქუჩაში ისეთი განუკითხაობაა, სახლამდე მშვიდობით მისვლა ძნელიაო.

– სკანდალური კარიერა გქონდათ. მსაჯებს მართლა ეშინოდათ თქვენი?

– კი. ეგენი ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მსაჯებმაც ბევრი მიქარეს ჩემთან... თუნდაც სმოლენსკის მატჩი გავიხსენოთ: მოედნის ცენტრში სასტვენის გარეშე გავითამაშეთ ბურთი და ყვითელი ბარათი მომცა. მეტოქის საჯარიმოში წამაქციეს და 100-პროცენტიანი პენალტი არ დაინიშნა. პირიქით, მითხრა, დამნაშავე შენ ხარო და მეორე ყვითელი ბარათის მოცემით მოედნიდან გამაძევა. გავბრაზდი, ბარათი მოედანზე დავახეთქე, მსაჯს ვეცი და ხელი ვკარი. ჩემი ხელის კვრისას, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელებიც კი მოედანზე ეცემოდნენ. მსაჯიც მოცელილივით დაეცა.

ლენინგრადში „დინამოს“ „დუბლებს“ გვქონდა თამაში. მთავარი გუნდიდან მე და უმცროსი მიხეილ მესხი ვიყავით დამატებული. პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ. შესვენებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა, გვარიანად შეგვჯორა. მეორე ტაიმი დაიწყო და 15-20 წუთში ანგარიში გავათანაბრეთ. მატჩის მიწურულს მესხის პასით გავიტანე, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა. გვერდით მსაჯს ვეცი, ის კი გაიქცა და არბიტრს დაუძახა – ჩელებაძემ შემაგინაო. არადა, ტრიბუნიდან მე მაგინებდნენ, მოედნიდან გამაძევეს. ტრიბუნაზე ავხტი, რადგან ფანები მაგინებდნენ, თანაგუნდელები დამეწიენ და არ გამიშვეს.

– ბევრი გოლი გაქვთ გატანილი, მაგრამ გულშემატკივრები გაცუდებული მომენტისთვის უფრო გასაჩუქრებდნენ „კომპლიმენტებით“. ყველაზე მწარედ, რომელი შემთხვევა გახსენდებათ?

– მხოლოდ მე კი არა, ეს მთელ საქართველოს მწარედ ახსოვს. 1976 წელს ერევანში 0:1 ვაგებდით, მეორე ტაიმის ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ. გამარჯვების გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ... სამი კარგი შანსი გავუშვი ხელიდან. ჯერ იყო და, მეკარესთან პირისპირ გასვლისას, „არარატის“ გოლკიპერმა აბრამიანმა ამართვა ბურთი. ორი წუთის შემდეგ ახლოდან ბურთი ძელს გავარტყი. ბოლოს აბრამიანს ბურთი ფეხზე აეჭრა და მე დამრჩა. ცარიელი კარისკენ ბურთიანად გავიქეცი და თან ვფიქრობ, ახლა მეორე გოლს გავიტან, თბილისში მოგებული ჩავალ, დამხვდებიან, გულში ჩამიკრავენ, სუფრებს გამიშლიან... კარამდე 6 მეტრი იყო დარჩენილი, დავარტყი და... ბურთი კარს ავაცილე. ამის მერე არავის გახსენებია, რომ ერევანში წაგებას „დინამო“ მე გადავარჩინე, ყველა იმ ვერგატანილ გოლს იხსენებდა. იმ მატჩის შემდეგ ერევნიდან ავტობუსით ვბრუნდებით თბილისში. ფეხბურთელებს მშრალი ულუფა დაგვირიგეს. ჭამის თავი ვის ჰქონდა და დარჩა ულუფა. ადმინისტრატორმა ახალკაცს ჰკითხა: ნოდარ ფარსადანოვიჩ, „დოქტორსკი“ ძეხვი დარჩა და სად წავიღოო. „ჩელებაძეს შეარჭეთ უკან!“ – უპასუხა ახალკაცმა.

– საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას, ფეხბურთელები მართლა სვამდნენ არაყს?

– კი, სვამდნენ, მაგრამ, გვარების დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. იმას კი გეტყვით, რომ ამას ქართველები არ აკეთებდნენ და, რომც გვდომებოდა, ვერ გავბედავდით. არაყს პირდაპირ გასახდელში სვამდნენ.

– ეს როგორ, მწვრთნელი ვერ ხედავდა?

– თამაშამდე არყიან ბოთლს საშხაპეში ტოვებდნენ. მატჩის მერე 5-6 ფეხბურთელი სვამდა და ბოთლებს ადგილზე ცლიდნენ. გაოგნებული ვიყავი, ზოგიერთი ფეხბურთელი გასახდელიდან მთვრალი რომ გამოდიოდა. საშა ჩივაძემ მაჩვენა, ბიჭები სად მალავდნენ არყით სავსე ბოთლებს.

– „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრები გყავთ დამარცხებული (2:1). იმ მატჩიდან რას გაიხსენებთ?

– ჟუნიორთან შელაპარაკება ცუდად დამამახსოვრდა. მეორე ტაიმში ბურთისთვის ორთაბრძოლაში ჟუნიორს დავეჯახე და ის დაეცა. ხელი გავუწოდე და ვუთხარი – პარდონ-მეთქი. მან კი შემაფურთხა. არბიტრს ფეხბურთელები ეფარებოდნენ და ეს ვერ დაინახა. ჟუნიორისკენ გავიწიე და ბრაზილიელს ვუღრიალე – მოგკლავ-მეთქი. ტრიბუნიდან პეტარდები ისროლეს. ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი სიტუაციის გართულებას მოერიდა და უმალ შემცვალა.

– ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას უკრაინელ მეგობრებს დახმარებიხართ...

– 1986 წელს მომხდარი ამ კატასტროფის შემდეგ, ბალის, ბესონოვის, ჟურავლიოვისა და კაპლუნის ოჯახებს ვუმასპინძლე.

– ამხელა სახლი გაქვთ?

– მაშინ ჩემს სახლს ვაშენებდი და სტუმრები ოჯახებითურთ დისა და ბიძის სახლებში დავაბინავე. ბალის მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ვუთხარი: თუ ბიჭი გეყოლება, ნათლია ვიქნები-მეთქი. მართლაც, ვაჟი შეეძინა. 5 ოქტომბერს კიევში თამაში გვქონდა, მეორე დღეს ბალის ვაჟი უნდა მომენათლა. იმ დროისთვის კიევში ჩვენს „დინამოს“ 13 წელი არ ჰქონდა მოგებული. მატჩამდე ბალს ვუთხარი: ანდრიუშა, დაგვეხმარეთ, ფრედ ვითამაშოთ-მეთქი. მან ხელები გაასავსავა – რას ამბობ, რეზო, ყველას დაგვხოცავენო. მაშინ, ნუ დაგვანგრევთ მაინც-მეთქი. თუ 2:0-ს წაიყვანთ ანგარიშს, შენი შვილის მომავალ ნათლიას პენალტის დარტყმის საშუალება მიეცი-მეთქი. თან დავამატე: ოლეგ კუზნეცოვს გადაეცი, ჩემს რეზოს ფრთხილად ეთამაშე, დილით შვილი უნდა მომინათლოს-თქო. იმ მატჩში კუზნეცოვმა დამინდო, 2 გოლი გავიტანე, ერთი – პენალტით. მეორე დღეს ბალს შვილი მოვუნათლე. ანდრეიმ მღვდელს უთხრა, ეს ისაა, გუშინ ორი გოლი რომ გაგვიტანაო. მღვდელი უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ, რა უნდა ექნა?

– ამბობენ, რომ 1945 წელს ბერლინში რაიხსტაგზე დროშის ერთ-ერთმა აღმმართველმა, მელიტონ ქანთარიამ, სუფრაზე მართლა გააოცა ნოდარ ახალკაცი-უფროსი.

– დიახ, ნამდვილად ასე მოხდა. მოსკოვში იყო ის სუფრა. ქანთარიამ სადღეგრძელო ითხოვა. ადგა და შუა მოსკოვში ჰიტლერი ადღეგრძელა. ყველა გაოცდა. ჰიტლერს რატომ გაუმარჯოსო, – იკითხეს. აბა, ჰიტლერი რომ არ ყოფილიყო, მე ვინ გამიცნობდა და ასეთი პოპულარული როგორ ვიქნებოდიო.


скачать dle 11.3